Get All Access for $5/mo

10 პოპულარული მითი ლიდერობასა და მისი დამსხვრევის გზებზე ლიდერი ის ხდება, ვინც გადაწყვეტილებების მისაღებად და შედეგებზე პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

012, Pixabay

სულ ერთი წამით დახუჭეთ თვალები და გონებაში ლიდერი წარმოიდგინეთ. ვის ხედავთ? − პოლიტიკოსს, გენერალურ დირექტორს თუ სამხედრო ლიდერს? სრულიად ადვილი მისახვედრია, თქვენს წარმოსახვაში ასეთი სახეები რატომ ჩნდება. ლიდერებს ხომ უმეტესად გაბედულ, გონიერ, მეგობრულ და გულღია ადამიანებად წარმოიდგენენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ლიდერის გახსენებამ შესაძლოა ვიღაცას შიშის გრძნობაც კი გაუჩინოს.

ამ ხატებასთან დაკავშირებით პრობლემა ის არის, რომ ლიდერის როლში დიდი ძალაუფლების მქონე, აგრესიული პიროვნება მოიაზრება. ამ თვისებამ კი, შესაძლოა ზოგიერთ პოტენციურად ძლიერ ლიდერს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელი შეუშალოს. მეტისმეტად იოლია არასწორი წარმოდგენის შექმნა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს იდეალურ შემთხვევაში ლიდერი და როგორი − არა.

ამის გათვალისწინებით, 10 ეფექტური მითი გაიხსენეთ ლიდერობის შესახებ და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა სცადეთ, რომ პასუხისმგებლობის აღება გაცილებით ეფექტურად შეძლოთ.

1. ანტრეპრენერული ლიდერობა

როგორც ვარაუდობენ, ლიდერული თვისებები ყველა ანტრეპრენერს დაბადებიდანვე დაჰყვება. შესაძლოა სრულიად ფანტასტიური იდეა გქონდეთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის ორგანიზებას, მართვას და განვითარებასაც შეძლებთ, თუნდაც ეს მულტიმილიონდოლარიანი ბიზნესი იყოს.

საკუთარი ბიზნესის დამფუძნებელიც რომ იყოთ, არ უნდა იფიქროთ, რომ მას აუცილებლად თქვენ უნდა უხელმძღვანელოთ. ლიდერობა მხოლოდ სამუშაოს აღწერილობა არ არის − ხედვაა და ამ საქმეში სხვების ჩართვისა და მათი ნიჭის განვითარების, მოსმენისა და გავლენის მოხდენის უნარია. ყველა ის თვისებაა, რომელიც დაქირავებულ გენერალურ დირექტორს უნდა ჰქონდეს. სწორედ ასეთს ეძებდა ყველგან LinkedIn და მონახა კიდეც ჯეფ უაინერის სახით.

თუ საკუთარ პერსონაში ლიდერის ძლიერი თვისებების აღმოჩენა გიჭირთ, სჯობს თავდაპირველად თქვენი თავი სათანადოდ გამოსცადოთ, მართვის სადავეები კი მას გადასცეთ, ვისაც ნამდვილად აქვს ლიდერის საუკეთესო თვისებები.

2. ლიდერმა სისუსტე არ უნდა შეიმჩნიოს

შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, რომ ლიდერმა ვითარების მიუხედავად საკუთარი სიტყვა ბოლომდე უნდა გაიტანოს. თითქოს სისუსტის ნიშანია ბრალის აღიარება, გადაწყვეტილების შეცვლა ან სხვების აზრის მოსმენა. თქმა არ უნდა იმას, რომ ეს სრულიად არ შეესაბამება ჭეშმარიტებას.

ძლიერი ლიდერები საკუთარ შეცდომებს იმიტომ აღიარებენ, რომ მათი გათვალისწინებით რაღაც ახლის შესწავლა შეძლონ. ისინი კრიტიკასაც ადვილად იღებენ, თუნდაც იგი უარყოფითი იყოს. მათ ყველაფერზე მზა პასუხი არ აქვთ. საკუთარ თანამშრომლებს უსმენენ, მათზე ზრუნავენ და ასე გამოხატავენ კეთილგანწყობას.

3.დიდი ლიდერი ცივი, სასტიკი და ყოვლისშემძლეა

დარწმუნებული ვარ, ოდესმე მოგიწევდათ ყოვლისმცოდნე ლიდერთან მუშაობა. ასეთები ნამდვილად ხისტები არიან, მასშტაბურად აზროვნებენ და თავი გუნდისგან შორს უჭირავთ. ახლა ის წარმოიდგინეთ, როგორ მოახერხებთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას ასეთი ადამიანის წინაშე. წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ვერც თავისუფლად იგრძნობთ თავს, არც ისეთი ნაყოფიერი იქნებით და არც მოტივირებული. ხომ ასეა?

თანამშრომლები ისეთ ლიდერს ისურვებდნენ, რომელიც ნამდვილად ზრუნავს მათზე, პატივისცემით მოეპყრობა და თანამშრომლის აზრებსა და შეკითხვებს მოთმინებითა და კეთილგანწყობით მოისმენს. ლიდერობის ამ თვისებების გამოწრთობის საუკეთესო გზა ემოციური ინტელექტის გაზრდაა. სწორედ ემოციური ინტელექტის გაზრდა დაგეხმარებათ გახდეთ თავდაჯერებული, გულისხმიერი და უკეთესი ურთიერთობა დაამყაროთ თანამშრომლებთან. შედეგად, გუნდთან სრული ჰარმონია გექნებათ.

4. ექსტროვერტ ლიდერებს უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებენ

რა განსხვავებაა ექსტროვერტსა და ინტროვერტს შორის? ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამას პიროვნების ქცევა განსაზღვრავს სოციალურ გარემოში. ექსტროვერტები გულღია და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები არიან, ინტროვერტები კი მორიდებული და გულჩათხრობილი. თუმცა, სინამდვილეში ადამიანის ტიპს მაინც უფრო მეტად ის განსაზღვრავს, თუ როგორ გადაამუშავებს იგი ინფორმაციას.

ექსტროვერტები სირთულეების მოგვარებას მათი განსჯით ცდილობენ, რჩევისა და დახმარებისთვის სხვებს მიმართავენ. ინტროვერტები არაფერს გამოხატავენ, ნებისმიერ საკითხს მხოლოდ საკუთარ თავთან განიხილავენ. ამ ორი ტიპის ლიდერს შორის ასეთი დიდი განსხვავებაა და სრულიადაც არ არის გასაკვირი, რატომ ერგებიან უკეთ ექსტროვერტები ლიდერის როლს. ლიდერობა ხომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას ნიშნავს. ხომ ნამდვილად ასეა?

რეალობა ისეთია, რომ ლიდერობისთვის არც ყველა ექსტროვერტია დაბადებული. ბევრი წარმატებული ადამიანი, მაგალითად უორენ ბაფეტი, ბილ გეიტსი, ბარაკ ობამა და მარისა მაიერი ინტროვერტები არიან. მხოლოდ ის რომ, დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ ხართ და დიდ საზოგადოებაში თავს მშვიდად არ გრძნობთ, სულაც არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ჯეროვნად არ უნდა შეაფასოთ. შესაძლოა ნამდვილად გაქვთ ლიდერის ის აუცილებელი თვისებები, რომლებიც სხვებს ძალას მისცემს.

5. საკმარისი დრო არ გაქვთ ლიდერის თვისებების გასავითარებლად

ნებისმიერი უნარის განვითარება დროს მოითხოვს. იმის თქმა, რომ დრო არ გაქვთ, გამართლება არ არის. ყველანი სამუშაოში ვართ ჩაფლული, საერთოდ არ გვაქვს დრო. ასეა თუ ისე, ზოგიერთი ლიდერი თვისებების გაუმჯობესებას ყოველგვარი გართულების გარეშე ახერხებს.

პრობლემა სულაც არ არის ის, რომ დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია. მთავარი ის არის, რომ დროს არასწორად ანაწილებთ. მაგალითად, 30 წუთით ადრე გაღვიძება, დავალებების დახარისხება ან ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების სხვებისთვის გადაცემა დროს გამოგითავისუფლებთ. შემდეგ მას წასაკითხად, კურსებზე დასასწრებად ან მენტორთან შესახვედრად გამოიყენებთ.

6. ლიდერობა მართვის სინონიმია

კიდევ ერთი მითია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლიდერობა კარგად მართვის სინონიმია. ადეკვატური ხელმძღვანელობა ყოველთვის არ ნიშნავს კარგად ხელმძღვანელობას. ამ ორ როლს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებებია, როგორიცაა:

  • ლიდერები შორსმჭვრეტელები არიან, კონცეფციებს ქმნიან, ხელმძღვანელები კი მიზნებს სახავენ;
  • მენეჯერები არსებულ ვითარებას ინარჩუნებენ, ლიდერები კი ცვლიან;
  • ლიდერებს საკუთარი თავის გაცნობიერების უნარი აქვთ და უნიკალურები არიან, ხოლო მენეჯერები სხვებს ბაძავენ, მათ სტილს იღებენ და ირგებენ;
  • მენეჯერები რისკსა და სირთულეებს აკონტროლებენ ან თავიდან იცილებენ, მაშინ, როდესაც ლიდერები გასარისკად მზად არიან;
  • ლიდერები მთლიან სურათს ხედავენ, მენეჯერები კი მოკლევადიან მიზნებზე მუშაობენ;
  • ლიდერები ყოველდღიურად რაღაც ახალს სწავლობენ, მენეჯერები კი მხოლოდ საკუთარ ნიჭზე ამყარებენ იმედს;
  • მენეჯერები სისტემებს ქმნიან, ლიდერები კი ადამიანურ ურთიერთობებს;
  • ლიდერები ასწავლიან, მენეჯერები კი სხვებს ამოცანებს უსახავენ და

ხელმძღვანელობენ;

  • მენეჯერებს თანამშრომლები ჰყავთ, ლიდერებს კი ერთგული და

თავდადებული თაყვანისმცემლები;

თუ გუნდი გყავთ, რომელსაც მრავალი, რთული მიზანი აქვს დასახული, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რა განსხვავებაა ლიდერობასა და მართვას შორის. მხოლოდ მას შემდეგ შეძლებთ თქვენი ლიდერული ან მენეჯერული უნარების განვითარებას, როდესაც გააცნობიერებთ, რა არის თქვენთვის აუცილებელი. შეგიძლიათ იმის მოძებნაზეც იფიქროთ, ვინც იმ უნარებს შეავსებს, რომელიც თქვენ არ გაქვთ.

7. ყველა ლიდერი პირველაღმომჩენია

პირველაღმომჩენობა ცუდი სრულიადაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, პირველაღმომჩენები რისკს კარგად ითვლიან, ამბიციურნი, კონკურენტუნარიანნი და მიზანსწრაფულნი არიან. ამავე დროს, ბიზნესის დამოუკიდებელ და მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. ასეთ ძალას კი, სხვა სირთულეებთან გამკლავებაც შეუძლია.

როდესაც კლიენტებზე, ინვესტორებზე და მომხმარებელზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობთ, პრეზენტაციას ატარებთ და ზურგს არავინ გიმაგრებთ, გუნდს არავინ კრავს, ლიდერი ან მენეჯერი დაგეხმარებათ. გზამკვლევებს ნამდვილად შეუძლიათ მოქმედებისკენ უბიძგონ ადამიანებს, რომლებსაც ხედვა აქვთ. ლიდერმა ისიც იცის, თუ როდის უნდა დაიხიოს უკან. ნამდვილი ლიდერი ან მენეჯერი ნიჭსაც შეამჩნევს და გუნდთან ერთადაც იმუშავებს, რომ სხვებს საერთო მიზნისა და მისიის შესრულებისკენ უბიძგოს.

8. ჩემი გუნდი ყოველთვის სიმართლეს მეუბნება

შესაძლოა თქვენი გუნდი არ ტყუოდეს, მაგრამ თუ მძიმე ხასიათი გაქვთ და თქვენთან ურთიერთობა არც ისე ადვილია, სავარაუდოდ მხოლოდ ნახევარ სიმართლეს გაგიმხელთ. შესაძლოა ემოციურად ფეთქებადი ხართ და ამიტომ არ უნდა გაგიჭირდეთ იმის გაგება, თუ რატომ გაქვთ პრობლემები. თუ თანამშრომლები თქვენთან უსიამოვნო სიახლეების განხილვას ცდილობენ, თქვენ კი მეტისმეტად მწვავედ რეაგირებთ, რატომ უნდა მოუნდეთ მათ კიდევ ერთხელ მძიმე ვითარებაში თავის ამოყოფა?

თქვენი თანამშრომლები ბოლომდე გულახდილნი უნდა იყვნენ თქვენთან, მაგრამ თუ მათ დასჯით, განა ისინი კვლავ მოისურვებენ შეცდომის გამეორებას? სიმართლის მოსმენა ყოველთვის არ არის ადვილი, მაგრამ ამ ინფორმაციის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ გონივრული და სწორი გადაწყვეტილების მიღებას და ვერც გაზრდას შეძლებთ, როგორც ლიდერი.

თანამშრომლებს გულღიაობისკენ რომ უბიძგოთ, ემოციები უნდა აკონტროლოთ. გარდა ამისა, თითის გაშვერის, ვინმეს დადანაშაულების და თანამშრომლებისთვის მეორე შანსის მიცემის ნაცვლად, იმაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, შემდეგ რა უნდა გააკეთოთ. მშვიდად და მარტივად შეეცადეთ შეფასებებისა და კომენტარების მოსმენას. დამოუკიდებელ მხარეს დაუკვეთეთ ინტერნეტგამოკითხვის ჩატარება ან ფოკუსჯგუფების შექმნა. გუნდის წევრებს შედეგების აღარ შეეშინდებათ, როდესაც თქვენი კომპანიის პროდუქტის ან მომსახურების შესახებ გარე წყაროსგან მიღებული კრიტიკული ინფორმაცია გექნებათ, რომლის ანონიმურობაც დაცული იქნება.

9. საუკეთესო ლიდერები სახელოებსაც იკაპიწებენ და ხელების დასვრასაც არ ერიდებიან

არცთუ გამართლებული საქციელია კაბინეტში დამალვა იმის შიშით, რომ ხელები დაგესვრებათ. ყოველთვის თანამშრომლების გვერდით უნდა იდგეთ და მათთან ერთად შეასრულოთ ყველანაირი სამუშაო − ეს ყველაზე გამართლებული საქციელია. როგორც ლიდერმა, უპირველესად ისეთ ამოცანებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, როგორიც გადაწყვეტილებები, პრიორიტეტები და ანგარიშვალდებულებებია. ამოცანები, რომლებიც ლიდერის მონაწილეობას არ მოითხოვს, სხვას უნდა გადააბაროთ, რათა გონებრივად ან ფიზიკურად არ გამოიფიტოთ.

გახსოვდეთ, რომ თქვენს სამუშაოს უნდა უხელმძღვანელოთ, ხოლო სხვების სამუშაო პრიორიტეტების განსაზღვრას არც კი უნდა შეეცადოთ.

10. ლიდერი ყოველთვის უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე

დაბოლოს: სრულიად არასწორი შეხედულებაა დამკვიდრებული იმაზე, რომ ლიდერები მუდამ საბრძოლველად უნდა იყვნენ შემართულნი, წელიწადის 365 დღის, კვირის 7 დღის, 24 საათის განმავლობაში. სინამდვილეში ნებისმიერ ადამიანს, ვინც უნდა იყოს ის და რა პოსტიც უნდა ჰქონდეს დაკავებული, დასვენება ესაჭიროება. ემოციური "გადაწვის" სინდრომი გარანტირებული გაქვთ, თუ ელექტრონულ ფოსტას დასვენების დღეებსა და შვებულების დროსაც კი ამოწმებთ.

თქვენთვის აუცილებელია დრო. ყველაფერი უნდა გაიაზროთ და მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ ყურადღება. მაგალითად, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა, სპორტი ან ახალი ინფორმაციის შესწავლა. მხოლოდ ასეთი ხანმოკლე შესვენებებით შეძლებთ განტვირთვასა და სტრესის მოხსნას. შედეგად, გაცილებით ენერგიული, მიზანმიმართული და შემოქმედებითად მოაზროვნე ლიდერი გახდებით.

ინსპირაცია

ვინ არის ანტრეპრენერი?

პირველად იყო ანტრეპრენერი, და შემდეგ ... გაჩნდა შრომის დანაწილება, შეიქმნა პროფესიები და გაფართოვდა ადამიანური საქმიანობის სფერო.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია