Get All Access for $5/mo

ფსიქოლოგიური ზემოქმედების 5 ხერხი, რომელიც ვებგვერდზე კონვერსიას ზრდის თუ მარტივ ვებგვერდს შექმნით, თქვენს კლიენტებს შენაძენის გაკეთებისკენ უბიძგებთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Cyber Rabbit, Pixabay

ფსიქოლოგია უზარმაზარ როლს თამაშობს იმის განსაზღვრაში, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენი ვებგვერდი ვიზიტორზე. კონვერსიის კოეფიციენტზე კი, მნიშვნელოვან გავლენას ვებგვერდის დიზაინის ოპტიმიზაცია ახდენს ფსიქოლოგიისა და ნეირომარკეტინგის პრინციპების გამოყენებით.

უზომოდ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა ფსიქოლოგია დგას ადამიანის მოქმედებების უკან და როგორ მუშაობს მისი ტვინი. როგორ უნდა უბიძგოთ მათ თქვენს CRM (მოქმედებისკენ მოწოდება) ღილაკზე დააწკაპუნონ და როგორ შექმნათ გარანტია, რომ თქვენი CRM-ის კონვეიერს ახალი კლიენტები არ მოაკლდება.

დღეს უთვალავი კვლევა ტარდება იმ ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებების დასადგენად, რომლებიც თქვენი ვებსაიტის ვიზიტორებს მოქმედებაზე გადაიყვანს და კლიენტებად აქცევს. გაეცანით, რა სახის სტრატეგიები უნდა გაითვალისწინოთ საიტის დაპროექტებისას.

1. თქვენი ვებგვერდის დიზაინი ვიზიტორს ყურადღებას არ უნდა უფანტავდეს

თუ თქვენი გვერდი მარტივია და გასაგები, და ამასთან, ორიენტირებაც ადვილად ხდება, კონვერსიის შანსი იმატებს. ერთ-ერთი თეორიაც ამას ამტკიცებს − ადამიანი სავარაუდოდ მარტივი დავალების შესრულებას არჩევს რთულს, რომელსაც დიდი აზროვნება ესაჭიროება.

ჩვენი ტვინი ქაოსს ებრძვის და ამიტომ მინიმალისტური დიზაინის პრინციპებს თუ გამოიყენებთ, თქვენს ვებგვერდზე ყურადღების გასაფანტი ელემენტები არ იქნება. ინფორმაციის მოსახერხებელი სახით განლაგებისას, ვებგვერდის ვიზიტორები ადვილად შეძლებენ ნავიგაციას და არც უამრავი ინფორმაცია აუბნევთ თავგზას.

მარტივ დიზაინს ორი უპირატესობა აქვს: პირველი − ვიზიტორი მშვიდად გადაავლებს თვალს ინფორმაციას და ვებგვერდს არ დატოვებს იმის გამო, რომ მეტისმეტად გადატვირთულია; მეორე − მის ყურადღებას იქით მიმართავს, სადაც საჭიროა და ამ გზით კონვერსიის შანსს გაზრდის.

2. ნაკლები ვარიანტები გამოიყენეთ

ჰიკის კანონი ღაღადებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი დრო შესაძლო ვარიანტების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. ადამიანს აზროვნება უჭირს, როდესაც დიდი არჩევანი აქვს. როდესაც მეტისმეტად ბევრს სთავაზობენ, გონება იმდენად ეტვირთება, რომ გადაწყვეტილების მიღების უნარს კარგავს.

ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, რომლის სახელწოდებაცაა "არჩევანის პარადოქსი", ვარიანტების დიდი ოდენობა ვიზიტორთა რაოდენობას ზრდის, მაგრამ ამ დროს კონვერსიის ან შეძენის გადაწყვეტილება დაბალი რჩება. მეორე მხრივ, როდესაც არჩევანი ნაკლებია, მართალია იმ ვიზიტორების რაოდენობა იკლებს, რომლებიც საიტზე რჩებიან, მაგრამ ფაქტობრივი კონვერსიები იზრდება.

გახსოვდეთ, რომ თქვენს ვებგვერდს სრულიად მარტივი და ადვილად სამართავი CTA-ღილაკი უნდა ჰქონდეს, ხოლო სფეროებს, რომლებშიც ვარიანტებს სთავაზობთ თქვენს ვიზიტორებს (მაგალითად, შეკვეთის გასაფორმებელი გვერდი ან ფასთა ფურცელი), − არც თუ დიდი არჩევანი.

3. შეუქმენით განწყობა, რომ სასწრაფოდ უნდა შეიძინონ

საგანგებო ვითარებები როგორც წესი მოქმედებისკენ გვიბიძგებს. იგი რაღაცის დაკარგვის შიშის შეგრძნებას იწვევს, რომელიც "შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიშის" სახელით არის ცნობილი. ამ ეფექტური ტექნიკის ზომიერად გამოყენება, ბრწყინვალე შეთავაზებათან ერთად, ვიზიტორებს მოქმედებისკენ უბიძგებს და კონვერსიას ზრდის.

