Get All Access for $5/mo

რატომ გვეძინება პრეზენტაციებზე და ვფხიზლდებით ზღაპრებზე? როგორ გავხადოთ პრეზენტაციები საინტერესოდ მოსასმენი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Shutterstock

დღევანდელ, სწრაფად ცვალებად სამყაროში მუდმივად ვეძებთ მიგნებებს, რომლებიც განვითარებაში დაგვეხმარება. პრეზენტაციები ზუსტად ის სივრცეა, სადაც მიგნებების გაზიარება, შეფასება და ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი პრეზენტაციების ჩატარება შეგვეძლოს, რომელიც მსმენელებს დააინტერესებს და ჩვენი იდეებისა თუ შეთავაზებების მართებულობაში დაარწმუნებს.

შეიძლება, პრეზენტაციის მნიშვნელოვნება ამ შესავლის გარეშეც კარგად გქონდათ გააზრებული, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც თეორიაა, პრაქტიკაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა.

დიდი ინტერესით შევდივართ პრეზენტაციის მოსასმენად და კონცენტრაციის გასაძლიერებლად ხშირად ჭიქა ყავასაც კი შევიყოლებთ ხოლმე, თუმცა დაწყებიდან ძალიან მალე დაღლილობას, მოუსვენრობას ვგრძნობთ და კონცენტრაციის უნარს ვკარგავთ. ამ დროს ყავის ბოლო ყლუპებს ვსვამთ იმ იმედით, რომ კოფეინი მალე იმოქმედებს და ისევ შევძლებთ, მივყვეთ მომხსენებლის მსჯელობას, თუმცა სულ ტყუილად: მალე ძილი გვერევა და გამოსაფხიზლებლად ტელეფონში სოციალური ქსელების თვალიერებას საქმიანი იერით ვიწყებთ.

ასეთია მსმენელის "მტანჯველი" რეალობა, თუმცა პრეზენტატორის პოზიციაში ყოფნა კიდევ უფრო რთულია.

წარმოიდგინეთ, რომ შრომობთ, საინტერესო მიგნებებს აკეთებთ, ამის შესახებ პრეზენტაციას ამზადებთ და მიდიხართ გასაზიარებლად, სადაც ელით, რომ აჟიტირებული აუდიტორია ტაშს დაგიკრავთ, მაგრამ ამ დროს არავინ გისმენთ.

რატომ გვეძინება პრეზენტაციებზე, რომელიც ჩვენში ინტერესს უნდა იწვევდეს და რატომ არ გვეძინებოდა ზღაპრებზე, რომელსაც დასაძინებლად გვიკითხავდნენ?

იმიტომ, რომ ზღაპარი მარტივია და საინტერესო. პრეზენტაციები კი უამრავი ახალი ინფორმაციითაა დატვირთული, რომლის გაანალიზებაც ჩვენგან მოკლე დროში დიდ გონებრივ რესურსს მოითხოვს. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს პრეზენტაციებისთვის სახასიათო ფორმალური და მონოტონური ტონი. ბოლოს ჩვენი გონება ამდენ ახალ ინფორმაციას თუ მონოტონურობას ვეღარ უძლებს და იძინებს.

მოდი, გავიხსენოთ, რა იყო ზღაპრებში ისეთი, რაც მის მოსმენას ასე სასიამოვნოს ხდიდა. ხშირად იგი იმდენჯერ გვქონდა მოსმენილი, რომ კითხვის უცოდინრობის მიუხედავად, ყველა წერტილ-მძიმე ზეპირად ვიცოდით და მშობლებს შეცდომებსაც კი ვუსწორებდით, თუმცა ყოველ ჯერზე ზღაპრის უკვე მრავალჯერ განცდილ თავგადასავალში მაინც მთელი არსებით ვეშვებოდით.

შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ზღაპარი ზუსტად იმისთვისაა, რომ ალტერნატიულ რეალობაში გადაგისროლოს და საერთოდ რა შუაშია ეს ბავშვური ინფანტილურობა პრეზენტაციებთან, სადაც საქმე ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ეხება. სინამდვილეში, პრეზენტაციებს ყველა ის მთავარი კომპონენტი აქვს, რაც ზღაპრებს ჩვენთვის ასე საინტერესოს ხდიდა. შეგვიძლია, ამ მსგავსებების გამოყენებით სათქმელი ბევრად უფრო საინტერესოდ და დამაჯერებლად მივიტანოთ მსმენელამდე და საქმიანი ჩარჩოც შევინარჩუნოთ.

შეაყვარე აუდიტორიას თავი ისე, როგორც გიყვარდა შენი ზღაპრის გმირი.

პირველი, რაც ზღაპრის მოსმენის სურვილს გვიღვიძებდა, დასაწყისში გაცნობილი მთავარი გმირი იყო, რომელსაც ავტორი ისე წარმოგვიდგენდა, რომ მისდამი განსაკუთრებული კეთილგანწყობა და ემპათია გვიჩნდებოდა. ხშირად თავს მასთან ვაიგივებდით კიდეც და ზღაპრის ყველა ფათერაკს ჩვენს თავზე განვიცდიდით.

პრეზენტაციების შემთხვევაში აუდიტორიისთვის მთავარი გმირი ჩვენ ვართ პრეზენტატორის როლში. კეთილგანწყობის გარეშე რთულია, ჩვენი ნათქვამისადმი მიმღებლობა გაუჩნდეთ და ჩვენი რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედონ.

თქვენს თავს მათი მხრიდანაც შეხედეთ: მსმენელები გარკვეულწილად ადაპტირებულნი არიან რეალობასთან, თქვენ კი მიდიხართ და მათ ყოველდღიურობაზე თქვენს მოსაზრებებს/მიგნებებს უზიარებთ, თან თქვენს ყველა სიტყვაში იგრძნობა, როგორ გინდათ, რომ დაგიჯერონ, გენდონ და თქვენს ნათქვამზე დაყრდნობით საკუთარ ყოველდღიურობაში ცვლილებები შეიტანონ.

ადამიანებს კი ცვლილებები არ გვიყვარს და მათ მიმართაც არაკეთილგანწყობილნი ვართ, ვინც ამ ცვლილებს გვახვევს თავს.

თუ გვინდა, რომ სხვები ცვლილებებზე დავიყოლიოთ, პირველი და უმთავრესი ისაა, რომ მათი მეგობრული განწყობა მოვიპოვოთ. ეს კი არც ისე რთულია. მთავარია, ჩვენს ყოველ მოქმედებაში იგრძნობოდეს გულწრფელობა, კეთილგანწყობა, მზაობა, რომ მათთვის ღირებული რამ გავაკეთოთ. ასევე საჭიროა, ღიად ვლაპარაკობდეთ ჩვენ მიერ შეთავაზებული ცვლილებების თანმდევ რისკებსა და უარყოფით მხარეებზე. შევძლოთ, რომ აღგვიქვან, როგორც ნეიტრალური და მოუკერძოებელი პირი, რომელიც ცდილობს, წინსვლისთვის ოპტიმალური გზა მსმენელთან ერთად იპოვოს.

შექმენი შენი მონაცემებისგან ამბავი, რომელსაც ზღაპარივით ინტერესით მოისმენენ.

ხშირად მთავარ შეცდომას მაშინ ვუშვებთ, როცა სიმარტივეს გავურბივართ. გვგონია, რომ ბევრი და კომპლექსური ინფორმაციის გაზიარებით სათქმელს დამაჯერებლობას შევმატებთ. ამიტომ, ვცდილობთ ჩვენი მიგნებები, რაც შეიძლება მეტი დეტალიზაციით და სერიოზულობით წარვადგინოთ. არადა, ზუსტად ეს დეტალები და სერიოზულობაა, ჩვენს მსმენელს იავნანასავით რომ ჩაესმის და ძილს გვრის.

თუკი იგივე სათქმელს ამბის სტრუქტურას მივცემთ, შეგვეძლება, ცვლილებებთან დაკავშირებული მიგნებები და მათი თანმდევი რისკები ისე გავუზიაროთ მსმენელს, რომ იგივე ენთუზიაზმით გამოგვყვნენ, როგორც თავის საყვარელ ზღაპრის გმირს მიყვებოდნენ დევებთან საბრძოლველად.

ზღაპრების, ფილმებისა და წიგნების უმეტესობას ამბის მსგავსი სტრუქტურა აქვს. იწყება შესავალით, სადაც მთავარი გმირის ყოველდღიურობას ვეცნობით, შემდეგ ჩნდება გარკვეული წინაღობა, ხან დევის, ხან ბუნებრივი კატასტროფის, ხანაც ბოროტი ხელმწიფის სახით, რომელიც მთავარი გმირის ყოველდღიურობას სულ უფრო აუტანელს ხდის. ამბის კულმინაციურ მომენტში იმასაც კი ვფიქრობთ, რომ ეს წინაღობა დაუძლეველია და უბრალოდ უნდა შევეგუოთ მასთან თანაცხოვრებას. თუმცა, ზუსტად ამ დროს მთავარი მოქმედი გმირი ხვდება, რა უნდა მოიმოქმედოს. როგორც წესი, ეს მიგნება რთულად განსახორციელებელია, თუმცა თუ წარმატებით განახორციელებს, წინაღობას ამარცხებს და ყოველდღიურობას გამარჯვებული და გაძლიერებული უბრუნდება.

