"მეამა" ქართული კომპანიაა, რომელიც ცვლის ყავის მიღების საუკუნოვან ტრადიციას და მომხმარებლებს სთავაზობს ახალ, ინოვაციურ მიდგომებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინოვაციური და უნიკალური პროდუქცია, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, „მეამას“ გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობაში იქმნება, რომელმაც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მნიშვნელოვანი აღიარება უკვე მოიპოვა. შენობა აერთიანებს როგორც საწარმოს, ასევე საოფისე სივრცეებსა და „მწვანე“ ზონებს, რაც ფუნქციურად და ესთეტიკურად ჰარმონიულად ბალანსდება.

მეამა

„მეამა“ სიახლეების მოყვარულებისთვის ნამდვილი თავგადასავალია. მისი მრავალფეროვანი პროდუქცია, შენობა თუ ნებისმიერი ინტერაქცია კომპანიასთან, გაცნობს „მეამას“ ბრენდის ფილოსოფიასა და ხედვას.

„მეამას“ საწარმოში იქმნება ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულები. ამ ორივე პროდუქტის ერთდროულად მომზადება მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ხდება, კომპანია აწარმოებს ჩაის კაფსულებსაც, რაც ნამდვილად სიახლეა ქართულ ბაზარზე და ასევე, ნალექიანი ყავის სხვადასხვა სახეობას.

„მეამას“ ტექნოლოგებმა სპეციალურად, ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით, ამერიკულ და ევროპულ ფორმატში 17 სხვადასხვა სახეობის ყავისა და 7 სახეობის ჩაის გემოები შექმნეს, რომელთა რეცეპტები კომპანიის ინტელექტუალური საკუთრებაა.

მუდმივად განმეორებადი, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი გემოების პარალელურად, კომპანია მომხმარებლებს გაყიდვის განსხვავებულ, ინოვაციურ არხებს სთავაზობს. „მეამას“ ინჟინრების მიერ შეიქმნა ყავის კაფსულების თანამედროვე ვენდინგაპარატები – დროფერი და აუთდროფერი, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ. ორივე მოწყობილობა მარტივად იმართება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სმარტფონის საშუალებით შეიძინონ სასურველი ყავის კაფსულა.

ქართულ ბაზარზე გამოჩენიდან წელიწადნახევარში, თანმხლები პანდემიური ფონის მიუხედავად, „მეამა“ აქტიურად ვითარდება. ამ პერიოდში მის პროდუქციას შეემატა ყავის ახალი არომატული გემოები, თბილისში გაიხსნა ბრენდული სივრცეები და ასევე განსხვავებული კონცეფციის take away-ობიექტები – „მეამა“ ქოლექთები. კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგდა და წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.

„მეამას“, როგორც წარმატებული და უკვე საკმაოდ პოპულარული ბრენდისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ, კომპანიის გენერალურ დირექტორ ლუკა კაპანაძეს გავესაუბრეთ.

„თავდაპირველად, საქართველოში კაფსულის ყავის წარმოების იდეა გაჩნდა. შემდეგ დაიწყო ამ იდეის დამუშავება, კადრების მოძიება-გადამზადება, მაღალტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და სხვადასხვა სახის რესურსის მოძიება. იდეის გაჩენიდან 5 წელი გავიდა და დღეს უკვე უახლესი, ევროპული დანადგარებით აღჭურვილი საწარმო გვაქვს, რომლის შექმნასაც ძიება და ზოგადად, ძალიან საინტერესო პროცესები უძღოდა.

იდეის მთავარი მამოძრავებელი იყო, საქართველოში შეგვექმნა წარმატებული ბიზნესმოდელი, რომელიც შემდეგ მსოფლიოში აუცილებლად იგივე წარმატებით დაიმკვიდრებდა თავს. „მეამას“ რაღაც ახალი, განსხვავებული უნდა ეთქვა და ყავის ტრადიციული კულტურა, თანამედროვე, ციფრული გადაწყვეტები ერთმანეთთან დაეკავშირებინა. ანუ მიზანი არა მხოლოდ ყავის კაფსულის, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნაც იყო. მათ შორის გაყიდვის ინოვაციური არხების შექმნა, რომელიც ახალ კომფორტულ და მანამდე არარსებულ გამოცდილებას გაუზიარებდა ყავის მოყვარულებს. განსაკუთრებით კი ამის დანერგვა საინტერესო იყო საოფისე სივრცეებში, სადაც ყავისა და ჩაის მოსამზადებლად ყველა საჭირო რესურსის მობილიზება არც ისე მარტივია.

უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა ორივე − ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის კაფსულების ერთდროულად წარმოება. ამას დაემატა ყავის მრავალფეროვანი გემოების რეცეპტურისა და დამზადების ტექნოლოგიების შემუშავება, რაც ჩვენს პროდუქციას ყველასგან გამოარჩევს და მკაფიო ხასიათს სძენს“, − გვიყვება „მეამას“ გენერალური დირექტორი.

იმისათვის, რომ ქართული ბაზრისა და მომხმარებლების გემოვნების გათვალისწინებით შექმნილიყო თითოეული გემო, საფუძვლიანი კვლევა ჩატარდა. დიდი გამოწვევა იმ ადამიანების პოვნა იყო, ვინც უშუალოდ პროდუქციას შექმნიდა. საქართველოში ყავის ტექნოლოგები არ არსებობდნენ, ამიტომ კომპანიამ საჭირო უნარების მქონე კადრები, შესაბამისი განათლების მისაღებად, სხვადასხვა ქვეყანაში გაუშვა. „მეამას“ ტექნოლოგები წლების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ყავის სკოლებში გადამზადდნენ, სადაც მათ შეიძინეს შესაბამისი ცოდნა და ყავის გემოების შექმნის გამოცდილება.

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმ უახლესი, ევროპული დანადგარების მოძიება, რომლითაც დღეს „მეამას“ პროდუქცია იწარმოება.

როგორც „მეამას“ გენერალური დირექტორი გვიამბობს, მიუხედავად საკმაოდ რთული წლისა, რომელიც გამოწვეული იყო არსებული პანდემიით და მისი თანმხლები ეკონომიკური პროცესებით, „მეამამ“ თბილისში 4 ბრენდული სივრცე და განსხვავებული კონცეფციის take away ობიექტები, სახელწოდებით „მეამა ქოლექთი“ 7 ლოკაციაზე გახსნა. ყველა ამ ობიექტში მომხმარებელი განსხვავებულ გამოცდილებას იღებს, ეცნობა საქართველოში შექმნილ მაღალი ხარისხის პროდუქტს და აგემოვნებს როგორც ყავას და ჩაის, ასევე სიახლეს ქართულ ბაზარზე − სხვადასხვა სახეობის ყავისა და ჩაის კოქტეილებს.

„მეამას“ უახლოეს გეგმებში კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომპანიის ბრენდული სივრცეებისა და ქოლექთების გახსნაა. მიმდინარე თვიდან „მეამას“ უკვე შევხვდებით როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ახალ ობიექტში ადგილობრივები დასაქმდებიან. „მეამა“ აქცენტს მოტივირებულ და პროფესიონალ კადრებზე ამახვილებს და დასაქმების მოქნილ შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებსაც. თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნას კი „მეამაში“ დიდი ყურადღება ეთმობა, რადგან პროფესიონალი კადრების მოძიება, შენარჩუნება და გაზრდა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით: „მეამას“ გეგმებშია ასევე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. „გვსურს, „მეამას“ ბრენდი წარმოდგენილი იყოს არაერთ ქვეყანაში. ამისათვის ბევრს ვმუშაობთ და შემდეგი ეტაპი უკვე საქართველოში შექმნილი წარმატებული მოდელის საზღვრებს გარეთ გატანა იქნება. მთავარია, შევარჩიოთ სწორი პარტნიორი, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ფილოსოფიასა და მიდგომებს, და საქართველოში უკვე წარმატებით დამკვიდრებულ გამოცდილებას თავის ქვეყანაში ანალოგიურად დანერგავს. შევქმენით ბიზნესმოდელი, რომელიც წარმატებით მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად ერგება მომხმარებლების მოთხოვნებსა და კომფორტს. ჩვენ ვქმნით მთლიან ეკოსისტემას და სწორედ ამას ვთავაზობთ უცხოელ პარტნიორებს − მათ ვისთან ერთადაც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მოვიაზრებთ ერთობლივ ბიზნესსაქმიანობას. აღსანიშნავია, რომ დაინტერესება საკმაოდ დიდია“, − ლუკა კაპანაძე.

ამ ყველაფრის უკან კი თანამედროვე, სიახლეებისა და ინოვაციების მოყვარული გუნდია − ადამიანები, რომლებიც ქმნიან კომპანიის მართვის თანამედროვე მოდელს, ინოვაციურ პროექტებს, უნიკალურ გემოებსა და ზოგადად, პროგრესს საქართველოში.

დღეს ამ სტატიით ვასრულებთ „მეამას“ შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციების თქვენამდე მოტანას, მაგრამ წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე და იმ ადამიანების გაცნობა გველის, ვინც საქართველოში ქმნის წარმატებულ ქართულ ბრენდს, რომელიც მალე იგივე წარმატების მიღწევას გლობალურ ბაზარზე გეგმავს.