Meta-ს გუნდს კიდევ ერთი ქართველი პროგრამისტი - ლუკა ბუსკივაძე შეუერთდება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტები, განსაკუთრებით კი პროგრამისტები, სულ უფრო აქტიურად ჩნდებიან გლობალურ სარბიელზე და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ლუკა ბუსკივაძე, რომელიც Meta-ს (ყოფილი Facebook) გუნდს 2022 წლის ზაფხულიდან, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის სტაჟიორის პოზიციაზე შეუერთდება.
ტრადიციულად, Entrepreneur დაინტერესდა ამ ფაქტით, დავუკავშირდით თავად ლუკა ბუსკივაძეს და გვსურს უკეთ დაგანახვოთ ამ ახალგაზრდა, პერსპექტიული სპეციალისტის კარიერული გზა კომაროვის სკოლიდან მსოფლიო ტექნოლოგიურ გიგანტამდე.
"კომაროვის სკოლის დასრულების შემდეგ, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აშშ-ში, კერძოდ კი Vanderbilt-ის უნივერსიტეტში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. მაშინ მივხვდი, რომ როგორც საერთაშორისო სტუდენტსა და პროგრამისტს, აუცილებლად უნდა მქონდეს პრაქტიკული გამოცდილება იმისათვის, რომ დიდ კომპანიებში დავსაქმდე. სტაჟირების დასაწყებადაც კი გამოცდილებას ითხოვს დამსაქმებელთა ნაწილი. სწორედ ამიტომ, დავიწყე ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და სხვადასხვა პროექტზე მუშაობა ჩემს დიდი ხნის მეგობარ ლუკა გურგენიძესთან ერთად. ისე აღმოჩნდა, რომ სკოლის შემდეგ, ამერიკულ უნივერსიტეტშიც ერთად მოვხვდით. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო კომპანიებში გუნდურობას დიდი ყურადღება ეთმობა, ჩვენც ვცდილობდით, გამოგვემუშავებინა ერთად მუშაობის პრინციპები", − ამბობს ლუკა ბუსკივაძე, − "Meta-ში მუშაობის დასაწყებად, მე და ლუკამ ერთად შევავსეთ განაცხადი. დაახლოებით 2 თვემდე გაგრძელდა შერჩევის პროცესი, რაც ტექნიკურ გასაუბრებასაც მოიცავდა. მოცემული ამოცანები უნდა ამოგვეხსნა ჩვენთვის სასურველ ენაზე. საკმაოდ რთული და ამავდროულად, საინტერესო იყო რეკრუტინგის პროცესი კომპანიაში. ასეთ დიდ კომპანიებში მნიშვნელოვანია, განაცხადი დროულად გაგზავნო, რაც ზრდის შენს შანსს. ამასთან, დიდი ყურადღება ეთმობა შიდა სამსახურებრივ რეკომენდაციებს (რეფერალებს), რაც მეტად გიადვილებს დასაქმებას, თუმცა არც მე და არც ლუკას, მსგავსი რეკომენდაცია არ გვქონია".
სტაჟირებას, ორივე ლუკა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე დაიწყებს. ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რომელ პროექტზე იმუშავებენ, 2022 წლის მარტში გახდება ცნობილი. სტაჟირების პროგრამა ორთვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება და მთელი ეს პერიოდი, ქართველი პროგრამისტები კალიფორნიის ოფისში იმუშავებენ. Meta-ს მენტორი ბიჭებს დახმარებას გაუწევს განვითარებისა და კონკრეტული ფუნქციონალის სრულფასოვნად შესწავლის მიმართულებით. "როგორც დავაკვირდით, მსგავსი ტიპის კომპანიებს სტაჟიორები აჰყავთ უნივერსიტეტიდან, რათა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ისევ მათთან დაბრუნდე სრული განაკვეთით და იმუშაო გლობალურ პროექტებზე. კარგი არის ის, რომ მომდევნო ზაფხულს ისევ შემიძლია დავბრუნდე აღნიშნულ პოზიციაზე ისე, რომ აღარ დამჭირდეს დამატებითი ინტერვიუების გავლა", − ამბობს ლუკა.
როგორც რესპონდენტი Entrepreneur-თან საუბრისას აცხადებს, პროგრამირება მოთხოვნადი სფეროა და ბევრი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სამსახურის მოძიება მარტივია, თუმცა ეს კონკრეტული ადამიანის მიზნებზეა დამოკიდებული. ლუკასთვის მნიშვნელოვანი იყო არა უბრალოდ რომელიღაც კომპანიაში დასაქმება, არამედ − საუკეთესო ორგანიზაციაში, რაც რთულ პროცესებს უკავშირდება. ამ მხრივ საკმაოდ მაღალია კონკურენცია, სტაჟირების პროგრამებზეც კი. Meta-ს წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 სტაჟიორი აჰყავს, თუმცა განაცხადების რაოდენობა 200 000-ს სცდება.
"თავდაპირველად, ეკონომისტობა მსურდა, თუმცა შემდეგ დავიწყე მოთხოვნადი პროფესიების მოკვლევა. ერთ-ერთ შეხვედრაზე პროფესიულ განვითარებაზე ვმსჯელობდით და ლუკა გურგენიძემ ახსენა ამერიკული განათლების შესაძლებლობები, კომპიუტერული მეცნიერების მომავალი. მას შემდგომ, გონებაში ჩავიბეჭდე, რომ აუცილებლად წავიდოდი ამერიკაში და მივიღებდი ხარისხიან განათლებას. აღმოჩნდა, რომ პროგრამირება იყო მზარდი, მაღალანაზღაურებადი მიმართულება, და დაახლოებით 17 წლის ასაკში ამ სფერომ ძალიან გამიტაცა. დავიწყე პროგრამირების დამოუკიდებლად შესწავლა, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი თვითგამორკვევისთვის. არ მიმაჩნია, რომ რადგანაც პროგრამირება მოთხოვნადი სპეციალობაა, გამოცდები ყველამ ამ მიმართულებით უნდა ჩააბაროს. პირიქით - ადამიანებმა უნდა მოძებნონ ინტერესის სფერო და სწორედ ამ კუთხით განვითარდნენ. მთავარი ყველა სფეროში არის ნებისყოფა და დისციპლინა. პროგრამირების შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია ახალი მასალების ათვისების უნარი და თვითშემეცნება. აგრეთვე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოტივატორ ადამიანს − უნდა გყავდეს გვერდით ისეთი მეგობარი, რომელსაც მსგავსი მოტივაცია ექნება და ეს ერთობა უფრო მეტი ძალის მომცემი გახდება ორივესთვის", − ამბობს ლუკა ბუსკივაძე, − "როდესაც პროგრამირებას ვირჩევდი, რამაც დამაინტერესა, იყო ის, რომ ამ სფეროში მუშაობისას შეგიძლია, თუნდაც შინიდან გაუსვლელად, შექმნა პროდუქტი, რომლითაც მილიონობით ადამიანზე პოზიტიურ გავლენას მოახდენ. შეგიძლია, შექმნა რაიმე ღირებული, რომელიც სხვების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. პროგრამირება არ არის რთული. მთავარია, სცადონ მასში გარკვევა და თუ აღმოჩნდა, რომ ეს ნამდვილად არის ინტერესის სფერო, მცდელობა არ უნდა დააკლონ, რომ მაქსიმალურად განვითარდნენ. ასევე, მუდამ ვცდილობ, დავამსხვრიო სტერეოტიპი − პროგრამირების შესწავლა არასდროს არის დაგვიანებული".
ლუკამ საუბრისას აღნიშნა, რომ Vanderbilt-ის უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარებამდე განაცხადი სხვა უნივერსიტეტში გაგზავნა, თუმცა უარი მიიღო. ის დღე საკმაოდ რთული აღმოჩნდა მისთვის. ცხადია, არ არის მარტივი გასაანალიზებელი, როდესაც ამდენი შრომის შემდეგ უარს იღებ, თუმცა, ფაქტია, რომ საკუთარ თავზე უკეთესი მოტივატორი ადამიანისთვის ვერავინ იქნება. "ამის გაცნობიერებამ მომცა ძალა, უფრო მეტად მომენდომებინა და უკეთესი განაცხადი გამეგზავნა სხვა უნივერსიტეტში. ისე მოხდა, რომ ამერიკულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოვხვდი. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუ რაღაც არ გამომივიდა, ამის ერთადერთი მიზეზია ის, რომ საკმარისად არ ვიშრომე", − ამბობს ლუკა, − "ჩემი ცხოვრების მოტივი მდგომარეობს შემდეგში: არავისთვის არაფერია შეუძლებელი. ნებისმიერ ადამიანში ვხედავ ამ ძალას. გამოწვევა თუ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ესეც რიგითი გამოწვევა იყო, რომელსაც გადავლახავდი. ყოველთვის მშვიდად ვხვდები ყველაფერს. უბრალოდ, ვიცი, რომ უფრო მეტი უნდა ვიშრომო და აუცილებლად მივაღწევ მიზანს"