CASPIGROUP - გალურჯებული წითელი ბაზარი

გაიცანით კომპანია, რომელიც უკვე 12 წელზე მეტია საერთაშორისო ბაზარს მრავალფეროვანი პროდუქციით ანებივრებს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია CaspiGroup-ი უკვე 12 წელზე მეტია საერთაშორისო ბაზარს მრავალფეროვანი პროდუქციით ანებივრებს და ამას მომხმარებლების რეგულარული უკუკავშირის საფუძველზე აკეთებს. კომპანია საქართველოში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ირანში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში ოპერირებს. საქართველო კი მისი სამოქმედო არეალის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

გარდა იმისა, რომ კომპანია ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქციის იმპორტიორია, როგორიცაა სასტუმროებისა და რესტორნების ინდუსტრიული სამზარეულოს მოწყობილობები, CaspiGroup-ის დამსახურებით, მისი მომხმარებლებისთვის ისეთი აღიარებული და ცნობილი ბრენდებია ხელმისაწვდომი, რომელიც HORECA და კვების ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს.

Entrepreneur Georgia
ჯემალ ალახვერდოვი, CaspiGroup

კომპანიის უმთავრესი ღირებულებები გუნდის მაღალპროფესიონალი კადრებით რეგულარული დაკომპლექტება და განვითარებასთან ერთად, უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდებაა. 2020 წელი კი, საერთო სირთულეების მიუხედავად, კომპანიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის ათვლის თარიღია. CaspiGroup-მა სამუშაო მიმართულებების არეალი კიდევ გააფართოვა და CaspiAqua შეიმატა, რომელიც საცურაო აუზის, საუნის, ორთქლის ოთახის, სპას პროექტირება/ მშენებლობა/რეკონსტრუქციის სერვისებს აერთიანებს. ბიზნესის ამ ახალ მიმართულებას ჯემალ ალახვერდოვი უძღვება, რომელიც კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებულ ხედვასა და განახლებულ „ლურჯი ოკეანის სტრატეგიას“ Entrepreneur-ს უზიარებს:

„CaspiGroup-ის მთავარი წარმატება ის არის, რომ ჩვენ სამზარეულოს დანადგარების დილერობიდან, სასტუმროებისა და რესტორნების პარტნიორ კომპანიად გავიზარდეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გავყევით „ლურჯი ოკეანის სტრატეგიას“ და შევქმენით სრულიად ახალი განხრა. ჩვენ ვერთვებით მშენებლობის დაწყების პროცესში და ვაგრძელებთ პარტნიორობას გახსნის შემდეგაც. ეს არის სრული პასუხისმგებლობა, თუ როგორ უნდა მოეწყოს სამზარეულო და რა ტიპის დანადგარები უნდა დამონტაჟდეს, რათა დამკვეთის სურვილებსა და საჭიროებებს ეფექტურად მოერგოს. პროექტის გასაკეთებლად, ინვესტორს მხოლოდ რამდენიმე შეკითხვაზე სჭირდება პასუხის გაცემა, მაგალითად: რა მენიუს შესთავაზებს თავის მომხმარებელს? რამდენად ინტენსიურ დატვირთვას პროგნოზირებს? რამდენ დღეში ერთხელ ექნება ნედლეულის მიღება და ნარჩენების გატანა? ამ საკითხებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა რეგიონებში მუშაობის დროს აქვს“.

მნიშვნელოვანი სიახლეების გასახორციელებლად, კომპანიას ახალი ხედვის ჩამოყალიბება და ძველი სტრატეგიის გადახედვა მოუწია. გუნდის პრიორიტეტები და ძალისხმევა კი მომხმარებლებზე ზრუნვის მიმართულებით გადაეწყო.

„წითელი ოკეანის სტრატეგიიდან გამოსვლა და ახალი ხედვის ჩამოყალიბება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ჩვენი კომპანიის რესურსები კონკურენტული პოზიციებისთვის ბრძოლის ნაცვლად, მომხმარებელზე ზრუნვისკენ არის მიმართული. ფიზიკურ პროდუქტთან ერთად, მეტად პრიორიტეტული გახდა კონსულტაცია და after sale სერვისი. უკვე არაერთხელ დავრწმუნდით, რომ წინასწარ კონსულტაციას სულ სხვა ძალა აქვს, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს არაერთ რესურსს და არამიზნობრივი დანახარჯებისგან თავის არიდებაში გვეხმარება. ეს მიდგომა კი ამ ბაზრის ბუნებასა და ხასიათს მთლიანად ცვლის. ამ ყველაფერში ჩვენი გუნდის თითოეული წევრი საკუთარ პასუხისმგებლობას ბოლომდე იზიარებს. ისინი ჩვენი მუდმივი თანამშრომლები არიან − იქნება ეს გაყიდვების მენეჯერი, ინჟინერი, ტექნიკური გუნდი თუ თავად მე. ყველა საჭიროებას ჩვენი კლიენტების პერსპექტივიდან ვუყურებთ, რადგან არცერთმა ტექნიკურმა შეფერხებამ მათი ბიზნესის საოპერაციო ციკლი არ უნდა დაარღვიოს. ამიტომ, ჩვენი 3 ბრიგადა, ცვლებში, 24 საათის განმავლობაში მზადაა პრობლემის აღმოფხვრისთანავე გაუწიოს დახმარება კლიენტს. მაგალითად, თუ რესტორნის სამზარეულოს რომელიღაც დანადგარს რაიმე სახის პრობლემა აქვს, მყისიერად ვაგვარებთ, რათა ფუნქციონირება არ შეფერხდეს. კარგად გვესმის და ვაფასებთ ყველა წუთს, რისი დაკარგვაც ჩვენს კლიენტებს ხარჯების თვალსაზრისით შეიძლება დაუჯდეთ. ბრიგადები გვყავს ბათუმშიც, რაც მოქნილობას კიდევ უფრო გვიზრდის. დილერი კომპანიიდან საკონსულტაციო კომპანიად გარდაქმნამ და სერვისის სრულყოფამ, პანდემიის პირობებშიც კი ჩვენი ბრუნვა გაზარდა, რაც არჩეული ე.წ. „ლურჯი ოკეანის სტრატეგიის სისწორეზე მიგვანიშნებს“, − ამბობს ჯემალ ალახვერდოვი.

CaspiAqua-ასა და მისი გუნდის რესურსები ამჟამად სწორედ ამ ახალი ბიზნესმიმართულების განვითარებაზეა ფოკუსირებული, რაც საინტერესო ცვლილებებსა და გარდაქმნებს არა მხოლოდ თავად კომპანიას, არამედ ბაზარსა და პარტნიორთა წრეებსაც ჰპირდება. მომსახურებისა და ხარისხის გამორჩეული სტანდარტის შესაქმნელად კი ჯემალ ალახვერდოვი საკუთარ გუნდთან ერთად ახლო მომავალში მნიშვნელოვან სიახლეებს აანონსებს, რაც HORECA-სექტორში ჰორიზონტალურ ინტეგრაციას, CaspiAqua-ს სახით კი პასუხისმგებლიანი ბიზნესის თვალსაჩინო პრეცედენტს შექმნის.