USAID-ის პროექტ ''ზრდა''-ს კულინარიული წიგნების სერია ''ტაბლა'' რეგიონებს ტურიზმის განვითარებაში ეხმარება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველო მსოფლიოს გასტრონომიულ რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ღვინის სამშობლოდ ვართ აღიარებული, თუმცა კულინარია, სამზარეულო და ავთენტური, ეგზოტიკური გემოები, არანაკლები სიმპათიით სარგებლობს ავტორიტეტული კულინარიული კრიტიკოსებისა თუ მკვლევრების წრეებში. ბოლო წლებში კვების ინდუსტრია განსაკუთრებულად განვითარდა და პროფესიული კულინარია უკვე საკმაოდ პრესტიჟულ პროფესიადაც აღიქმება. იმისათვის, რომ გასტრონომია, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სავიზიტო ბარათი, მეტად მომხიბვლელად და მიმზიდველად ვაქციოთ, ამ სფეროს მიმართ გამორჩეული ყურადღება და ძველი, მივიწყებული კერძებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვაა საჭირო.

entrepreneur.ge

სწორედ ამ და სხვა მიზნებს ემსახურება ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს მიერ განხორციელებული პროექტი, კულინარიული წიგნების სერია − „ტაბლა“, რომელიც ძირძველ ქართულ კულინარიულ ნიმუშებს უყრის თავს. ამ ეტაპზე, წიგნების სერია მოიცავს: „მესხურ ტაბლას“, „კოლხურ ტაბლას“, „თუშურ ტაბლასა“ და „ქისტურ ტაბლას“.

ამ რეგიონების საუკუნოვანი გასტრონომიული ტრადიციის აღორძინებისათვის, კულინარიული წიგნების სერია „ტაბლამ“ მოიძია და გააერთიანა ძველი, ავთენტური ადგილობრივი რეცეპტები. ეს სერია ემსახურება რეგიონების, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. „ტაბლა“ ორ ენაზეა ხელმისაწვდომი, რაც ვიზიტორთათვისაც საინტერესო სუვენირი და ინფორმაციული გზამკვლევი გახდება.

USAID-ის პროექტმა „ზრდა“, გამოცემული კულინარიული წიგნები რეგიონების მიხედვით, ადგილობრივ ორგანიზაციებს გადასცა მფლობელობაში. „მესხური ტაბლა“ გადაეცა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას (DMO), „კოლხური ტაბლა“ − სამეგრელო-ზემო სვანეთის DMO-ს, „თუშური ტაბლა“ − თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას, ხოლო „ქისტური ტაბლა“ − პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციას. წიგნების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები პირდაპირ ამ ორგანიზაციებს გადაეცემათ, რაც უშუალოდ რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს.

USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს კულინარიული წიგნების სერია „ტაბლას“ მნიშვნელობასა და სამუშაო პროცესებთან დაკავშირებულ დეტალებზე, Entrepreneur პროექტის ტურიზმის სექტორის მენეჯერ არჩილ ლეჟავას გაესაუბრა.

მისი თქმით, „ტაბლას“ სერიის წიგნები არა მხოლოდ კლასიკურ კულინარიულ კრებულს, არამედ მნიშვნელოვან ტურისტულ პროდუქტს წარმოადგენს. ავთენტური რეცეპტების მოძიებისა და მათი გაცოცხლების გარდა, ეს სერია შეიცავს თითოეული კუთხის შესახებ საინტერესო ინფორმაციას, ღირსშესანიშნაობების აღწერას და ა.შ. არჩილი აღნიშნავს, რომ გამოცემა ორ ენაზე − ქართულად და ინგლისურადაა ხელმისაწვდომი, რაც დაინტერესებულ პირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უკეთ გაცნობაში დაეხმარება. როგორც არჩილი გვიამბობს, ეს არა კომერციულად მოტივირებული, არამედ ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქტია. ახლო მომავალში იგეგმება სერიის მეხუთე წიგნის − „ეთნო ტაბლას“ გამოცემაც, რომელიც ქვემო-ქართლში მცხოვრები 6 ეთნოსის: გერმანელების, სომხების, აზერბაიჯანელების, ასირიელების, ადგილობრივი ეკომიგრანტებისა და ბერძნების გასტრონომიულ და ყოფით კულტურას დაეთმობა.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ როგორი იყო სერიაზე მუშაობის პროცესი და რა სირთულეებს უკავშირდებოდა ავთენტური რეცეპტების მოძიება, რაზეც არჩილ ლეჟავა გვიპასუხებს: „თითოეულ წიგნში შესული რეცეპტები ადგილობრივებისგან მოვიძიეთ. მოგეხსენებათ, ავთენტურმა რეცეპტებმა საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა, რამაც პირველწყაროს მიგნება საკმაოდ გაართულა. მოგვიწია პრაქტიკულად თითოეულ ოჯახთან და მოსახლესთან გასაუბრება და ორიგინალური რეცეპტების აღდგენა. ბევრი კერძის მომზადების ტექნიკა უკვე დაკარგულიცაა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, მოძიებული მასალის შეჯერება და რედაქტირება აღმოჩნდა. კერძების ავთენტურობის დასადგენად, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ „საქართველოს კულინარიის აკადემიასთან“ და „გასტრონომიის ასოციაციასთან“, რომლებმაც პროექტის მსვლელობაში მნიშვნელოვანი ექსპერტული მხარდაჭერა გაგვიწიეს. მაგალითად, „კოლხურ ტაბლაზე“ მუშაობის დროს, მთელი რიგი რეცეპტების რეგიონულ კუთვნილებასთან დაკავშირებით აზრები იყოფოდა. პრაქტიკულად, ბეწვის ხიდზე გავლა გვიწევდა საიმისოდ, რომ რეგიონს შიგნით არსებული კუთხეების რეცეპტები განგვესხვავებინა და მხარეებისთვის კუთვნილი ავთენტურობა შეგვენარჩუნებინა“.

არჩილს კულინარიული წიგნების სერია „ტაბლას“ მიმართ მომხმარებლის დაინტერესებაზეც ვესაუბრეთ. როგორც მან გვიამბო, „ტაბლაზე“ მოთხოვნა საკმაოდ დიდია, განსაკუთრებული ინტერესი კი საშობაო და საახალწლო პერიოდში გამოიკვეთა. ეს წიგნები, როგორც ტურისტებისათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიმზიდველი სუვენირი და საუკეთესო სასაჩუქრე პროდუქტია.

„როგორც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან ვიცით, მათ მაღაზიებში მარაგების შევსება ყოველთვიურად უწევთ, რაც მაღალი მოთხოვნის საუკეთესო ინდიკატორია. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პროექტმა გაამართლა და ადგილობრივი ტურისტული თუ ადმინისტრაციული ორგანიზაციები მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს მიიღებენ. „ტაბლა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ და მათ ონლაინპლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. აღვნიშნავდი, რომ პანდემიურ პერიოდში სასიამოვნოდ გაგვახარა ონლაინგაყიდვების სტატისტიკამაც, რასაც მომხმარებელი ფიზიკური მაღაზიების ალტერნატივის სახით მიმართავდა“, − აცხადებს არჩილ ლეჟავა.

USAID-ის პროექტი „ზრდა“ მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება. ამ პროექტის ფარგლებში, „ეთნო ტაბლა“ ხუთეულის ბოლო წიგნია, რომლის გამოცემა სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი. არჩილი აღნიშნავს, რომ „ზრდა“-ს დასრულების მიუხედავად, მათ უამრავი მასალა დაუგროვდათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის გასტრონომიული და ყოფითი კულტურის შესახებ და მზად არიან, ეს ცოდნა და გამოცდილება მსგავს თემატიკაზე მომუშავე სხვა პროექტებსა თუ ადამიანებს გაუზიარონ.

როგორც უკვე ვახსენეთ, „ტაბლაზე“, განსაკუთრებით კი „ეთნო ტაბლაზე“ მუშაობის პროცესში, აქტიურად იყო ჩართული „საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია“. პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur „გასტრონომიის ასოციაციის“ პრეზიდენტსა და გასტრონომიული კულტურის მკვლევარს, ქალბატონ დალი ცატავას გაესაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთი მულტიკულტურული რეგიონის კვლევა, როგორიც არის ქვემო ქართლი. აქ უხვადაა შემორჩენილი გერმანელების, აზერბაიჯანელების, სომხების, ბერძნებისა და ასირიელების მშვიდობიანი თანაცხოვრების კვალი, რაც, როგორც უძრავ კულტურულ ძეგლებში, ისე არამატერიალურ ფასეულობებშიც იკვეთება. გარდა ამისა, ეს კუთხე იმით გამოირჩევა, რომ ეთნიკურად სხვადასხვა ხალხი, უკვე საუკუნეებია ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ და დღემდე ყველას შენარჩუნებული აქვს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი, უნიკალური გასტრონომიული კულტურა. აქ საუბარი მხოლოდ კულინარიაზე არაა, რეცეპტების გარდა, უმნიშვნელოვანესია ადათები, რიტუალები, მომზადების ტექნიკა, კერძის გამოტანა, სტუმრის მიღებისა და გაცილების პროტოკოლები, რაც საქართველოშიც კი, არცთუ ბევრმა ადამიანმა იცის. ამიტომ, პირადად ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ეს რეგიონი, თავისი ეთნიკური თავისებურებებითა და იდენტობით, ჯერ ქართველებისთვის გაგვეცნო და შემდეგ უკვე ტურისტებისთვისაც. ვინაიდან გასტრონომიული ტურიზმი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება, „ტაბლას“ სერიის წიგნები ქვეყნის ვიზიტორთათვის ერთგვარი გასტრონომიული გზამკვლევიც გახდება, სადაც რეცეპტებისა და კერძების მიღმა, ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას ეზიარებიან“, − გვიამბობს დალი ცატავა.

ქალბატონი დალი აღნიშნავს, რომ ქვემო ქართლი გასტრონომიული ბრენდებითაც გამოირჩევა, როგორიც მაგალითად, „ხაჩინის წიწაკაა“. ასევე, საინტერესოა ამ კუთხის შრომის კულტურა, გერმანული არქიტექტურა და ზოგადად, ფაქტი, თუ რატომ შემორჩა სამშობლოსგან ასე შორს, ამდენი საუკუნის განმავლობაში ეს ხალხი და მათი შთამომავლობა. დალი ცატავა მიიჩნევს, რომ „ეთნო ტაბლა“ არის უამრავი კომპონენტის ერთობლიობა, რომლის სწორი მარკეტინგული პოზიციონირება გასტრონომიულ ტურიზმს ქვეყნისთვის უდიდეს შემოსავლის წყაროდ აქცევს.

საინტერესოა, თუ როგორ შედგა USAID-ის პროექტ „ზრდა“-სა და „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის“ თანამშრომლობა. „როდესაც ქვემო ქართლის გასტრონომიული კვლევის ირგვლივ წინადადებით USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს მივმართეთ, აღმოჩნდა, რომ ამ კუთხის შესახებ წიგნის გამოცემას ისინიც განიხილავდნენ. ვინაიდან ეს ყველაფერი უკვე დაწყებული მქონდა, გავაფორმეთ ხელშეკრულება და ერთობლივი ძალებით შევუდექით მუშაობას. კვლევაში ჩართული იყო პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტი, მკვლევრები, ჩემი მაგისტრანტები და ასოციაციის წევრები. ცნობების მოსაძიებლად მივაკითხეთ ჩვენს ნაცნობებს, სოფელ-სოფელ ვიარეთ, ვრეკეთ, რამდენიმე დღე სადახლოში, აზერბაიჯანელების სოფელში, დავყავით, მნიშვნელოვანი პერიოდი თეთრიწყაროში გავატარეთ, სადაც უამრავი ადამიანი დაგვეხმარა და საბოლოოდ, მოვახერხეთ საჭირო მასალის მოგროვება. დაახლოებით 80-მდე რეცეპტი შევკრიბეთ, რომელთაგან, ცხადია, წიგნში ყველა ვერ შევიდოდა. ამიტომ, არცერთი ეთნოსი რომ არ „დაგვეჩაგრა“, „ეთნო ტაბლასთვის“ თითოეული წარმომადგენლის თანაბარი რაოდენობის რეცეპტი ამოვარჩიეთ. განსაკუთრებით საინტერესოა წიგნის ბოლო გვერდი, სადაც ამ კუთხის ჩაროზებისა და ჩაის კულტურაზეა მოთხრობილი“, − გვიამბობს დალი ცატავა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ზრდა“ „ეთნო ტაბლას“ გამოცემას სექტემბრის ბოლოსთვის გეგმავს. ეს წიგნი გააერთიანებს ეთნიკურად მდიდარი ქვემო ქართლის ძველისძველ და მრავალფეროვან კერძებს. პროექტი მიზნად ისახავს, ქართველთა და ეთნიკურ უმცირესობათა ისტორიული თანაცხოვრების შედეგად მიღებული განსხვავებული სამზარეულოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აღადგინოს, გააცოცხლოს და ტურისტულად მიმზიდველი გახადოს.

USAID-ის პროექტი „ზრდა“ განაგრძობს პარტნიორობას ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე არსებულ აქტორებთან, რათა საქართველოს კიდევ უფრო მეტი მხარე გააცნოს მსოფლიოს და შექმნას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები ადგილობრივი თემებისთვის ქვეყნის მასშტაბით.