ვის როგორ ესმის სოციალური პასუხისმგებლობა? - თამთა ასლანიშვილი, ემბისი

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში ახალი ხილი არ არის. წლებია, ქართული ბიზნესის უფრო მეტი და მეტი წარმომადგენელი ერთვება სხვადასხვა კამპანიაში, რომელიც ამა თუ იმ სოციალური პრობლემის გადაწყვეტას ისახავს მიზნად. ზოგისთვის ეს უკვე იქცა საკუთარი ბრენდის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად, ზოგი კი მხოლოდ ახლა იწყებს ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმას. ENTREPRENEUR წამყვან ქართულ ბიზნესორგანიზაციებს დაუკავშირდა და მათ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების მკითხველისთვის გაზიარება სთხოვა.

Entrepreneur Georgia
თამთა ასლანიშვილი,

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნეს და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის?

დღეს, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში, როგორიც პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისია, წარმოუდგენელია ნორმალური რეპუტაციის მქონე კომპანია, რომელიც არ აქტიურობს ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. აღნიშნული დიდი ხანია, მთელ მსოფლიოში, ბიზნესის წარმოების ჩვეულებრივი და გავრცელებული ფორმაა. რა თქმა უნდა, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა − ეს არის ბიზნესის კეთილი ნება, გადაჭრას პრობლემები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ეს არათუ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოში სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზე, არამედ აუცილებელ ინსტრუმენტსაც წარმოადგენს.

„ემბისი“ დაარსების დღიდან აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც სწორედ საზოგადოების კეთილდღეობისკენაა მიმართული. როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ორიენტირებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. „ემბისისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის მოდელთან ინტეგრირებულ კორპორაციის თვითრეგულირების ფორმას წარმოადგენს და ასახულია კომპანიის ძირითად ღირებულებებში: გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, პარტნიორობა, ეთიკური კორპორაციული მართვა, ინოვაცია.

„ემბისის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: გარემოს დაცვა, ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსური განათლების მხარდაჭერა, შრომითი უფლებები, ახალგაზრდების მხარდაჭერა.

ბიზნესის, კერძო სექტორის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებისა და პრაქტიკის დანერგვა საქართველოში აუცილებელია ბიზნესსექტორის სწორი განვითარებისთვის. სწორედ CSR წარმოადგენს საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის, მდგრადი განვითარებისა და ბიზნესრეპუტაციის გამყარების ინსტრუმენტს, კომპანიის ჯანსაღი განვითარების გარანტს.

რა სახის ღონისძიებებს მიმართავს თქვენი კომპანია CSR-ის მიმართულებით? რომელიღაც განხორციელებულ პროექტს ხომ არ გამოარჩევთ?

„ემბისი“ CSR-ის მიმართულებით პროექტებს აქტიურად ახორციელებს, თუმცა 2020-2021 წლების მთავარი გამოწვევა ჩვენთვისაც COVID 19-ია, რომელთან გამკლავებამ და ამ პროცესში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ უფრო გაძლიერებამ, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, „ემბისიმ“ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც მომხმარებელთა და საზოგადოების მხარდაჭერის, ასევე თანამშრომელთა გაძლიერებისა და დაცვის კუთხით.

ვმუშაობთ ფინანსური განათლების, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით. მინდა გამოვყო რამდენიმე პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში განვახორციელეთ. როგორც იცით და კვლევებითაც დადასტურდა, გენდერული თანასწორობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით მიღწევა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან ერთად, მდგრადი ცვლილების უზრუნველყოფისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით, „ემბისიში“ შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმატებით ხორციელდება.

პანდემიამ გაზარდა ის საფრთხეები, რომელიც ინფექციის რისკის ფარგლებს სცდება. თანმხლები სტრესების გამო, გაიზარდა ოჯახში ძალადობის, ამასთანავე, გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევები.

მიმდინარე პანდემიისას, ოჯახში ძალადობის შემთხვევები გლობალურად ერთი მესამედით გაიზარდა. თითქმის ყველა ქვეყანაში გაიზარდა ძალადობის მსხვერპლ ქალთა რიცხვი.

სწორედ ასეთი ქალების მხარდასაჭერად, „ემბისიმ“ შემდეგი პროექტები განახორციელა: შესყიდვების პოლიტიკის გადახედვა და პრიორიტეტის მინიჭება იმ ქალი მეწარმეებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. კომპანიამ მრავალჯერადად განახორციელა პირბადეების შესყიდვა მრავალშვილიანი ქალი მეწარმისგან. „ემბისი“, თანამშრომლებთან ერთად დაეხმარა ძალადობის მსხვერპლ ქალს, სტუდენტს, რომელზეც ძალადობდა ოჯახის წევრი − მამა. მსხვერპლს მოუწია დაუგეგმავად შინიდან წამოსვლა და აღმოჩნდა შემოსავლის, პირველადი ნივთების გარეშე, რომლის შესყიდვა უზრუნველყვეს „ემბისიმ“ და მისმა თანამშრომლებმა.

