Get All Access for $5/mo

"სწორების ფაქტორი": მართეთ აწმყო, მაგრამ მომავალზე გაამახვილეთ ყურადღება თუ კომპანიების ლიდერები მთელ თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს სტრატეგიული პროექტების რეალიზაციაზე არ მიმართავენ, ამას სხვა არავინ გააკეთებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ნებისმიერი კომპანია ადევნებს თვალყურს თავის ციფრებს. იმედი აქვს, რომ ეს კვარტალური და ყოველთვიური ციფრები ბიუჯეტთან და წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით უკეთესი იქნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყოველ კვარტალში მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. მოკლევადიანი (ანუ ახლანდელი) მიზნების შეუსრულების გამო დამსჯელი ღონისძიებების გატარებამ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორგანიზაციაზე, ხელმძღვანელობას მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგოს და მას გრძელვადიანი (ანუ სამომავლო) ჯანმრთელობა შესწირონ მსხვერპლად.

იდეალურ შემთხვევაში, მრავალდონიან ორგანიზაციებში ოპერაციებზე პასუხისმგებლობა ქვედა დონეებზე უნდა გადანაწილდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ აწმყოზე ყურადღების გამახვილება დაბალ საფეხურებს უნდა გადაეცეს. მენეჯმენტის მაღალმა საფეხურებმა კი, ქვედა დონეზე არ უნდა დახარჯონ დრო. მიკრომენეჯმენტი არ იძლევა არსებული შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას და კონტრპროდუქტიულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თუ ყველა აწმყოს შეჰყურებს, მომავალზე ვინღა უნდა იზრუნოს?

მომავალზე გაამახვილეთ ყურადღება

როდესაც ვამბობთ "ყურადღების გამახვილება მომავალზე", დროის გამოყოფას ვგულისხმობთ კომპანიის მომავლის დასახვისთვის. ამასთან, არა მხოლოდ მომდევნო კვარტლის ან მომავალი წლისთვის, არამედ შემდგომ პერიოდშიც. თუ თქვენმა კომპანიამ უკვე გადადგა ნაბიჯები მისიისა და ხედვის დასადგენად, ეს ფაქტი უნდა მოექცეს გუნდის ყურადღების ცენტრში. თუ ჯერ კიდევ არ გიმუშავიათ ამ საკითხზე, ჩვენს სტატიას გადახედეთ, აქ გაეცნობით როგორ უნდა ჩართოთ მთელი გუნდი საერთო მისიისა და ხედვის ჩამოყალიბების პროცესში. მთელი ყურადღების მომავალზე გამახვილება სტრატეგიებისა და სტრატეგიული ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებას გულისხმობს. ეს კი თქვენი მიზნების მიღწევისკენ გაგიკვალავთ გზას. სტრატეგიების შემუშავება მთელი რიგი პროცესების შედეგია. იგი ფუნდამენტურ ანალიზს გულისხმობს, რომელიც ბაზრის ტენდენციების დამაჯერებელ მონაცემებზე, არსებულ თუ ახალ პროდუქტებსა და მომსახურებებზე მოთხოვნის პროგნოზირებაზე იქნება დამყარებული, ისე, როგორც მრავალ სხვა ფაქტორზე. მათ შორის, ტექნოლოგიაზე, ეკონომიკასა და სოციალურ პირობებზე.

ვინ არის თქვენს ორგანიზაციაში ორიენტირებული მომავალზე? − სავარაუდოდ, აღმასრულებელი დირექტორი ან კომპანიის მფლობელი/ანტრეპრენერი. ეს შესანიშნავია, მაგრამ საკმარისი არ არის. მართალია, ყველა ერთნაირად არ იქნება ჩართული ამ პროცესში, მაგრამ სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში მენეჯმენტის მთელი გუნდი უნდა მონაწილეობდეს. ბევრ ორგანიზაციაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხელმძღვანელობა ყოველდღიურ ოპერაციებში და "ხანძრების ჩაქრობაშიც" კი მთლიანადაა ჩაფლული. ხშირად, მათ ისეთი ზემოქმედება აქვთ და ისე სთხოვენ სათანადო ციფრების მიღებას, რომ მომავალზე ყურადღების გასამახვილებლად არც დრო რჩებათ და არც ენერგია.

აწმყოზე გაამახვილეთ ყურადღება

აწმყოზე ფოკუსირება მთელი თქვენი ენერგიის გაღებას ნიშნავს კომპანიის ყოველდღიური საქმიანობისთვის. შეკვეთები გარანტირებულიც უნდა იყოს, დამუშავებულიც და გაგზავნილიც, და ეს საქმიანობა ფინანსებზეც უნდა აისახოს. ყველაფერი ეფექტურად რომ შეასრულოთ, კომპანიის პროცესებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რომლებიც თქვენს ფასეულ წინადადებას რეალობად აქცევენ. თქვენმა "ფრონტის წინა ხაზზე მყოფმა" რესურსებმა ამ ამოცანებისთვის თავის გართმევა რომ შეძლოს, თავადვე უნდა დაეხმაროთ, მოამზადოთ კიდეც და სათანადო ტექნოლოგიებიც უნდა მიაწოდოთ.

გზამკვლევი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც აწმყო მომავლის წინააღმდეგია

იმ ორი თვალსაზრისის გარკვევაში, რომელსაც ჩვენ გირჩევთ, მარტივი ვიზუალური გზამკვლევი დაგეხმარებათ. ეს არ არის ზუსტი სახელმძღვანელო, მხოლოდ კონცეპტუალური ჩარჩოა. ორი სამკუთხედი წარმოიდგინეთ ერთმანეთის გვერდით, მათგან ერთი − ამოტრიალებული, როგორც ეს ქვემოთ არის ნაჩვენები. დავუშვათ, პირველი სამკუთხედი აწმყოა, ხოლო მეორე − მომავალი. დავუშვათ, რომ აღმასრულებელი დირექტორი ზედა ნაწილშია, ხოლო ორგანიზაციის ფრონტის წინა ხაზის თანამშრომლები − ქვედა ნაწილში არიან თავმოყრილნი.

თუ თქვენი ბიზნესის ეფექტიანობის საკვანძო მაჩვენებლების (KPI) ჩამონათვალს შეადგენთ და თითოეულზე პასუხისმგებლობას საკუთარი ორგანიზაციის ყველაზე დაბალ შესაბამის დონეს მიანიჭებთ, ისინი პირველ სამკუთხედს შეავსებენ. მაგალითად, გაყიდვების შემოსავლები გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლებამდე ჩამოვა, გაყიდვების პროცენტული მარჟა კი, შესაძლოა ზემოთ, შემდეგ დონეზე გადავიდეს, ხოლო საბაზრო წილი, გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლებზე ორი დონით ზემოთ იქნება. თუ წარმოებასთან დაკავშირებულ KPI-ის აიღებთ, წარმოების ერთეულები წარმოების ხაზამდე ჩამოვა, ხაზის პროცენტული ეფექტურობა შესაძლოა მომდევნო დონეზე გადავიდეს, ხოლო წუნის პროცენტულმა მაჩვენებლებმა შეიძლება წარმოების ხაზზე გადაინაცვლოს.

როდესაც KPI-ისთან დაკავშირებულ ყველა საკითხში საფუძვლიანად გაერკვევით, ნახავთ, რომ პროცესების მართვის სფეროში ლომის წილს "ფრონტის წინა ხაზის" თანამშრომლები აკონტროლებენ და თან − ყოველდღიურად. ფუძის სიგრძე აწმყოში ჩართულობის მოცულობას ასახავს.

მოდით ახლა მომავალზე გავამახვილოთ ყურადღება. შეადგინეთ სტრატეგიული პროექტების ჩამონათვალი, რომელთა რეალიზება აუცილებელია თქვენი კომპანიის სტრატეგიის გასახორციელებლად. შემდეგ, თითოეული პროექტზე პასუხისმგებლობა თქვენი ორგანიზაციის უმაღლეს, შესაბამისი დონის თანამშრომელს დააკისრეთ. ამ შემთხვევაში, მეორე სამკუთხედი შეივსება. უმაღლესი დონის თანამშრომლებზე იქნება პასუხისმგებლობის ლომის წილი იმ პროექტებზე, რომლებიც თქვენს მომავალს განსაზღვრავს. აწმყოში ჩართულობის მასშტაბი უნდა მცირდებოდეს თითოეულ დონეზე, როდესაც "ფრონტის ხაზის" თანამშრომლებისგან აღმასრულებელი დირექტორისკენ მიდიხართ, ხოლო მომავალში კი ჩართულობა უნდა იზრდებოდეს.

თუმცა, როგორც დავრწმუნდით, მრავალ ორგანიზაციაში სულ სხვაგვარი მდგომარეობაა. ბევრ დიდ კომპანიაში უმაღლესი დონის ხელმძღვანელობა დროის 80 პროცენტს დღევანდელ ოპერაციებზე ხარჯავს, რაც მომავლისთვის ძალიან ცოტა დროს უტოვებს, თუ საერთოდ უტოვებს.

მთელ სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება და თან − დაჩქარებული ტემპით. თუ მაღალი დონის ხელმძღვანელობა თავის შემოქმედებით პოტენციალს მომავლის განჭვრეტასა და სტრატეგიული პროექტების ამოქმედებაზე არ მიმართავს, ვინ გააკეთებს ამას?..

აუცილებელი პირობები წარმატების მისაღწევად

ვვარაუდობთ, რომ თქვენს კომპანიაში არსებული პროცესები მკაფიოდ არის განსაზღვრული. ამასთან ერთად, სრულიად კომპეტენტური ადამიანური რესურსები გყავთ მათ სამართავად, და ადეკვატური საინფორმაციო სისტემა გაქვთ დანერგილი გამონაკლისების შემთხვევაში რეაგირებისათვის, ანუ, თუ სამუშაოები ოპტიმალურად არ შესრულდა. ამ შემთხვევაში, მაღალ საფეხურებს ოპერაციებში ჩარევაზე უარის თქმა შეეძლებათ, გამონაკლისების გარდა, და მთელ თავიანთ ენერგიას წარმატებული მომავლის უზრუნველყოფაზე მიმართავენ. მათ მომავლის მართვას სწორი სტრატეგიები ექნებათ ხელთ და ამიტომ, აწმყოს დელეგირებას ისე მოახდენენ, რომ არც მხედველობის არედან დაკარგავენ და მის გაკონტროლებასაც შეძლებენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

ბავშვობის მეგობრების წარმატებული ბიზნესი!