როგორ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი?

კაპიტალის ბაზარი პირდაპირი ინვესტიციის წახალისებით ხელს უწყობს რესურსების ეფექტურ განაწილებას

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საფუძველს დივერსიფიცირებული ბიზნესის არსებობა წარმოადგენს. თავის მხრივ, ბუნებრივია, რომ ბიზნესისთვის განვითარების ეტაპზე მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსების მოზიდვა. ფინანსური ბაზრის მრავალფეროვნება კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბიზნესს, განვითარებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების მოსაძიებლად. შესაბამისად, აუცილებელია ქვეყანაში საბანკო სექტორის გარდა ალტერნატიული წყაროს - განვითარებული კაპიტალის ბაზრის არსებობა.

ლევან თურმანიძე

კაპიტალის ბაზარი ასრულებს ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას კომპანიებსა და ინვესტორებს, ანუ ფინანსური სახსრების მაძიებლებსა და მათ დამბანდებლებს შორის. იგი ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციის წახალისებით ხელს უწყობს რესურსების ეფექტურ განაწილებას. კაპიტალის ბაზარი არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ მოკლევადიანი შემოსავლები გრძელვადიან ინვესტიციად ვაქციოთ.

მაშინ როდესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, საქართველოს საფონდო ბირჟა, რომელიც საქართველოში ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია და უკვე 20 წელზე მეტია არსებობს, კვლავ არალიკვიდური რჩება. დღესდღეობით ბაზრის კაპიტალიზაციით რეგიონში ბოლო ადგილს ვიკავებთ. ეს ყველაფერი კი 2007 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგია, რომელმაც საბოლოოდ დაასამარა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარების პერსპექტივა. აღნიშნული ცვლილებებს შეგვიძლია მივაწეროთ ის, რომ მიღებული კანონმდებლობის შემდეგ წლიური გარიგებების რაოდენობა 7000-დან 48-მდე, ხოლო საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების რიცხვი 200-დან 30-მდე შემცირდა, არსებული 40-მდე საბროკერო კომპანიიდან კი მხოლოდ 7 აგრძელებს ოპერირებას. საფონდო ბირჟაზე აღარ აქვს ადგილი თავისუფალ ფასწარმოქმნას, ვინაიდან ისედაც მცირე გარიგებების რაოდენობათა უმრავლესობამ არასაბირჟო ბაზარზე გადაინაცვლა.

დღესდღეობით საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიზეზ-შედეგობრივი დილემა დგას. ერთის მხრივ არ არიან კომპანიები, ანუ ფასიანი ქაღალდების მიმწოდებლები, მათ აქციებსა თუ ობლიგაციებზე მოთხოვნის არარსებობის გამო, ხოლო მეორეს მხრივ არ არიან ინვესტორები ვინაიდან მცირეა დალისტულ კომპანიათა რაოდენობა.

საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, კანონმდებლობის ცვლილება, კომპანიების სტიმულირება და მხარდაჭერა საფონდო ბირჟაზე ლისტინგის პროცესში, საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემის მოდერნიზება და ბიუროკრატიული ბარიერების გაუქმებით ვაჭრობის გამარტივება. აუცილებელია საბანკო სექტორისა და კაპიტალის ბაზრის მარეგულირებლის ერთმანეთისგან გამიჯვნა, წარმოუდგენელია რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ინსტიტუტი რომლის მთავარი დანიშნულება და მისია ბანკების კეთლდღეობაა, ზედამხედველობდეს საბანკო სექტორის კონკურენტ სფეროს - კაპიტალის ბაზარს.

ყოველივე ამისათვის არამარტო კერძო სექტორის ძალისხმევა, არამედ მთავრობის მხრიდან ამბიციური ნაბიჯების გადადმაა საჭირო. სწორედ მთავრობამ უნდა გამოიჩინოს კაპიტალის ბაზრის ამოქმედების ინიციატივა, პირველ რიგში ჩამოაშოროს საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების ბაზარს და სანაცვლოდ შექმნას დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, შეცვალოს არსებული კანონმდებლობა, აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება ფასიან ქაღალდებში ინვესტირების კუთხით და მოახდინოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების პრივატიზაცია მათი აქციების საფონდო ბირჟაზე  განთავსების გზით.