Get All Access for $5/mo

ლიდერობა, როგორც მსახურება - 4 მთავარი პრინციპი თქვენი კომპანიისა და იმ სამყაროს გაუმჯობესების მარტივი გზა, რომელშიც ის არის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ბოლო ხანებში, ისე, როგორც ყველაფერი, ლიდერობის კონცეფციაც შეიცვალა და ისეთი ფორმები მიიღო, რომელსაც ჩვენი მშობლები ან ბებია-ბაბუა არ აღიარებენ. რამდენიმე ათეული წლის წინ, ყველაფერი გაცილებით მარტივი ჩანდა − თუ ბოსი იყავით, თანამშრომელთა თვალში ავტომატურად ხდებოდით ლიდერი. ახლა, ნებისმიერი ადამიანი რამდენიმე მოვალეობას ასრულებს, თანამდებობები უკვე აღარაა მკვეთრად გამიჯნული და თუ ბოსი ხართ, ავტომატურად ვეღარ ხდებით ლიდერი. ლიდერობა აღარ არის მხოლოდ ორგანიზაციის სტრუქტურის მწვერვალში კონცენტრირებული. მან ქვედა საფეხურებზე ჩამოინაცვლა.

დღეს ყველა საშუალება გვაქვს, უკეთესი ლიდერები გავხდეთ და თუ ასე არ არის, ამას არანაირი გამართლება არა აქვს. მე კიდევ უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ მხოლოდ კარგი ლიდერობაც არ კმარა. თქვენ ლიდერი-მსახური უნდა იყოთ. ეს კონცეფცია განმარტებულია, როგორც "ფილოსოფია და მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც ადამიანთა ცხოვრებას ამდიდრებს, უკეთეს ორგანიზაციებს ქმნის და საბოლოოდ გაცილებით სამართლიანსა და მზრუნველ სამყაროს აშენებს".

დაახლოებით ერთი წლის წინ მეოთხე წიგნი დავწერე − "გმირის ფაქტორი: როგორ ახერხებენ დიდი ლიდერები ორგანიზაციების გარდაქმნასა და მომგებიანი ატმოსფეროს შექმნას". მასში მენტორების პოვნაზე ვლაპარაკობ, რომლებიც მთელი თქვენი მოგზაურობისას დაგეხმარებიან და გზას გიჩვენებენ. გმირი-ლიდერი რომ გახდეთ, მათ უნდა ჰკითხოთ რჩევები, ვინც აქ თქვენზე ადრეა მოსული − მათ, ვინც აქ უკვე იყო და ეს უკვე გააკეთა, და ამას "ბრძოლებიდან შემორჩენილი ნაიარევებიც" ადასტურებს. გმირი ლიდერები მენტორებისა და ექსპერტების საზოგადოებაში ცდილობენ ყოფნას, დაინტერესებულნი არიან იმ შესაძლებლობებით, რომლებიც მათ (და სხვებსაც) სარგებელს მოუტანს. ისინი გამუდმებით იმოწმებენ პულსს და იმ პრობლემებზეც იციან პასუხები, რომლებიც შესაძლოა მათ ინდუსტრიას თან სდევდეს.

მსგავსი სტატია: 10 პოპულარული მითი ლიდერობასა და მისი დამსხვრევის გზებზე

სწორედ ეს არის ლიდერობა, როგორც მსახურება. ეს სულაც არ ნიშნავს შიკრიკივით აქეთ-იქით სირბილს, ან ზემდგომი პირების ნებისმიერ წინადადებაზე თავის დაქნევას. სინამდვილეში, ეს საკუთარი საქციელით სხვებისთვის მაგალითის მიცემა და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობის გამოჩენაა. ლიდერი-მსახური არ ნიშნავს მხოლოდ იმას, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ ორგანიზაციის გარეთ, სხვებისთვის. თქვენს ფასეულობებს უნდა ემსახუროთ, ისეთი ატმოსფერო შექმნათ, რომელიც სხვების ფასეულობებსაც გამოხატავს. გარემო, რომელიც მრავალფეროვანია და სადაც განსხვავებულ აზროვნებას მიესალმებიან. ასევე, იმის სიმამაცეც უნდა გეყოთ, რომ თქვენი მოსაზრებების დაცვა ისწავლოთ.

რა ფასეულობებზეა დამყარებული თქვენი კომპანია? გუნდში ყველამ ნათლად იცის, თუ რას ემსახურებით თქვენ, როგორც ლიდერი, და თქვენი კომპანია? Gallup-ის მონაცემებით, დასაქმებულთა მხოლოდ 27 პროცენტს სჯერა მტკიცედ თავიანთი კომპანიის ღირებულებების. თუ გვსურს, წარმატებული ლიდერები გავხდეთ, ეს მაჩვენებელი აუცილებლად უნდა გაიზარდოს. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ქვემოთ ოთხი ნაბიჯია და ყურადღებით გადახედეთ, თუ როგორ უნდა გახდეთ უკეთესი ლიდერი-მსახური.

1. წაახალისეთ განსხვავებული აზროვნება

განსხვავებულ აზროვნებაში საკმაოდ ბევრი რამ იგულისხმება, და იმაზე მეტიც, ვიდრე სქესი, რასა, ეთნიკური კუთვნილება, სექსუალობა, ან პოლიტიკური და რელიგიური რწმენა. ეს სხვაგვარად ფიქრსაც ნიშნავს. მრავალფეროვანი გუნდის არსებობა ისეთი ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს, რომლის ნაწილიც სიამოვნებით გახდებიან ადამიანები. Glassdoor-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, სამუშაოს აქტიურ მაძიებელთა 67-მა პროცენტმა განაცხადა, რომ შეთავაზებული სამუშაოების განხილვისას, მათთვის მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილი მრავალფეროვანი იყოს, ხოლო დამსაქმებელთა 57 პროცენტს სურს, გაცილებით დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს იმის დასადგენად, თუ რა არის მრავალფეროვნების პრიორიტეტები.

ლიდერი-მსახური ყველას მოუწოდებს, არასტანდარტულად იაზროვნონ და როდესაც ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლა აქვთ მიზნად დასახული, ნებისმიერი პერსპექტივა განიხილონ. საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც წესი, თანამშრომლობისა და იდეების გაცვლის შედეგად მიიღება. გადაწყვეტილების მიღება კი, მხოლოდ ერთ ადამიანზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ გუნდის თითოეულ წევრზე, რომლებიც საბოლოო შედეგზე ახდენენ გავლენას. თქვენ ყველა თანამშრომელს აძლევთ მაგიდასთან ადგილს? რატომ არ უნდა ჰქონდეს ყველას ადგილი?

2. შექმენით ნდობის ატმოსფერო

ნდობის დაბრუნება, მისი დაკარგვის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ არის. როგორ უნდა შექმნას ლიდერმა ნდობის ატმოსფერო? მან კომპანიის თანამშრომლებს ყველასთვის გასაგები ენით უნდა აუხსნას, რა არის კომპანიის მისია, რა ფასეულობებით უნდა იხელმძღვანელონ და როგორია ზოგადი მიზნები. Gallup-ის გლობალურმა მონაცემთა ბაზამ გამოავლინა, რომ სამთაგან მხოლოდ ერთი თანამშრომელი ენდობა ბოლომდე თავისი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას.

როგორ უნდა განაწყონ ხელმძღვანელებმა ნდობით თანამშრომლები? აბსოლუტურად ყველაფერში სრული სიცხადე უნდა შეიტანონ. ნებისმიერი კომუნიკაცია კონკრეტული უნდა იყოს და ზემოდან ქვემოთ, ორგანიზაციის ყველა დონეზე გავრცელდეს. არავინ გამოგყვებათ, თუ გულწრფელი არ იქნებით და არც ნათელი მიზანი გექნებათ. გულწრფელობა ნდობას წარმოშობს, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს შრომის ნაყოფიერებასთან. არ დაივიწყოთ, რომ ნდობას დამსახურება უნდა, ის არავის ეძლევა ადვილად. თქვენ უკვე დაიმსახურეთ თქვენი გუნდის ნდობა?

3. იყავით უანგარო

ეს თქვენ არ გეხებათ, არც წარსულში შეგხებიათ და არც ოდესმე მომავალში შეგეხებათ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ყველაფერს ამოქმედებენ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: სად იქნებოდით იმ ჭანჭიკების გარეშე, რომლებიც ძრავას ამოძრავებენ? ლიდერების ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა ის, რომ ისინი ფიქრობენ, მოგება და ადამიანები განსხვავებული, სრულიად სხვადასხვა ობიექტები არიან − მაშინ, როდესაც ხელიხელჩაკიდებულები უნდა დაიარებოდნენო. ერთის გარეშე მეორე არ გექნებათ და რატომ უნდა იყვნენ ისინი ცალ-ცალკე? დიდი ლიდერი-გმირები სხვის წარმატებებს უწყობენ ხელს, და ყველას აგრძნობინებენ, რამდენად ფასეულნი არიან კომპანიისთვის და რამდენად დიდი წვლილი შეაქვთ მთლიანად კომპანიის წარმატებაში. Survey Monkey-ის თანახმად, გამოკითხულთა 43 პროცენტმა განაცხადა, რომ მადლიერების გრძნობის გამოხატვა მათ მიმართ გაცილებით თავდაჯერებულებს ხდიდა. მეტიც − 78 პროცენტი მათ მიმართ მადლიერების გამოხატვის შემდეგ, ბედნიერად გრძნობდა თავს.

დიდი ლიდერები ცვლილებებს განაპირობებენ და თან სხვადასხვაგვარად, მაგრამ უანგარობაა, რაც მათ საბოლოოდ აძლევთ საშუალებას თავიანთი ბიზნესი გაზარდონ, განავითარონ და მემკვიდრეობა შექმნან, რომელიც თაობებს გადაეცემა.

4. სხვებშიც გააღვივეთ ლიდერობა

ლიდერებმა, რომლებიც აცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია კარგი გუნდის შექმნა, ისიც კარგად იციან, რომ შემდეგი თაობის ლიდერების აღზრდა აუცილებელია. ეს მენტორობაზე გაცილებით მეტს ნიშნავს თქვენს უახლოეს გარემოცვაში, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენი სამუშაო შეასრულოს. როდესაც ე.წ. "ბეიბი-ბუმერების" თაობა პენსიაზე გადის, უზომოდ მნიშვნელოვანია, რომ ლიდერებმა შემდეგი თაობა აღზარდონ, მაგრამ მათ წინაშე რთული ამოცანა დგას.

გავრცელებული აზრის მიხედვით, ლიდერების აღზრდაზე ზრუნვა არ ხდება, და ამაზე დოკუმენტებშიცაა საუბარი, რომელიც ადამიანურ რესურსებს ეხება და ამას ე.წ. "მილენიალთა" 63 პროცენტიც აცხადებს. ამან ნამდვილად უნდა დაგვაფიქროს და შეგვაშინოს, რადგან საკითხავია, ვის უნდა დარჩეს კომპანია, როდესაც ჩვენ პენსიაზე გავალთ? თუ ამ საკითხს დროულად არ მივხედავთ, პასუხი მხოლოდ ერთი იქნება − არავის!

ლიდერობის წახალისება მრავალი ფორმით ხდება, მათ შორის − ინსტრუქტაჟის გაწევა, მენტორობა და ზრდა-განვითარებაზე ზრუნვა. გამოყავით დრო, რომ სხვასაც ასწავლოთ, რაც თქვენ იცით. წაახალისეთ, ისეთი სიტყვები უთხარით, რომ ეხალისებოდეთ რაიმეს გაკეთება, და იმ შეკითხვებს უპასუხეთ, რომლებსაც ეს ახალგაზრდა ლიდერები დაგისვამენ. დიდ ლიდერებს სხვებისთვისაც შეუძლიათ დროის დათმობა. დიდ ლიდერებს ადამიანთა განსხვავებული ჯგუფის შექმნა შეუძლიათ საზოგადოების ყველა ფენიდან. ფაქტობრივად, ასეთ მრავალფეროვან ორგანიზაციებში 1.7-ჯერ უფრო მეტი ინოვაციური ლიდერი ჩნდება.

მსგავსი სტატია: ლიდერი უნდა იყოს ...

ლიდერი-მსახურები გაცილებით მეტს სთხოვენ საკუთარ თავს, და მეტ დროს უთმობენ სხვებს, და არა იმიტომ, რომ ვალდებულები არიან. უბრალოდ, ასე სურთ. ლიდერი მსახურები გულწრფელები არიან, პატიოსნები, და თქვენ წარმოიდგინეთ, დაუცველებიც კი. ეს ისე ჟღერს, თითქოს სისუსტე უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ლიდერად ჩამოყალიბებაში შესაძლოა ეს თვისება დაგეხმაროთ და სხვებსაც ადამიანად დაანახოს თქვენი თავი, და არა მხოლოდ ადამიანად, რომელიც ჩეკებს აწერს ხელს.