Data-driven Marketing-ის მნიშვნელობა ბიზნესისთვის

"ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა რიცხვებზე დაფუძნებული მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება"

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარკეტინგი წლების განმავლობაში ბიზნესსაქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იცვლება ტრენდები და მიდგომები. ადამიანთა საჭიროებების განსაზღვრა და მოთხოვნების დაკმაყოფილება უკვე რიცხვებზეა დაფუძნებული − მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება საერთაშორისო მასშტაბით მონაცემების ანალიზით ხორციელდება. როგორია ე.წ. Data-driven Marketing-ის ტრენდები, ტენდენციები და მიდგომები? − ამ საკითხებთან დაკავშირებით Entrepreneur კომპანია Fortunejack-ის CMO-ს, ლიკა ნიჟარაძეს ესაუბრა.

entrepreneur.ge

ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა რიცხვებზე დაფუძნებული მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება. ნებისმიერ ბიზნესში კონკურენცია ბევრად გაზრდილია, ვიდრე ეს წლების წინ იყო, შესაბამისად, კომპანიებმა სწრაფად აითვისეს საჭირო ცოდნა და ხელსაწყოები იმისათვის, რომ ლიდერის პოზიცია შეენარჩუნებინათ ან მოეპოვებინათ. განვითარებულ ქვეყნებში ეს პროცესი ბევრად ადრე დაიწყო, ჩვენთან კი ალბათ ბოლო 3 წელია, რაც უფრო აქტიურად დავიწყეთ ამ კუთხით ცოდნის გაღრმავება და შესაბამისი ახალი პოზიციებიც კი გავაჩინეთ კომპანიებში. Data-driven-გადაწყვეტილებების მიღება ონლაინბიზნესში დღეს ბევრად გამარტივებულია, ვინაიდან გაცილებით მეტი მზა ხელსაწყო არსებობს, რომლებსაც პირდაპირ შეუძლია შენ მაგივრად გაანალიზოს შენივე მონაცემები და არხების გადანაწილების ოპტიმალური გზები შემოგთავაზოს. ციფრული ბიზნესის გარეთ, შესაძლებლობები შედარებით ნაკლებია, თუმცა აქ ბევრად საინტერესო, არაპირდაპირი გზით ხდება ბიზნესზე გავლენის მქონე არხებისა თუ სტრატეგიის შერჩევა. ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს ბაზრის კვლევებსა და ეკონომეტრიკას, სადაც მათემატიკური მოდელებით ხდება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების კომბინაციის მომგებიანობაზე გავლენის დაანგარიშება", აცხადებს ლიკა ნიჟარაძე.

რაც შეეხება უშუალოდ ტენდენციებს, რესპონდენტის თქმით, ამ მიმართულებით რამდენიმე ძირითადი კომპონენტი გამოიყოფა:

  • მარკეტინგი მკაფიოდ გაიყო ორ ნაწილად: ბრენდის ცნობადობა და ახალი მომხმარებლების მოზიდვა. არსებული მომხმარებლის აქტივაცია კი ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა;
  • ხელსაწყოები − კონკურენტების შედეგებზე თვალყურის დევნება, მომხმარებლების ინტერესების ტრენდების მონიტორინგი და ა.შ.
  • არხებისა და კომუნიკაციის ავტომატიზაცია;
  • ატრიბუციის მოდელების ათვისება;
  • First Party Data − მომხმარებლების შესახებ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ინფორმაციის შეგროვება.

მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგულ აქტივობებს უკვე ახორციელებენ ქართული კომპანიებიც − რამდენიმე დიდსა თუ მცირე ბიზნესში უკვე ვხვდებით პერსონალიზაციისა და ავტომატიზაციის კარგ მაგალითებს. მოწინავე პოზიციებზე კი ის ბიზნესები არიან, რომლებსაც ციფრული პროდუქტი ან სერვისი აქვთ. ძალიან კარგი მაგალითია ონლაინკომერციის პლატფორმები, რომლებმაც არცთუ დიდი ბიუჯეტით, საკმაოდ საფუძვლიანად აითვისეს უცხოური გამოცდილებ და ავტომატიზაციის ის პლატფორმები, რომლებსაც მსოფლიოს მოწინავე კომპანიები იყენებენ. გარდა ამისა, გამოვარჩევდი აზარტული თამაშების ბრენდებს, რომლებიც მთლიანად საქართველოს ბაზარზე ქმნიან მაღალ სტანდარტს მარკეტინგულ ტექნოლოგიებში", − განმარტავს ლიკა ნიჟარაძე.

რატომ უნდა გამოიყენოს ბიზნესმა Data-driven Marketing-ი და რა სახის ბენეფიტების მომტანი იქნება ეს მათთვის? თავად მიმართულების დასახელებაც იმას გულისხმობს, რომ ბიზნესგადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება ციფრებზე დაყრდნობით და არა კონკრეტულ სუბიექტურ მოსაზრებებზე, რაც, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ისეთივე ზუსტი, როგორიც მონაცემები, რომელსაც უშუალოდ მომხმარებელზე დაკვირვებით მოუყრი თავს. Data-driven Marketing-ი, ერთი მხრივ, ამარტივებს მარკეტერის ცხოვრებას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებულ პროდუქტსა და სერვისს. „უპირველესად, მნიშვნელოვანია უკვე არსებული Tracking ხელსაწყოების კარგად შესწავლა და ათვისება, შემდეგ შეგროვებული ინფორმაციის დამუშავება, მიკროსეგმენტებად დაყოფა და ამ სეგმენტების შესაბამისი საკომუნიკაციო ენისა და არხების შერჩევა. გაშვებული კამპანიის შემდეგ კი ეს პროცესი მუდმივად მეორდება და შესაბამისად, ოპტიმიზდება", − აცხადებს ლიკა ნიჟარაძე.