Get All Access for $5/mo

დარბა - ქართული ცეკვა, როგორც ახალი გამოცდილება ახალი მულტიფუნქციური საცეკვაო სივრცე თბილისში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

უკვე ათეული წლებია ტრადიციული ქართული ცეკვები საკუთარი დინამიკით, ექსპრესიით, მკვეთრი ხასიათითა და განუმეორებელი ქარიზმით მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს. დახვეწილ კომპოზიციებსა და მოძრაობებთან ერთად კი ყოველთვის არანაკლებ მოწონებას იმსახურებს ამ მოცეკვავეთა ტანადობა, ესთეტიკა და საკუთარი სხეულის ფლობის უნარი, რომელსაც ისინი დადგმებში ვირტუოზულად ავლენენ. ეს ყველაფერი იმ სისტემატიური, სპეციალური ვარჯიშებისა და დისციპლინის შედეგია, რომელიც მოცეკვავეების ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილია და მათგან დიდ ნებისყოფასა და შრომას მოითხოვს. ფიზიკურ სიჯანსაღესთან ერთად, ცეკვას მნიშვნელოვანი არტ-თერაპიისა და განტვირთვის ფუნქციაც აქვს. ამ მრავალმხრივი სიკეთეებიდან გამომდინარე კი, არ წყდება ქართული ცეკვებით დაინტერესებულ ადამიანთა ნაკადი, რომელთაც სურთ, ქართული ცეკვა და მისი ვარჯიშის კულტურა, საკუთარი ყოველდღიურობის ნაწილად აქციონ.

სწორედ ამიტომ, უკვე ერთი თვეა თბილისს ახალი მულტიფუნქციური საცეკვაო სივრცე − "დარბა" შეემატა, რომელიც ცეკვისა და ვარჯიშის მოყვარულებს სრულიად ახალ, მძაფრ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს ჰპირდება. "დარბა" პროფესიული ცეკვის, სამოყვარულო მიმართულებისა და ფიტნესის ახლებურ კომბინაციას წარმოადგენს. ესაა სივრცე საშემსრულებლო შემოქმედების ინდუსტრიისთვის, სადაც საშემსრულებლო მიმართულებას დავით ჭანიშვილი (ჭანო) და ეთერ გამსახურდია (პუსკა) ხელმძღვანელობენ. ისინი ქართული ნაციონალური ბალეტის − "სუხიშვილების" პროფესიონალი მოცეკვავეები არიან. რაც შეეხება თამუნა თანდაშვილს, მან საავიაციო ინდუსტრიის მენეჯერულ გამოცდილებას დამატებით ახალი სფერო შემატა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მენეჯმენტში გადმოინაცვლა. თუ რა გველოდება "დარბაში" შებიჯების შემდეგ, ამას თამუნა Entrepreneur-სა და მის მკითხველს უზიარებს:

"დიდი ხანი არაა, რაც ჩვენმა ქვეყანამ აქტიურად დაიწყო ვარჯიში. ბოლო 10 წელია, რაც ფიტნესცენტრები და სავარჯიშო სივრცეები აქტიურად იხსნება. მანამდე კი, ვარჯიში ჩვენი ცხოვრების წესის დიდ ნაწილს არ წარმოადგენდა. ბოლო დროს უკვე ვხედავთ, რომ ტანვარჯიშის ბევრი წრე გაიხსნა. ჯანმრთელობაზე ზრუნვის ეს მიმართულება, რომელსაც ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში ჰქვია, უფრო მეტად გახდა ჩვენი ცხოვრების დღის წესრიგი. მე თვითონაც ვვარჯიშობდი, მაგრამ ინტენსიური ვარჯიში მბეზრდებოდა. ასევე, უამრავი ადამიანისგან მსმენია, რომ ერთსა და იმავე ადგილას სიარული მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან რთულია. მე თვითონაც ცეკვა ძალიან მიყვარს და განტვირთვის კარგი საშუალებაა. პანდემიის დაწყების შემდეგ, როცა აღარც ფიტნესწრეები და კლუბები იყო, ჭანომ თვითონ დაიწყო ვარჯიში, რადგან არტისტებისთვის ამდენი ხანი გაჩერება ძალიან რთულია. მეც შევუერთდი. ჩემთვის ძალიან საიტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ ქართული ცეკვის შემსრულებლებს აქვთ აბსოლუტურად განსხვავებული ვარჯიშის რუტინა, იმისათვის, რომ შეიძინონ სასურველი ფორმა. ამასთანავე, განსაკუთრებით კარგი აღნაგობა და კომპლექციაც აქვთ. არიან მსუბუქები, ენერგიულები და უძლებენ დიდ დატვირთვას. ალბათ, სწორედ ვარჯიშის ეს სპეციფიკურობა განაპირობებს, რომ არ იყოს მეტისმეტად დაკუნთული, იყოს გამხდარი, მოქნილი, პლასტიკური და რაც მთავარია − ენერგიული. ადამიანები თავად ირჩევენ, რომელი სტილით ივარჯიშონ, რომ არ გადაიღალონ და ზედმეტი ფიზიკური გადატვირთვის გარეშე შევიდნენ საცეკვაოდ ფორმაში. სწორედ ამ ფორმის შეძენის ეპიზოდი ჩამოაყალიბა ჭანომ ვარჯიშების პროგრამის სახით და შექმნა ისეთი მეთოდოლოგია, სადაც ცეკვას ვარჯიშით სწავლობ. აი, როგორც ლათინური ცეკვების სასწავლო-სავარჯიშო მექანიზმია ზუმბა, ამასაც ანალოგიური საერთაშორისო პოტენციალი აქვს, თუმცა ჯერ გვინდა საქართველოში ვცადოთ".

ქართულ ცეკვას, დიდ ტრადიციასთან ერთად, მოძრაობების დიდი "არსენალიც" აქვს. ცნობილია, რომ ის კარგად ავითარებს კოორდინაციას, მოტორიკასა და დინამიკას, განსაკუთრებით კი ბავშვებში. ამასთანავე, შედგება რუტინებისგან, რომელიც როგორც ფიზიკური სხეულის, ასევე ტვინის კარგი სავარჯიშოა, რადგან მრავალი მოძრაობის სხვადასხვა კომბინაციით დამახსოვრებას მოითხოვს.

"ამ პროგრამით ვარჯიშის შემდეგ, მეორე დღეს არ ხარ დაღლილი, არ გტკივა კუნთები. ეს დაბალანსებული პროგრამაა, რომელიც თავის თავში ქართული ცეკვის ილეთების ისეთ გამოყენებას გულისხმობს, რომელიც კარდიოდატვირთვის ტოლფასია. იგივე ფიტნესია, რომლითაც მოცეკვავეები ვარჯიშობენ და რატომაც არა, რომ ყველამ ივარჯიშოს?! დიახ, ნამდვილად ყველამ. მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვისაც სტერეოპტიპულად ჰგონია, რომ ცეკვა არ გამოსდის. ამ პროგრამით ვარჯიშისთვის არ არსებობს წინაპირობები. არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკისა და წონის ხარ და როგორია შენი პლასტიკა. აქ ყველას ნულიდან შეუძლია დაიწყოს და შემდეგ საფეხურზე გადავიდეს", − ამბობს თამუნა თანდაშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "დარბა" არა მხოლოდ ერთგვარი ფიტნესწრე, არამედ მულტიფუნქციური საცეკვაო სივრცეა, სადაც პარალელურ რეჟიმში არაერთი შემოქმედებითი აქტივობის, პროცესისა და კოლაბორაციის წარმართვაა შესაძლებელი. ის საერთო სამუშაო სივრცის პრინციპსა და კონცეფციას იზიარებს. აქ შეგიძლიათ არაერთ პედაგოგსა და არტისტს შეხვდეთ, რომელიც ახალ იდეებს სწორედ "დარბაში" ახორციელებს.

"შესაძლოა, არაერთ ქორეგორაფსა და არტისტს ჰქონდეს ახალი იდეა, რომლის გასახორციელებლად ეს სივრცე ნამდვილად გამოადგება. ესაა ერთგვარი პლატფორმა ექსპერიმენტებისთვის. ძალიან დემოკრატიული გარემოა. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია ვორქშოპის ჩატარება. ჩვენთან პროფესიულ საცეკვაო ხელოვნებას ძალიან გამოცდილი და სახელოვანი მოცეკვავე პუსკა (ეთერ გამსახურდია) უძღვება, რომელსაც ძალიან დიდი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. ასევე, ის ქართულ ცეკვას, ცეკვის მოყვარულებსა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, საღამოს საათებში აზიარებს. სავარჯიშო ჯგუფებთან ერთად, გვექნება ტრადიციული ცეკვის კლასებიც მსურველებისთვის. გვინდა ისეთი ადგილი და სივრცე შეიქმნას, სადაც ქართულ ცეკვასთან შეხებასა და სწავლას ყველა შეძლებს. ისეთი ჯგუფებიც გვაქვს, სადაც მშობლები შვილებთან ერთად დადიან. ზოგადად, ძალიან ცოტა ადგილია, სადაც მშობლები შვილებთან ერთად რაღაცას აკეთებენ. ჩვენთან სიარული ოჯახებს შეუძლიათ და ეს ძალიან სასიამოვნოა. ეპიდსიტუაციის მიუხედავად, აქტივობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მცირე ჯგუფებს ვაკომპლექტებთ".

ქართული ცეკვის ხასიათითა და მრავალფეროვნებით გაჟღენთილი "დარბა" კი ხორავასა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე ელოდება მათ, ვისაც საკუთარი თავისა და ცხოვრებისთვის მეტი სიჯანსაღის, ესთეტიკისა და სიხალასის შემატება სურთ. ვინც ცხოვრებაში გამოწვევებს არ უშინდება და ქართული ცეკვისთვის დამახასიათებელი უწყვეტი ტემპითა და დინამიკით აგრძელებს წინსვლას ცხოვრებაში.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია