5 მიზეზი სტარტაპებისთვის "სილიკონ ველიში" გასამგზავრებლად

აქ პრაქტიკულად ნებისმიერი სფეროთი დაინტერესებული ადამიანი, მარტივად იპოვის თანამოაზრეს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„სილიკონ ველიში“ გასამგზავრებლად და სტარტაპის დასაარსებლად, ანტრეპრენერთათვის უამრავი მიზეზი არსებობს. მოგეხსენებათ, „სილიკონ ველის“ ეკოსისტემა ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის შეუზღუდავ შესაძლებლობებს იძლევა. ამ სიმრავლიდან ძირითადი, საკვანძო საკითხების წამოსაწევად, გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა ვისწრაფოდეთ „სილიკონ ველისკენ“:

entrepreneur.ge

1. „ნეთვორქინგი“/ადამიანები − „სილიკონ ველიში“, პრაქტიკულად, ნებისმიერი სფეროთი დაინტერესებული ადამიანი მარტივად იპოვის ისეთ თანამოაზრეს, რომელიც თავადაც სტარტაპერია, ან მსხვილ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური ცოდნა აქვს. „სილიკონ ველი“ ნიჭიერ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს, ხოლო მათთან შეხვედრა, საქმიანი ურთიერთობის დაჭერა და საკომუნიკაციო „ქსელების გაბმა“, თქვენი სტარტაპისთვის, შესაძლოა მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი გახდეს.

2. კვალიფიციური კადრის პოვნა − თუკი თქვენი ბიზნესისთვის უმაღლესი დონის სპეციალისტს ეძებთ, „სილიკონ ველი“ იდეალური ადგილია შესაფერისი კანდიდატების მოძიებისათვის. აქ თავს იყრიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან გამარჯვებისა და მარცხის გემო, აქვთ ტექნოლოგიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, კვალიფიციური ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ ნებისმიერი სირთულის სამუშაოს შესრულებაში ეხმარება. რომელი ანტრეპრენერი არ ოცნებობს ასეთ თანამშრომლებზე?!

3. ფინანსირების შესაძლებლობები − „სილიკონ ველი“ აერთიანებს მსოფლიოს ყველაზე წონად და ავტორიტეტულ „ვენჩურულ კაპიტალისტებს“, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მომუშავე ბიზნესების გარდა, ფულს არსად აბანდებენ. თუკი თქვენი სტარტაპისათვის ფინანსურ რესურსს ეძებთ, სახსრების მოსაზიდად, „სილიკონ ველი“, შესაძლოა საუკეთესო ადგილი იყოს დედამიწაზე.

4. პარტნიორობა − თქვენი სტარტაპისათვის წარმატებული მომავლის უზრუნველსაყოფად, სანდო და ერთგული თანადამფუძნებლის პოვნა, ხშირად დიდ სირთულეს წარმოადგენს. ზოგადად, სამყაროში თანამოაზრის პოვნა, რომელიც იდეის განსახორციელებლად თქვენსავით გულანთებული იქნება, მარტივი არაა. „სილიკონ ველი“ სწორედ ავანტიურისტი ადამიანებით სავსე ადგილია. ეს ხალხი არ უშინდება გამოწვევებს, წარმატების მიღწევის იდეითაა შეპყრობილი და უკან არაფერზე დაიხევს. „სილიკონ ველი“, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი ადგილია იმისათვის, რომ თქვენი ანტრეპრენერული „ჭაპანის“ ღირსეული გამზიარებელი და მომავალი ტექნოლოგიური გიგანტის თანადამფუძნებელი იპოვოთ.

5. რესურსები − „სილიკონ ველი“ მსოფლიოში იმითაა განთქმული, რომ ათწლეულების განმავლობაში, ათასობით წარმატებული კომპანიის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება მოახერხა. ამ ბუნებრივი რესურსებით საკმაოდ მდიდარმა რეგიონმა, ჯერ კიდევ „ოქროს ციებ-ცხელების“ ეპოქაში, უამრავ ადამიანს მოუტანა სიმდიდრე და წარმატება. თუმცა დღეს, როდესაც სტარტაპების მთავარი სიმდიდრე არამატერიალურ აქტივებზე გადის, „სილიკონ ველის“ უპირატესობა ცოდნასა და ინტელექტუალურ რესურსებში მდგომარეობს. ამ რესურსების ნაწილს უკვე შევეხეთ (ადამიანები, ვენჩურული კაპიტალისტები და ა.შ.), მაგრამ არ გვიხსენებია, რომ „სილიკონ ველი“ მსოფლიოში აღიარებული უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების კერაა. ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, საჭირო კითხვაზე პასუხის, ან კვალიფიციური კონსულტაციის მისაღებად, 100 მეტრის გავლაც კი არ დაგჭირდებათ, ვინაიდან ყველა უბანში და ყველა ქუჩაზე შეხვდებით საჯარო სემინარებს, ცნობილ ლექტორებთან შეხვედრებს, „სტენფორდის“ ღია „ვორქშოფებს“ და ა.შ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups შემოვიდა. პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) „სილიკონ ველის“ სტუმრობენ.



Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს „სილიკონ ველის“ შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-დან.