როგორ მოხვდა 24 წლის ქართველი ახალგაზრდა Tesla-ში?

„შენი შესრულებული დავალება კაცობრიობას აძლევს შანსს, ოდნავ უკეთესი გახდეს"

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

24 წლის დავით ბარბლიშვილი ელექტროავტომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-ს გუნდს შეუერთდა, რითაც საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე. დავითი კომპანიაში Software Engineer Intern-ის პოზიციას დაიკავებს და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შეეძლება სრული განაკვეთით დასაქმდეს და მონაწილეობა მიიღოს მასშტაბურ პროექტებში. რას ნიშნავს, იყო Tesla-ს ნაწილი და რა უნდა გაითვალისწინონ იმ პროგრამისტებმა, რომლებსაც საერთაშორისო გამოცდილების მიღება სურთ? − ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur დავით ბარბლიშვილს ესაუბრა:

entrepreneur.ge

„არსებობს დიდი ორგანიზაციები, რომლებიც საქმეს ძალიან კარგად ასრულებენ და არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც არსებულ მოცემულობას ცვლიან დედამიწაზე (და დედამიწის გარეთაც). ჩემი აზრით, Tesla არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციების ავტორია, არამედ რევოლუციასაც ახდენს ჩვენს საზოგადოებაში. კაცობრიობა წინ დგამს ნაბიჯს, როდესაც ენერგიის ახალ წყაროს აღმოაჩენს ან/და არსებული ენერგიის ახლებურად გამოყენებას ახერხებს, ხოლო Tesla სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ამ მისიით დაარსდა და წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას. იყო ამ ორგანიზაციის წევრი, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ნიშნავს, რომ თითოეული ჩემ ნაბიჯი პოტენციურად რაღაც ახალს და საინტერესოს ქმნის, ნიშნავს, რომ შენი შესრულებული დავალება კაცობრიობას ლევს შანსს, ოდნავ უკეთესი გახდეს“.

მსგავს გლობალურ კომპანიებში დასაქმება საკმაოდ დიდ ძალისხმევას საჭიროებს − წარმატების მისაღწევად დაუღალავი შრომა და უამრავი ცდაა აუცილებელი. არ აქვს მნიშვნელობა, ესა თუ ის ნაბიჯი იქნება თუ არა შედეგიანი, მთავარია, მუდმივად წინ მიილტვოდე და გაწეული ძალისხმევა, ხშირ შემთხვევაში, ფასდება, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითიც, სწორედ დავით ბარბლიშვილია, რომელიც საკუთარ რეკომენდაციებს უზიარებს პროგრამისტებს:

„მსგავს გლობალურ კომპანიებში დასაქმება ბევრ ცდას საჭიროებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ მიიღწევა ერთი დიდი ნაბიჯით (ჩემი გამოცდილებით), არამედ მრავალი პატარა ნაბიჯით, რომელიც შესაძლოა წარმატებული ან თუნდაც წარუმატებელი იყოს. ამ ყველაფერს ახალი ცოდნა და გამოცდილება მოჰყვება, რომელიც შედეგის გარეშე არ ჩაივლის. ცოდნასთან და გამოცდილებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის ბრენდინგი − ძალიან ბევრჯერ მაქვს ჩემი რეზიუმე გადაკეთებული და ხელახლა დაწერილი. ბევრჯერ შემიცვლია სიტყვები და დიზაინი. რაც ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი იყო ადამიანი, შანსი, დასაქმდე დიდ კომპანიაში, არის ერთი ფურცელი − შენი რეზიუმე. ასე რომ, განათლება, გამოცდილება, სიახლისა და ცოდნისკენ სწრაფვა და ამ ყველაფრის სწორად შეფუთვა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ორგანიზაციის კარს გაუღებს ადამიანს, რომელიც ცდას არ აკლებს, შექმნას ახალი და საინტერესო“.