Get All Access for $5/mo

ცირკულარული ეკონომიკა და პლასტმასის ნარჩენების მართვის ეროვნული პროგრამა საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CENN

ცირკულარულ, იგივე წრიულ ეკონომიკას რესურსების გამოყენების ციკლურ პროცესად განმარტავენ, რომლის მთავარ მიზანსაც გადამუშავებული რესურსების ხელმეორედ, მრავალმხრივად და ეფექტიანად გამოყენება წარმოადგენს. თავის მხრივ, ის რესურსების მოხმარების მინიმიზაციას ისახავს მიზნად, რაც როგორც რესურსების სწრაფი ამოწურვის შენელების, აგრეთვე გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენციას წარმოადგენს. ქვეყნები, რომლებიც გაცხადებულ მიზან-გეგმად მდგრად განვითარებას ისახავენ, აქტიურად მიმართავენ ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვას და მისი პრინციპების გატარებას მრავალ საქმიანობაში.

ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვის აუცილებლობა დღითი დღე სულ უფრო აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში. შეიძლება ითქვას, რომ მთელი რიგი მაღალგანვითარებული ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდეც, თუ რომელ მათგანს ექნება უფრო წარმატებულად დანერგილი "მწვანე" მექანიზმები.

2020 წელს ევროკავშირმა ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა წარუდგინა ფართო საზოგადოებას, სადაც ამ საკითხში ბიზნესის როლსა და მნიშვნელობას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი.

საერთაშორისო ტენდენციას საქართველომაც აუბა მხარი. ჩვენს ქვეყანაში მუშავდება ცირკულარული ეკონომიკის კონტექსტში პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა − პნპეპ, რომელიც ნარჩენების მართვაში პლასტმასის გადამუშავება-მოხმარების მწვავე საკითხის რეგულირებას გულისხმობს. როგორც ირკვევა, საქართველოში მყარი მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მილიონ ტონას სცდება. მუნიციპალური ნარჩენების მთლიან შემადგენლობაში კი მათი შემცველობისა და გარემოსა თუ ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის გამო, ის ერთი-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მოიაზრება. ამავდროულად, საქართველოში პლასტმასის წარმოებისა და იმპორტის ტენდენცია აჩვენებს, რომ მისი რაოდენობა მომავალ წლებშიც სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველო და ჩვენს ქვეყანაში არსებული ნარჩენების მართვის კანონმდებლობა ნარჩენების პრევენციას, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავებას პრიორიტეტულ მიზნებად მოიაზრებს, რომელთა მიღწევას ახლო მომავალში გეგმავს. თუმცა, ამჟამად, ქვეყანაში პლასტმასის გადამუშავების მაჩვენებლები ძალიან დაბალია, ისევე, როგორც მოთხოვნა გადამუშავებულ პლასტმასაზე. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში არსებობს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კრიტიკული საჭიროება და კომპლექსური მიდგომის აუცილებლობა.

საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში CENN ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით უჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ მისი ფორმირება ევროპის "მწვანე" შეთანხმების, ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმის, ევროპის პლასტმასის სტრატეგიის, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ნარჩენების მართვის კოდექსისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე მოხდება.

თუ რა ნაბიჯებს გულისხმობს კონკრეტულად პროგრამა, რა იგეგმება და რა მოლოდინი არსებობს მისი განხორციელების შემდეგ, ამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი განგვიმარტავს:

"საქართველოს ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა განიხილავს პლასტმასის მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს − წარმოება, მოხმარება და წარმოქმნილი ნარჩენების მართვა. დოკუმენტი საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, შემოგვთავაზებს მიდგომებს, რომლებიც ქვეყნის რესურსების ოპტიმიზაციასა და მწვანე ეკონომიკის დანერგვაში დაეხმარება. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის დასანერგად".

