რას ამბობს სინამდვილეში თქვენი ლოგო თქვენს ბრენდზე

აი, როგორ უნდა შეფუთოთ საკუთარი კომპანიის იდეა თქვენს ლოგოში, რათა იგი თქვენს გზავნილს სწორად გამოხატავდეს

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლოგოები ნამდვილად დიდი მოლაყბეებია. მე მიყვარს ჩემი კომპანიების ლოგოების დიზაინებზე ფიქრი და ყველაფრის აწონ-დაწონა. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ჩემი ლოგო იმის მიმანიშნებელია, თუ როგორ ვაპირებ საკუთარი თავის წარდგენას საკუთარი აუდიტორიის წინაშე და ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ სწორ გზავნილს ვუგზავნი მათ.

entrepreneur.ge

მაგრამ ეს „სწორი გზავნილი“ მართლაც მხოლოდ ერთი ასპექტია იმისა, თუ რას უნდა გამოხატავდეს სინამდვილეში მართლაც დიდი ლოგო.

ჩვენი ლოგოები ბევრად მეტს ამბობს ჩვენზე, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ თუ არა ამას, და ეს მხოლოდ ჩვენი კომპანიის სახელი არ არის. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, თუ რას ეუბნებიან ჩვენი ლოგოები ჩვენს მომხმარებელს, და ამასთან ერთად, იმაზეც, როგორ ეუბნებიან.

ზუსტი კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უპირველესად თქვენს აუდიტორიამდე მიაღწიოთ, ხოლო შემდეგ ეტაპზე თქვენი ბიზნესისკენ მიიზიდოთ იგი.

ქვემოთ იმ ხუთ ელემენტს გაეცნობით, რომელზეც კარგი ლოგო უნდა მეტყველებდეს.

პირველი დადებითი შთაბეჭდილება

ჩვენ ანტრეპრენერები ვართ და ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილება. და ისიც ვიცით, რომ ამ მიზნის მისაღწევად, მხოლოდ დათვლილი წამები გვაქვს.

ლოგოები „პირველი შთაბეჭდილებაა“ ბრენდისთვის. ასე რომ, ლოგოს კარგი დიზაინიც უნდა ჰქონდეს და იგი სრულიად ნათელი და გასაგებიც უნდა იყოს, ადვილად წასაკითხი, მიმზიდველი და თვალშისაცემი. ისეთი, როგორიც Starbucks-ის ლოგოა. მაგრამ თუ თქვენს აუდიტორიას არ შეუძლია თქვენსავე ლოგოს წაკითხვა ან თქვენი ორგანიზაციის სახელის თუ მიზნის გაგება, მართალია, შთაბეჭდილებას მოახდენთ, მაგრამ ის მთლად კარგი არ იქნება. ასე მოხდა, მაგალითად, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლოგოს შემთხვევაში.

ორჯერ და სამჯერ შეამოწმეთ თქვენი კომპანიის ლოგოს ყველა დეტალი − ასოების ზომა იქნება ეს თუ ინტერვალი მათ შორის. გამოკითხვაც ჩაატარეთ, აუცილებლად დაადგინეთ, რამდენად ადვილად საცნობია თქვენი გრაფიკა. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი ლოგო პირველსავე დანახვისას მოახდენს საუკეთესო შთაბეჭდილებას.

როგორ უგებთ აუდიტორიას

ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ არის ასეთი არაფრისმეტყველი ზოგიერთი კომპანიის ლოგო. ელეგანტური, თანამედროვე კომპანიების ლოგოები კომიკურია, ან ისეთი გრაფიკა აქვთ, თავისთავად იპყრობს ყურადღებას. იმ კომპანიების ლოგოებში, რომლებიც პროფესიონალებს უწევენ მომსახურებას, უჩვეულოდ ნათელი, ცისარტყელას ფერებია. ასეთია NBC. საბავშვო ბრენდების კი, როგორიცაა Bon Bebe-ს ლოგოები, რატომღაც მოსაწყენია.

თქვენი ლოგოს დიზაინის შეთანხმება სამიზნე აუდიტორიასთან უზომოდ მნიშვნელოვანია. ამ ნაბიჯით, მხოლოდ იმ საზოგადოებას კი არ მოიზიდავთ თქვენკენ, რომელსაც ეძებთ, არამედ იგი იმის მიმანიშნებელიც იქნება, რომ თქვენ გესმით მათი.

მაგალითად, თუ კომპანიას ვქმნი, რომელიც დიზაინის სფეროს პროფესიონალებს ემსახურება, ცუდი ლოგო ნამდვილად არ მჭირდება (აუცილებლად გაიფიქრებენ − საინტერესოა, ვინ გაუკეთა?..), რადგან ეს მიანიშნებს, რომ ჩემი ბრენდი სათანადო პატივისცემას არ გამოხატავს ჩემსავე აუდიტორიის მიმართ.

ბრენდის ინდივიდუალობა

ლოგოს დიზაინში ის არის მთავარი, თუ რამდენად კარგად გადმოსცემს იგი ბრენდის ინდივიდუალობას. თითოეული ახალი წამოწყებისას საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი, თუ რა სახის პიროვნული თვისებები უნდა ჰქონოდა კომპანიას, და თან ისე, თითქოს ის ნამდვილი ადამიანი იყო − ნერვიული, მხიარული, ფაქიზი, უცნაური, პირდაპირი, პატიოსანი, თუ რაიმე სხვა ამგვარი თვისების მქონე − ზუსტად ისეთი, როგორებიც საერთოდ ადამიანები ვართ.

როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, ჩემს დიზაინერთა გუნდთან ერთად ვჯდები და დეტალებზე ვმსჯელობთ. მთავარია, ერთად დავრწმუნდეთ, რომ ლოგოს მზა დიზაინი ზუსტად ასახავს ამ ინდივიდუალობას.

სწორედ ეს არის იმ „შესავლამდე“ მიმავალი გზა, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. კომპანიის ლოგოთი რაღაც ამგვარად უნდა იყოს ნათქვამი: „გამარჯობა, მე გახლავართ ბრენდი ABC და ყველაზე მხიარული ვარ ჯგუფში“.

...ან შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა პიროვნული თვისებები აღნიშნოთ, რომლებიც საუკეთესოდ ერგება თქვენს ბრენდს.

უნიკალურობის ფაქტორი

ბუნებრივია, არავის სურს კონკურენციასთან შეჯახება, და ამიტომ უნდა იყოს ჩვენი ლოგოები ერთმანეთისგან განსხვავებული. საუბარია დიზაინის ელემენტებზე, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. უნიკალური ლოგო თავისთავად გვეუბნება, რომ ის ბრენდიც უნიკალურია, რომელიც მის უკან დგას.

ეს შეიძლება ცოტა არ იყოს სარისკო იყოს, რადგან ლოგოს სხვადასხვა ელემენტები ანიჭებს „უნიკალურობას“. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის ტენდენციები არსებობს თქვენს სფეროში. ნებისმიერი ეტაპი და ყველაფერი უნდა გამოიყენოთ, რათა თქვენი ლოგო კონკურენტებისგან იყოს განსხვავებული − იქნება ეს ფერის, გრაფიკული სტილისა თუ ტიპოგრაფიის შერჩევა.

პროფესიონალიზმი

პროფესიონალიზმი ჩემი ბოლო პუნქტია, და იმიტომ ნამდვილად არა, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ ამ საკითხში რეალურად მსურს გარკვევა.

ლოგოს მართლაც შესანიშნავი დიზაინი შესაძლოა ცუდმა შესრულებამ მთლიანად გააფუჭოს. ამიტომ, პროფესიონალთან უნდა იმუშაოთ, თუ თვითონ არ ხართ გრაფიკული დიზაინის სპეციალისტი, ან როგორც ნებისმიერ სხვა ანტრეპრენერს, არც თქვენ გაქვთ დრო საკუთარი კომპანიის ბრენდინგისთვის ხელის მოსაკიდებლად. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ პროფესიულ შედეგს. აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია − ლოგოს ფაილის ტიპით დაწყებული, და იმით დამთავრებული, რომ ის კარგად უნდა ჩანდეს ნებისმიერ ფონზე. აქ აბსოლუტურად ყველა დეტალი პროფესიონალიზმის გამოვლენა უნდა იყოს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ როგორც ეს ზემოთაც აღვნიშნე, თქვენი ლოგო რაღაცაზე უნდა მეტყველებდეს, ნათლად უნდა გამოხატავდეს, რომ თქვენს აუდიტორიას იცნობთ.

ლოგოები მეგაფონები არიან

თქვენი ლოგოს მთელ სამყაროში გაგზავნა იმისთვის, რომ ის თქვენსავე ბრენდის წარმომადგენელი გახდეს, იგივეა, ბავშვს მეგაფონი მისცეთ ხელში და კარდაკარ დაატარებდეთ. ის უფრო მეტს იტყვის თქვენზე, ვიდრე თქვენ ფიქრობთ და გათვალეთ.

აი, ამიტომ არის ასე უზომოდ მნიშვნელოვანი ყველა დეტალის საქმის კურსშიც იყოთ, კონტექსტშიც ერკვეოდეთ და ქვეტექსტშიც იმისა, თუ რას და როგორ ამბობს თქვენი კომპანიის ლოგო.

Zaheer Dodhia

Written By

Entrepreneur Leadership Network Contributor

Zaheer Dodhia is a New Jersey-based serial entrepreneur with more than 20 years of experience in managing startups in the graphic design and technology sphere. He’s founder and CEO of Logo Design, a SaaS brand-design company in Yardley, Pa.