თქვენს ვებგვერდზე დეფიციტის დემონსტრირება შესანიშნავი საშუალებაა ვიზიტორებისთვის იმ განწყობის შესაქმნელად, რომ პროდუქტი სასწრაფოდ უნდა შეიძინონ. მათ გარკვეული, შეზღუდული დროით რაიმე ღირებული შესთავაზეთ. მაგალითად, უფასო ელექტრონული წიგნები ან სწავლების ელექტრონული უფასო კურსები. თქვენი პოტენციური კლიენტები შენაძენს გააკეთებენ და გვერდიდან არ გავლენ იმ იმედით, ამას მოგვიანებით მოვუბრუნდებიო.

4. წინააღმდეგობებს ნუ შეუქმნით

თქვენი ვებსაიტის დიზაინი მარტივი და ადვილად გასაგები უნდა იყოს და არც ნავიგაციის სირთულეა საჭირო. ამას შეძლებთ, თუ საიტის დიზაინი და სხვადასხვა ელემენტის განლაგება "ძველი გამოცდილების კანონის" შესაბამისი იქნება. ჩვენი წინა გამოცდილებები ახლანდელის ინტერპრეტაციაზე ახდენს გავლენას. ვიზიტორს ყურადღებას უკვე დაფიქსირებული გამოცდილებიდან ნებისმიერი გადახრა უფანტავს.

როგორც წესი, ნებისმიერი მომხმარებელი ვებდიზაინის დათვალიერებისას ეკრანზე ინფორმაციას ლათინური ასო F-ის შესაბამისი მიმართულებით კითხულობს. ყურადღების მიპყრობის მაქსიმალური შანსი ვებგვერდის ზედა და მარცხენა საზღვრების გასწვრივ განლაგებულ ინფორმაციას აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანი ელემენტების F-ის გასწვრივ განლაგება ვიზიტორს ყველაზე მეტად გაუადვილებს გზას თქვენს საიტზე.

თქვენ სავარაუდოდ პროცესების მაქსიმალურად გამარტივება და გარანტიის მიღება გსურთ, რომ ვიზიტორი კლიენტი გახდება. ამიტომ შეკვეთის გაფორმების პროცესი შეუფერხებელი უნდა იყოს, ფორმის ოპტიმიზაციაც უნდა მოახდინოთ, ნებისმიერი ზედმეტი ნაბიჯი მოაცილოთ, რომ პოტენციურმა კლიენტებმა მხოლოდ მინიმალური ინფორმაცია შეავსონ. მომხმარებელს ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს, რომ საბოლოოდ კლიენტი გახდეს.

5. გამოიყენეთ ადამიანის ემოციები

რადგან ადამიანები ქვეცნობიერის დონეზე მუდამ სხვა ადამიანებს ეძებენ, შესაბამისი გამოსახულებების ეფექტური გამოყენება ვიზიტორებს თქვენს ბრენდთან მათ დაკავშირებაში დაეხმარება. ვიზიტორთა ყურადღება გამოსახულებებითა და ადამიანის ემოციების გამოყენებით, სასურველ მხარეს მიმართეთ.

მაგალითად, თუ პიროვნების გამოსახულება გაქვთ, რომელიც CTA-ღილაკს დასაწკაპუნებლად უყურებს, ვიზიტორის ყურადღებაც ავტომატურად იქით გადაერთვება, რადგან ქვეცნობიერად ამ გამოსახულების მზერას გაჰყვება.

მაგალითად, ბედნიერი სახეები თქვენს ვებგვერდზე ემოციურად თქვენსავე ბრენდს ეხმიანება და ვიზიტორებსაც ეხმარება შემოგიერთდნენ. მომხმარებლის სურათების გამოყენება სოციალური მტკიცებულების სახით და მასთან ერთად გამოხმაურებები შესანიშნავ ინსტრუმენტს წარმოადგენს ნდობის ჩამოსაყალიბებლად. ამასთან, ვიზიტორებსაც ბიძგს მისცემს, თქვენს ვებგვერდზე დააწკაპუნონ და კლიენტები გახდნენ.

არ არსებობს ვებსაიტის დიზაინის რაიმე ერთი ფორმულა, რომელიც თქვენს ბიზნესს კონვერსიას მოუტანს. ფსიქოლოგიის გამოყენება ადამიანის ემოციების ჩასაწვდომად და სამართავად შესანიშნავი ინსტრუმენტია. ასევე კარგია კონვერსიის მოსაზიდად. თქვენს საიტზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ამ ხერხების გამოყენება სცადეთ, მარკეტინგული კვლევა ჩაატარეთ და დაადგინეთ, თქვენი კომპანიისთვის ყველაზე უკეთესი რა იქნება.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია