Get All Access for $5/mo

''ბაბალე'' - მეტი ვიდრე საწარმო "ბაბალე" თანაბარუფლებიან სამუშაო პირობებსა და სივრცეს სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ქმნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბაბალე

"ბაბალე" გამორჩეული ქართული სოციალური საწარმოა, რომელიც თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნისა და განვითარებისთვის უკვე წლებია იღწვის. "ბაბალე" თანაბარუფლებიან სამუშაო პირობებსა და სივრცეს სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ქმნის. საწარმო სწორედ ამ ადამიანებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნითა და პროფესიული ცოდნის გადაცემით, სრულფასოვანი ცხოვრებისა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

"ბაბალეს" დამფუძნებელი ლია ტაბატაძე საწარმოს დაარსების პირველ იდეასა და ემოციურ მოტივაციას Entrepreneur-თან საუბრისას იხსენებს:

"ჩემი მეორე შვილი, თეოდორა დაუნის სინდრომით 9 წლის წინ დაიბადა. იმ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ძლიერი სტიგმა არსებობდა. განსაკუთრებით დაუნის სინდრომთან დაკავშირებით. მეტიც − სიტყვა "დაუნი" დამაკნინებელ კონტექსტში გამოიყენებოდა. ასეთ ვითარებაში ზოგადად მშობლის მღელვარება შვილის მომავალთან დაკავშირებით ბევრად მძაფრია. რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ მშობელთა პატარა ჯგუფი შემეკრიბა ჩემ გარშემო ერთნაირი ღირებულებებითა და ხედვით. ყველა ჩვენგანს გვაერთიანებდა ერთი − რა იქნება ხვალ, როცა მე აღარ ვიქნები? შიში მომავალზე ფიქრის დღემდე ბუნებრივი თანმდევი პროცესია, მაგრამ არა ისეთი მძაფრი, როგორც მაშინ, სრულიად ბნელ გარემოში. მშობელთა ძალიან პატარა გუნდმა დავიწყეთ მცირე საზოგადოებრივი აქტივობები. ვცდილობდით საკუთარი ძალებით აგვემაღლებინა საზოგადოების ცნობიერება, აღგვენიშნა 21 მარტი − დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე და ინფორმაცია ჩვენი შვილების ჩვეულებრივობის შესახებ ყველასთან მიგვეტანა. როდესაც ადამიანთა ჯგუფი, განსაკუთრებით კი მშობლები, ერთი იდეის გარშემო ერთიანდებიან, ამ იდეას ყოველთვის ხორცი ესხმება და გარემოც ისე ლაგდება, რომ დაგეხმაროს მიზნის მიღწევაში. სწორედ ამ პერიოდში შემთხვევით გადავიკვეთეთ "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან", რომელიც მუშაობდა სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობასა და განვითარებაზე საქართველოში. სწორედ მათგან მიღებულმა ცოდნამ და მხარდაჭერამ გვიბიძგა, გაგვეკეთებინა სოციალური საწარმო, რომელშიც დავინახეთ შშმ-პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების გზა. 2014 წლიდან დავიწყეთ ამაზე ერთობლივი მუშაობა და 2015 წლიდან არსებობს მცირე სოციალური საწარმო "ბაბალე". სახელი უკავშირდება საქართველოში წინაქრისტიანული ხანის მზის სიმბოლოს − ბაბალეს, რომელიც ოჯახებისა და ბავშვების მფარველად მიიჩნეოდა".

საწყის ეტაპზე მშობლების გუნდისთვის ყველაფერი რთული აღმოჩნდა. ჰქონდათ მხოლოდ 10 000 ლარი. თავად ლია ტაბატაძე ხელოვნებათმცოდნეა. ამიტომ გადაწყვიტა საწარმოს საქმიანობა ხელოვნებასთან დაეკავშირებინა. მიიჩნია, რომ ამას ერთგვარი არტთერაპიის ეფექტიც ექნებოდა. გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლები მხოლოდ ქველმოქმედების მიზნით არ შეიძენდნენ. დაწყება იოლი არ აღმოჩნდა.

ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირებთან მუშაობის არასათანადო გამცდილებამ "ბაბალეს" მშობელთა გუნდი განათლების სამინისტრომდე მიიყვანა. სწორედ მათი მხარდაჭერით შექმნეს წინაპროფესიული უნარების განვითარების მეთოდოლოგია, რომელსაც დღემდე იყენებენ სასწავლო-სამუშაო პროცესში. თავიდან პროდუქციის დამზადება-რეალიზებაც გაუჭირდათ.

ჰქონდათ ურთულესი პერიოდებიც. გახსნიდან რამდენიმე თვეში დახურვამდე მივიდა საქმე, რადგან უსასყიდლო სივრციდან ფასიან სივრცეში გადასვლა სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, პასუხისმგებლობა და მისია, რომლიც ბაბალემ და მისმა გუნდმა იკისრეს, იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ამან გაჩერების საშუალება არ მისცათ.

ბაბალე ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა და მალე გაცილებით მეტი დატვირთვა შეიძინა, ვიდრე დამფუძნებლებს მანამდე ჰქონდათ ჩაფიქრებული: "მშობლებს გაგვიჩნდა ადგილი შეხვედრებისთვის, ადგილი, სადაც შეგვეძლო ერთმანეთისთვის ინფორმაცია გაგვეზიარებინა და მხარი დაგვეჭირა. ჩვენი შეკრებები ერთგვარ თვითდახმარების ჯგუფებს დაემსგავსა, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და გაგვაძლიერა. ვაანონსებდით შეკრების დღეებს, ვმსჯელობდით საკუთარ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე, გამოცდილებებზე და საუკეთესო პრაქტიკამდე მივდიოდით. შემოგვიერთდნენ რეგიონის მშობლებიც. დღეს ჩვენს გაერთიანებაში დაუნის სინდრომის მქონე 600-მდე და დანარჩენი ორი იმდენი სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახია მთელი ქვეყნის მაშსტაბით. "ბაბალე" ნამდვილად გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საწარმო", − გვეუბნება ლია ტაბატაძე.

კრიზისული პირველი ორი წლის დაძლევის შემდეგ მიხვდნენ, რომ რთული, მაგრამ სწორი გზა აირჩიეს. ერთი მხრივ მისია, რომელიც დააკისრეს საწარმოს, შესასრულებელი იყო. ხოლო მეორე მხრივ, თუ საწარმო გაძლიერდებოდა და განვითარდებოდა, ის აუცილებლად გახდებოდა მათი საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამოუკიდებლობის გარანტი. ამიტომ შეიმუშავეს ორგანიზაციული განვითარების გეგმა და ფინანსების მოზიდვის სხვადასხვა ინსტრუმენტი. საკუთარ ორგანიზაციულ სქემას "სამკუთხედი" უწოდეს, რადგან აქვთ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, რომელმაც თავის მხრივ სოციალური საწარმო "ბაბალე", და ახლა უკვე "გიგოს ფონდი" დააფუძნა.

"ასოციაცია მუშაობს პროექტებზე, თანამშრომლობს სახელმწიფოსთან ჩვენი შვილების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და იმ სერვისების შესაქმნელად, რაც დეფიციტურია. ვცდილობთ გავაძლიეროთ "ბაბალე", რომ მომავალში შეძლოს არა მხოლოდ საკუთარი თავის შენახვა, არამედ მისი დამფუძნებელი ასოციაციის ფინანსური უზრუნველყოფაც დამოუკიდებელი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის", − ამბობს ლია ტაბატაძე.

დაუღალავი შრომით გაძლიერდა "ბაბალეს" ფინანსური მდგომარეობაც, რაც ამ სივრცეში მომუშავე პირებსა და მთლიანად საზოგადოებაზე დადებითად აისახა. ათი ათასი ლარით დაწყებული სტარტაპ სოციალური ბიზნესი დღეს უკვე დღგ-ის გადამხდელია და განვითარების ახალი ხედვით შეუჩერებლად წინ მიიწევს.

"გავლილმა გზამ გაგვაძლიერა და გააძლიერა ჩვენი საზოგადოებაც, რომელიც წლებია ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვყვება, გვიცნობს და ჩვენგან სულ რაღაცას ელოდება. ჩვენ რომ გავჩერდეთ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დაწყებული დადებითი ცვლილება შეჩერდება. სწორედ "ბაბალეს" წარმატებაა საზოგადოების დადებითი ცვლილებების ერთ-ერთი გარანტი", − ამბობს ლია ტაბატაძე და "ბაბალეს" თბილ, ფერად სივრცეში ყველას ეპატიჟება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"