Get All Access for $5/mo

გარემო და გარემოება ორგანიზაციული უსაფრთხოება ჯანმრთელობაა და კეთილდღეობა, ISO 30414-ის შესაბამისად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

როდესაც ტყეში სხვა მსგავსი ჯიშის ხეებისგან განსხვავებულ, ჯანმრთელ, მაღალ, გაშლილ და ხშირფოთლოვან ხეს ვხედავთ, ვამბობთ რომ ის ძლიერი ნაყოფიდან მოდის, თუმცა ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ ის ნიუანსებიც, რომლებმაც ამ კონკრეტულ ხეს ასეთი გარემო შეუქმნა: საკმარისი სინათლე და სითბო, ნოყიერი ნიადაგი, სხვა ხეებთან მიმართებაში სწორი განლაგება, შესაფერისი ჰავა, ტყეში მძიმეწონიანი ცხოველების ნაკლებობა და მეტყევეებისათვის მიუწვდომელი ფერდობი.

დიახ, სწორედ ეს და სხვა საჭირო გარემოებები განაპირობებს ამ კონკრეტული ხის სიჯანსაღეს, თორემ დიდი ალბათობით თესლი თუ ნაყოფი ყველას მსგავსი აქვს.

ამ საინტერესო მოსაზრებას ახლახან წაკითხულ წიგნში გადავაწყდი, სადაც ავტორი წარმატების ისტორიებზე გვიამბობს (Marlcolm Gladwell, Outliers) და ვიფიქრე, რომ ამ სტატიისთვის ძალიან აქტუალური მაგალითი და დასაწყისი იქნებოდა, ვინაიდან სწორედ გარემო და გარემოებები ქმნიან (ან ვერ ქმნიან) ISO 30414 სტანდარტით დადგენილ ორგანიზაციულ უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას და სწორედ ასეთი გარემო შემდგომში დიდ როლს თამაშობს ერთეულის თუ გუნდის წარმატებაში.

სტრატეგიული HR-აუდიტის დროს კომპანიის საქმიანობის მიხედვით ვადგენთ, არის თუ არა დანერგილი ISO 45001 შრომის უსაფრთხოების სტანდარტი, ხორციელდება თუ არა გეგმური აუდიტი. ხშირად ეს პროცესი აუთსორსზეა გატანილი და პერიოდულობით მიმდინარეობს სამუშაო გარემოს შემოწმება და მონიტორინგი. შესაბამისად, ვინტერესდებით აღნიშნული მომსახურების ხარისხით. გარდა ამისა, ვიკვლევთ, დაზღვევის როგორი პაკეტითა და პირობებით სარგებლობენ თანამშრომლები, როგორ ხდება ანაზღაურება, არსებობს თუ არა სხვა ბენეფიტები თანამშრომლების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ამასთანავე, ვაგროვებთ მონაცემებს თანამშრომელთა ბიულეტენზე გასვლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არგამოცხადების თუ day-off-ის აღების მიზეზს, სიხშირესა და საერთო რაოდენობას, და ვიკვლევთ რომელი კატეგორიის თანამშრომლები არიან ძირითადად ამ მონაცემებში წარმოდგენილი.

ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც დირექტორმა სიამაყით შემათვალიერებინა საკუთარი "ჰექტარი" სამუშაო კაბინეტი და სტუმრების მისაღები შეხვედრების ოთახი, გასასვლელში, 4 კვადრატული უფანჯრო ოთახიდან მოლარის ორმა დიდმა გაწითლებულმა თვალებმა გამაცილეს.

საქართველოში 2022 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის ფატალური 35 და არაფატალური 360 ფაქტი დაფიქსირდა.

აქვე ჩანართი ISO 30414 სტანდარტიდან:

"ორგანიზაციული ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კვლევა გვაწვდის ინფორმაციას კომპანიის მიერ გაწეული ინვესტიციების შესახებ და გვაჩვენებს, არის თუ არა სამუშაო ძალის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა პრიორიტეტი. ორგანიზაციებმა უნდა იზრუნონ დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, ვინაიდან ამას გავლენა აქვს არა მხოლოდ ინდივიდზე, არამედ მთლიან ორგანიზაციასა და ფართო საზოგადოებაზე".

თუ ახლა აზრმა გაგიელვათ − "ხელფასს ვუხდი და თავს მიხედონ", გარდა იმისა, რომ უბრალოდ უადგილოა, ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ჩემი რიგით მესამე სტატია არ გაქვთ წაკითხული და უკვე ძალიან არასწორია!

ამიტომ დავუბრუნდეთ ისევ ამ კონკრეტულ მიმართულებას. რას ვითვლით და რატომ ვითვლით ადამიანური კაპიტალის ანგარიშგებისას ორგანიზაციულ უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას? და რა გავლენა აქვს მიღებულ შედეგებს (ინდექსს) ბიზნესის საქმიანობასა და წარმატებაზე?

ეს შეკითხვა ან მოსდის თავში ზოგ ხელმძღვანელს, ან ახლა დავაძალე ამაზე ფიქრი... თუმცა მოდით რამდენიმე წუთით ამ ხელმძღვანელის ფეხსაცმელი ჩავიცვათ (ვიცი, გვიჭერს და ძველია, მაგრამ დროებით), მისი სამუშაო გარემო გავიაროთ, არსებული გარემოებები შევათვალიეროთ და ასე, ჩვენით მივიდეთ ამ შეკითხვის პასუხამდეც.

ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში პროდუქტიული და ბედნიერი თანამშრომელი ვერ იარსებებს. მხოლოდ შესაძლო საფრთხის შიშიც კი საკმარისია იმისათვის, რათა თანამშრომელი მენტალურად არასტაბილური, არაჯანსაღი და სუსტი გახდეს (სწორედ ამიტომ, აუდიტის დროს ასევე ვახორციელებთ თანამშრომელთა გამოკითხვას და ვადგენთ სტრესის, შფოთვის დონესა, ასევე, გარემოს მიმართ მათ დამოკიდებულებას).

არახელსაყრელი გარემოებების გამო შექმნილ არაჯანსაღ გარემოში დაავადებული თანამშრომელი არა მხოლოდ ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, არამედ ამძაფრებს ნეგატიურ განცდას გუნდში (შიში, მისი საქმის შესრულებით შექმნილი სტრესი და ა.შ.), დამატებით საზრუნავს უჩენს ოჯახს/სამეგობროს და შესაბამისად, გავლენა აქვს მისი გარემოცვის პროდუქტიულობაზე.

გარდა ამისა, ძნელი დასაჯერებელია, თუკი ვინმე სიამოვნებით დასაქმდება იმ კომპანიაში, რომლის სამშენებლო ობიექტიდან უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ფატალურად დასრულდა უბედური შემთხვევა.

ორგანიზაციული უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ანგარიშსწორებისას ვითვლით:

  1. სამუშაოსთან დაკავშირებული დაზიანებების, უბედური შემთხვევებისა და დაავადებების გამო დაკარგულს დროს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 4%-ს შეადგენს სამუშაო უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები. იმის გამო, რომ პრაქტიკაში ძალიან რთულია ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯის შეგროვება, უნდა გავზომოთ დაზიანებების გამო დაკარგული დრო. ანუ დრო, რომელიც დაიხარჯა დაზიანების აღდგენაზე, ინვალიდობის პერიოდზე ან სამუშაოდან ერთი დღე/ცვლა ან მეტი დროით გათავისუფლებაზე;
  2. სამუშაოს შესრულებისას მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა (ფატალური და არაფატალური);
  3. თანამშრომელთა პროცენტი, რომლებმაც გაიარეს შრომის უსაფრთხოების ტრენინგი.

მხოლოდ დათვლა რომ სიტუაციას არ გამოასწორებს, ამაზე მეექვსე სტატიაში, ვფიქრობ, აღარ უნდა ვისაუბრო. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დათვლის შედეგად მიღებული ინფორმაცია გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და ვიდრე თანამშრომელს დავაბრალებთ საქმის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, დავრწმუნდეთ, ამ საქმის განსახორციელებლად ამ ჩვენს ძლივს მოძიებულ, აყვანილ და გადამზადებულ თანამშრომელს ხომ არ უწევს დაზიანებული და ამორტიზებული დანადგარით უხელთათმანოდ რკინის მილების გადაჭრა...

იმედი მაქვს, ფეხსაცმელმა ძალიან მოგიჭირათ... შეგიძლიათ გაიხადოთ და გადააგდოთ, რადგან ასეთი ფეხსაცმელებით შორს ვერ წახვალთ.

ISO 30414 დანერგვის ექსპერტი
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს