Cloud-ტექნოლოგიების მნიშვნელობა ბიზნესისთვის: ტენდენციები და რეკომენდაციები

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ერთ-ერთ მზარდ მიმართულებად ე.წ. ღრუბლოვანი (Cloud) ტექნოლოგიები მიიჩნევა. აღნიშნული ტექნოლოგია მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის სერვისს სთავაზობს, რომელთა გამოყენებით ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობა და უსაფრთხოება მკვეთრად იზრდება, ხოლო ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება. Cloud-ტექნოლოგიით იქმნება ერთგვარი ვირტუალური ბაზა, სადაც ინახება მონაცემები, პროგრამები და კომპანიის პირადი ინფორმაცია. აღნიშნული რესურსები განთავსებულია არა რომელიღაც კონკრეტულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, არამედ ვირტუალურ სერვერებზე, რითაც თავის მხრივ, კომფორტთან ერთად მომხმარებელს დაცულობის შეგრძნება უჩნდება. რატომ უნდა დავნერგოთ ბიზნესში „ღრუბლოვანი“ სისტემები და რა სახის რეკომენდაციებს გვაძლევენ დარგის ექსპერტები? − ამ თემებთან დაკავშირებით Entrepreneur გურამ ტოჩილაშვილს, Amazon Web Services Solutions Architect-ს ესაუბრა:

„უპირველეს ყოვლისა, ქლაუდ-სისტემების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ მათი დახმარებით ბიზნესის წარმოება გაცილებით სწრაფად ხდება, განსხვავებით ფიზიკური დატა-ცენტრებისა, რასაც სჭირდება ბევრი დრო და ენერგია. ასევე, დამატებით დაქირავებული ადამიანები − ეს ფიზიკური ინფრასტრუქტურა ჯერ უნდა გამოიწეროს ბიზნესმა ამა თუ იმ ვენდორისგან, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დროში იწელება: შეკვეთის პროცესი, შემდეგ მათი ტრანსპორტირების დრო და ჩამოსვლასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები, მოწყობა-დამონტაჟების რესურსი, ადგილი და ხარჯები − როგორც ელექტროენერგიის, ასევე დაქირავებული ადამიანებისა, რომლებიც ამ ფიზიკურ მანქანებს ააწყობენ, ხოლო შემდეგ პროგრამულად გამართავენ. ძალიან დიდი დრო დაიკარგება იმისთვის, რომ ჩვენი არსებული ბიზნესპროდუქტი შემდეგ ამ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე გავტესტოთ და მომხმარებლამდე მივიტანოთ“.

უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, „ღრუბლოვანი“ სისტემების გამოყენებით, მაგალითად, AWS-ის შემთხვევაში, სერვერებისა და ზოგადად, ინფრასტრუქტურის შექმნა შესაძლებელია რამდენიმე წუთში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიზნესს არ ეხარჯება ზედმეტი ფინანსური რესურსი. გარდა ამისა, Cloud-სისტემები მუშაობს ე.წ. Pay As You Go პრინციპით, რაც ნიშნავს იმას, რომ რასაც მოვიხმართ გარკვეული პერიოდით, მხოლოდ ამ ათვისებულ რესურსში ვიხდით თანხას.

„თანამედროვე მსოფლიოში არსებული ეს მოთხოვნადი ნიშა თავის დროზე ძალიან სწრაფად და წარმატებით შეამჩნია კომპანია „ამაზონმა“ და მსოფლიოს შესთავაზა ისეთი პროდუქტი, როგორიც არის Amazon Web Services, რამაც აბსოლუტური უპირატესობა მოაპოვებინა სხვა კონკურენტებთან მიმართებით. განსაკუთრებულად დიდი მოგება კომპანიამ პანდემიის პერიოდში ნახა, რადგან მთელი მსოფლიო გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე და მოთხოვნა ციფრულ პროდუქტებზე არნახულად გაიზარდა. ეს ტენდენცია ისე მყარად შეითვისა მთელმა მსოფლიომ, რომ დარწმუნებული ვარ, პანდემიის დასრულების შემდგომაც ისევ აქტუალური დარჩება დისტანციური ციფრული სერვისები“, − განმარტავს გურამ ტოჩილაშვილი.

ექსპერტები სტარტაპებსა და ბიზნესებს ურჩევენ, თუ ჯერ კიდევ არ იყენებენ „ღრუბლოვან“ ტექნოლოგიებს, დაიწყონ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პროცესი − მით უფრო, რომ ჯერ კიდევ შეუცვლელია დისტანციური სერვისები. განსაკუთრებით ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ხარჯების დაზოგვა და ციფრულ პროდუქტებზე გაძლიერებული უსაფრთხოება.

„ჩემი, როგორც AWS Solutions Architect-ის, რჩევა ასეთია: ბიზნესები, რომლებიც წარმატებით ოპერირებენ, თუმცა ჯერ კიდევ არ იყენებენ ქლაუდს, ვურჩევდი, დაიწყონ მიგრაციები ქლაუდში პროფესიონალი არქიტექტების დახმარებით და უმტკივნეულოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელონ კრიტიკული სერვისების მიგრაცია, მაგალითად, AWS-ზე, რადგან ამ პლატფორმაზე შეგიძლიათ თქვენი პროდუქტები განათავსოთ ისე, რომ მომავალში არ გქონდეთ შეფერხება თქვენს პროდუქტებზე და იყოთ მონაცემების დაკარგვისგან დაზღვეული. რაც შეეხება ბიზნესებს, რომლებიც ახლა იწყებენ ფუნქციონირებას, ვურჩევ, არ დაუშვან შეცდომები და არ დახარჯონ ათიათასობით დოლარი ფიზიკური დატა-ცენტრების მოსაწყობად და დაიწყონ საქმიანობა პირდაპირ ქლაუდში სანდო პროვაიდერებთან ერთად“, − აცხადებს გურამ ტოჩილაშვილი.