''საქართველოს ბანკის'' სტუდენტური დასაქმების პროგრამა ''ლიდერატორი'' მონაწილეთა მეექვსე ნაკადს იღებს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„საქართველოს ბანკის“ სტუდენტური პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე ხუთი წელია, რაც დამამთავრებელი კურსების სტუდენტებსა და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში სამუშაო გამოცდილების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას სთავაზობს.

2022 წლის იანვრიდან, „ლიდერატორის“ მეექვსე ნაკადის მიღება დაიწყო, რომელიც 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტი სტუდენტებს 15 სასწავლო პროგრამას სთავაზობს, რომელშიც ბანკის 45 დეპარტამენტია ჩართული. აღსანიშნავია, რომ „ლიდერატორი“ 2017 წლიდან ტარდება, ხოლო დასრულებული პროგრამის მონაწილეთა 95%-მა საკუთარი კარიერული გზა „საქართველოს ბანკს“ დაუკავშირა.

პროგრამა „ლიდერატორის“ შესახებ, Entrepreneur „საქართველოს ბანკის“ ტალანტების მართვის ხელმძღვანელს, ნუცა კაციტაძეს ესაუბრა:

„ლიდერატორის პროგრამის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდა ტალანტებს, დასაქმდნენ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში, იპოვონ საკუთარ ინტერესებსა და აკადემიურ გრაფიკზე მორგებული ანაზღაურებადი სტუდენტური პროგრამა, მიიღონ მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარები. პროგრამას როტაციული პრინციპი გამოარჩევს და იძლევა როგორც პროფესიული ინტერესების გაღრმავების, ასევე, ახალი აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობას“, − აცხადებს ნუცა კაციტაძე, − „საქართველოს ბანკს“ სტუდენტური პროექტებისა და სტაჟირების პროგრამების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის მეც, სტაჟირების პროგრამით შემოვუერთდი ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდს. 2017 წელს აღნიშნულ გამოცდილებას მიეცა სისტემური სახე და შეიქმნა „ლიდერატორი“, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რომელსაც სტუდენტებს დღეს ვთავაზობთ. ბოლო 5 წლის განმავლობაში 200-მდე მონაწილეს მიეცა შესაძლებლობა, მიეღო მრავალფეროვანი გამოცდილება, გაეცნო ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტი და ეპოვა საკუთარი ინტერესებისა და კარიერული მიზნების შესაბამისი საქმიანობა“.

ნუცა კაციტაძის თქმით, „ლიდერატორის“ პროექტის წარმატების უკან უამრავი ადამიანის შრომა დგას. პროგრამის პირველ ეტაპზე, მონაწილეების განვითარებაზე ზრუნავენ გამოცდილი ტრენერები, რომელთა უმრავლესობა „საქართველოს ბანკის“ გამოცდილი თანამშრომელი და სფეროს პროფესიონალია. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს გადაეცემათ თეორიული ცოდნა, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია შემდგომ სამუშაო პროცესზე და ორიენტირებულია მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

ტრენინგების შემდგომი ეტაპი მოიცავს რეალურ სამუშაო პროცესში მონაწილეთა როტაციული პრინციპით ჩართულობას, რაც გულისხმობს პროგრამის განმავლობაში სხვადასხვა, ერთმანეთთან დაკავშირებულ მიმართულებაში რამდენიმეთვიანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. თითოეული როტაციის ჭრილში „ლიდერატორების“ კარიერულ განვითარებაზე ზრუნავენ მენეჯერული პოზიციის გამოცდილი მენტორები, რომლებიც აძლევენ დავალებებსა და მითითებებს, უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და აბრუნებენ უკუკავშირს. ასევე, პროგრამაში აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი გუნდის წევრებიც და დამატებით მენტორობას უწევენ სტუდენტებს.

„ლიდერატორის“ თითოეულ პროგრამაზე გვაქვს დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება მიღებულ განათლებას, ცოდნასა და აუცილებელ უნარ-ჩვევებს. კანდიდატებს არ მოეთხოვებათ ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილება და ბევრი სტუდენტისთვის სწორედ „ლიდერატორი“ ხდება პირველი სამსახური. შარშანდელი გამოცდილებით, 11 უნივერსიტეტიდან 94 წარმატებული სტუდენტი შევარჩიეთ“, − ამბობს „საქართველოს ბანკის“ ტალანტების მართვის ხელმძღვანელი.

პროგრამა „ლიდერატორს“ საკმაოდ დატვირთული საკონკურსო ეტაპები აქვს. ნებისმიერი პროგრამით დაინტერესებულ კანდიდატს პირველ ეტაპზე უტარდება ზოგადი ტესტირება, სადაც მოწმდება მისი ანალიტიკური უნარები და ლოგიკური მსჯელობა. ამის შემდეგ შერჩევის სხვადასხვა ეტაპით, როგორიც არის ინდივიდუალური გასაუბრება, პროფესიული ტესტირება თუ ქეისები/დავალებები, ხდება კანდიდატების უნარების, ინტერესებისა და ცოდნის შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან. „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოდინი ყველა „ლიდერატორისგან“ არის მაღალი მოტივაცია − ეს ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებაზე დაკვირვებით, წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. სწორედ მაღალი მოტივაცია, შრომა და მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვა განაპირობებს იმას, რომ „ლიდერატორები“ პროგრამის დასასრულ ხდებიან შესაბამისი სფეროს დამწყები პროფესიონალები“, − აცხადებს ნუცა კაციტაძე.

აღნიშნული პროგრამის გაუმჯობესება და დახვეწა ყოველწლიურად, ლიდერატორების, მენტორებისა და სხვა ჩართული მხარეების უკუკავშირზე დაყრდნობით ხორციელდება. ყოველი პროგრამის შექმნისას გუნდი ითვალისწინებს არსებულ გამოცდილებას და ეძებს ახალ შესაძლებლობებს. როგორც ნუცა აღნიშნავს, საბანკო საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრი პროფესიის ადამიანს შეუძლია იპოვოს მისთვის საინტერესო საქმე. 2022 წელს კი, „ლიდერატორს“ სამი ახალი პროგრამა დაემატა: რისკის მართვა, პრემიუმბანკინგი და საბროკერო საქმე, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა.

„ლიდერატორის“ ყოველი ახალი პროექტი, ყოველ ახალ მონაწილესთან მუშაობა, ჩვენი გუნდისთვის არის ღირებული ახალი გამოცდილება. „ლიდერატორებთან“ ერთად ვსწავლობთ, ვვითარდებით, გვეძლევა შესაძლებლობა, ახლებურად შევხედოთ ბევრ საკითხს, დავაკვირდეთ და შევაფასოთ გზა, რომელსაც ერთად გავდივართ წარმატების მისაღწევად. მეექვსე ნაკადისგანაც გვაქვს მოლოდინი, რომ ერთიანი ძალისხმევით შევუწყობთ ხელს „საქართველოს ბანკის“ წარმატებასა და შეუჩერებლად წინსვლას“, − აღნიშნავს Entrepreneur-თან საუბრისას ნუცა კაციტაძე, „საქართველოს ბანკის“ ტალანტების მართვის ხელმძღვანელი.

პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 6 თებერვლამდე გაგრძელდება. თითოეული პროგრამის უკეთ გასაცნობად და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.