ომის ტექნოლოგია და მასშტაბური კიბერთავდასხმები: რუსეთ-უკრაინის ომი

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრულ ტრანსფორმაციასთან ერთად სახე იცვალა სამხედრო მოქმედებებმაც − ომის მიმდინარეობისას დაპირისპირებული მხარეები ციფრული სამყაროს ეპოქაში იყენებენ ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა: მასშტაბური კიბერთავდასხმები. მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous თამაშობს. ომის ტექნოლოგიასთან დაკავშირებით Entrepreneur კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო-კვლევით ცენტრ CYSEC-ის დამფუძნებელსა და BTU-ს პროფესორ ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

ჰიბრიდული ომი და მისი გავლენა რუსეთ-უკრაინის ომზე: რამდენად გადამწყვეტ როლს თამაშობს ჰიბრიდული ომი მიმდინარე ომთან მიმართებით და როგორ პოლიტიკას ატარებენ დაპირისპირებული მხარეები − უკრაინა და რუსეთი?
ჰიბრიდულ ომს რუსეთმა 21-ე საუკუნის ათიანი წლებიდან სისტემური სახე მისცა, თუმცა მას ამ ტაქტიკისთვის მანამდეც არაერთხელ მიუმართავს თუნდაც აფხაზეთში, სადაც რუსეთმა ჰიბრიდული ომის ყველა კომპონენტი გამოიყენა საინფორმაციო ოპერაციების, „მწვანე კაცუნების", რეგულარული დანაყოფების, ავიადარტყმების, ეკონომიკური ბერკეტებისა და შანტაჟის ჩათვლით.

ძალისა და გავლენის მრავალფეროვანი სამხედრო თუ არაკონვენციურ ინსტრუმენტებს მოსკოვი განსხვავებული მიზნებისათვის იყენებს, როგორიცაა: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასუსტება, პროდასავლური მთავრობების შეცვლა, შეიარაღებული კონფლიქტის გამოწვევა, ტერიტორიების ანექსია და სხვა. კონფლიქტის ინტენსივობის ცვალებადობა მისი ერთ-ერთი მახასიათებელია და ზოგიერთ შემთხვევაში, ის შესაძლებელია ჩვეულებრივ საბრძოლო მოქმედებებშიც კი გადაიზარდოს. სწორედ ეს ფაზა მიმდინარეობს ამჟამად უკრაინაში, სადაც რუსეთმა კიევისაკენ სწრაფად გაჭრით დააპირა შეექმნა პირობები მისთვის მიუღებელი მთავრობის დასამხობად. ამ ეტაპზე რუსეთისათვის „ბლიცკრიგის" ფაზა წარუმატებლად დასრულდა და ახლა იგი ცდილობს დიდი ძალების მობილიზებით კიევი ალყაში მოაქციოს და შეეცადოს ქალაქის დაკავებას.

ზოგადად, უკრაინასთან მიმართებით, რუსეთის ჰიბრიდული აქტივობები, რომელიც დასაბამს 2014 წლიდან იღებს, მიიჩნევა ინფორმაციული ოპერაციების, პროვოკაციების, ეკონომიკური ბერკეტებისა და კიბერთავდასხმების სამხედრო ოპერაციებთან სტრატეგიული ინტეგრაციის წარმატებულ მაგალითად. აღნიშნულმა ქმედებებმა თავის დროზე სეროზული დარტყმა მიაყენა უკრაინის მთავრობის მიერ საკუთარი საინფორმაციო სივრცისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესაძლებლობას.

Anonymous-მა აქტიურად წამოიწყო მასშტაბური კიბერშეტევითი ღონისძიებები. რა ტიპის ზარალის მიყენებაა შესაძლებელი რუსეთისთვის და ამავდროულად, აქვს თუ არა რუსეთს კიბერთავდაცვის დიდი პოტენციალი?
მიუხედავად იმისა, რომ შემტევი პოტენციალის მიხედვით რუსეთი ერთ-ერთი მძლავრი და აგრესიული აქტორია, როგორც ჩანს, მისი კიბერთავდაცვის დონე არ აღმოჩნდა არსებული საფრთხეებისადმი ადეკვატური. ცნობილმა ჰაკტივისტურმა დაჯგუფებამ გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე სახელმწიფო თუ კომერციული ორგანიზაციის საიტი გამოიყვანა მწყობრიდან, რომელთაგან აღსანიშნავია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, „გაზპრომისა" და უშიშროების სამსახურის ვებგვერდები და მონაცემთა ბაზები. გამოქვეყნდა თავდაცვის რუსი მაღალჩინოსნების პერსონალური და საკონტაქტო მონაცემები, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებული ან უბრალოდ უკრაინის გულშემატკივარი ადამიანების მიერ მათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების განსახორციელებლად გამოიყენეს.

