Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? მარიამ რუსიშვილი − LIGHTSPEED DIGITAL-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ოდესმე გიფიქრიათ, რომ დღის განმავლობაში საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, არც კვირაში 7 და წელიწადში 365 დღე გყოფნით?

იმისათვის, რომ მსგავსი განცდები თავიდან აირიდოთ, საჭიროა დროის ეფექტიანი მართვა სცადოთ. დროის მენეჯმენტი ერთგვარი პროცესია, რომელიც გეხმარება სხვადასხვა აქტივობა საკუთარ დროზე გადაანაწილო, თანაც ისე, რომ ნაკლებ დროში მეტი შედეგი დადო, მაშინაც კი, თუ დროში შეზღუდული ხარ და ძლიერ ზემოქმედებას განიცდი. დროის ეფექტიანი მართვა მეტ პროდუქტიულობასა და ნაკლებ სტრესს გულისხმობს, ხშირ შემთხვევაში კი კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

ალბათ ბევრი გსმენიათ დროის მართვის ისეთი ზოგადი ტექნიკების შესახებ, როგორებიცაა დაგეგმვა, ჩანაწერების გაკეთება, საქმეების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება და სხვა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ადამიანები მაინც საკუთარი უნიკალური კომბინაციის შექმნისკენ მიისწრაფვიან. Entrepreneur დროის მართვაზე მარიამ რუსიშვილს, LIGHTSPEED DIGITAL-ის დამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორს ესაუბრა.

დროისა და ამ დროში აქტივობების სწორ მართვას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩემი მუშაობის პროდუქტიულობაზე. ზოგადად, დღის განმავლობაში ყველაფერი წინასწარ მაქვს გაწერილი. დილას გაწელვებით ან რაიმე ტიპის ფიზიკური აქტივობით ვიწყებ, რომელიც მაქსიმუმ 15 წუთი გრძელდება. აუცილებელი რუტინაა საწოლის გასწორება და იმ სამ რაღაცაზე ფიქრი, რისთვისაც მადლიერი ვარ და რაც პრიორიტეტულია დღის განმავლობაში. მუდმივად ვცდილობ, ამ პატარა რუტინას არ გადავუხვიო.

მუშაობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. Flow-ში შესვლა. ფსიქოლოგიის გარდა, ახლა ძალიან აქტიურად გამოიყენება ე.წ. Flow State of Mind − ეს არის მდგომარეობა, როდესაც არაფერი გიშლის ხელს საქმეზე კონცენტრირებაში და შენი პროდუქტიულობა მაქსიმალურ ზღვარზეა. თუ საქმეს 4 საათი სჭირდება, Flow-ში ყოფნისას შეგიძლია ის ერთ საათში გააკეთო. ყველას თავისებურად გამოსდის Flow-ში შესვლა, თუმცა ზოგს საერთოდ არ გამოსდის ეს. თუ Flow-დან ამოვვარდები, შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტვინი სხვა საკითხზე გადავრთო, მოვუსმინო მუსიკას, პოდკასტს, გავეცნო Bloomberg Technology-ის და გონება დავასვენო.
Flow-ში შესასვლელად უამრავი ტექნიკა არსებობს. მნიშვნელოვანია გესმოდეს იმის არსი, რასაც აკეთებ, სად მიგიყვანს ეს გზა და რის ნაწილია იგი ზოგადად. სტარტაპში ყოფნისას მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემს თანამშრომლებს დიდი სურათი დაენახათ და არ ეკეთებინათ მხოლოდ მიკროსერვისები. ერთიანი სურათის დანახვა მძენს ინსპირაციასა და შთაგონებას. პლუს ამას, ძალიან მიყვარს ახალ, საინტერესო იდეებზე ფიქრი. მაგალითად, ახლა უდიდესი ენერგიით მავსებს და ბუსტერივითაა ის ფაქტი, რომ OpenAI-ს გარდა, ხელოვნური ინტელექტის ბევრი კომპანია არსებობს და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება მათთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტის განხორციელება.

რაც შეეხება ტექნიკებს, ძალიან აქტიურად ვიყენებ კალენდარს, რაც ასევე Flow-ში ყოფნაში მეხმარება. კალენდარი ტელეფონში მაქვს, თუმცა ნებისმიერი ტიპის აპლიკაციის გამოყენებაა შესაძლებელი. გაწერილი მაქვს დროის რომელ მონაკვეთში რა უნდა გავაკეთო, ეს კი კონცენტრირებაში მეხმარება. შესაძლოა, ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც დაგეგმილი გაქვს, მაგრამ მთლიანობაში კარგად მუშაობს. აუცილებელი არაა, კალენდარში კონკრეტული შეხვედრები იყოს გაწერილი, შეგიძლია ჩაინიშნო როდის უნდა იფიქრო სტრატეგიაზე, კონკრეტულ კომპანიასთან თანამშრომლობის სქემაზე, ვისთან უნდა დარეკო და სხვა. ამით თითქოს, საკუთარ თავს ამზადებ, თუ რა უნდა გააკეთო დღის განმავლობაში.

To do List სტრესის გამაძლიერებელია, არ არის მართვადი, განსაკუთრებით მაშინ, თუ რაიმეს ვერ ვასრულებ, კალენდარი კი დროის განაწილების საშუალებას გაძლევს და თუ რაიმე ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, მისი ცვლილება სტრესს არ იწვევს.

კარიერის განმავლობაში, უამრავი განსხვავებული ტიპის სამუშაო რეჟიმი მქონია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტარტაპის აქტიურ ფაზაში ვიყავი, ვერასდროს ვდუნდებოდი და მუდამ ვმუშაობდი. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, მაგალითად, 7 საათის შემდეგ ოჯახთან ვიყო. ამ დროს ზედაპირულად ვფიქრობ სამსახურის საქმეებზე. ესეც რუტინად იქცა, სადაც კიდევ უფრო მეტი ენერგიით ვივსები, რათა მეორე დღეს ისევ Flow-ში ადვილად შევიდე.
ვფიქრობ, ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად. ესეც ერთგვარი სასიამოვნო რუტინაა და ძალით არ უნდა გააკეთო. მე აქტიურად ვცურავ, რაც მეხმარება, ახალი ენერგიით შევავსო გონება.

დროის მართვის პროცესში ყველაზე დიდი დაბრკოლება ე.წ. overthinking-ია, რომელიც ხელს მიშლის აწმყოში ვიყო.

ამ ჩვევის დასაძლევად ყველაზე კარგი ტექნიკა მედიტაციაა, თუმცა რთული შესასრულებელია, განსაკუთრებით სამსახურში. კიდევ ერთი გამოსავალი სუნთქვითი ვარჯიშებია − ზოგადად, overthinking შფოთვასაც იწვევს, ღრმა სუნთქვა კი გეხმარება ეს მდგომარეობა დაძლიო, ფიზიოლოგიურ დონეზე ტვინს სიგნალს აძლევს, რომ დაწყნარდეს და საბოლოოდ შენც წყვეტ შფოთვას.

რომ შევაჯამოთ, დროის ეფექტიანად სამართავად და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად ვცდილობ, სხვადასხვა აქტივობით დავკავდე და რაც მთავარია, დავასვენო და დავარესტარტო გონება.