ბიზნესის როლი პლასტმასის ნარჩენების პრევენციაში

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე შეინიშნება გადამამუშავებელი ბიზნეს სექტორის საინტერესო ნაბიჯები პლასტმასას ნარჩენების მართვის კუთხით, რაც მრავალი სხვა კომპანიისთვის მაგალითისა და სტიმულისმიმცემია. კომპანია "ეკო-ჯეო-პეტ" ქვეყანაში მოქმედი პლასტმასის გადამამუშავებელი კომპანიაა, რომელიც პლასტმასის ნარჩენების სწორ მართვა-რეციკლირებაზე თანამედროვე აპრობირებული მეთოდებით ზრუნავს. გადამუშავების შედეგად მიღებული PET-ფანტელებიდან კი შესაფუთი მასალები იწარმოება, რომელიც აქვე, საქართველოს ბაზარზე რეალიზდება.

როგორ დავნერგოთ ცირკულარული პრაქტიკა ჩვენს ბიზნესში?

Glovo-სა და CENN-ის ერთობლივი კამპანია "არა პლასტმასას"

პოპულარულმა საერთაშორისო საკურიერო კომპანია Glovo-მ და CENN-მა ერთობლივი კამპანია "არა პლასტმასას" განახორციელეს. "გლოვომ" საკუთარ აპლიკაციაში ეკომეგობრული კატეგორია − "არა პლასტმასას" დაამატა. აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯმა ბიძგი მისცა იგივე შინაარსის ფილტრის დანერგვას მსოფლიო მასშტაბითაც. GLOVO-მ, რომელიც მსოფლიოს 24 სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს, 2020 წლიდან აპლიკაციაში დაამატა სექცია − "არა ერთჯერად ჭურჭელს", შეკითხვით "გჭირდება დანა-ჩანგალი? − დაგვეხმარე, შევამციროთ ნარჩენი".

Procredit Bank

ნარჩენების მართვა აქტუალურია საბანკო სექტორშიც. "პროკრედიტ ბანკი" შიდა დახარისხებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და პლასტმასას შემცირების მიზნითაც არაერთ აქტივობას ახორციელებს უკვე 5 წელზე მეტია. მხოლოდ 2019 წლის განმავლობაში კომპანიაში 200 კგ-ზე მეტი პლასტმასა შეგროვდა და შემდეგ ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცა. ბანკი საკუთარ თანამშრომლებს საკმაოდ აქტიურ საგანმანათლებლო ღონისძიებებს უტარებს, რომელიც მოიცავს პლასტმასის შემადგენლობის, გამოყენების, დაბინძურების შედეგებისა და მისი პრევენციის შესახებ საჭირო ინფორმაციის გადაცემას. "პროკრედიტ ბანკის" მიზნების ჩამონათვალში ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას მკაფიო ადგილი უჭირავს.

Colgate-ის ახალი დიზაინი

მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით მომუშავე და პასუხისმგებლობის გამზიარებელი კომპანიების რიცხვი დინამიკურად იზრდებოდეს, რისი საერთაშორისო ტენდენციაც პოზიტიურია. ამის კარგი მაგალითია კომპანია Colgate-ი, რომელიც საკუთარი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ ინტენსიურად იყენებს პლასტმასას. კომპანიამ გადაწყვიტა, ამ საკითხს პასუხისმგებლობით მიდგომოდა, რადგან აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 2020 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 495 მილიონი კბილის ჯაგრისი მომხმარებლებმა უბრალოდ გადაყარეს. Colgate-მა გამოსავლის პოვნის გზებზე დაიწყო ფიქრი და გადაწყვიტა, რომ ისეთი ტიპის პლასტმასით ჩაანაცვლოს პროდუქტი, რომელიც მარტივად რეციკლირებადი და გადამუშავებადი გახდება. მომხმარებლები კი მას პირდაპირ არ მოისვრიან სანაგვეზე. ამასთანავე, შემუშავდა კბილის ჯაგრისების ახალი დიზაინი, რომლის გადაწყვეტა შეცვლად ტარს გულისხმობს, რათა გაფუჭების შემთხვევაში, მისი რამდენჯერმე გამოცვლა იყოს შესაძლებელი და ნაგავსაყრელს მალე არ შეუერთდეს.

ამგვარ გამოცდილებასა და პრაქტიკას კი რაც უფრო მეტი კომპანია, ადამიანი და ორგანიზაცია მიმართავს, მით უფრო მივუახლოვდებით მდგრად მიზნებს, ჩვენ ირგვლივ კი გარემო ბევრად ჯანსაღი და იმედისმომცემი აღმოჩნდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი