მონაცემთა სტრატეგიის მნიშვნელობა ციფრული ტრანსფორმაციისთვის

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტრანსფორმაცია და ახალი ტექნოლოგიები კომპანიებს შესაძლებლობის მრავალ კარს უხსნის. ტრანსფორმაციის შედეგად ბიზნესს შეუძლია გახდეს მონაცემებით მართული და მონაცემების გამოყენებით მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა შეიძინოს. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მონაცემთა სტრატეგიის შემუშავებაზე გადის. თემაზე ვრცლად, BDO Digital-ის მონაცემთა ლაბორატორიის ტექნოლოგიური ხელმძღვანელი გიორგი გიგოლაშვილი გვესაუბრა.

BDO

გიორგი, უპირველესად რომ განვმარტოთ, რა არის მონაცემთა სტრატეგია?

მოგესალმებით, პირველ რიგში მიხარია აღნიშნული თემით დაინტერესება; რადგან ვფიქრობ, საჭიროა უფრო მეტმა ბიზნესმა გაიგოს მონაცემთა სტრატეგიის მნიშვნელობაზე. მონაცემთა სტრატეგია არის კომპანიის მონაცემების მართვის გადაწყვეტილებების და წესების ნაკრები, რომელიც ემსახურება კომპანიის ანალიტიკური ამოცანების გადაჭრას. ეს ყველაფერი თავის მხრივ თანხვედრაშია ორგანიზაციის სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიზნებთან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მონაცემების განკარგვის სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიისთვის მონაცემებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას.

რა თქმა უნდა, კომპანიის ზოგადი ბიზნეს სტრატეგიის მსგავსად, მონაცემთა მართვის სტრატეგიაც ცოცხალი დოკუმენტია, სადაც ერთხელ დადგენილი წესები და პოლიტიკები პერიოდულად კომპანიის პრიორიტეტების და საჭიროებების ცვლილებასთან ერთად შეიძლება დარედაქტირდეს.

თქვენი დაკვირვებით რა ტიპის კომპანიებისთვის არის მონაცემების მართვის სტრატეგია უფრო მნიშვნელოვანი და რამდენად სჭირდებათ სტრატეგია მათ?

მონაცემთა მართვის სტრატეგიის ქონა პირველ რიგში ისეთი კომპანიებისთვის არის აუცილებელი, რომლებიც დიდი მოცულობის მონაცემს ფლობენ და ამუშავებენ. ასეთი შეიძლება იყოს ფინანსური ინსტიტუტები, სახელმწიფო სტრუქტურები, ტელეკომუნიკაციის კომპანიები, საცალო ვაჭრობით დაკავებული კომპანიები და სხვა. მონაცემთა სტრატეგიაში ასახულია მონაცემთა სასიცოცხლო ციკლი მათი წარმოშობიდან დაარქივებამდე, მათი დამუშავების და შენახვის წესები, შიდა თუ გარე წვდომის პოლიტიკები. შესაბამისად, სტრატეგიის ქონა ასეთ კომპანიებს ეხმარება მონაცემებზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

მარტივად რომ მოგვიყვეთ, როგორ იქმნება მონაცემთა მართვის სტრატეგია?

მონაცემთა სტრატეგიის შედგენა კომპანიებისთვის საკმაოდ კომპლექსური პროცესია. თავდაპირველად, ტარდება ინტერვიუები და სამუშაო შეხვედრები, კომპანიის მენეჯმენტთან, ანალიტიკოსებთან და საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის გუნდთან. ხდება კომპანიის მიზნების და სტრატეგიის, არსებული მონაცემების და მათი წყაროების, ფიზიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შესწავლა, რის შემდეგაც უკვე იქმნება ფორმალური სტრატეგიის დოკუმენტი, სადაც გაწერილია:

  • კომპანიის ანალიტიკური მიზნები
  • საჭირო მონაცემები და მათი წყაროები
  • სათანადო ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები
  • მონაცემთა დამუშავების პროცესები
  • მონაცემებზე წვდომის წესები

ამ დოკუმენტის შექმნის შემდეგ, ცხადია საჭიროა მისი განხორციელება, რისთვისაც დგება სამოქმედო გეგმა და განისაზღვრება პასუხისმგებელი პირები. ტარდება ის სამუშაოები, რაც გასავლელია მიმდინარე მოცემულობიდან სასურველ მდგომარეობამდე მისასვლელად, სადაც ერთი მხრივ, ყველა ბიზნეს მიმართულება უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მისთვის საინტერესო ანალიტიკას, ხოლო მეორე მხრივ, სისტემები, მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებს.

მართალია, ირიბად უკვე ვახსენეთ მონაცემთა სტრატეგიის სარგებლები, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, რა უპირატესობებით სარგებლობს კომპანია რომელსაც მონაცემთა მართვის სტრატეგია აქვს?

  • რა თქმა უნდა. მონაცემთა მართვის სტრატეგიის რეალიზებით ბიზნესი არაერთ სარგებელს და კონკურენტულ უპირატესობას იძენს. კომპანიის მენეჯმენტისთვის მონაცემებით მართვის პირობებში (datadriven company) სხვადასხვა ტაქტიკური თუ სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება მარტივდება და ჩქარდება. შედეგად, კომპანია მისი საქმიანობის ტიპიდან გამომდინარე იღებს სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვან სარგებლებს. სწორი მონაცემთა სტრატეგიის განხორციელების შედეგად კომპანიას შეუძლია:
  • გაზარდოს წარმადობა და ეფექტურობა საოპერაციო პროცესებში და უკეთ შეისწავლოს მომხმარებლების ქცევა, გაზარდოს მომხმარებელთა ლოიალურობა და შესაბამისად გაყიდვებიც
  • შეამციროს ხარჯები, დროულად აღმოაჩინოს და გამოიყენოს მათი ოპტიმიზაციის რეზერვები
  • დროულად აღმოაჩინოს პოტენციური რისკები და შეამციროს მათი დადგომის ალბათობა
  • ადამიანური რესურსი გამოათავისუფლოს რუტინული, ტექნიკური სამუშაოსგან და ინტელექტუალური რესურსი მიმართოს უშუალოდ ანალიტიკურ საქმიანობაზე

და ბოლოს, რომ გვითხრათ, რას გთავაზობთ BDO Digital-ი ამ მიმართულებით?

  • თამამად შემიძლია გითხრათ რომ, BDO Digitalს მონაცემთა ლაბორატორიის სახით გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი ჰყავს; ჩვენ კომპანიებს ისეთ სერვისებს ვთავაზობთ როგორიცაა მონაცემთა მართვის სტრატეგიის ( Data Strategy) დანერგვა, მონაცემთა საცავების (data warehouse) შექმნა, ბიზნეს ანალიტიკური სისტემების (Business Intelligence) დანერგვა, ასევე სხვადასხვა ბიზნეს გადაწყვეტების შექმნა მანქანური სწავლებისა და კომპლექსური ანალიტიკის გამოყენებით. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს მიიღონ მაქსიმალური სარგებელი მონაცემებისგან, რათა დაგროვილი მონაცემები აქციონ მათ კონკურენტულ უპირატესობად.