POSTRED-ის 2021

ბესო კაჭარავა - POSTRED-ის დამფუძნებელი

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლის მიწურულს თითოეული ჩვენგანი ცდილობს შეაჯამოს გასული წელი, გადაავლოს თვალი მიღწევებს, შეცდომებს, წარმატებებს თუ წარუმატებლობებს, და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაგეგმოს მომავალი წელი. 2021 წელი ერთგვარად ამოსუნთქვა იყო კორპორაციული სამყაროსთვის. ბევრი სფერო რადიკალურად შეიცვალა, ბევრმა უმნიშვნელო ნიუანსებს სახე უცვალა საიმისოდ, რომ მომხმარებლის საჭიროებები დაეკმაყოფილებინა და მის ახალ გამოწვევებს შესჭიდებოდა.

entrepreneur.ge

ENTREPRENEUR დაინტერესდა, რა ასწავლა 2021-მა წელმა ქართულ კომპანიებს, რა საკითხები გადააფასებინა და რაზე შეახედა განსხვავებული კუთხით.

ამ თემებზე საკუთარი გამოცდილება POSTRED-ის დამფუძნებელმა ბესო კაჭარავამ გაგვიზიარა:

შარშანდელი, საკმაოდ „ტურბულენტური“ წლის შემდეგ, წლევანდელი წელი უფრო დალაგებულად და დამშვიდებულად ჩავატარეთ. ბევრ ახალ საინტერესო სიახლესთან ერთად, ფაქტობრივად დავასრულეთ ტრანსფორმაციის პროცესი ლოკალური კომპანიიდან საერთაშორისო კომპანიაზე, რითაც ძალიან კმაყოფილები ვართ.

კომპანიისთვის 2021 წლის მთავარი გამოწვევა იყო გადაწყვეტილების მიღება, გავმხდარიყავით უფრო დიდები თუ უფრო პრესტიჟულები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღმოვჩნდით დილემის წინაშე − გვქონოდა სერვისი, რომელსაც შევთავაზებდით ბევრს, თუ გვქონოდა პრემიუმსერვისი, რომელსაც მხოლოდ მათ შევთავაზებდით, ვისაც განსაკუთრებული ხარისხის პროდუქტი სჭირდებოდა. ჩვენ ავირჩიეთ მეორე, რაც საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო. მოგვიწია ბევრ საინტერესო წამოწყებაზე და ბევრ კარგ პარტნიორობაზე უარის თქმა, მაგრამ მივხვდით, რომ თუ აკეთებ სერვისს, ყოველთვის უმჯობესია შეინარჩუნო ხარისხი, თუნდაც მაღალი ფასის ხარჯზე, ვიდრე სცადო გაზარდო წარმოება და ხარისხი დააგდო. ვინაიდან ჩვენ, გუნდის წევრები, თავად ვართ არტისტები, სასიამოვნო არჩევანი იყო, რადგანაც ახლა გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ მხოლოდ იმ პროექტებზე, რომლებიც მოგვწონს.

ჩვენი სფეროსთვის პანდემია წამახალისებელიც კი აღმოჩნდა. ბევრად გაგვიადვილა დაგვერწმუნებინა კლიენტები დისტანციურად მუშაობის ეფექტიანობაში და ისინი კონტინენტთაშორის პარტნიორობაზე დაგვეთანხმებინა.

ჩვენს სფეროში პანდემიამ დაანახვა ინდუსტრიას, რომ გაცილებით საერთაშორისო მასშტაბით შეგვიძლია მუშაობა, რასაც პანდემიის დასრულებაც ვეღარ შეცვლის. ამიტომ თამამად ვიტყვი, რომ ტრანსფორმაცია, რომელიც განვიცადეთ პანდემიისას, კიდევ უფრო გამოსადეგი იქნება პანდემიის დასრულების შემდეგ.

მინდა აღვნიშნო, რომ 2021 წლის მთავარი ამბავი, რითაც განსაკუთრებულად ვამაყობთ, მსოფლიოს წამყვან სტუდიებთან პარტნიორობის ჩამოყალიბება და ურთიერთობის გაღრმავებაა.

ჩემი აზრით, 2022 წელი იქნება ახალი დასაწყისი სამყაროსთვის და ასევე, ბიზნესისთვის. იმედი მაქვს, პანდემია ვეღარ იქნება ისეთი მძიმე და საშიში, როგორც წინა წლებში იყო და ბიზნესს საგრძნობლად ვეღარ შეუშლის ხელს. ველოდები, რომ ეს 2022 იქნება აღორძინების წელი. ჩვენი კომპანია 2022 წელს საერთაშორისო კომპანიის სტატუსით დაიწყებს, რაც ძალიან მიხარია. ასევე, საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გაგანდობთ, როდესაც შეგვეძლება ამაზე ლაპარაკი.