ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (КIU), დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური, 180 ჰექტარზე გაშენებული საუნივერსიტეტო კამპუსი 2020 წელს გაიხსნა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის გარდა, მსურველებს საერთაშორისო სტანდარტის, ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. სულ ახლახან, KIU-მ და კონკრეტულად მენეჯმენტის სკოლამ, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტის (ТUM) პროფესორებთან პარტნიორობით, შეიმუშავა TUM-ის ანალოგი სამაგისტრო პროგრამა "ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი" (FinanceandInformationManagement − FIM).
ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის პროგრამა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში 2004 წელს შეიქმნა და 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში DieZeit და Handelsblatt უნივერსიტეტების ეროვნული რეიტინგით, ყველა კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა. სამაგისტრო FIM-პროგრამა ორიენტირებულია ფინანსურ სექტორში მოამზადოს პროფესიონალები, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესინდუსტრიაში ახალი ბიზნესმოდელებისა და გადაწყვეტების შექმნას შეძლებენ. შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს ციფრული ტრანსფორმაციის ერაში, სტუდენტებისთვის თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით იმ ცოდნის, უნარებისა და კარიერული შესაძლებლობების განვითარებაში ხელშეწყობას, რაც აუცილებელია შემდგომში ფინანსურ სექტორში (და არა მხოლოდ) პროფესიული წარმატების მისაღწევად.
Entrepreneur FIM-პროგრამის უპირატესობებისა და ზრდის პოტენციალის შესახებ პროფესორ ნათია ზედგინიძეს, KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელსა და FIM-პროგრამის თანახელმძღვანელს ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ პროფესორი ნათია ზედგინიძე 2006 წლიდან უწყვეტად მუშაობს უმაღლესი განათლების სექტორში და ბოლო წლებში აქტიურად არის ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუშაობაში თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის რანგში.
რატომ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ამ ახალი პროგრამის დასანერგად საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი?
KIU-მ საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი მისია-ვალდებულება, სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს პრაქტიკაზე ორიენტირებული ევროპული დონის განათლება მიაწოდოს. ამასთან, სრულყოფისკენ სწრაფვა, ანტრეპრენერული/სამეწარმეო აზროვნება, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამედროვე სწავლება და ინოვაციური იდეების გენერირება, უნივერსიტეტისა და მისი თითოეული სკოლის მთავარი ღირებულებებია. FIM-სამაგისტრო პროგრამა ორგანულად შეესაბამება ამ კონცეფციას.
ცხადია, მენეჯმენტის სკოლის სტრატეგიული ხედვა, უნივერსიტეტის ერთიანი ხედვისა და კონცეფციის ნაწილია, ხოლო დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია სტუდენტებში იმ კომპეტენციების განვითარებაზე, რომლებიც მათ თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავებაში, ბიზნეს-სამეწარმეო უნარების დახვეწაში, ინოვაციური იდეებისა და ეფექტური ბიზნესმოდელების გენერირებაში დაეხმარება. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მიიღონ რელევანტური მმართველობითი ტიპის გადაწყვეტები, რათა გაუმკლავდნენ თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებს, კონკურენციას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს საერთაშორისო და ადგილობრივი აკადემიური პერსონალი − პროფესორები, რომლებიც უშუალოდ სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ. მენეჯმენტის სკოლის აკადემიურ პერსონალში რვა საერთაშორისო პირია (რუპერტ ბრედნმენერი, ბეტინა მარცინკოვსკი, შტეფან სირისი, მარტინ ლეროხი, მარტინ კუპიეკი და სხვა), რომლებიც ყოველი სემესტრის განმავლობაში, აქტიურად აწვდიან სასწავლო-საკონტაქტო საათებს (ECTS) და სტუდენტების სწავლების პროცესში თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. მათი საერთაშორისო, აკადემიური, კვლევითი და ზოგადად, პროფესიული გამოცდილება დიდ ფასეულობას სძენს სასწავლო პროცესს, ვინაიდან აკადემიური ცოდნისა და უნარების გადაცემა-განვითარებასთან ერთად, ხდება საერთაშორისო, მულტინაციონალურ კომპანიებში დაგროვილი პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ჭრილში − იქნება ეს სტრატეგიული მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსების მართვა, ორგანიზაციული ქცევა, ინოვაციების მენეჯმენტი თუ სხვა სასწავლო კურსი.
ნიშანდობლივია უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა − საუნივერსიტეტო ქალაქი, სადაც სტუდენტები სასწავლო სემესტრის განმავლობაში ცხოვრობენ (სურვილისამებრ). დამოუკიდებელი და აქტიური სტუდენტური ცხოვრება დამატებით ერთგვარ ხიბლს სძენს სწავლებისა და სწავლის პროცესს.
უნივერსიტეტში მრავლადაა დაფინანსების პროგრამები, რომლებიც სტუდენტებს უქმნის დამატებით შესაძლებლობებს, დაეუფლონ თანამედროვე ცოდნას, შეიძინონ ყველა საჭირო კომპეტენცია და განახორციელონ საკუთარი ინოვაციური, სტარტაპ-სამეწარმეო პროექტები.
თუ კონკრეტულად FIM-სამაგისტრო პროგრამაზე ვისაუბრებთ, КIU აფინანსებს პროგრამის 10 საუკეთესო სტუდენტის (საქართველოს მოქალაქეს) სწავლას. აღნიშნულ პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის წლიური საფასური 12 250 ლარია, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის − 7 000 ევრო. აღნიშნული თანხა მოიაზრებს: სწავლის საფასურს, განთავსებას ერთოთახიან სტუდიოში KIU-ს კამპუსში, თბილისი-ქუთაისი-თბილისის ტრანსპორტირებას, KIU შიდა საუნივერსიტეტო შატლებს, KIU მისასალმებელ ნაკრებს ლეპტოპით (საჭიროების შემთხვევაში KIU-სგან უფასოდ შეიძლება ლეპტოპის მიღება 2 წლის ვადით პროგრამის განმავლობაში), KIU ელ.ფოსტას, Office365-ს, KIU კორპორაციულ ნაკრებს, KIU LMS-ზე წვდომას, ონლაინ ბიბლიოთეკას და ა.შ.
დაფინანსების მიღება შესაძლებელია განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურის გავლის შემდეგ. ეს საკონკურსო პროცესია და სამაგისტრო გამოცდაზე მიღებული ქულების გათვალისწინებაც ხდება.
რით განსხვავდება ეს პროგრამა სხვა ფინანსური და სამაგისტრო პროგრამებისგან საქართველოში?
მსოფლიოში ციფრული ტრანსფორმაცია იწვევს ახალი ბიზნესმოდელების წარმოშობის აუცილებლობას, რომლებიც თავის მხრივ ძირეულად ცვლიან ფინანსურ სექტორს. მონაცემების გამართულად მართვა, არსებული მონაცემებიდან რელევანტური ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი მოდელებისა და მეთოდების გამოყენება, ციფრული ბიზნესმოდელების დიზაინის ძირითადი ასპექტებია.
FIM-საგანმანათლებლო პროგრამით, KIU, კერძოდ კი მენეჯმენტის სკოლა (სადაც ხორციელდება FIM-პროგრამა), პროგრამით დაინტერესებულ პირებს კომპლექსურ პორტფოლიოს სთავაზობს. პროგრამა მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური ხასიათისაა და ემპირიულ-ანალიტიკური სამუშაო მეთოდებითა და საინფორმაციო სისტემების მეშვეობით გადასცემს სტუდენტებს ცოდნას, ავითარებს შესაბამის უნარებს ფინანსების თანამედროვე მართვასთან დაკავშირებით, რომლებიც კავშირშია მონაცემებთან, მონაცემების დამუშავებასთან და ანალიზთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან და ა.შ.
მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა FIM ორიენტირებულია ფინანსურ სექტორში მოამზადოს პროფესიონალები, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა ბიზნესსექტორში ახალი ბიზნესმოდელებისა და გადაწყვეტების შექმნას.
ეკონომიკა, ფინანსები, ფინანსური მართვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკა გადამწყვეტ როლს ასრულებენ პროგრამაში. ეს პრაქტიკულად დასტურდება პროგრამის სამი კონცენტრაციით: რაოდენობრივი ფინანსები (QuantitativeFinance − QF), ფინანსური მენეჯმენტი (FinancialManagement − FM) და ბიზნესი & საინფორმაციო სისტემების ინჟინერია (Business and Information Systems Engineering − BISE).
პროგრამა შემუშავებულია იმგვარად, რომ სტუდენტები შეიძენენ შესაბამის კომპეტენციებს ციფრული ფინანსების სფეროში ბიზნესმოდელების შესამუშავებლად. ამგვარი სამაგისტრო პროგრამა, საერთო კონცეფციით და მიზნებით ჯერ კიდევ არ არის საქართველოს სხვა უნივერსიტეტში. საქართველოში ალბათ არ მოიძებნება ფინანსური და ინფორმაციის მენეჯმენტის კომბინირების ან ერთმანეთთან დაკავშირების სხვა სასწავლო პროგრამები. ადგილობრივ უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორში მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს სამაგისტრო პროგრამა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის სფეროში, კომპლექსურად და ერთიანობაში, ციფრული ფინანსების, ფინანსური მენეჯმენტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსური მათემატიკის თემებზე ფოკუსირებით. ამასთან, სამაგისტრო პროგრამა ანტრეპრენერულ აზროვნებასა და მოქმედებებთან ერთად, უფრო მეტ ფასეულობას სძენს FIM-პროგრამას და მენეჯმენტის სკოლის პორტფელს.
არსებობს უამრავი სფერო, სადაც FIM-პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმება ან საკუთარი პროფესიული კარიერის გაგრძელება. 2030 წლისთვის შრომითი ბაზრის პროგნოზის მიხედვით, შემდეგი სექტორები იქნება ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი: ფინანსური სექტორი; სტარტაპები, განსაკუთრებით, ე.წ. ფინანსურ-ტექნოლოგიური სექტორი (Fin-Tech) და სადაზღვევო-ტექნოლოგიური კომპანიები; სადაზღვევო კომპანიები; საინვესტიციო კომპანიები; ციფრული ფინანსური სერვისების, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინისა და განვითარების სფეროში საკონსულტაციო მომსახურებაზე სპეციალიზებული ორგანიზაციები; ჯანდაცვა და ფარმაცევტიკა; კომპიუტერული და მონაცემთა მეცნიერების სექტორი; მრავალეროვნული კომპანიები დისტრიბუციისა და წარმოების/მრეწველობის სექტორებში. FIM-პროგრამის კარიერული შესაძლებლობები ყველა ზემოაღნიშნულ სექტორს მოიცავს, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიების მოდელებია საჭირო.
ასევე, მსურს ყურადღება გავამახვილო FIM-პროგრამაში ინტეგრირებულ ისეთ სასწავლო კურსებზე, რომლებიც თავიანთი შინაარსითა და სწავლის შედეგებით სრულიად ახალი სიტყვაა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. ეს სასწავლო კურსებია: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია (Blockchain Based Systems Engineering), საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპლექსური შემოწმება და აუდიტი (IT Due Diligence & Audit), ფინანსური ეკონომეტრიკა (Financial Econometrics), მანქანათმცოდნეობა (Маchine Learning), ციფრული შეფერხება, ინოვაცია და ტრანსფორმაცია (Digital Disruption, Innovation and Transformation) და სხვა.
არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორად პროგრამის აკადემიურ პერსონალს დავასახელებდი. KIU-ში FIM-პროგრამას უხელმძღვანელებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუდი ზაგსტი. ის არის 2004 წელს გერმანიაში, FIM-პროგრამის შემქმნელი და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში განმახორციელებელი. პროფესორი ზაგსტი მთელ რიგ კურსებს პირადად გაუძღვება FIM-პროგრამის ფარგლებში, ისევე, როგორც მისი კოლეგები ტორონტოს უნივერსიტეტიდან და სხვა უნივერსიტეტებიდან.
პროგრამის ხანგრძლივობა სტანდარტულად შეადგენს 4 სემესტრს და 120 ЕCTS-კრედიტს.
ასევე დავამატებდი, რომ 2022 წლის ოქტომბერში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის FIM-პროგრამის სტუდენტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსს ესტუმრებიან. ისინი KIU-ს სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებას და პროექტებსაც გაუზიარებენ. პროფესორი ზაგსტი ამბობს, რომ ეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის FIM-პროგრამის სტუდენტებს შორის პროფესიული კავშირების გაძლიერების შესანიშნავი შესაძლებლობაა, ისევე, როგორც თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გააქტიურების კარგი პრაქტიკა. მეც ვფიქრობ, რომ ამგვარი შესაძლებლობები კიდევ უფრო საინტერესო იქნება KIU-ს FIM-პროგრამის სტუდენტებისთვის.
თუ შეიძლება, გაგვიზიარეთ ის მთავარი გამოწვევები და დაბრკოლებები, რომელთაც ახალი პროგრამის დანერგვისას წააწყდით.
საქმე ისაა, რომ FIM-პროგრამა სრულიად ახალია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ვინაიდან მულტიდისციპლინური სფეროების (როგორიცაა, ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი) ერთ პროგრამაში გაერთიანების გამოცდილება ან სრულიად არ არსებობს, ან ჯერ ჩამოყალიბების საწყის ეტაპზეა. საქართველოში ვერ იპოვით სხვა სამაგისტრო პროგრამას, რომლებიც ასე მდიდარია მოთხოვნადი და ამავე დროს, კომპლექსური, ინტერდისციპლინური და მულტიდისციპლინური კურსებით! მაგალითად: ბლოკჩეინ-სისტემების ინჟინერია, საინფორმაციო სისტემების კომპლექსური ინსპექტირება და აუდიტი, ფინანსური ეკონომეტრიკა, მანქანური სწავლება, ციფრული ინოვაციები და ტრანსფორმაცია, და სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ აკადემიურ სივრცეში ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთი ადამიანური რესურსების მოძიება, რომლებსაც მთელი რიგი სასწავლო კურსების ჩატარება შეუძლიათ უმაღლეს, საერთაშორისოდ აღიარებულ აკადემიურ დონეზე, ინგლისურ ენაზე და შესაბამისი სწავლების ფორმატებში. რატომ? იმიტომ, რომ პროგრამის კონცეფცია სრულიად ახალია ადგილობრივი ბაზრისთვის და ეს, თავის მხრივ, მაღალი დონის პროფესიონალებს მოითხოვს, რომლებიც ფინანსებში, ინფორმაციის მენეჯმენტში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, მათემატიკურ ფინანსებსა და სხვა მჭიდროდ დაკავშირებულ დისციპლინებში ფლობენ კომპლექსურ აკადემიურ ცოდნას და აკადემიურად გადმოცემის უნარებს. მოგეხსენებათ, ნებისმიერი საკითხის სწავლება მოითხოვს შესაბამისი უნარების ცოდნას და აკადემიურ მიდგომებს.
თუმცა, აკადემიური პერსონალის თვალსაზრისით, პრობლემებს ვერ ვხედავთ, რადგან ჩვენ უკვე გვყავს კარგად ჩამოყალიბებულ და გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, საერთაშორისო აკადემიური პერსონალი KIU-ში და ამ შემთხვევაში, მენეჯმენტის სკოლის ბაზაზე.
შეზღუდვა, რომელიც შემიძლია დავასახელო, არის FIM-პროგრამის სტუდენტების შეზღუდული რაოდენობა. ეს ფაქტორიც განპირობებულია ТUM უნივერსიტეტის რეკომენდაციით, რომელიც დღიდან FIM-პროგრამის დაარსებისა (2004 წ.), მაქსიმუმ 20 სტუდენტს იღებს ყოველწლიურად. შესაბამისად, KIU-ს მენეჯმენტის სკოლამ, ТUM-თან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში მიიღო და გაიზიარა აღნიშნული რეკომენდაცია და სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა FIM-პროგრამაზე 20 სტუდენტით განსაზღვრა.
მეორე გამოწვევად შეიძლება დასახელდეს FIM-პროგრამაზე მიღების წინაპირობები, რომლებიც პოტენციურ აპლიკანტთა რაოდენობას ზღუდავს. აღნიშნული წინაპირობები გულისხმობს იმას, რომ სტუდენტს უნდა ჰქონდეს აკადემიური ხარისხი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესი და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია; კომპიუტერული მეცნიერებები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინფორმაციო სისტემები, მათემატიკა, სტატისტიკა ან მასთან დაკავშირებული სასწავლო სფეროები, ფიზიკა და კომპიუტერული ინჟინერია. რა განაპირობებს ამას? ეს აიხსნება თავად პროგრამის სპეციფიკითა და იმ ტექნიკური და ტექნოლოგიური ტიპის სასწავლო კურსებით, რომელთა დაძლევა ჰუმანიტარული აკადემიური განათლების ფლობით შეუძლებელია.
თქვენი აზრით, გაუღებს თუ არა კარს ეს ახალი პროგრამა განათლების სფეროში ახალ შესაძლებლობებს საქართველოს?
FIM-პროგრამა და KIU-პლატფორმა, სწავლების, პროგრამების მნიშვნელობისა და არქიტექტურის კონცეფციებია, რომლებიც საერთაშორისო და გლობალურ მოთხოვნებზე, ქართულ საგანმანათლებლო-კვლევით ბაზარზეა ორიენტირებული. იგი ახალ სიტყვას იტყვის შრომით ბაზარზე, ცალკეული ინდივიდების კარიერულ განვითარებაში და იმ კომპანიების მუშაობის შედეგების გაუმჯობესებაში, სადაც FIM-პროგრამის კურსდამთავრებულები იმუშავებენ. ტექნოლოგიების ეპოქა ხომ საკუთარ ახლებურ მოთხოვნებს უყენებს სხვადასხვა სფეროს/სექტორის ბაზრებს და FIM-პროგრამა აღნიშნული საჭიროებების ერთგვარი გამოძახილია საგანმანათლებლო სივრცეში. ეკონომიკის, ფინანსების, ეკონომეტრიკის, ინფორმაციის მენეჯმენტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტატისტიკის, ინჟინერიისა და სხვა დისციპლინების კომბინაციით, პროგრამა ახალ ადამიანურ კაპიტალს შექმნის შრომით ბაზარზე.
მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ FIM-პროგრამის კურსდამთავრებულები ახალ გამოცდილებას მიიღებენ და უფრო წარმატებულნი იქნებიან არსებულ თუ მომავალ კომპანიებში; ისინი ახალ სიტყვას იტყვიან ადგილობრივ შრომის ბაზარზე და კონკურენტულ უპირატესობას შექმნიან არა მხოლოდ პერსონალურ, არამედ ბიზნესის დონეზეც.
იგეგმება თუ არა სხვა პროგრამების დამატება KIU-ში, რომლებსაც პერსპექტიულმა სტუდენტებმა, პარტნიორმა ორგანიზაციებმა და საგანმანათლებლო ინდუსტრიამ უნდა მიაქციონ ყურადღება?
დიახ, მენეჯმენტის სკოლაში კიდევ ერთი ახალი სადოქტორო პროგრამაა ეკონომიკაში, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე იწყება. დოქტორანტები თავიანთ კვლევით და აკადემიურ საქმიანობას ჩვენი საერთაშორისო პროფესორების მენტორობითა და ზედამხედველობით განახორციელებენ. ჩვენ შესანიშნავი, გამოცდილი საერთაშორისო და ადგილობრივი მკვლევრები და აკადემიური პერსონალი გვყავს ეკონომიკაში: პროფესორი შტეფენ სირისი, პროფესორი მარტინ ლეროხი, პროფესორი მურთაზ კვირკვაია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დოქტორანტები ფასეულ კვლევებს ჩაატარებენ და გამორჩეულ, მაღალი სტანდარტის სადოქტორო ნაშრომებს შექმნიან.