Get All Access for $5/mo

საახალწლო სურვილები თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ. გმირის მოგზაურობაში რამდენიმე საკვანძო ელემენტი არსებობს: მიზნის ფორმულირება, მთავარი დაბრკოლება მიზნისკენ მიმავალ გზაზე და საიდუმლო ძალა, რომლის შესახებაც გმირმა მოგზაურობის დასაწყისში არაფერი იცის. ადამიანი მისი სულსწრაფი ბუნებიდან გამომდინარე პირდაპირ დაბრკოლებების აღწერისკენ მიილტვის. ძალიან აზარტულია პრობლემებზე საუბარი და მათი დეტალურად აღწერა. ხშირად ეს პროცესი ისე შეიტყუებს ხოლმე ადამიანს, რომ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიის დასახვის ნაცვლად თავად პრობლემის რომანტიზება ხდება. თუმცა, როგორც უნდა იყოს, მთავარი სათქმელი აქ ისაა, რომ მიზნის ფორმულირების ეტაპი ხშირ შემთხვევაში გამოტოვებული და სათანადო ყურადღებას მოკლებულია.

რაც უნდა თავდაჯერებული იყოთ საკუთარ მიზანში, ღირს დაფიქრება მასზე. არასდროსაა ზედმეტი გულწრფელობის ხარისხის გადამოწმება საკუთარ თავთან. საქმე ისაა, რომ სწორედ მიზნების სიზუსტე განსაზღვრავს მათი რეალიზაციის ტემპსა და ეფექტიანობას. რაც უფრო ავთენტურია მიზანი, მით მეტია მისი წარმატებით რეალიზაციის ალბათობა. დიახ, მიზნების რეალიზაცია ჩვენზეა დამოკიდებული და გარე ძალების ჩარევა, ერთი შეხედვით, არაფერ შუაშია. ჩვენ მიერ დასახული მიზნების რეალიზაციის პერსპექტივა მათი ჩვენს გულთან სიახლოვის პირდაპირპროპორციულია. რას ნიშნავს ავთენტური მიზანი? − იკითხავთ თქვენ. კარგი შეკითხვაა, − გიპასუხებთ მე. აიღეთ ფურცელი და კალამი და საკუთარ თავთან დიალოგისთვის მოემზადეთ. საახალწლო სურვილების ჩაფიქრების დროა!

ჩახაზეთ მოზრდილი წრე. შემდეგ ეს წრე რვა ნაწილად გაყავით, დაახლოებით ისე, როგორი სიმეტრიითაც რვანაჭრიან პიცას დაჭრიდით. თითოეულ გრაფაში თქვენი მიზნები ჩაწერეთ. ნუ დაიზარებთ, ეცადეთ რვავე შეავსოთ! მიზნების ფორმულირებას თავისი წესი აქვს. წინადადება ცხადად და გარკვევით უნდა იყოს ჩამოყალიბებული. წინადადება ასე დაიწყეთ: "მე მინდა, რომ..." და დაასრულეთ პოზიტიურ ენაზე ფორმულირებული ზმნით. მაგალითად, ნაცვლად ფორმულირებისა: "მე მსურს გავთავისუფლდე ჭარბი წონისგან", სჯობს ასე ჩამოაყალიბოთ სურვილი: "მსურს, სხეული სასურველი ფორმაში მოვიყვანო". ან, მაგალითად, ისეთი ფორმულირების ნაცვლად, როგორიცაა: "მსურს, გამოვიდე ტოქსიკური ურთიერთობიდან", უმჯობესია თქვენი ფორმულირება ასე ჩამოაყალიბოთ: "მინდა, დავამყარო ჰარმონიული ურთიერთობა" და ა.შ. თქვენი მიზნები ცხოვრების ნებისმიერ სფეროს შეიძლება შეეხებოდეს. მათი უკეთ და მკაფიოდ ფორმულირებისთვის შეგიძლიათ სურვილები შემოთავაზებული სამი მიმართულებიდან აირჩიოთ. პირველი ურთიერთობების სფეროა, რომელიც ყველა შინაარსის კომუნიკაციას მოიცავს. აქ მოიაზრება როგორც პირადი, ისე ოჯახური, მაგალითად: მშობლებთან, შვილებთან, დედმამიშვილებთან ურთიერთობა, ასევე მეგობრებთან, კოლეგებთან ურთიერთობა. ამ მიმართულებისთვის განმსაზღვრელია, როგორ რეალიზდება ადამიანი ამ ურთიერთობებში − რას გასცემს, რას იღებს და ა.შ. მეორე მიმართულება პროფესიულ და კარიერულ სფეროს მოიცავს. აქ შედის სწავლასთან, დასაქმებასთან, კარიერულ ზრდასთან, დაწინაურებასთან, განგრძობად განათლებასთან, მათ შორის პროფესიის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები. მესამე სფერო პიროვნული განვითარების სფეროა. ის უკავშირდება ადამიანის, როგორც ინდივიდის, სრულყოფილ რეალიზებასა და ზრდას. აქ განმსაზღვრელია არა ადამიანის სოციალური სტატუსი, წოდება, ოჯახური მდგომარეობა ან ნებისმიერი სხვა როლი, არამედ მისი სულიერი მოთხოვნილებები. ეს მიმართულება მოიცავს ადამიანის ურთიერთობას საკუთარ თავთან, ბუნებასთან, კოსმოსთან. ამ სფეროს მიეკუთვნება ასევე შემოქმედებით ენერგიასთან, ნიჭის აღმოჩენასა და მის რეალიზაციასთან, სექსუალურ ენერგიასთან დაკავშირებული საკითხები.

