გლობალური კომპანია SpinCar ქართულ სტარტაპს Pulsar AI-ს ყიდულობს

სტარტაპის ღირებულებამ, უკვე რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს გადააჭარბა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pulsar AI პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი გახდა, რომელმაც წარმატებული გლობალური “Exit” განახორციელა. ისტორია დაიწერა - Pulsar AI-ს ღირებულებამ, უკვე რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს გადააჭარბა და ამიერიდან, იგი SpinCar-თან ერთად, განაგრძობს სვლას მილიარდიანი ღირებულების მისაღწევად.

Pulsar AI

11 მაისს, ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანია SpinCar ავრცელებს ინფორმაციას ქართული სტარტაპის - Pulsar AI-ს შესყიდვის შესახებ, რომელმაც ავტომანქანის დილერებისთვის, დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწინავე ტექნოლოგია შექმნა. Pulsar-ის ავტომატური კომუნიკაციის SpinCar-ის ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან ინტეგრირების გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ონლაინ გაყიდვებში მეტი მომხმარებლის ჩართვას შეუწყობს ხელს.  Pulsar AI თავის ტექნოლოგიებს Spincar-ის პლატფორმაზე დანერგავს და მისი გუნდი განვითარებაზე მუშაობას, უკვე SpinCar-ის გუნდთან ერთად განაგრძობს.

“Pulsar AI-ს მანქანური დასწავლის ინჟინრებმა, პროგრამისტებმა, მონაცემთა მეცნიერებმა, ლინგვისტებმა და მენეჯმენტის გუნდმა, დღესდღეობით არსებული ერთ-ერთი მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია შექმნეს.” - ამბობს Devin Daly, SpinCar-ის თანადამფუძნებელი და CEO - “ძალიან გვიხარია მათი შემოერთება SpinCar-ის ოჯახში. მოუთმენლად ველით, Pulsar-ის ტექნოლოგიური სიახლეები და ექსპერტული ცოდნა, ნებისმიერი ზომისა თუ ტიპის დილერებისათვის უკეთესი ბიზნეს შედეგების მისაღწევად გამოვიყენოთ. აღნიშნული შენაძენი, საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ჩვენი პლატფორმის გაფართოება ციფრული შესაძლებლობების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეს კი, მომხმარებლისათვის მანქანის ონლაინ შეძენის პროცესს, უფრო მიმზიდველს და პერსონალიზებულს გახდის.“

Michael Quigley, SpinCar-ის თანადამფუძნებელი და Chief Strategy Officer - “პულსარის შესყიდვა, ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების მომავალ შენაძენებთან ერთად, ავტო-სივრცეში, ჩვენი ზრდის სტრატეგიის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.”

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ, 2016 წელს, საქართველოში სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა დაიწყეს. 2019 წლიდან, გუნდს სოფო ჭყოიძეც შეუერთდა და ერთად დააარსეს Pulsar, რომელმაც მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია შექმნა. Pulsar-მა, 2019 წელს, სილიკონის ველზე $1.2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა და უმოკლეს დროში, პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი გახდა, რომელმაც წარმატებული გლობალური “Exit” მოახერხა. ქართველ-ამერიკელი ანტერპრენერი ჯორჯ არისონი, აქტიურად უჭერდა მხარს კომპანიას და გუნდს,  ავტო-ინდუსტრიის საცალო გაყიდვების სფეროში არსებული უნიკალური შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარებოდა. Pulsar ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA) მხარდაჭერა მიიღო. Pulsar-ის ეს წარმატება, უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის.

Spincar ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ციფრული გაყიდვების სფეროში, თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლებს, ციფრულ სივრცეში იმავე გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს, რასაც „შოუ-რუმში“ ვიზიტის დროს მიიღებდნენ. SpinCar-ის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანად მომხმარებლის ქცევას ეფუძნება და ამიტომაც, ზუსტად ერგება ავტომობილის შეძენის საუკეთესო გამოცდილებას.

Pulsar-ის Conversational AI-ის პლატფორმა, ავტომობილის პოტენციურ მყიდველსა და დილერს, ელ.ფოსტისა, თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებების „ავტომატიზებული დიალოგის“ საშუალებით აკავშირებს ერთმანეთთან.

კომპანიის აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა  - მყისიერი, რელევანტური  პასუხის გაცემითა და მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე, ეფექტურობის ხარისხს ზრდის და სადილერო გაყიდვების გუნდს, დროის დაზოგვაში ეხმარება. ავტომატური კომუნიკაცია, ელ.ფოსტისა, თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნების განუსაზღვრელ რაოდენობაზე პასუხის გაცემას, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, შესაძლებელს ხდის.

“SpinCar-მა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ავტო-დილერს შორის სანდო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა და ჩვენ, ორივე კომპანია, ვიზიარებთ საერთო იდეას, რომ ტექნოლოგიები ზრდის ოპერაციების ეფექტურობას, რაც მომხმარებელს უადვილებს დისტანციურ ყიდვა-გაყიდვის პროცესს.” - დაჩი ჭოლაძე, პულსარის თანადამფუძნებელი და CEO - “ინოვაციები, რომლებიც ჩვენ შევქმენით Conversational AI-ის მიმართულებით, აწესებს ახალ სტანდარტს, ზოგადად დიალოგის ავტომატიზაციაში. SpinCar-თან შეერთება, ჩვენი Conversational AI ტექნოლოგიების კიდევ უფრო სწრაფად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს”.

"დღეს ჩვენ ვხედავთ წარმატებული ინოვაციების რეფორმის შედეგს! ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI-მ გადაკვეთა საზღვრები, ოკეანე და აისრულა ყველა სტარტაპის ოცნება! 2014 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაარსებით სახელმწიფომ მიზნად დაისახა შეექმნა ცოდნის ბაზა და განევითარებინა ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკა. ძალიან მოხარულები ვართ რომ ამ მოკლე პერიოდში სტარტაპ ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა. ვულოცავ პულსარის გუნდს ამ გასაოცარ მიღწევას. ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველო სწრაფად ხდება ქვეყანა სადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს და განვითარდეს გლობალურად მზარდი სტარტაპები." - ირაკლი ღარიბაშვილი.

ტრადიციული ბიზნეს მოდელის მქონე სადილეროებს, ციფრული ტრენდების სწრაფ განვითარებასთან გამკლავება უწევთ, რაც ბიზნესის ტრანსფორმაციის საჭიროებას კიდევ უფრო კრიტიკულს ხდის. Spincar-ის მონაცემების სიმრავლე და ტექნოლოგიური აპლიკაციების გაფართოება, ათასობით სადილეროს, მომხმარებელთათვის უწყვეტი და მეტად პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით, თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისი ეფექტურობის მიღწევაში ეხმარება. Pulsar-ის შესყიდვის შემდეგ, SpinCar-ის ოფისები: ნიუ-იორკში (ნიუ-იორკი, სირაკუსი), სან-ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა (ინგლისი) და ტორონტოში იქნება წარმოდგენილი.