Join our Waitlist for Expert Advice!

Biliki - ინგლისურენოვანი, პერსონალიზებული, ტურისტული მობილური გიდი თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2020-ის გამარჯვებული საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელსაც ტრადიციისამებრ, თუმცა უჩვეულო ფორმატში გაიმართა. ქვეყნის უმსხვილესმა საფინანსო და ტექნოლოგიურმა კომპანიამ 2020 წლის გამარჯვებულები შეკრებების აკრძალვის ფონზე ონლაინ გვამცნო. წლევანდელ რჩეულებს კი სწორედ ის ქართული ბიზნესკომპანიები წარმოადგენენ, რომლებმაც განსაკუთრებულად რთული წლის მიუხედავად, თავს მოდუნების უფლება არ მისცეს და საქმიანობის უწყვეტად გასაგრძელებლად, სწრაფი რეაგირებით ალტერნატიული გზები გამონახეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც განვითარებაზე ორიენტირებული ყოველდღიური მუშაობით ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ძალისხმევას არ ზოგავენ და ამით სხვებსაც დიდ მოტივაციას სძენენ. 2020 წლის ბიზნესდაჯილდოების ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულებს ENTREPRENEUR-ი გაგაცნობთ.

Biliki ინგლისურენოვან, პერსონალიზებულ, ტურისტულ მობილურ გიდს წარმოადგენს, რომელშიც მომხმარებლის მრავალფეროვანი ინტერესებიდან გამომდინარე, სათავგადასავლო, ეკო, ველო, ქალაქის, შოპინგ, პილიგრიმული, ოფ-როუდ და კულტურული ტურებია რჩევების თანხლებით თავმოყრილი. აპლიკაცია მომხმარებლის ინტერესებსა და ლოკაციას აანალიზებს, რის საფუძველზეც მას რეკომენდებულ ტურებს დროის დამზოგავი და ოპტიმალური მარშრუტით სთავაზობს. თითოეული ტური მომხმარებელს აწვდის მზა მარშრუტს, ინტერაქტიულ რუკას, გზისა თუ ბილიკის მანძილს სირთულისა და ამინდის პროგნოზის მაჩვენებლით. Biliki უკვე აფილირებული და ინტეგრირებულია booking.com-სა და tripcars.com-თან, რაც ღამის გათენებისა და ავტომობილის დაჯავშნის პროცესს უფრო სწრაფსა და მარტივს ხდის. უშუალოდ მოგზაურობისას მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გაჰყვეს მარშრუტს GPS-ლოკაციის გამოყენებით და დაკარგვის რისკი ნულამდე შეამციროს. ინტეგრირებული 112-ის ღილაკი კი მას სწრაფად დარეკვის საშუალებას აძლევს, რაც მოგზაურობისას უსაფრთხოების ხარისხს ზრდის.

სტარტაპი თორნიკე და გიორგი ცირამუებს ეკუთვნით, რომელთა წამოწყებაც უკვე ეფექტურად აკავშირებს მოგზაურს ტურისტულ ბიზნესთან, რითაც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, საკუთარი პროდუქტისა და მომსახურების სწორ სეგმენტამდე სწრაფად და იაფად მიტანაში. Biliki-ის მომხმარებელთა სპექტრი საკმაოდ ფართოა: ტურისტები, მოგზაურები, ტურიზმის მენეჯერები, მკვლევრები, სპეციალისტები, ტურიზმის ბიზნესის მსხვილი მოთამაშეები, ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და ასევე უნივერსიტეტები, სადაც ის ტურიზმის სწავლებებში გამოიყენება. ტურიზმისთვის გამორჩეულად რთული წლის მიუხედავად, Biliki-ის განვითარება არ შეწყვეტილა.

"COVID-19-მა როგორც ტურისტულ სექტორზე, ასევე ჩვენზეც იქონია გავლენა. უპირველესად, შეამცირა ტურისტთა ნაკადები ქვეყანაში, რამაც შეანელა აპლიკაციის მომხმარებელთა დაგეგმილი სიხშირით ზრდა. ამის საპასუხოდ, ჩვენ Spend 4 Seasons in Georgia-სთან ერთად, დავიწყეთ ვლოგების სერია "იმოგზაურე საქართველოში ვირტუალურად", სადაც ვყვებოდით საქართველოში ჩვენი მოგზაურობის შესახებ აპლიკაციაში არსებული ტურების მიხედვით. შედეგად, ჯგუფის დახმარებით და ჩვენი ციფრული მარკეტინგის გამოყენებით, საშუალოდ ვიდეოებს 30 000-ამდე ნახვა ჰქონდა ფეისბუქზე და გაიზარდა აპლიკაციის გამომწერთა რაოდენობაც.

ასევე, ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა აქსელერატორსა და საგრანტო პროგრამაში. მთლიანობაში, დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენმა აქტივობებმა შედეგი გამოიღო და გაიზარდა ცნობადობა − 4 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი, კლიენტები, როგორებიცაა მაგალითად "ტოიოტა საქართველო" (ჩვენი ოფროუდ ტურის წარმდგენი) და სხვა ბიზნესპარტნიორები", − გვიხსნიან თორნიკე და გიორგი ცირამუები.

Biliki-ს განვითარების გლობალური მიზნები აქვს. სტარტაპი აპირებს, კიდევ უფრო უნივერსალური, საერთაშორისო, მასობრივი და სოციალური ელექტრონული ტურისტული გზამკვლევი გახდეს. გუნდი აპლიკაციაში ახალი ფუნქციონალების დამატებას, განვითარებასა და სრულყოფას გეგმავს, რის შემდეგაც მომხმარებლებს დამოუკიდებლად ექნებათ თავისი ტურისტული მარშრუტების განთავსებისა და გაყიდვის შესაძლებლობა, ხოლო ტურისტული ბიზნესი თავად შეძლებს საკუთარი პროდუქტისა და მომსახურების განთავსებასა და რეკლამირებას.

"ჩვენი მიზანია, დავანახოთ დიდ ბიზნესს და პოტენციურ ინვესტორებს რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მხარში დაუდგნენ ტურისტულ სექტორს და ხელი შეუწყონ ტურისტული სტარტაპების გაძლიერებას, რადგან სწორედ ტურიზმია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი რესურსი, ხოლო "ბილიკის" მსგავს ტექნოლოგიურ სტარტაპებს მიეცეთ შესაძლებლობა, გააცნონ მსოფლიოს ქართული ბუნების ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობა, და დაეხმარონ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს, მათთან ტურისტების მიყვანით. "ბილიკს" აქვს პოტენციალი, გახდეს მარშრუტების პირველი საბაზრო სივრცე მსოფლიოში, რადგან არცერთი სხვა სალაშქრო აპლიკაცია მარშრუტების გაყიდვის შესაძლებლობას არ იძლევა".

2021 წლიდან კი სტარტაპი აპირებს ციფრული პროდუქტი უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ბულგარეთსა და რუმინეთს შესთავაზოს, რის თაობაზეც მოლაპარაკებები დაწყებულია. ბილიკი მოიცავს მთელ ევროპას და მსოფლიო ბაზარს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"