ომის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროპაგანდა. როგორც თქვენ ახსენეთ, რუსული ხელისუფლების პროპაგანდისტული სამიზნე, მეტწილად, საკუთარი ხალხია. ჰაკტივისტური დაჯგუფებები ცდილობენ, შეზღუდონ მსგავსი საინფორმაციო საშუალებები. გარდა ამისა, რა საპასუხო მოქმედებებს ახორციელებს დასავლეთი? აქვთ თუ არა რაიმე ერთიანი სტრატეგიული მიდგომა პროპაგანდასთან საბრძოლველად?
პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად სტრატეგიული კომუნიკაციაა მიჩნეული. გადამოწმებული ინფორმაციის გაზიარება დეზინფორმაციის საწინააღმდეგოს შეუცვლელ მეთოდად ითვლება. უკრაინა და დასავლეთი მუდმივად ავრცელებს სწორ ინფორმაციას რუსეთის ეკონომიკური თუ ადამიანური დანაკარგების, კრემლის რეალური სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების შესახებ. საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსეთის რეალური გეგმებისა და თარიღების შესახებ კრემლს რამდენიმეჯერ შეუცვალა ინვაზიის გეგმა. კონფლიქტისას ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული საინფორმაციო კამპანია, რომელიც საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას, საერთაშორისო მხარდაჭერას, მოხალისეთა ჯგუფების მობილიზებასა და ეკონომიკის ჩამოშლის პრევენციას ემსახურება.

ზოგადად, ომის ტექნოლოგიაზე რომ ვისაუბროთ: არის შემთხვევები, როდესაც ომში დრონებსა და სხვა ტიპის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს იყენებენ. რა სახის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს ამ მხრივ და აღნიშნულ კონკრეტულ ვითარებაში თუ ფიქსირდება ტექნოლოგიების გამოყენება ომში?
რუსეთის მიერ ამ ომში გამოყენებული შეიარაღება ჯერჯერობით მაღალტექნოლოგიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არ იყენებს ბრძოლის რადიოელექტრონულ საშუალებებს. ასევე მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ საომარი ფაზის დაწყებამდე განხორციელებული კიბერშეტევები. ერთ-ერთი ასეთი შეტევისას, გარდა ფსიქოლოგიურ ეფექტზე მიმართული Defacement-ისა, კრემლმა დესტრუქციული Malware-იც გამოიყენა, რომელიც სერვერებზე განთავსებული ინფორმაციის კრიპტაცია-განადგურებით არის ცნობილი. 2017 წელს ამგვარი Malware-ის NotPetya-ს გამოყენებამ მსოფლიოს მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.

უკრაინელთა მხრიდან ფიქსირდება საბრძოლო დრონების გამოყენება, რომელთა თავდასხმები, ძირითადად, მოწინააღმდეგის სამხედრო კოლონების გასანადგურებლად გამოიყენება. ასევე, ჩანს, რომ დასავლეთის ქვეყნების მაღალტექნოლოგიური სადაზვერვო საფრენი აპარატები უკრაინას ხარისხიანი სადაზვერვო ინფორმაციით ამარაგებენ მტრის სამხედრო დანაყოფების მობილიზაციის, მანევრებისა და ამოცანების შესახებ. ზოგადად, კიბერელემენტი, ციფრული ტექნოლოგიები თანამედროვე ომის მნიშვნელოვანი მდგენელია და იგი რიცხობრივი უპირატესობის მქონე აგრესორთან საბრძოლველად წარმატების ერთ-ერთი შესაძლებლობაა.