პრეზენტაციების უმეტესობის შემთხვევაშიც ვსაუბრობთ აუდიტორიის ყოველდღიურობაზე, მათ ყოველდღიურობაში გაჩენილ პატარ-პატარა პრობლემებზე, რომლებსაც სხვადასხვა სახე შეიძლება ჰქონდეს: გაძლიერებული კონკურენტის, ეკონომიკური კრიზისის, შემცირებული მოგების ან თუნდაც უკმაყოფილო თანამშრომლების, რომლებიც ეტაპობრივად ტოვებენ გუნდს. ეს პრობლემები დღითიდღე ამცირებს მათი წინსვლის ალბათობას, თუმცა აუდიტორია მაინც არ კარგავს იმედს, რომ ვითარება დროებითია და მნიშვნელოვანი ცვლილებებისგანთავს იკავებს.

ამასობაში მივდივართ მიგნებამდე, რომელიც უსიამოვნო ყოველდღიურობის გაუმჯობესების რეალურ გზას გვანახებს, მაგრამ ცვლილების განსახორციელებლად აუდიტორიის მხარდაჭერა და ენთუზიაზმი გვჭირდება, მათ გარეშე თქვენ, ანუ პრეზენტატორი, მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელი ხართ. ერთობლივი ძალისხმევით კი შესაძლებელია, ძირეული და ძალიან ღირებული ცვლილებების განმახორციელებლები გახდეთ.

მნიშვნელოვანია, ამბავში მსმენელმა იგრძნოს, რომ მთავარი ცვლილებების განმხორციელებელი თვითონაა, რომ პრეზენტატორი უბრალოდ მენტორია, რომელიც ცდილობს, ღირებული რჩევები მისცემს მას და მზადაა, დაეხმაროს არსებული წინაღობისთვის საჭირო, რისკიანი ნაბიჯების გადადგმაში. მოქმედების გადაწყვეტილება კი მსმენელმა უნდა მიიღოს.

მონაცემების გამოსახატად შექმენით გრაფიკები, რომლებიც ისევე მარტივად აღქმადი და დასამახსოვრებელი იქნება, როგორც თქვენი ზღაპრის ილუსტრაციები იყო.

სლაიდის ან თუნდაც გრაფიკის მიზანია, ჩვენ მიერ აუდიტორიისთვის მოყოლილი ამბავი უფრო აღქმადი, დამაჯერებელი და მარტივად დასამახსოვრებელი გახდეს.

როგორც ილუსტრაციები ახდენდა ჩვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას და ვახერხებდით ზღაპრის მოსმენის პარალელურად მის აღქმასა და დამახსოვრებას, ისეთივე მარტივად აღქმადი და ჩვენს ამბავთან ჰარმონიული უნდა იყოს პრეზენტაციის სლაიდებიც.

ამისთვის შეგვიძლია, დავფიქრდეთ რა გვინდა, რომ დაამაახსოვრდეს მნახველს სლაიდით და სწორედ ის ნაწილი გამოვკვეთოთ.

ჩვენი მიზანია, მსმენელებამდე სათქმელი რაც შეიძლება მარტივად და სახალისოდ მივიტანოთ.

თუკი აქამდე ისინი ჩვენს შეხვედრებს კარგად გამოძინებულები ან ზღვა ინფორმაციით გაბრუებულები ტოვებდნენ, ბავშვობის გამოცდილების გამოყენებით, შანსი გვაქვს, ძილის ნაცვლად თავგადასავალში ვამოგზაუროთ და დავეხმაროთ, რომ ისინი ახალი ცოდნითა და გამოცდილებით უკეთეს ყოველდღიურობაში დაბრუნდნენ.

სწორედ ამბის მოსმენის შედეგად აღძრული ემოციები და არა ფაქტებად გაზიარებული მონაცემებია ის, რაც ხანგრძლივად რჩება ჩვენი მსმენელის ცნობიერებაში და მას ცვლილებებისკენ უბიძგებს.

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან