Self.ge - ბიზნესპროცესების მართვის ციფრული ალტერნატივა

სრულად ციფრული HR-მართვის სისტემა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, მენეჯმენტში გაციფრულების პროცესი სულ უფრო ჩქარდება, რასაც პანდემიური გამოწვევებიც დაერთო და ფიზიკური რეალობის ციფრულ სამყაროში გადანაცვლება, ყველასთვის ახალ დღის წესრიგად იქცა. გვსურს, გიამბოთ სტარტაპ Self.Ge-სა და მისი თანადამფუძნებლის, ნამდვილ ანტრეპრენერ ნინო ფეიქრიშვილის შესახებ, რომელმაც HR ბიზნეს-პროცესების გაციფრულებაზე დაიწყო მუშაობა.

entrepreneur.ge

ნინო ფეიქრიშვილს, ბიზნესსექტორში, კერძოდ კი, HR-ის კუთხით მმართველ თანამდებობებზე მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში, „პალიტრა მედიაჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა მსხვილი კომპანიის HR-დეპარტამენტს და ორგანიზაციული განვითარების საკითხებში არაერთ ქართულ თუ უცხოურ კომპანიას უწევდა კონსულტაციას. ნინო აღნიშნავს, რომ წლების წინ, როდესაც ქართულ ბაზარზე ელექტრონული მართვის სისტემებისა და სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვა, კომპანიებში დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა, იგი მუდმივად სიახლეებისა და პროცესების გაციფრულების შესაძლებლობებს ეძებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება ბიზნესის ადმინისტრირებისა და HR-ის მიმართულებით მაქვს მიღებული, IT სფერო მუდამ მიზიდავდა და ჩემ მიერ წამოწყებულ ყველა პროექტს, უპირველესად გაციფრულების შესაძლებლობის კუთხით ვაფასებდი. ვწერდი ტექნიკურ დავალებებს და საათობით ვეჯექი პროგრამისტებს, რათა ჩემთვის სასურველი პროგრამა დაგვეწერა. ამ პერიოდიდან, ოცნებად მექცა უნივერსალური სისტემის შექმნა, რომელიც ყველა ბიზნესპროცესს გააციფრულებდა და რა თქმა უნდა, ქართული ბიზნესის რეალობაზე იქნებოდა მორგებული. 3 წლის წინ დავიწყე კიდეც ამ მიმართულებით მუშაობა. მსურდა, ის გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის დროს დავაგროვე, დამოუკიდებელ საქმიანობაში გამომეყენებინა“, − აღნიშნავს Entrepreneur-თან საუბრისას ნინო ფეიქრიშვილი.

პანდემიის დროს, მაშინ, როდესაც უმეტესობა სტაბილურ სამსახურს უფრთხილდება და დამოუკიდებელი საქმის დაწყებას თავს არიდებს, ნინო ფეიქრიშვილმა საკუთარი ოცნების ასრულება და ტექნოლოგიურ სტარტაპ Self.ge-ის დაარსება გადაწყვიტა.

Self.ge ქართულ ბაზარზე ბიზნესპროცესების მართვის გაციფრულებას ისახავს მიზნად. პირველ ეტაპზე, კომპანია თავის პარტნიორ ორგანიზაციებს სრულად ციფრულ HR-მართვის სისტემას სთავაზობს. მათ არსებული ელექტრონული გადაწყვეტებისგან ის განასხვავებს, რომ სისტემა, Self-სერვისის დახმარებით, ყველა კომპანიას, თანამშრომლების ადმინისტრაციული პროცესების მართვაში მაქსიმალური ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს. Self.ge-ის დამსახურებით, ორგანიზაციების თანამშრომლები, ტელეფონითა და კომპიუტერით შეძლებენ თავიანთი ადმინისტრაციული აპლიკაციების მართვას.

ყველაფრისთვის, რაც აქამდე HR-მენეჯერის ჩართულობას ითხოვდა − იქნება ეს შვებულება, ბიულეტენი, სახელფასო ცნობის მოთხოვნა და ა.შ., ახლა ციფრულად, მარტივი აპლიკაციებითაა ხელმისაწვდომი. თანამშრომელი ავსებს განაცხადს, რომელიც ავტომატურად ეგზავნება ხელმძღვანელს, და მოთხოვნის დამტკიცებისას, დადასტურების შესახებ ელექტრონულ შეტყობინებას იღებს. სისტემა კი, ამ მონაცემებს ავტომატურად ინახავს.

მოგეხსენებათ, ორგანიზაციებისათვის თავიანთი თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვის წესი და ფორმა კანონმდებლობითაა დამტკიცებული, რასაც Self.ge-ის სისტემა აღრიცხავს და თანამშრომლებთან რეპორტინგს ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს. „მსგავსი ფუნქციონალი სისტემას აქამდეც ჰქონდა. იგი აღრიცხავდა თანამშრომლების ნამუშევარ დროს, თუმცა კანონის მიღების შემდეგ, მოგვიწია სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული რეპორტის ფორმების დამატება, რათა სისტემა სრულ თანხვედრაში ყოფილიყო შრომით კანონმდებლობასთან. ჩვენი სისტემა ავტომატიზებულად აწარმოებს თანამშრომელთა სამუშაო დროის მონიტორინგსა და აღრიცხვას, როგორც ბარათებით, ასევე სისტემიდან ელექტრონულად, კლიკების მეშვეობით. საქართველოში ვაწარმოებთ ბარათის წამკითხველებს და პერსონალური ბარათის დაფიქსირებით, როგორც დამსაქმებელს, ასევე თანამშრომელს, საშუალება აქვს ნებისმიერ დროს თვალი ადევნოს ნამუშევარი დროის შესახებ მონაცემებს. მსგავსი სისტემების შემუშავება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და საბედნიეროდ, ჩვენ მომზადებული დავხვდით ამ ცვლილებებს“, − განაცხადა ნინო ფეიქრიშვილმა.

ვინაიდან, კომპანიამ ოპერირება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, პანდემია და მასთან ადაპტაცია, გუნდის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. „თავდაპირველად, სტარტაპისათვის ვეძებდით ინვესტორს, თუმცა პანდემიამ ეს პროცესი გაართულა და საქმის წამოწყება ჩვენივე ფინანსური რესურსით გადავწყვიტეთ. ცხადია, დაკეტილი ბიზნესები და ბუნდოვანი სამომავლო პერსპექტივები დიდ რისკს წარმოადგენდა, თუმცა ბოლომდე გვჯეროდა, რომ „ლოკდაუნს“ სხვადასხვა კომპანიები თავიანთი პროცესების გაციფრულებისათვის გამოიყენებდნენ და ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ვფიქრობ, სწორ დროს დავიწყეთ და ბაზარმაც ძალიან კარგად მიგვიღო“, − გვიამბობს ნინო ფეიქრიშვილი.

კომპანია Self.ge საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება, ამიტომ ახალი პერსონალის დამატება და მათ გადამზადებაზე ზრუნვა, პროცესების აუცილებელი თანმდევია. „ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, ჩვენი სისტემის განვითარების გუნდი და IT დეველოპერები ყოველკვირეულად ახალ ფუნქციონალს გვთავაზობენ. შემდეგ, ვიწყებთ შიდა ტრენინგის ეტაპს, რათა ჩვენმა იმპლემენტატორმა მენეჯერებმა, რომლებიც კომპანიებში სისტემის დანერგვას კურირებენ, სისტემური სიახლეები სრულფასოვნად შეისწავლონ. მთლიანი კომპანიის წარმატება და ზრდა, ამ ორი მიმართულების პროდუქტიული მუშაობით მიიღწევა“, − აცხადებს ნინო ფეიქრიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ Self.ge-ის ბაზარზე ოპერირების სულ რამდენიმეთვიანი გამოცდილება აქვს, უკვე 35-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს, როგორებიცაა „ევროპროდუქტი“, Wendy's, „გასტრონომი“, „World Vision საქართველო“, „ასკანელი ძმები“, „მეგალაბი“, „ACCOR ჯგუფის სასტუმროები“, თბილისსა და ბათუმში მდებარე სხვადასხვა მსხვილი საწარმო, კლინიკები და ა.შ. როგორც ნინო ფეიქრიშვილი გვიამბობს, კომპანიის დაარსებისას, ძირითადად მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისგან ელოდნენ დაინტერესებას, თუმცა დროთა განმავლობაში, მათმა სერვისმა მსხვილი კომპანიებიც მოხიბლა და მოთხოვნამ ამ მიმართულებითაც იმატა. Self.ge-ის გუნდი ამ სფეროში საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რამაც ბიზნესების მხრიდან, მათ მიმართ ნდობა და თანამშრომლობის სურვილი განაპირობა.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას ურჩევდა ნინო ფეიქრიშვილი ადამიანებს, რომელთაც დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის დაწყება სურთ. „დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდი, სანამ საკუთარი საქმის წამოწყებაზე დაფიქრდებოდნენ, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გამოცდილება დააგროვონ. კარგად უნდა იცნობდე ბიზნესებს, მათ პროცესებსა და სპეციფიკას, რომ გადაწყვეტილება უფრო გააზრებული და სწორი იყოს, ზუსტად იცოდე, რა თანმიმდევრობით იმოქმედო და როგორ განახორციელო ჩანაფიქრი. ასევე, აუცილებელია რისკის გაწევა, რადგან სხვაგვარად, დიდი პროექტები არ იქმნება. ანტრეპრენერობა ყოველთვის მარტივად მეჩვენებოდა, თუმცა 3 წელი დამჭირდა სამსახურიდან წამოსვლისა და საკუთარი სტარტაპის დასაწყებად. ამიტომ, გამბედაობა, რისკი და ცხადია, ფასეული იდეა, აუცილებელია“, − გვიზიარებს ნინო ფეიქრიშვილი.

კომპანია Self.ge უკვე აქტიურად მუშაობს ბიზნესის პროცესების მართვის სისტემებზე. გარდა Self HRMS-ისა, კომპანია უკვე სხვა პროცესების სრულად გაციფრულებაშიც დაეხმარება ორგანიზაციებს. უახლოეს მომავალში, გუნდი სხვადასხვა ქვემოდულის დამატებასა და კომპანიის უფრო დიდ მასშტაბებზე გაყვანას გეგმავს.