მინდა ასევე გამოვყო პროექტი „ფინანსური მრჩეველი“. დღესდღეობით, მოსახლეობის ფინანსური განათლების თემა ძალიან აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ფინანსური განათლება − ეს არის ფინანსური ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ადამიანს ეხმარება, სწორად შეაფასოს გარემო, მის წინაშე არსებული რისკ-ფაქტორები და შესაძლებლობები. მიიღოს გონივრული, გააზრებული, პასუხისმგებლობასა და შესაბამის ინფორმაციაზე დაფუძნებული ფინანსური გადაწყვეტილებები. ფინანსური განათლება ადამიანს საკუთარი უფლებების უკეთ დაცვასა და პირადი თუ ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში ეხმარება.

ხშირად ახალგაზრდები ვერ განკარგავენ ფინანსებს რაციონალურად. შედეგად, ვერ გეგმავენ თავიანთ ცხოვრებისეულ ციკლსა და ფინანსურ მომავალს. საკმაოდ დიდია წარუმატებელი სტარტაპების რიცხვიც, ვერ ვითარდებიან მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდნენ. პრობლემებია სოფელშიც − ფერმერებს არ ჰყოფნით სამეწარმეო გამოცდილება და უნარები თავიანთი მეურნეობის გასავითარებლად.

მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასტურად, რომ საზოგადოებაში არსებული ცოდნა საკმარისი არ არის. „ფინანსური მრჩეველის“ იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა, რომელიც მიზნად ისახავს, გუნდის გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს ადამიანებს, რომლებსაც ამისი საჭიროება აქვთ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „ფინანსური მრჩევლის“ გუნდი აგრძელებს უფასო კონსულტაციებს მეწარმეებისთვის, დაინტერესებული მოქალაქეებისთვის და იმ სექტორებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ასეთ სექტორს ტურიზმის მიმართულება წარმოადგენს. „ფინანსური მრჩევლის“ გუნდმა ტურიზმის სექტორში დასაქმებული მოქალაქეებისა და სასტუმროს, სასტუმრო სახლების ხელმძღვანელებისთვის ჩაატარა ტრენინგების ციკლი ფინანსური განათლების, მარკეტინგისა და სოციალური მედიის მიმართულებებით.

რა სახის ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი 2021 წელს და მომდევნო წლებში CSR-ის მიმართულებით?

დაარსების დღიდანვე მიზნად დავისახეთ ბაზარზე სანდო და გამჭვირვალე რეპუტაციის დამკვიდრება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კომპანიის მთავარ წარმატებად მივიჩნევთ ორგანიზაციულ კულტურას, კორპორაციული მართვის სტილს, დასაქმების თანაბარ პირობებსა და ჯანსაღ კონკურენციას, გამოცდილ გუნდს და მყარ ფინანსურ პარტნიორებს. ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა და შესაბამისი ღირებულებითი ჩარჩოები, აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენს ბიზნესფილოსოფიასთან. ვალდებულებად მივიჩნევთ, კომერციულ წარმატებას მივაღწიოთ ეთიკური ნორმების სრული დაცვით, ვიზრუნოთ გარემოზე და საზოგადოებაზე, გავუზიაროთ ცოდნა მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვთ.

შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას CSR-ის მიმართულებით, ყოველწლიურად ვაძლიერებთ და კიდევ უფრო მეტ პროექტს ვაკეთებთ. გვაქვს სამოქმედო გეგმები იმ მიმართულებებით, რომელიც პრიორიტეტულია საზოგადოებისთვის. ეს არის ფინანსური განათლება, ახალგაზრდების მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, თანამშრომელთა განვითარებისა და მხარდაჭერის პროექტები და რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა. ასევე, გავაგრძელებთ პრო ბონო-პროექტებს და მეწარმეების მხარდაჭერას.

გამოწვევებით სავსე 2020 წელს „ემბისის“ გუნდმა წარმატებით გადაჭრა არსებული ამოცანები და დასახა ახალი გეგმები, რაც შეუძლებელი იქნებოდა გუნდის მაღალი კომპეტენციის, კორპორაციული კულტურისა და სწორი ფასეულობების გარეშე. ჩვენ შევქმენით თანასწორი, სამართლიანი და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემო, რითაც ვამაყობთ. მომავალში ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. კომპანიის აქციონერებისა და მენეჯმენტის პოტენციალი მომავალშიც მიმართული იქნება მუდმივი განვითარებისკენ, მომხმარებლისთვის მეტი სიახლის შეთავაზებისა და ფინანსურ ბაზარზე პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებისკენ. კომპანიის მისიაა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების გზით ხელი შევუწყოთ ფინანსურ მომსახურებაზე ნაკლები წვდომის მქონე ადამიანების ინტეგრირებას ეკონომიკაში, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, წვლილი შევიტანოთ სიღარიბისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, გავაძლიეროთ ჩვენი მოქალაქეები და მაქსიმუმი გავაკეთოთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.