Get All Access for $5/mo

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა დანერგოთ ლოიალობის პროგრამა

By Christopher Tompkins

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბრენდები აუდიტორიასთან ურთიერთობის დასამყარებლად განუწყვეტლივ ცდილობენ ახალი გზების მოძიებას. მომხმარებლები იღებენ ამ გამოწვევებს და უფრო და უფრო სწრაფად აცხადებენ თანხმობას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ნებისმიერ კომპანიას სურს, რაც შეიძლება ახლოს იყო საკუთარ მომხმარებელთან, რაც მხოლოდ სტანდარტული მომსახურებით იშვიათად მიიღწევა. ამისათვის კი, აუცილებელია მიმზიდველი, არაორდინარული შეთავაზებები და წამახალისებელი აქტივობები.

მომხმარებელთან დაახლოების საუკეთესო გზა ლოიალობის ან დაჯილდოების პროგრამებია, რაც იზიდავს კლიენტებს, ხოლო ბრენდებს ფინანსური სიჯანსაღისა და სოციალური აქტუალურობის გარანტიას უქმნის.

მსგავსი წამახალისებელი პროგრამების გამოყენებით, თქვენი სამიზნე აუდიტორია ბედნიერად იგრძნობს თავს, გაიზრდება დაინტერესება თქვენი ბრენდის მიმართ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი მომხმარებლის მხრიდან სრულიად გაუცნობიერებლად ხდება. დაჯილდოების პროგრამების გამოყენებით, თქვენ მომხმარებელთა ჩართულობაზე ბევრად მეტს მიიღებთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი არ აგრძნობინებთ მათ, რომ "კლიენტებზე ნადირობთ".

ახლა კი გაგაცნობთ ლოიალობის პროგრამის უპირატესობებს, რაც მომხმარებელთა დროებით კმაყოფილებას ბევრად აღემატება.

ისინი გრძელვადიანი წარმატებისკენ გაგიკვალავენ გზას

სრულიად აშკარა ფაქტით დავიწყოთ: თუ მომხმარებელთა ლოიალობის აპლიკაცია გაქვთ, ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მუდმივი კლიენტების შეძენაზე ხართ ორიენტირებული. როდესაც თქვენს მარკეტინგს კონკურენტულ ელემენტს უმატებთ, მაგალითად, როგორიცაა ქულების სისტემა, მომხმარებლები, რომლებიც თქვენი ბრენდის ნაწილს შეადგენენ, უფრო ძლიერ დაუკავშირდებიან მას.

ამის სრულიად ნათელი მაგალითია Starbucks და მისი დაჯილდოების სისტემა Star Points. ამ კომპანიამ 2016 წელს გადაამუშავა ეს სისტემა, რათა კლიენტისთვის "ვარსკვლავური ქულები" ერთ შენაძენზე დახარჯული თანხის მიხედვით მიენიჭებინა. შესაძლოა, Starbucks-ის მომხმარებლებს არ სურდათ ყავის უფრო დიდ ჭიქაზე − venti-ზე გადასვლა, მაგრამ დაჯილდოების პროგრამა, საუზმეზე უფასო სენდვიჩის მოგების სანაცვლოდ, მათ ამისკენ უბიძგებდა.

თითქმის ყველას უყვარს შეჯიბრში ჩაბმა, თუნდაც ეს მხოლოდ საკუთარ ნებისყოფასთან გამართული ბრძოლა იყოს. ეს ჯილდოები უზომოდ მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შეჯიბრი იზიდავთ, და ამავე დროს, ისინი თქვენს სამომავლო გაყიდვებსაც უწყობენ ხელს ისე, რომ თქვენი მომხმარებლები ამას საერთოდ ვერ აცნობიერებენ. როდესაც მათ მხოლოდ ორი ქულა აშორებთ უფასო სენდვიჩის მოგებამდე, მათთვის ყველაზე ხელსაყრელ კაფეში მისვლის ნაცვლად, ისინი აუცილებლად თქვენს დაწესებულებაში დაბრუნდებიან.

ისინი რეფერალებით უწყობენ ხელს თქვენი ბიზნესის განვითარებას

ბიზნესის წარმატებული მართვის პირველი ეტაპი მომხმარებლებისთვის ბრძოლა და მათი შენარჩუნებაა. თქვენი ბიზნესი შეწყვეტს არსებობას, თუ კლიენტები თავიანთ ფულს არ მოგცემენ. მეორე ეტაპი არის ის, რასაც ბევრ კომპანიას სამწუხაროდ, არასოდეს გამოსდის − არსებული კლიენტების შენარჩუნება მეტი მომხმარებლის მოსაზიდად.

საქმე ის არის, რომ ლოიალობის ან დაჯილდოების აპლიკაცია უნებლიე რეფერალებად აქცევს ყველა თქვენს მომხმარებელს. დაფიქრდით ამაზე − თქვენ რას გააკეთებდით, კონკრეტულ რესტორანს, კაფეს ან თუნდაც ფეხსაცმლის მაღაზიას, რომელიც მოგწონთ, რაიმე პროგრამა რომ ჰქონდეს? სრულიად ბუნებრივია, ამის შესახებ მეგობრებს შეატყობინებდით.

აპლიკაციის საშუალებით ყველაზე ადვილია ერთმა მომხმარებელმა თქვენი ბიზნესისკენ მომართოს თავისი მეგობრები და ეფექტურად გაზარდოს თქვენი გაყიდვები. მართალია, დაჯილდოების აპლიკაცია გარიგებას არ დახურავს, მაგრამ უფრო სანდოს გაგხდით მათ თვალში და ახალ მომხმარებელს უბიძგებს დაინახოს ის, რაც ყველა მყიდველს სურს: რაღაცის უფასოდ მიღების პოტენციალი.

ყველაზე კარგი ის არის, რომ რეფერალები აბსოლუტურად უფასო რესურსია და ისინი ხშირად საუკეთესო მარკეტინგულ კამპანიაზე უკეთ მოიზიდავენ ახალ კლიენტებს, რადგან ადამიანებს ნებისმიერ რეკლამაზე მეტად სხვა ადამიანების სიტყვების სჯერათ.

თუ მათ ვინმე მიმართულებას მისცემს, ისინი თქვენთან უკვე დაინსტალირებული აპლიკაციით მოვლენ და ამასთან ერთად, თქვენს მიმართ გარკვეული ნდობა და ფულის დახარჯვის მეტი სურვილიც ექნებათ.

ისინი ფასდაუდებელ მონაცემებს მოგაწვდიან კლიენტების შესახებ

დაბოლოს, განვიხილოთ, რა რეალური ღირებულება აქვს ლოიალობის აპლიკაციის ან ნებისმიერი ტექნოლოგიური კომპონენტის დამატებას. როდესაც აპლიკაცია გაქვთ, ან ელექტრონული მისამართების სია, ან კიდევ ის იცით, თუ ვის უნდა გაუგზავნოთ ტექსტური შეტყობინებები, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელთა ფასეულ მონაცემებზე გაქვთ წვდომა, რაც დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალებას გაძლევთ თქვენი აუდიტორიის დემოგრაფიული სტრუქტურის შესახებ.

რამდენად ხშირად აქვთ საუკეთესო მომხმარებლებს კავშირი აპლიკაციასთან? რა არის ყველაზე პოპულარული ჯილდო? რამდენად ხშირად აკეთებენ შენაძენებს კონკრეტული მომხმარებლები? რა არის თქვენი ყველაზე პოპულარული პროდუქტი? რომელ პროდუქტებს ყიდულობენ თქვენი საუკეთესო მომხმარებლები? როგორია თქვენი მომხმარებელთა ბაზა ასაკის, ადგილმდებარეობისა და დასაქმების მიხედვით?

ეს შესანიშნავი მონაცემებია და აუცილებლად უნდა გქონდეთ, როდესაც თქვენი აუდიტორიის შესახებ ცდილობთ ინფორმაციის მოპოვებას. ლოიალობის აპლიკაცია კი, ამის საუკეთესო საშუალებაა. თუ კლიენტები მუდმივად ჩართულები იქნებიან, თქვენ ყოველთვის გექნებათ მონაცემები, რომელთა გამოყენებას ადვილად შეძლებთ საკუთარი კამპანიის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

ციფრული მარკეტინგი არ არის მხოლოდ თქვენს Facebook-პოსტებზე X რაოდენობის ლაიქების მიღება ან კიდევ Y რაოდენობის ელექტრონული წერილების გაგზავნა. საუბარია გარკვეული საშუალების პოვნაზე, რომლითაც ყველაზე მეტი ადამიანის ყურადღების მიპყრობას შეძლებთ. ადამიანებს თანდაყოლილი სურვილები აქვთ, რომელთა შესახებ ხშირად თვითონაც არ იციან, მაგრამ ისინი მაინც ფასდაუდებელ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ მარკეტერებისა და გამყიდველებისთვის. საუბარია ენდორფინების მოზღვავებაზე, რასაც ვიღაც მაშინ გრძნობს, როდესაც აღმოაჩენს, რომ მხოლოდ ერთი ვიზიტი დარჩა უფასო ცივი ყავის მიღებამდე. ეს შეჯიბრის სიყვარულია და თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენება. როდესაც კლიენტი თქვენს კაფეში ყოველ კვირას მოსვლას საკუთარი რუტინის ნაწილად აქცევს, ეს მომხმარებელთა ლოიალობაზე მიუთითებს, რომლის გამოყენება თქვენი ბიზნესის საკეთილდღეოდ შეგიძლიათ.

Christopher Tompkins

Entrepreneur Leadership Network® Contributor

CEO of The Go! Agency

Christopher Tompkins is the CEO and founder of The Go! Agency and an internationally renowned expert in digital marketing. With more than two decades of experience, he has turned The Go! Agency into a top-ten marketing agency in Florida and a top-25 digital marketing agency nationwide.