''რესპუბლიკა, დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე''

ინოვაცია ქართულ ისტორიულ სამაგიდო თამაშებში

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თამაშზე დაფუძნებული სწავლება, დღესდღეობით, ერთ-ერთ მზარდ მიმართულებად მიიჩნევა. სულ უფრო მეტი ადამიანი თუ კომპანია ცდილობს, თამაშები გასართობთან ერთად შემეცნებითი გახადოს, რითაც სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და ეფექტური ხდება. ამ ტენდენციების პარალელურად, საქართველოს რეალობაში ახალი ისტორიული სამაგიდო თამაში − „რესპუბლიკა, დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე“ გამოჩნდა. როგორ გაჩნდა პროექტის იდეა და რა შინაარსის მატარებელია აღნიშნული შემეცნებითი თამაში? − ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur თამაშის იდეის ავტორ ლევან ღამბაშიძეს ესაუბრა:

entrepreneur.ge

„2021 წლის დასაწყისში გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან ერთად დავიწყეთ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ინტენსიური სწავლა. ზუსტად ამ პერიოდში, ჩემს შვილთან ერთად, ძალიან ხშირად ვთამაშობდი სამაგიდო თამაშს Enchanted Forest. შეიძლება ითქვას, რომ ინსპირაცია ამ ორი მოვლენის გადაკვეთის წერტილში გაჩნდა. ერთი მხრივ, თამაშის შექმნა მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის სისტემატიზაციაში დაეხმარებოდა, ხოლო მეორე მხრივ, თამაშით იქნებოდა პროდუქტი, რომელიც ფართო საზოგადოებაში განათლების გავრცელებას შეუწყობდა ხელს. აღსანიშნავია, რომ თამაშზე 45 მოსწავლე მუშაობდა“.

ლევან ღამბაშიძის განმარტებით, თამაშისათვის ორი რამ იყო საჭირო: ფორმა და შინაარსი. შინაარსზე მალევე შეთანხმდნენ და მოსწავლეები ყოველ გაკვეთილზე წასაკითხი მასალიდან აგროვებდნენ თხუთმეტ შეკითხვას, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ. სწორედ ამ შეკითხვებისგან შექმნეს ბაზა, რომელიც მოგვიანებით თამაშში გამოიყენეს. პარალელურად, დაიწყეს ფორმაზეც მუშაობა. აუცილებელი იყო თამაშის პრინციპებსა და მის გაფორმებაზე შეჯერება. მას შემდეგ, რაც თამაშის ტიპზე ჩამოყალიბდნენ, დაიწყეს დიზაინერების მოძიება, რომლებიც თამაშს გააფორმებდნენ.

„დავუკავშირდი ჩემს ყოფილ სტუდენტს − ლადო აფანასიევს, რომელიც პროფესიით არქიტექტორია. მას იდეა გავაცანი და ვთხოვე, ილუსტრატორთან დავეკავშირებინე. თუმცა, ის ისე დაინტერესდა, რომ თავად მოჰკიდა საქმეს ხელი. მან და მისმა მეგობარმა − სუხა ზვიადაურმა, დაიწყეს პირველი მონახაზების გაკეთება და რამდენიმე თვეში შექმნეს ის, რაც რამდენიმე დღის წინ გავასაჯაროვეთ. თუმცა, ლადოსაც და სუხასაც უამრავი იდეა აქვთ და დაფაზე ბევრი ილუსტრაციის დამატება სურთ, ასე რომ თამაშის გაფორმება ჯერ დასრულებული არ არის“, − განმარტავს იდეის ავტორი.

თამაშის ამოცანა 73 უჯრის გავლაა. თითოეული საფეხური სიმბოლურად იმ 73 წელს წარმოადგენს, რომელიც 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე გავიდა. თამაშის მსვლელობისას მოთამაშეები აწყდებიან რამდენიმე წინააღმდეგობას. მაგალითად „გულადს“, რომელზე მოხვედრის დროსაც მოთამაშე ერთ სვლას ტოვებს. თამაშის ბირთვი „ცნობის ფურცელია“. გარკვეულ უჯრებზე მოხვედრისას მოთამაშე ეცნობა სპეციალურ ბარათებზე დაწერილ შეკითხვებს საქართველოს ისტორიის ზემოთ აღნიშნული პერიოდიდან. სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ის განაგრძობს სვლას, მცდარი პასუხის შემთხვევაში კი − ორი უჯრით უკან იხევს. შეკითხვებთან ერთად ზოგიერთ „ცნობის ფურცელზე წერია ესა თუ ის ისტორიული მოვლენა, მაგალითად, დიდი ტერორის დასაწყისი ან კაუცკის ვიზიტი საქართველოში და ინსტრუქცია, თუ რა უნდა გააკეთოს მოთამაშემ ამ მოვლენის აღსანიშნავად.

„თამაშის შექმნისას ყოველთვის თვალწინ გვედგა ნებისმიერი ქართული ოჯახი, რომელიც ხალისით ითამაშებდა ამ თამაშს და არა ტანჯვით. ამასთან, იმაზეც ვფიქრობდით, რომ გავრცელებული ინფორმაცია ეროვნული სიამაყისა თუ ტრაგედიის განცდის მატარებელიც ყოფილიყო. ვფიქრობ, ბევრმა არ იცის, თუ რაოდენ რთული და სირთულეებით აღსავსე იყო საქართველოსთვის მეოცე საუკუნე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თამაშის მეშვეობით ბევრი საინტერესო ინფორმაცია გახდება უფრო ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ თამაშის 2021 წელს გამოშვებას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. იდეის განმახორციელებლების გადაწყვეტილებით, თამაშის სამუშაო ვერსია სწორედ მიმდინარე წელს გამოიცა, რადგან რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობიდან 100 წელი შესრულდა. გვსურდა, თავად გამოვხმაურებოდით აღნიშნულ ისტორიულ მოვლენას და სწორედ ამ ფორმით ვცადეთ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა“, − აცხადებენ გუნდში.