Xiaomi 2024 წელს ელექტრომობილების მასობრივი წარმოების დაწყებას აანონსებს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

18 ოქტომბერს, კომპანია Xiaomi-ს გენერალურმა დირექტორმა, ლეი ცუნმა განაცხადა, რომ 2024 წლის მეორე ნახევრიდან, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი საკუთრი ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს.

Xiaomi

ეს განცხადება, ჯერ ინვესტორთა შეკრებაზე გავრცელდა, ხოლო მოგვიანებით კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საკუთარ Weibo-ის (Twitter-ის ჩინური ანალოგი) გვერდზეც დაადასტურა.

უკვე 19 ოქტომბერს დილით, ჰონგ კონგის ბირჟაზე, Xiaomi-ს აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის მარტში, კომპანიამ განაცხადა, რომ ელექტრომობილების წარმოების რბოლაში აპირებდა ჩაბმას და ამ მიმართულებით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. გასულ თვეში კი, Xiaomi-მა უკვე ოფიციალურად დაარეგისტრირა საკუთარი ელექტრომობილების ბიზნესი სახელად - Xiaomi EV, Inc. Xiaomi EV, Inc.-ში ამ ეტაპზე 300 თანამშრომელი მუშაობს.

ჩინეთში ელექტრომობილების ბაზარი, ახალი მოთამაშეების გამოჩენისა და მზარდი კონკურენციის გამო, სულ უფრო გაჯერებული ხდება. ჩინურმა საძიებო სისტემების გიგანტმა - Baidu, 2021 წლის იანვარში, საკუთარი ქოლგის ქვეშ ცალკე კომპანია დააფუძნა ელექტრომობილების საწარმოებლად, ხოლო თებერვალში ამ ბიზნესისთვის გენერალური დირექტორიც დაიქირავა.

Xiaomi-ის ახალ ელექტრომობილებს მარტივი გასეირნება ნამდვილად არ ელით. ისინი გამოსვლისთანავე შეეჩეხებიან ისეთ კონკურენტებს, როგორებიცაა ჩინური ბრენდები: Nio და Xpeng, და რა თქმა უნდა ილონ მასკის Tesla და BYD. ელექტრომობილების ბაზარი ჩინეთში სახელმწიფოს კეთილგანწყობით და მხარდაჭერით სარგებლობდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ამ ინდუსტრიას განვითარებაში დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარებები საგრძნობლად შემცირდა, ბაზარი ზრდას კვლავ განაგრძობს.

მარკეტინგულ კვლევებზე მომუშავე კომპანია Canalys-ის პროგნოზით, 2021 წლის ბოლომდე, ჩინეთში დაახლოებით 1,9 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდება, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს, 51%-ით აღემატება.