სამი ქართველი ძმის მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაშის საერთაშორისო წარმატება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამერიკელმა Youtuber-მა, Markiplier-მა, რომელსაც 32 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ქართველი ძმების მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაში განიხილა. ვიდეოს ნახვების რაოდენობა 2 მილიონს სცდება. „ეს ფაქტი იმის დასტურია, რომ ჩვენ ხარისხიანი პროდუქტი შევქმენით, არ დაგვჭირდა ასობით მეილის გაგზავნა, რომ ვინმეს ყურადღება მიგვეპყრო, თამაშმა საკუთარი თავი გაყიდა", - აცხადებენ იდეის ავტორები.

entrepreneur.ge

პროექტი, White Dog Games, სამმა ძმამ: გიორგი, გოჩა და ლაშა ეგუტიძეებმა შექმნეს. „პირველივე, რაც თავში მოგვივიდა იყო ის, რომ შეგვექმნა საშინელებათა ჟანრის თამაში. ვინაიდან არასდროს გვიმუშავია ამ ჟანრზე, ეს პროცესი ნამდვილად სიახლე და ერთგვარი გამოცდა იყო ჩვენთვის. საწყის ეტაპზე, მექანიკის იდეა შევიმუშავეთ და შემდგომ დავიწყეთ ისტორიის მასზე მორგება, თემად ავირჩიეთ ყველასათვის ცნობილი ზღაპარი - „წითელქუდა". გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ მას გააჩნდა ის რესურსები, რომლის სახეცვლილებითაც შეგვეძლო, შეგვეთავაზებინა მოთამაშეებისთვის რაღაც ახალი. რაში მდგომარეობს თამაშის უნიკალურობა? მოქმედება ხდება რამდენიმეკილომეტრიან ტყეში, მოთამაშე აწყდება გზების რამდენიმე ვარიანტს, ინსტიქტურად უნდა აირჩიოს ერთი ვარიანტი, რომელიც უსაფრთხოა...თუმცა, ამავდროულად, არსებობს მეორე გზაც, სადაც სერიული მკვლელია ჩასაფრებული. თუ საფრთხეში გაეხვიე, თამაშს ხელმეორედ იწყებ და სწორედ აქ აწყდები მთავარ ამოცანას, რაზეც არის აგებული მთელი კომპიუტერული თამაში: უნდა დაიმახსოვრო რომელი გზაა მცდარი და ასე უნდა განაგრძო, სანამ ბებიის ქოხამდე მიხვალ", - აღნიშნავს გიორგი ეგუტიძე.

კომპიუტერული თამაში უკვე დასრულებულია და 14 მარტს ოფიციალურად გამოქვეყნდება. ამ ეტაპისთვისთვის, ყველა მოთამაშეს შეუძლია, ე.წ. Wishlist-ში მონიშნოს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Game Development-ის ინდუსტრიაში საერთაშორისო წარმატების პარალელურად, გუნდი გეგმავს, მიიპყროს გეიმერების ყურადღება, რათა პროდუქტის ლოიალურ მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს: "სანამ თამაში ოფიციალურად გაეშვება, ვაპირებთ, სხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი გეიმერების ყურადღება მივიპყროთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები იმისათვის, რომ სოც.ქსელებში ხილვადი იყოს ჩვენი თამაში და მთავარ ჰიტად ვაქციოთ", - განმართავს გიორგი ეგუტიძე.