Get All Access for $5/mo

დროის მენეჯმენტი სინამდვილეში დროის კარგვაა ნაცვლად ამისა გაეცანით, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი ძალისხმევა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

მენეჯმენტის პრობლემების მოგვარება თითქმის ყველას უჭირს. სამწუხაროდ, დროის მართვა უმრავლესობას რაღაც ჯადოსნურ საშუალებად მიგვაჩნია, რომელსაც ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეუძლია. მთავარია, თქვენი დრო სწორად მართოთ და ბევრად პროდუქტიული ბიზნესის მფლობელი გახდებით. ბოლოს და ბოლოს, ნორმალურ ცხოვრებასაც დაიწყებთ და ოჯახთან ერთად უფრო მეტ დროსაც გაატარებთ, ან რასაც ამდენ ხანს ვერ ახერხებდით, იმასაც მოკიდებთ ხელს. თუნდაც, საოცნებო ჰობის.

მსგავსი სტატია: პროდუქტიულობა, როგორც წარმატების ერთ-ერთი გარანტი

ყველაზე მეტად ცუდი ამბების შეტყობინება მძულს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, რომ დროის მენეჯმენტი ყველა პრობლემას ნამდვილად ვერ მოგიგვარებთ და შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო, სინამდვილეში დროის ფუჭი ფლანგვა აღმოჩნდეს. თუ დროის მენეჯმენტი თქვენს შემთხვევაში ეფექტური არ არის, ამის ნაცვლად, ეს ოთხი ვარიანტი სცადეთ.

დროის მენეჯმენტი დაძაბულ და არაპროდუქტიულ ზომბებად გვაქცევს

"ჩვენი ეპოქის მთავარი თემა, პირადი პროდუქტიულობის გაზრდის მწველი სურვილია − შეზღუდული დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, − წერს ოლივერ ბურკმანი The Guardian-ში, "თუმცა, სიმართლე ისაა, რომ მეთოდები, რომლებიც ადამიანის პირად პროდუქტიულობას უნდა ზრდიდნენ, ხშირად შესუსტების ნაცვლად, კიდევ მეტად აძლიერებენ შინაგან დაძაბულობასა და განგაშის შეგრძნებას. რაც უკეთ ახერხებთ დროის მართვას, მით ნაკლებად გრძნობთ მის არსებობას".

ბურკმანი მართალია. დროის მენეჯმენტი ინდუსტრიულ რევოლუციამდეც საკმაოდ აქტუალური პრობლემა იყო. თუმცა, ერთი საინტერესო ფაქტის აღნიშვნა მაინც აუცილებელია − დროის მართვასთან დაკავშირებული რჩევები მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. ერთი ცვლილება კი ნამდვილად მოხდა, და თან საკმაოდ მნიშვნელოვანი − ადამიანების მუშაობის სტილი შეიცვალა. მაგალითად, შესაძლოა, საპირისპირო შედეგიც კი გამოიღოს რჩევამ, რომ ადრე უნდა გაიღვიძოთ (იმ დროს, როდესაც ისედაც ადრე იღვიძებთ); ან რომ თქვენი ოფისის კარი უნდა დახუროთ, რომ ყურადღება არაფერმა გაგიფანტოთ. ეს პატარა ინფორმაციები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგეხმარებათ, თუ ბუნებით დილის ადამიანი ხართ ან ოფისი გაქვთ.

მთავარი ისაა, რომ როგორც კი დროის მენეჯმენტის საკითხების განხილვა იწყება, მუდამ ერთსა და იმავე რჩევებს ვიღებთ. კიდევ უფრო ცუდია ერთი დამკვიდრებული შეხედულება. კერძოდ, მიჩნეულია, რომ დროის მართვის ერთიანი სტრატეგია არსებობს და ამიტომ, ბრმად მივდევთ მის მართვასთან დაკავშირებულ რჩევებს, რომლებიც ყოველთვის არ არის ეფექტური. ეს კი სტრესსა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს.

როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება? საკუთარი სამუშაო სტილი შეიმუშავეთ

კარსონ ტეიტი, ავტორი წიგნისა "მარტივად იმუშავეთ", გირჩევთ, პროდუქტიულობის საკუთარი სტილი იპოვოთ და ამის შემდეგ უკვე მოახერხებთ მუშაობის სტილის მოწესრიგებას და შესაბამისი ინსტრუმენტების მოძებნას. ტეიტის თქმით, ძირითადად, ოთხი მთავარი სტილის მქონე ადამიანები არსებობენ:

  • პრიორიტეტების დამდგენები. მათ მოვლენების ანალიზი და განხილვა სურთ, თუმცა მხოლოდ ფაქტების გათვალისწინებით. ისინი მიზანზე ორიენტირებულნი, თანმიმდევრულები და გაბედულები არიან;
  • დამგეგმავები. მათ დეტალებზე მოსწონთ ყურადღების გამახვილება, და ამასთან ერთად, გრაფიკსა და მოქმედების გეგმებზე;
  • ორგანიზატორები. მათ სურთ, ყველა აფასებდეთ და უყვართ, როდესაც აღიარებენ. მათ შეკითხვებისა და მოსაზრებების განხილვაც უყვართ;
  • ვიზუალიზაციის ოსტატები. ისინი ინოვატორები და მასშტაბურად მოაზროვნენი არიან, მაგრამ მეტისმეტად ბევრი დეტალი არ მოსწონთ.

დროის მენეჯმენტი არაჰუმანურია

"დროის მენეჯმენტი შესაძლოა მანქანისთვის იყოს შესანიშნავი სისტემა, მაგრამ ჩვენთვის, ემოციებზე დამოკიდებული ცოცხალი არსებებისთვის, სხვაგვარადაა. ამ შემთხვევაში, ჩვენი ენერგეტიკული დონის გათვალისწინება აუცილებელია", − წერს მაიო ოშინი, − "პლუს, ყოველ ახალ არჩევანთან ერთად, რომელსაც დღის განმავლობაში ვაკეთებთ, ჩვენი ნებისყოფა და თვითკონტროლი სუსტდება.

ნებისყოფის ან თვითკონტროლის შესუსტება სხვადასხვა არჩევანის გაკეთებისას, შესაძლოა, დროის მართვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყოს. დროის ანალიზი და ამოცანების პრიორიტეტების დადგენა "არ ითვალისწინებს იმ ემოციურ, გონებრივ და ენერგეტიკურ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანად გვაგრძნობინებს თავს", − დასძენს იგი.

როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება? დროსთან კი არა, თქვენი ენერგეტიკის დონესთან დაკავშირებული გრაფიკი შეადგინეთ

ნებისმიერ ადამიანს აქვს დღე-ღამის განმავლობაში პერიოდები, როდესაც გაცილებით მეტი ენერგია და კონცენტრაციის უკეთესი უნარი აქვს. ზოგიერთისთვის, შესაძლოა, ეს სისხამი დილა იყოს. სხვებისთვის − გვიანი დილა ან სულაც შუადღე. ეს თქვენს ულტრადიანურ რიტმთანაა დაკავშირებული, რომლებიც დღის განმავლობაში იცვლება.

ცირკადული რიტმისგან განსხვავებით, ულტრადიანური რიტმი იმას ნიშნავს, რომ ამოცანების შესრულებაზე დღის სწორ დროს უნდა ვიმუშავოთ. მაგალითად, ამ სტატიას დილით ვწერ. სიზუსტისთვის იმასაც ვიტყვი, რომ დაახლოებით 9 საათიდან დავიწყე. მიზეზი რა არის? ამ დროს მაქვს ყველაზე მეტი შემოქმედებითი ენერგია, მაგრამ სადილის შემდეგ, დროებითი სიმშვიდის ხანა დგება და მთელ დროსა და ენერგიას იმ ამოცანებს ან ღონისძიებებს ვუთმობ, რომლებიც ნაკლებ აზროვნებას მოითხოვს. მაგალითად, სატელეფონო კონფერენცია, ელექტრონული ფოსტით მოსულ წერილებზე პასუხის გაცემა ან სხვა შედარებით მსუბუქი სამუშაოების შესრულება.

თუმცა, თუნდაც დაღლილობას გრძნობდეთ, თუ ამ საშუალებებს გამოიყენებთ, ენერგიის აღდგენა დიდად აღარ გაგიჭირდებათ:

  • ღამეში როგორც წესი, შვიდ საათზე მეტი იძინეთ;
  • ნოყიერი საკვები მიირთვით და ივარჯიშეთ, რომ სისხლის მიმოქცევა გაგიაქტიურდეთ;
  • მცირე ხნით გამოეთიშეთ ყველა საქმეს, რომ ენერგიით ხელახლა დაიმუხტოთ;
  • შეამცირეთ თქვენი შემეცნებითი დატვირთვა, ნაკლები გადაწყვეტილებები მიიღეთ. მაგალითად, დამღლელი ამოცანების დელეგირება ან ავტომატიზება სცადეთ;
  • რეალური გეგმები დაისახეთ, მიუღწევლის მიღწევას ნუ შეეცდებით და თქვენს თავს მთლიანად ნუ გამოაცლით ძალ-ღონეს.

დროის მართვა პროდუქტიულობის ტოლფასი არ არის

"შრომის ნაყოფიერება − სრულიადაც არ ნიშნავს დროის მართვას. დღის განმავლობაში არცთუ ბევრი დრო გვაქვს − სულ რამდენიმე საათი, და დროის მართვაზე ყურადღების გამახვილება გვაიძულებს გავაცნობიეროთ, ამ საათებიდან რამდენს ვკარგავთ სულ ტყუილუბრალოდ", − წერს in The New York Times-ში უორტონის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ფსიქოლოგი ადამ გრანტი.

"ყურადღების მართვა უკეთესი ვარიანტია: "გამოყავით პრიორიტეტები, ის ადამიანები და პროექტები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, და არ მიაქციოთ ყურადღება, რამდენი დრო დასჭირდება თითოეულს", − განმარტავს იგი, − "ყურადღების მართვა ხელოვნებაა და საჭირო ადგილას და საჭირო დროს, მნიშვნელოვანი საქმის შესრულებაზე ყურადღების გამახვილებას გულისხმობს".

"თუ თქვენი მიზანი შრომის ნაყოფიერების გაზრდაა, საკუთარ ნებისყოფაზე უნდა დაამყაროთ იმედი. თავს უბიძგოთ, დავალება შეასრულოს", − დასძენს გრანტი და გირჩევთ, მოტივაციისთვის მეტი ყურადღება დაუთმოთ იმას, თუ რატომ გაღელვებთ ასე ძალიან ეს პროექტი და ვისთვის იქნება მომგებიანი მისი შესრულება.

თუ პრიორიტეტების დადგენაში გსურთ დახმარება, კაილა სლოანი Calendar-ში გამოქვეყნებული სტატიიდან შემდეგი იდეების გამოყენებას გთავაზობთ:

  • "დავალებების სრული სიის ჩამოწერით დაიწყეთ და შემდეგ მოაწესრიგეთ. თითოეული მნიშვნელობის მიხედვით დანომრეთ და ყველაზე გადაუდებელით დაიწყეთ", − გირჩევთ სლოანი, − "ბუნებრივია, თქვენი სიის ბოლო პუნქტები ნაკლებ აქტუალური იქნება და მეორე დღისთვისაც კი შეძლებთ გადადებას";
  • შეუძლებელია, ყველაფერმა კრიზისი გამოიწვიოს. დამთრგუნველი და გამანადგურებელი აზრები თავიდან ამოიგდეთ. თქვენს სიაში ყველა დავალება ერთი და იგივე მნიშვნელობისაც რომ იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოთ. იმით დაიწყეთ, რომლებიც პოტენციურ კრიზისს აგაცილებთ თავიდან;
  • კალენდრის აპლიკაცია გამოიყენეთ და თქვენს სიაში ყველაფრის დაგეგმვას გაცილებით მარტივად შეძლებთ; რომ დაასრულებთ, შეხსენების ფუნქციის გააქტიურება არ დაივიწყოთ, რომ შემდეგ არაფერი გამოგრჩეთ;
  • საკუთარ თავზე ნუ აიღებთ სხვის პრიორიტეტებს. თქვენს დროს გაუფრთხილდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარეთ სხვებს, თუ დრო მოგრჩებათ ან ეს დავალება თქვენს მიზნებთან მიახლოებაში დაგეხმარებათ.

უფრო მეტსა და მეტს აკეთებთ

დროის მართვით შეძლებთ იმ ტექნიკის ან ინსტრუმენტის მოძებნას, რომელიც დღის განმავლობაში მეტის მოსწრების საშუალებას მოგცემთ და საკუთარ თავს ნამდვილ გმირად იგრძნობთ. შედეგად, დამატებით სამუშაოს მიიღებთ ან დადებითად უპასუხებთ საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა შემოთავაზებას, რომელსაც დღის განმავლობაში მიიღებთ.

მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში გაგრძელდება, ამ რიტმს დიდხანს ვერ გაუძლებთ. ბოლო და ბოლოს, ბევრი სამუშაო დაგეყრებათ თავზე და მეტისმეტად გადაიღლებით.

მსგავსი სტატია: როგორ უნდა ებრძოლოთ ემოციური "გადაწვის" სინდრომს

ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება, ერთი უბრალო სიტყვაა "არა"

ნუ მოკიდებთ ხელს ახალ პროექტს, თუ სხვაზე უკვე მთელი ძალისხმევით მუშაობთ და ის მოკლე ხანში უნდა დასრულდეს, ვინმე სხვას გადაეცით. თუ შაბათ საღამოს წვეულებაზე მიდიხართ, ნუ დათანხმდებით კიდევ ერთზე, რომელიც იმავე დღეს, ორი საათით ადრე იწყება.

სრულიად ბუნებრივია, რომ არავის განაწყენება არ გსურთ, და თუ პირდაპირ და გულწრფელად აუხსნით თქვენს მდგომარეობას, ყველა გაგიგებთ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?