Get All Access for $5/mo

პროფესიული უნარების სააგენტო - აღიარებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში "პროფესიული უნარების სააგენტო" დაფუძნდა, რომელიც უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის ახალ მოდელს გვთავაზობს პროფესიული განათლების განვითარების პროცესში. პროფესიული განათლების სისტემის ინოვაციური მართვის ახალი მოდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ აღიარებულია საუკეთესო პრაქტიკად, რომელიც საქართველოში მოქმედ დამსაქმებელთა გაერთიანებებთან კონსულტაციებისა და მათი მხრიდან გამოხატული მზადყოფნის საფუძველზე შეიქმნა.

პროფესიული უნარების სააგენტოს მთავარი მიზანია, განავითაროს საქართველოში უნარების მოქნილი ეკოსისტემა, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობის გაძლიერებით. აღნიშნული კოლაბორაცია უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის ბაზართან დაახლოებას და ეფექტიან კოორდინაციას. საბოლოო ჯამში, პარტნიორობის მიზანია: ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული თანამედროვე უნარების განვითარება, ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარება, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განვითარება და სხვა.

რას მოიცავს პროფესიული უნარების სააგენტოს საქმიანობა და როგორ შეუწყობს ხელს საჯარო-კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობა განათლებისა და დასაქმების სექტორს საქართველოში? ამ შეკითხვებთან დაკავშირებით, Entrepreneuer პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორს − თამარ ქიტიაშვილს ესაუბრა.

პროფესიული განათლების სისტემის ინოვაციური მართვის ახალი მოდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ აღიარებულია საუკეთესო პრაქტიკად. რა გამოარჩევს პროფესიული უნარების სააგენტოს, რა ინოვაციური მიდგომები აქვს დანერგილი პროფესიული განათლების სისტემაში? აქვე განვმარტოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, კერძო სექტორი ჩაერთოს პროფესიული უნარების განვითარებაში? რა ძირითად ბენეფიტებს მიიღებენ პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებით?
მთავარი სიახლე და განმასხვავებელი, რაც არის განვითარების ეტაპზე მყოფი ქვეყნების მმართველობის მოწყობისგან, არის ის, რომ ეს ორგანიზაცია მართულია არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების, არამედ კერძო სექტორის მიერ. ამ სტრუქტურას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ირჩევს დირექტორსაც, გადაწყვეტილებებს იღებს, ბიუჯეტს ამოწმებს, ათანხმებს სამოქმედო გეგმას − ანუ ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოში გაერთიანებულია 6 მინისტრის მოადგილე და 6 უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება. შესაბამისად, ყველაზე დიდი სიახლე სწორედ ეს არის, და რატომ მიიჩნევენ ამას კარგ პრაქტიკად, ზოგადად ჩვენს სფეროში. უნარების შეძენა და განვითარება მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ გახლავთ მხოლოდ სოციალური პოლიტიკის საგანი, არამედ მას აქვს ერთგვარი ეკონომიკური მდგენელიც. აქედან გამომდინარე, ეს დარგი მხოლოდ განათლების სფეროდ აღარ მიიჩნევა. მისი არსი თანამედროვე მოწყობებში გადაფასებულია და გვხვდება როგორც თანაზიარი პასუხისმგებლობის საგანი. მით უმეტეს, როცა უკანასკნელ წლებში ძალიან სწრაფად იცვლება სურათი შრომის ბაზარზე. რომელი უნარებია საჭირო, რა სახის ახალი ტექნოლოგიები შემოდის, რომელი ახალი მოთხოვნები ყალიბდება − ეს პროცესები გადაიხედებოდა ხოლმე დეკადების ჭრილში, ახლა კი უკვე სწრაფად საჭიროებს პოლიტიკა განახლებას. სახელმწიფო ერთი მხრივ, უნდა მოერგოს გლობალურ ტენდენციებს, ხოლო მეორე მხრივ, უნდა მოახდინოს ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიცირება. საჭიროებების მოქნილობას კი ვერასოდეს ვერ იძლევა სახელმწიფო სტრუქტურები. თუ მოქცეულია უნარების პოლიტიკა ერთი, განათლების სამინისტროს ქვეშ, მაშინ ის კარგავს რელევანტურობას და სხვა მხარეების ხედვა არ არის გათვალისწინებული. ჩვენმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ ნამდვილად მზად არის, ეკონომიკას, ანუ კერძო სექტორს გაუზიაროს პასუხისმგებლობა. სწორედ ამით არის გამორჩეული პროფესიული უნარების სააგენტო.

რას მოიცავს პროფესიული განათლების სისტემის ინოვაციური მართვის მოდელი და არის თუ არა ის მორგებული დასაქმების ბაზრის საჭიროებებთან?
იმისათვის, რომ სფეროს განვითარებაში, ახალი ხედვებისა და თანამედროვე გამოწვევებზე მოპასუხე ინსტრუმენტების შექმნაში ყველა აქტორმა შეიტანოს წვლილი და შესაბამისად მიიღოს სარგებელი, მნიშვნელოვანია ყველას ხმა თანაბრად იქნას გათვალისწინებული და სააგენტოს ფუნქციონირების ფორმატი ამის შესაძლებლობას იძლეოდეს.

რა კონკრეტული აქტივობები განხორციელდა პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის და ამ ეტაპისთვის აქვს თუ არა სააგენტოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხარდაჭერა?
სააგენტო იურიდიულად 2021 წელს დაფუძნდა, მაგრამ საქმიანობა 2022 წლის იანვრიდან დაიწყო. რეალურად, ნახევარი წელია რაც სააგენტო ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში შემუშავდა და დავიწყეთ მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვან გარდამტეხ რეფორმაზე, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე არის დარგობრივი უნარების ორგანიზაციების (დუო) ჩამოყალიბება. დარგობრივი უნარების ორგანიზაციები არიან ის ერთეულები, რომლებიც დარგის სვლას აერთიანებენ და რომლებიც განსაზღვრავენ დარგობრივ პოლიტიკას უნარებთან მიმართებით. ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი სტანდარტია, რომელიც აღწერს პროფესიას, რა უნდა იცოდეს პროფესიონალმა, რა შესაძლებლობები და უნარები უნდა ჰქონდეს საქმიანობისთვის. ასევე, დუო იქნება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მაკოორდინირებელი. დუო განსაზღვრავს, ვინ განახორციელებს საწარმოში სწავლებას და მიანიჭებს სასწავლო საწარმოს სტატუსს. მათ უნდა აღიარონ ის საწარმოები, სადაც ჩვენ თამამად შევძლებთ გავუშვათ სასწავლებლად სტუდენტები. მათ უნდა შეძლონ საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება და საბოლოოდ უნდა დაადასტურონ კოლეჯებისა და სასწავლო საწარმოების მიერ მომზადებული სტუდენტის პროფესიონალიზმის დონე და ხარისხი. შესაბამისად, დუო ხდება ამ დარგში სწავლების კუთხით მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და სააგენტოს მთავარი პარტნიორი. გარდა ამისა, შემუშავდა ახალი მეთოდოლოგია, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის (WEF), უნარების გლობალური ტაქსონომიის, მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. მომზადდა როგორც პროფესიული სტანდარტის, ასევე საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების წესები. გააქტიურდა მომზადება-გადამზადების მიმართულება, ვინაიდან მომზადება-გადამზადება გახლავთ სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი საქმიანობის სფერო. ჩვენ ვთავაზობთ კერძო კომპანიებს, სააგენტოს რესურსით (პროგრამა განხორციელებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით) გახდნენ გადამზადების პროგრამების განმახორციელებლები, თავადვე გადაამზადონ თანამშრომლები ან მომავალი თანამშრომლები და შემდეგ დაასაქმონ. ეს ძალიან საინტერესო და პრაქტიკული პროგრამაა, რომელიც დავიწყეთ 2019 წლიდან და ახლა უკვე სააგენტო გახდა ამ პროგრამის წარმმართველი. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმაზე, რომ თითოეული პროცესი, რომელიც სააგენტოს მიერ განხორციელდება, იყოს გაციფრულებული.

ასევე აქტიურად ვმუშაობთ კოლეჯების გაძლიერებაზე. შევიმუშავეთ უნარების ჰაბების კონცეფცია და ვმუშაობთ ჩვენი კოლეჯების მმართველობითი სისტემისა და ორგანიზაციული მოწყობების ცვლილებაზე შერჩეულ ხუთ კოლეჯთან, იმისათვის, რომ გავზარდოთ მათი საქმიანობის ეფექტიანობა და ხარისხი. დროთა განმავლობაში ეს შეეხება ყველა კოლეჯს, შევადგენთ მათი განვითარების ინდივიდუალურ გეგმებს და დავეხმარებით მათ ევროსტანდარტთან დაახლოებაში. დამუშავების პროცესშია ასევე, პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელმაც, ჩვენი მოლოდინით, უნდა გაზარდოს სისტემის შიდა ეფექტიანობა და სტიმული მისცეს განვითარებასა და მეტ ინოვაციას უნარების სფეროში. ახალი მოდელი თანაბარ პირობებში ჩააყენებს კერძო და საჯარო კოლეჯებს და შექმნის ჯანსაღ კონკურენციას ბაზარზე. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ პროფესიული განათლება იყოს არა მხოლოდ პროფესიის დაუფლების კერა, არამედ ერთგვარი თვითრეალიზაციისა და პიროვნული განვითარების ადგილი სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის. სწორედ ამიტომ, კოლეჯებში სხვადასხვა ტიპის სერვისს ვნერგავთ, მათ შორის: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის.

სააგენტოს ხელშეწყობით წარმატებით ინერგება ინტეგრირებული პროგრამები, რომლებზეც ადგილების რაოდენობა მიმდინარე მიღების ფარგლებში გაორმაგებულია. ეს არის პროგრამები, რომელზეც სტუდენტები ცხრა კლასის დასრულების შემდეგ აგრძელებენ სწავლას, ეუფლებიან პროფესიას და ამავდროულად აძლევენ საშუალო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმას, რაც მათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის დასასრულს, კურსდამთავრებულები ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს იღებენ. შეიქმნა მთელი ინფრასტრუქტურა ამ პროცესების მხარდასაჭერად, მათ შორის: ქოუჩინგ-სისტემები, ინტეგრირებული სახელმძღვანელოები და სხვა. ასეთივე მხარდაჭერის მექანიზმები იქნება გამოყენებული პროფესიულ განათლებაში მასწავლებელთა განვითარებისთვის. ამ კომპონენტის დასანერგად სააგენტომ დეცენტრალიზებული მიდგომა აირჩია. საფუძველი ეყრება სასწავლებლის ბაზაზე მასწავლებელთან პროფესიული განვითარების სისტემას. ჩვენი ამოცანაა დარგის ახალგაზრდა პროფესიონალების მოზიდვა კერძო სექტორიდან და ამ კუთხით ბიზნესთან თანამშრომლობა, იმისათვის, რომ დარგში სიახლეები მყისიერად აისახოს სასწავლო პროცესზე.

ყველა წარმატებულ რეფორმას ახლავს შესაბამისი კვლევითი საქმიანობა. სწორედ ამიტომ პროფესიულ განათლებაში პირველად გაჩნდა ანალიტიკური ჯგუფი. ეს ერთეული დაამუშავებს რაოდენობრივ, თვისებრივ მონაცემებს და ყოველწლიურად გამოაქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშს.

არსებობს თუ არა პროფესიები/მიმართულებები, რომელზეც განსაკუთრებულ აქცენტს მახვილებთ?
სააგენტოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სამეწარმეო განათლება. სასწავლო პროცესში დანერგილი გვაქვს სავალდებულო მოდული, რომელიც პროექტებსა და თვითრეფლექსიაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომებს ითვალისწინებს. გვსურს, ბენეფიციარებს გამოვუმუშაოთ ის საკვანძო კომპეტენციები, რომლებიც საჭიროა სიახლეზე ორიენტირებული და ინოვაციური აზროვნებისთვის. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს შატლის მეთოდოლოგიის პილოტირება და მასწავლებელთა გადამზადება. ჩვენი ქვეყნისთვის ეს სიახლეს წარმოადგენს, თუმცა საერთაშორისო მასშტაბით ინტენსიურად იყენებენ განათლების სექტორში.

რა უნდა მოიმოქმედოს კერძო კომპანიამ, თუ აქტივობებში სურს ჩართვა და საკუთარი წვლილის შეტანა პროფესიული განათლების განვითარებაში?
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით, ბევრი საერთაშორისო კომპანია აწარმოებს სამუშაო ძალის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან მხოლოდ იმიტომ, რომ სათანადო კადრი არ არსებობს საქართველოში. სწორედ ამიტომ, საჯარო და კერძო სექტორის ჩართულობით, აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კვალიფიკაცია ავუმაღლოთ დარგის მოქმედ სპეციალისტებს და ამავდროულად, კერძო სექტორი ჩავრთოთ ახალი სპეციალისტების მომზადებაში.

რაც შეეხება უშუალოდ კერძო კომპანიების ჩართულობას, სააგენტოს ბიზნესისთვის მრავალფეროვანი შეთავაზება აქვს. ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, ერთი მხრივ ჩაერთოს უნარების პოლიტიკის ფორმირებაში, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფაში, სტუდენტების საბოლოო სერტიფიცირებაში და ასევე, უშუალოდ სასწავლო პროცესის განხორციელებაში. ამისათვის შეთავაზებულია როგორც დუალური და კოოპერაციული, ასევე მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები, რომლებიც მყისიერად იძლევა შედეგს ბიზნესისთვის. გარდა ამ ინსტრუმენტებისა, სააგენტო მზადაა ბიზნესთან ერთად შეიმუშაოს კონკრეტულ გამოწვევაზე მორგებული ახალი ინსტრუმენტებიც და ამით მოკლე დროში უპასუხოს დარგის საჭიროებებს.

ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს როგორც ბიზნესსექტორის, ისე საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირებით. ამ კუთხით სააგენტო გეგმავს პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას. ამ პროცესებშიც მნიშვნელოვანი იქნება კერძო სექტორის ჩართულობა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

10 საკითხი, რომლებიც აუცილებლად უნდა განუმარტოთ ინვესტორებს

თუ პოტენციური ინვესტორების გაოცება გსურთ, ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოთ