📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სოციალური საწარმო ''ბაბალეს'' ჯადოსნური სამყარო "ბაბალეს" მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული უნარების განვითარება და შემდგომ დასაქმებაა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ბაბალე

„საქართველოს ბანკში" სჯერათ, რომ შეუძლიათ ხელი შეუწყონ იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს საქართველოს ქმნიან. „საქართველოს ბანკში" გულშემატკივრობენ და მხარს უჭერენ გაბედულ ინიციატივებს და წამოწყებებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოწვევები შესაძლებლობად აქციონ და სოციალური მისიის განსახორციელებლად წარმატებული ბიზნესი შექმნან.

ბიზნესის, მათ შორის სოციალური მეწარმეობისა და დასაქმების ხელშეწყობა „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი მთავარი CSR-მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, 2019 წელს „საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ, შეიქმნა სოციალური საწარმო „ბაბალეს წინდა", რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას დასაქმების გზით. საწარმოს შექმნა „საქართველოს ბანკმა" 50 000 ლარით დააფინანსა, დღეს კი უკვე „ბაბალეს" პროდუქცია „ამაზონზე" იყიდება.

„ბაბალე" სოციალური მისიის მქონე ბიზნესია, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვე გამოწვევებს, ქმნის კონკურენტულ, გემოვნებიან და ხარისხიან პროდუქციას. მან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპისა და აშშ-ის ბაზარიც აითვისა.

სოციალური საწარმო „ბაბალეს" მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული უნარების განვითარება და შემდგომ დასაქმებაა. ამ მიზნის განხორციელების გზაზე „საქართველოს ბანკი" აღმოჩნდა ის, ვინც ირწმუნა „ბაბალეს" შესაძლებლობების, ენდო ახალი გამოწვევების მისაღებად, გაიზიარა მისი გამოცდილება და ხელი შეუწყო საწარმოს განვითარებას ახალი პროდუქტის შექმნით.

როგორ შეიქმნა „ბაბალეს" წინდა?

„ბაბალეს წინდა" მოტივაციით, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ძალისხმევითა და „საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით შეიქმნა, რომელსაც სჯეროდა ამ იდეის და გულშემატკივრობდა მოტივირებულ ადამიანებს.

2014 წლიდან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მიერ დაიწყო ჭრელი წინდის კამპანია #წინდამინდა, რომელიც მსოფლიო კამპანიის ნაწილია და დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის გაზრდას ემსახურება. სწორედ აქედან წარმოიშვა „ბაბალეს" ახალი პროდუქტის − წინდების იდეა, რომელიც „საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით 2019 წელს განხორციელდა და შეიქმნა კიდეც ახალი პროდუქტი − „ბაბალეს წინდა". წინდების დიზაინი ინსპირირებულია ქართველი მხატვრების, ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე მოზარდთა ნახატებით. თითოეულ წინდას საკუთარი უნიკალური ვიზუალი და ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულადაა განკუთვნილი დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმებისა და მათი სოციუმში დამოუკიდებელი, ღირსეული ცხოვრებისთვის.

„ბაბალეს" სახელოსნო და საგამოფენო სივრცე ძველ თბილისში, ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილას − ალექსანდრე დიუმას ქუჩაზე მდებარეობს. ძველ თბილისში მოსეირნე ადამიანებს განსაკუთრებით უხარიათ, როცა ქვაფენილიან ქუჩას მიუყვებიან და იქვე ფერად-ფერადი ნივთებით დახუნძლულ მაღაზიას აღმოაჩენენ.

„ბაბალე" ორ სივრცეს აერთიანებს: შემოქმედებით სახელოსნოს და სალონს, სადაც გამოფენილია და იყიდება უნიკალური და გამორჩეული, ხელნაკეთი ნივთები. საწარმოშივე მზადდება ხის, თიხისა და ტექსტილის დეკორატიული და გამოყენებითი ნივთები. „ბაბალე" განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, ადაპტირებულ შემოქმედებით გარემოში, სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით, შეისწავლონ დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება, მიიღონ და აიმაღლონ პროფესიული ცოდნა, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და დასაქმდნენ. „ბაბალე" თანასწორ სამუშაო გარემოს ქმნის სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის.

„ბაბალეში" ამ ეტაპზე 9 შშმ-მოზარდია დასაქმებული. ისინი პროდუქტის დიზაინერის პროფესიას ითავსებენ და წინდებისა თუ სხვა ნივთებისთვის საკუთარი ნახატებისგან დიზაინს ქმნიან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პროფესიონალებთან ერთად მუშაობენ, რომლებიც პროდუქტის საბოლოო ვიზუალურ მხარეზე მათთან ერთად ზრუნავენ. საერთო ჯამში, „ბაბალეში" 12 ადამიანია დასაქმებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მცირე ზომის ბიზნესზე, „ბაბალეს" წინდამ 2021 წელს შეძლო 5 ახალი დიზაინის შექმნა. „ბაბალეს" წინდების დიზაინი გამორჩეულია, რადგან იქმნება არა ზუსტი კოპირებით, არამედ დეტალებისგან. დეტალები კი წინდას სძენს უნიკალურობას. ამ ეტაპზე წინდების ახალი დიზაინი შეიქმნა დაუნის სინდრომის მქონე ალექსანდრესა და ანას ნახატის, ასევე სერგო ფარაჯანოვის, პეტრე ოცხელის, და ქართული ქსოვილის ინსპირაციით.

„ბაბალეს" წინდა, როგორც ეროვნული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი პროდუქტი, საქართველოს ხელოვნების სასახლეში იყიდება. ქართველ მხატვართა ნახატების დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნულ მუზეუმში ინახება და მუზეუმმაც მხარდაჭერა გამოგვიცხადა. თბილისის გარეთ, პროდუქციას მაღაზია „წიგნები ბათუმში" ვყიდდით. თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, მაღაზია სამწუხაროდ დაიხურა. მიმდინარე წელს ვგეგმავთ, ჩვენი წინდები სხვადასხვა დაწესებულებაშიც გაიყიდოს. პირველი თანამშრომლობა ამ ეტაპზე „სტამბასთან" შედგა. „სტამბის" წიგნების მაღაზიაშიც შესაძლებელია ჩვენი პროდუქტის შეძენა",− ამბობს „ბაბალეს" ხელმძღვანელი, ლია ტაბატაძე.

პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიზნით და საწარმოს ძველი სამუშაო რიტმის დაბრუნებამდე „ბაბალემ" მიზნად დაისახა, საკუთარი პროდუქციის ციფრული გაყიდვების მიმართულება გაეძლიერებინა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეტანა. აღნიშნული მიზანი კი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. „ბაბალეს" წინდა ბრიტანულ და ამერიკულ „ამაზონზე" სულ რაღაც 1 თვის წინ განთავსდა და წინდების გაყიდვის შესაძლებლობა ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. ამავდროულად, მიმდინარეობს ვებგვერდის (www.babale.ge) განახლების პროექტიც. აქტიურია ასევე მათი Facebook გვერდიც: www.facebook.com/babalestore.

„ჩვენი გუნდი იაზრებს თანამედროვე გამოწვევებსა და ციფრული გაყიდვების უპირატესობას, რაც როგორც საწარმოს მხრიდან ამარტივებს გაყიდვების პროცესს, მომხმარებლის მხრიდანაც უფრო კომფორტულს ხდის პროდუქტის ყიდვას. ამიტომაც 2021 წლის ბოლომდე საწარმოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ციფრული გაყიდვების გაძლიერება რჩება".

ბაბალესთვის ტექსტილის მიმართულებით 2021 წელი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. აქამდე თუ მხოლოდ ჩანთებისა და წინდების ხაზით პოზიციონირებდა, მიმდინარე წლის ბოლოს წინსაფრების, სუფრებისა და სამზარეულოს სხვა აქსესუარების ახალი კოლექცია შეემატება პროდუქციას. „იდეა პანდემიით გამოწვეული კრიზისისა და ემოციური გადაღლილობის ფონზე ჩამოყალიბდა. მაშინ, როცა ჯერ კიდევ ნახევრად დისტანციურ რეჟიმში, უმეტესწილად შინიდან გვიწევს მუშაობა, სამზარეულო კი, ონლაინშეხვედრებისა და გაკვეთილების დროს, ასე თუ ისე, ყველაზე მშვიდი და არახალხმრავალი ადგილია შინ. გადავწყვიტეთ, სამზარეულოს აქსესუარები ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის ყოფილიყო ისეთი მოსახერხებელი, რომ კარგ გუნებაზეც ეზრუნა, კომფორტზეც და რაც მთავარია, თუ შემთხვევით წინსაფრით შეხვედრაზე მოგვიწევდა შესვლა, ლამაზადაც გამოვიყურებოდეთ. სახლისთვის კი, ინტერიერში ჩამჯდარი, დეკორატიული ფუნქციაც შეეძინა".

სამზარეულოს აქსესუარების ხაზი იმეორებს წინდების დიზაინს და ინსპირირებულია დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატებითა და ეროვნული მემკვიდრეობით. საწარმოს თანამშრომლები ამ ეტაპზე აქტიურად არიან ჩართულნი შემოქმედებით საქმეში, რაც აღნიშნული პროდუქციის დახვეწილ ვიზუალსა და დიზაინს გულისხმობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება „ბაბალესთვის" კორპორაციული გაყიდვებია, განსაკუთრებით კი ახალი წლის პერიოდში. „ბაბალეში" საკმაოდ მრავალფეროვანი საჩუქრების შერჩევაა შესაძლებელი, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაძვის ხის სათამაშოები, რომლის ფერები, ფორმები და ბრჭყვიალება დანახვისთანავე შეგიყვარდებათ. როდესაც ახალი წლისთვის მზადება იწყება, ათასობით სათამაშო იხატება, იფუთება და იგზავნება. ამ პერიოდში „ბაბალეში" ნამდვილი, ჯადოსნური ახალი წელი მოდის.

თუ ფიქრობთ როგორ შეიძლება საახალწლო სამზადისი კიდევ უფრო ჯადოსნური, მარტივი და სასიამოვნო გახადოთ, ან სად შეიძინოთ ლამაზი, გემოვნებიანი, გულით შექმნილი საახალწლო საჩუქრები, ასევე, გაახაროთ და იზრუნოთ არა მხოლოდ მათზე, ვისთვისაც ყიდულობთ საჩუქარს, არამედ შეცვალოთ კონკრეტული ადამიანების ცხოვრება, მაშინ საუკეთესო გადაწყვეტილებაა, საახალწლო საჩუქრები სწორედ ამ სოციალურ საწარმოში შეიძინოთ.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკმა", რომელიც ასეთი სოციალური მისიის მქონე საწარმოების განვითარებას უდგას გვერდით, საკუთარი ჩართულობითა და ფინანსური მხარდაჭერით ჯამში 15 სოციალური საწარმოს შექმნას შეუწყო ხელი. დამატებით 3 საწარმო კი ახლა იქმნება. ბანკის მხრიდან, საწარმოების შესაქმნელად გამოყოფილმა თანხამ 850 000 ლარი შეადგინა. ვრცლად ბანკის სხვა CSR-პროექტების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან