დრო მოვიდა სტარტაპ კულტურამ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ილაპარაკოს

ანტრეპრენერები საკმარისად არ საუბრობენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. წელს ჩვენ უნდა შევცვალოთ ვითარება

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2001 წელი იყო და ბენ ჰას (სამხრეთ კორეა-ამერიკელი ინტერნეტ ანტრეპრენერი) ღრმა დეპრესია ჰქონდა. მისმა პირველმა სტარტაპმა მარცხი იწვნია და ასიათასობით ინვესტორის ფულიც თან წაიყოლა. ის სრულიად მარტოდ გრძნობდა თავს,  ცხოვრების საზრისი დაკარგა.

TechCrunch

”ერთი კვირა გავატარე ჩემს ოთახში ისე, რომ სინათლე არ ამინთია, მთლიანად მოწყვეტილი ვიყავი ამ სამყაროს და მდგომარეობიდან გამოსვლის საუკეთესო გზაზე ვფიქრობდი”, –  დაწერა მან წლების შემდეგ. ”ამ ვითარებაში სიკვდილი ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ დღითიდღე უკეთესად ვხდებოდი”.

ჰამ არ იცის, კონკრეტულად რამ აიძულა ამ ოთახიდან გამოსულიყო, მაგრამ მან ეს მოახერხა. იგი საბოლოოდ უზომოდ წარმატებული Cheezburger Network- ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა და მხოლოდ 2011 წელს აღიარა, რომ  ღრმა დეპრესია ჰქონდა, ამისკენ Diaspora-ს დამფუძნებლის ილია ჟიტომირსკის თვითმკვლელობამ უბიძგა.

”ჩემი პოსტი ეხება ყველას, ვისაც ჩუმად გადააქვს დეპრესია”, – განუცხადა  ჰამ Mashable- ს. ჟიტომირსკი, ჰას მსგავსად, სავარაუდოდ სრულიად იზოლირებულად  და მარტოდ გრძნობდა თავს  და ასე ყოფნა არ სურდა. ”უამრავმა ანტრეპრენერმა სრულიად მარტომ გადაიტანა  ეს მდგომარეობა და საკუთარი თავდაუჯერებლობის შესახებ არავის არაფერს უმხელდა. მათგან განსხვავებით, მე მსურს გესაუბროთ და გირჩიოთ, რომ ეს თავდაუჯერებლობის გრძნობა უნდა დაამარცხოთ”, – დაწერა მან თავის ბლოგში.

ძალიან ხშირად, ანტრეპრენერები საკმარის ყურადღებას არ აქცევენ თავიანთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, სტარტაპ კულტურა ამ თემასთან დაკავშირებით მეტისმეტად თავშეკავებულია. ეს კომბინაცია შეიძლება მომაკვდინებელი იყოს და ამიტომ მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.

რატომ არიან ანტრეპრენერები ასე მგრძნობიარენი

ანტრეპრენერული აზროვნება შეიძლება შესანიშნავი გარემო იყოს დეპრესიისა და შფოთვისთვის.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენი სამუშაო თავისი არსით უზომოდ  სტრესულია. დამკვიდრებული აზრის მიხედვით, ანტრეპრენერი ის არის, ვისაც მუდმივად აკლია ძილი, აფორიაქებულია, ცარიელ ოფისში ზის ყავის ჭიქებითა და კლავიატურაზე სწრაფი კვების პაკეტებით მიმოფენილ  მაგიდასთან. ფსიქიკური ჯანმრთელობა ხშირად მეორე პლანზე გადადის, და ეს იმ დროს ხდება, როდესაც დახმარების მისაღებად ისეთი რესურსები გვაქვს, როგორიცაა დაზღვევა და რომელსაც ბევრი ჩვენგანი არასოდეს იყენებს.

შემდეგ მარტოობა მოდის. სტარტაპის შექმნაზე ადამიანმა შეიძლება მარტომ იშრომოს,  განსაკუთრებით, თუ შეგრძნება აქვს,  რომ ყოველი წუთი, რომელიც მიზნის მიღწევაზე არ იხარჯება, ფუჭად დაკარგულია. ამის გამო მცირე დრო აქვს ოჯახთან და მეგობრებთან ჯანსაღი კავშირების შესანარჩუნებლად. ასეთ იზოლაციას მიყავს ადამიანი მდგომარეობამდე, რომელსაც მეგან ბრუნო ( პოდკასტის, The Failure Factor წამყვანი), ” შთაბეჭდილებების მართვას”  უწოდებს. ანუ ისე უნდა გამოვიყურებოდეთ სოციალურ სამყაროში, თითქოს ყველაფერი წესრიგშია.

”ბევრ ანტრეპრენერს მიაჩნია, რომ დაინტერესებულ მხარეებს კომპეტენტურად რომ მიაჩნდეთ, შეუცდომელი უნდა ეგონოთ. ეს კი სერიოზულად ეწინააღმდეგება კომპრომეტირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირის სტიგმატიზებულ სტერეოტიპს”, – წერს იგი. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს სირცხვილის გრძნობასა და განმარტოების სურვილს, რაც დეპრესიას იწვევს  და ასეთ დროს გამორიცხულია ადამიანმა დახმარებისთვის ვინმეს მიმართოს. 

და ბოლოს, ეს უმნიშვნელოვანესი პიროვნული საკითხია. როდესაც რაიმეს სრულად მიუძღვნით საკუთარ თავს, შეუძლებელია გარკვევა, თუ სად მთავრდება და სად იწყება ბიზნესი, და ჩვენ ნელ ნელა ვამბობთ უარს ჩვენს საკუთარ მოთხოვნილებებზე.

”მოსალოდნელი ეგზისტენციალური სიცარიელე (და საკუთარი კომპანიის წარმატებაზე მიბმული თვითშეფასება) პერფექციონიზმის გამოვლენაა, რომელიც შფოთვასაც იწვევს, და ემოციურ რყევებსაც. ეს მთლიანად ჩვენი კომპანიის პროგნოზზეა დამოკიდებული, რომელიც მუდამ იცვლება”, – წერს ბრუნო. როდესაც თქვენი პირადი ღირსება რაღაც ისეთ არაპროგნოზირებადთანაა დაკავშირებულია, როგორიც სტარტაპია, რა მოხდება, როდესაც ის კრახს განიცდის?

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ლაპარაკის სტიგმა

სტარტაპ სამყაროში ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ბრძოლის მასშტაბების საგანგაშო სტატისტიკა არსებობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მასზე საუბარი კვლავ ტაბუდადებულია. საქმეს ის ართულებს, რომ აშლილობის სხვადასხვა ფორმებს, მაგალითად, შფოთვასა და დეპრესიას, სხვები ყოველთვის ვერ ამჩნევენ და ამიტომ იმის გაგებაც ძნელია, რომ ვიღაც ამას ებრძვის.

მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა  შეიძლება ნებისმიერს შეექმნას, აღმასრულებელ დირექტორი იქნება ის, რიგითი თანამშრომელი თუ სტაჟიორი. ჩვენ ლიდერები ვართ და ჩვენზეა დამოკიდებული ისეთი ატმოსფეროს შექმნა, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების თავისუფლად განხილვა იქნება შესაძლებელი და ამაზე საუბარი სირცხვილი არ იქნება. ჩვენ იმაშიც უნდა დავრწმუნდეთ, რომ პატივს ვცემთ თანამშრომლების სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსს. მაგალითად, ღამის 2 საათზე გაგზავნილ ელექტრონულ წერილზე პასუხს დაუყოვნებლივ არ უნდა ველოდეთ. აქტიურად უნდა ვუბიძგოთ თანამშრომლებს მთლიანად გამოეთიშონ სამსახურს შვებულების დროს და შაბათ-კვირას.

მიზნების მიღწევაზე მუშაობა უზარმაზარი სტრესი და ზეწოლაა, დამფუძნებლებს ამის გავლა აუცილებლად მოუწევთ, განუცხადა Forbes- ს ჯეს რედკლიფმა, რამდენიმე სტარტაპისა და პირადი განვითარების ბრენდის ქოუჩმა. ისტორიულად ისე მოხდა, რომ მეტისმეტად დიდი ყურადღება გრძელვადიანზე კი არა, მოკლევადიან წარმატებაზეა გამახვილებული, მაგრამ საბედნიეროდ, ვითარება იცვლება.

”ბოლო რამდენიმე წელია ვამჩნევ, რომ დამფუძნებლები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა. ვხედავ, უფრო მეტი დამფუძნებელი მუშაობს ქოუჩებთან და თავიანთ გუნდებსაც კი ეხმარებიან ქოუჩთან მისვლაში“, – ამბობს იგი. ”ეს ძალიან საინტერესოა და დამფუძნებელზეც დადებითად აისახება, გუნდზეც და მისიაზეც, რომელსაც ისინი ასრულებენ”.

იცოდეთ, როდის უნდა ითხოვოთ დახმარება

თავის წიგნში ”ანტრეპრენერის თანამშრომელი”, სიუზან მულვეჰილი წერს, რომ ”გონების, სხეულისა და სულის მომზადება ანტრეპრენერობისთვის, გონების, სხეულისა და სულის მომზადებას ჰგავს ოლიმპიური თამაშებისთვის”.

საკმარისი ძილი, სწორი კვება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ასევე კარგი იქნება თუ ყურადღებას გაამახვილებთ, თვითონ როგორ გრძნობთ თავს. ჯონ დიშოტსკი, Starcity- ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, Fast Company- სთვის წერს, ”დრამატული კრახი ყოველთვის ფსკერზე დანარცხება კი არ არის, ეს ზოგჯერ ფსკერზე ნელი დაშვებაა”.

შესაძლოა, ზოგადი სისუსტის შეგრძნება გაქვთ, ან უბრალოდ კარგად არ გრძნობთ თავს. იქნებ ჩვეულებრივზე მეტად გადაიღალეთ, მაგრამ ვერ გაგიგიათ რატომ. შესაძლოა, უფრო მწვავე ფიზიკური სიმპტომებიც გაქვთ, მაგალითად უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში ან სიმძიმე მუცლის მიდამოებში. თქვენს სხეულს შეუძლია სიგნალი მოგაწოდოთ, როდესაც რაღაც არასწორი ხდება, და თან გაცილებით ადრე,  ვიდრე ამას თქვენი გონება მიხვდება.

რეტკლიფი ეთანხმება ამ მოსაზრებებს. დამფუძნებლებმა გამაფრთხილებელ ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება. მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ შენელებული რეაქციები გაქვთ იმის გამო, რომ საკუთარ თავის არ გჯერათ ან გზას ასცდით, თქვენს საკუთარ აზრებს გადაყავხართ გზიდან. ”ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარ ზრუნვაა თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, და არა ლოდინი, როდის იგრძნობთ, რომ დახმარება გჭირდებათ”, – ამბობს ის.

კარგი ამბავი ისაა, რომ დახმარებას ყოველთვის გაგიწევთ ვინმე, უბრალოდ გარშემო მიმოიხედეთ. სანდო მეგობარს ან კოლეგას მიმართეთ, ან ინტერნეტით მოძებნეთ საკონსულტაციო პლატფორმები.

ანტრეპრენერები ასევე ვალდებულნი არიან გულწრფელად უამბონ საზოგადოებას თავიანთ გზაზე,  დაბრკოლებებზე და ყველაფერზე, რის გადატანაც მოუხდათ. თუ წლების განმავლობაში იბრძოდით თქვენი ბიზნესის გზაზე დასაყენებლად,  ნუ შექმნით ცრუ შთაბეჭდილებას, რომ თქვენთან სწრაფად ან მარტივად მოვიდა წარმატება. მე ხშირად ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ დავაარსე ჩემი კომპანია, JotForm საკუთარი მომჭირნე ბიუჯეტით, და როგორ ვავითარებდი მას ნელ - ნელა წლების განმავლობაში ისე, რომ დღეს 8 მილიონზე მეტი მომხმარებელი გვყავს. ეს ვენჩურული  დაფინანსების გარეშე მოხდა და რჩევებსაც არ ვიღებდი წარმატების მისაღწევ შემოვლით გზებზე. ეს გზა მარტივი გზა არ ყოფილა და არ მსურს ვინმემ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი დიდი შრომისმოყვარეობის, აღზევებისა და დაცემის,  და უამრავი ცდისა და შეცდომის გარეშე მოვახერხე.

კომპანიის შექმნა რთული საქმეა, გონებრივად, ფიზიკურად და ემოციურადაც. ყოველდღიურად უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რომ გადარჩენა შევძლოთ ასეთ ექსტრემალურ გარემოში. მაგრამ ამასთან ერთად,  ერთმანეთზეც უნდა ვიზრუნოთ.  საკუთარი სირთულეები უნდა ვაღიაროთ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს. ჩვენ შეგვიძლია სტარტაპების სამყარო  ნაკლებად მტრული ადგილი გავხადოთ ყველასთვის.