შეავსეთ თქვენ მიერ ჩახაზული წრის გრაფები თქვენი სურვილებით. დასახელებული სფეროების მიხედვით ბალანსის დაცვა აუცილებელი არ არის. შეიძლება თქვენი სურვილების უმეტესობა პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს, ან პირიქით − შესაძლოა თქვენს წრეში მთელი ყურადღება პიროვნული განვითარების სფეროს ან ურთიერთობების თემას დაეთმოს. ამ დაკვირვების გაკეთებაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელსაც საკუთარი თავის შესახებ შეიტყობთ. თქვენი სურვილების შინაარსისა და სიმრავლის მიხედვით უკეთ გამოჩნდება ცხოვრებისეული განვითარების რომელ ეტაპზე ხართ და რა სახის გამოწვევებს უსწორებთ თვალს. მას შემდეგ, რაც რვანაჭრიან წრეს შეავსებთ, შეხედეთ მას მთლიანობაში, როგორც ერთ სისტემას, დიდ სურათს და საკუთარ თავთან გულწრფელად აღიარეთ, რომელია ამ სურვილებიდან ის, რომლის რეალიზაციაც ავტომატურად გაზრდის თქვენს მოტივაციასა და სასიცოცხლო ენერგიას დანარჩენი მიზნების სრულყოფისთვის. რასაკვირველია, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რაციონალური აზროვნების პროცესის გამოყენებითაც შეიძლება. თუ მაგალითად, ადამიანს სამსახურში ხელფასის მომატება სურს, მან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა იზრუნოს. ეს მარტივი ლოგიკაა. მაგრამ წინასაახალწლოდ შესაძლოა სცადოთ და რაციონალური აზროვნების ნაცვლად, თქვენს გულს დაუთმოთ არჩევანის უფლება. მიენდეთ სხეულს და ის უტყუარ მინიშნებას მოგცემთ იმის თაობაზე, თუ სადაა თქვენი ენერგიის ცენტრი და ამ სურვილებიდან რომლის შესრულებით უნდა დაიწყოთ საკუთარი თავგადასავალი. ასეთ შემთხვევაში, იმავე მიზნების არსებობისას, როგორებიცაა სამსახურებრივი დაწინაურება და კვალიფიკაციის ამაღლება, შესაძლოა თქვენმა გულმა არჩევანი ცეკვის კლასში ჩაწერაზე შეაჩეროს. ყოველთვის თუ არა, წინასაახალწლოდ მაინც სცადეთ ასეთი მიდგომა: ახალი წლის ბოლოს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი გული ყველაზე უღალატო კომპასია. ამ აღმოჩენით თქვენ ერთი ნაბიჯით წინ ხართ. ეს პატარა ნაბიჯი არ გეგონოთ. ეს დიდი ნაბიჯია. სტანდარტული და რაციონალური აზროვნების მოდელიდან გადახვევა პატერნის შეცვლას გულისხმობს. ჯაზის ენაზე თუ ვიტყვით, ამ მომენტს ჯონ კოლტრეინის Giant Steps შეეფერება. და მაინც, თუ ისეთი თვითკრიტიკული ხართ, რომ ეს ნაბიჯი დიდ ნაბიჯად არ მიგაჩნიათ, მაშინ გაიხსენეთ, რომ ყველა დიდი მოგზაურობა პატარა ნაბიჯებით იწყება.

შეათბეთ გლინტვაინი. ჩართეთ სადღესასწაულო მუსიკა. მოკალათდით ბუხარსა და ნაძვის ხეს შორის. შეხედეთ თქვენი სურვილების მანდალას. ჩააცქერდით თქვენი გულის მიერ არჩეულ სურვილს, დახუჭეთ თვალები და ჩაიძირეთ სასურველ წარმოსახვაში. სწორედ ამ ჯადოსნური სურვილის ჩაფიქრებით შეხვდით ახალ წელს. გულის სიღრმეში დამალული სურვილების აღმოჩენაა ის საიდუმლო ძალა, რომელიც ყველა დაბრკოლების გადალახვაში გვეხმარება და ცხოვრების გზას გვაკვალვინებს.

თქვენს გულში დაბადებული მიზნების ასრულებას გისურვებთ! გილოცავთ დამდეგ 2023 წელს!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი