Facebook-ს დაშლა ემუქრება? დაპირისპირება დამფუძნებელთა გუნდში
By მაიკლ კანი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენი უშიშროების დაცვის სისტემებზე გამოყოფილი ბიუჯეტი ბევრად აღემატება Twitter-ის მთელი წლის შემოსავალს", − განუცხადა Facebook-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ჟურნალისტებს.
მარკ ცუკერბერგი Facebook-ის სხვადასხვა კომპანიებად დაშლის წინააღმდეგია. აცხადებს, რომ თუ ეს კომპანია დაიშალა, მეტისმეტად გართულდება სოციალური ქსელის პრობლემების გამოსწორება, რაშიც მილიარდობით დოლარია ჩადებული.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენი უშიშროების დაცვის სისტემებზე გამოყოფილი ბიუჯეტი ბევრად აღემატება Twitter-ის მთელი წლის შემოსავალს", − განუცხადა ცუკერბერგმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს.
ეს კომენტარი მან თანამდამფუძნებლის, კრის ჰიუზის გამოსვლის პასუხად გააკეთა. სწორედ ის მოითხოვს Facebook-ის დაშლას. როგორც ჰიუზი აცხადებს, ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც Facebook-ს WhatsApp-ისა და Instagram-ის ყიდვის საშუალება მისცა, რადგან კომპანიას სოციალური ქსელის მთელ ბაზარზე კონტროლის დამყარებაში სწორედ ეს დაეხმარა.
ცუკერბერგი მის მოსაზრებას არ ეთანხმება. პრესკონფერენციაზე მან კონკურენტი პროდუქტები ჩამოთვალა − Apple's iMessage, Snapchat, YouTube, Twitter და TikTok. "მომხმარებელთა დიდი ნაწილი გზავნილების გაცვლაში ან სოციალურ ქსელებში ამ საშუალებებსაც იყენებს, თანაც თითეული საშუალოდ შვიდს ან რვას", − განაცხადა მან.
"ჩვენ გლობალური სარეკლამო ბაზრის 10 პროცენტზე ნაკლებს, ხოლო ციფრული სარეკლამო ბაზრის 20 პროცენტს ვფლობთ", − დასძინა მან, − "ცოტა არ იყოს გაზვიადებულია ის არგუმენტი, რომ დომინანტური პოზიცია გვაქვს".
მსგავსი სტატია: ნუ შეგეშინდებათ თქვენი ბაზრის გიგანტების, დაადგინეთ ვინ არის თქვენი ნამდვილი კონკურენტი
გარდა ამისა, ცუკერბერგი ირწმუნება, რომ Facebook-ის დაშლა კარგს არაფერს მოიტანს. ისეთ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, როგორიც სიძულვილის ენა და არჩევნებში ჩარევის მცდელობაა. "ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ კომპანიის დაშლა ამ ყველაფერს მოაგვარებს. პირიქით − უფრო გაართულებს", − განაცხადა მან.
ცუკერბერგმა თებერვალში დადო პირობა, რომ კომპანიის უსაფრთხოებისა და უშიშროების დაცვას 2019 წელს $3.7 მილიარდს მოახმარდა. ეს ნამდვილად მეტია $3 მილიარზე, რაც Twitter-მა 2018 წელს გამოიმუშავა. Facebook-ი ინფორმაციის მოდერატორების დაქირავებასა და ახალ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ალგორითმების დამუშავებაში იხდის ფულს, რომ შესაძლებელი გახდეს იმ პოსტების გავრცელებამდე აღმოჩენა, რომლებშიც სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და კრიმინალური ინფორმაციაა.
"სულ ათი წლის განმავლობაში კომპანიამ ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ მასობრივ დონეზე შეძლო ამ ღონისძიებების დაფინანსება", − დასძინა ცუკერბერგმა.
მსგავსი სტატია: 22 უცნაური რამ, რაც არ იცით მარკ ცუკერბერგის შესახებ
მის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მთავარმა საოპერაციო ოფიცერმა, შერილ სანდბერგმა განაცხადა, რომ ამ კომპანიის დაშლით ამერიკული კომპანიები ჩინელ კონკურენტებთან შედარებით არახელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდებიან.
"ყველა შეფიქრიანებულია, თუ როგორ გამსხვილდნენ ტექნოლოგიური კომპანიები, და რამდენად ძლიერნი არიან ისინი. შეერთებულ შტატებშიც შეშფოთებით უყურებენ, თუ რამდენად მასშტაბურნი გახდნენ ჩინური კომპანიები, და რამდენად ძლიერნი არიან ისინი. ასევე იმის გააზრებითაც, რომ ეს კომპანიები დაშლას არ აპირებენ", − განაცხადა სენდბერგმა CNBC-სთან ინტერვიუში.