Join our Waitlist for Expert Advice!

USAID ZRDA - სწრაფი ადაპტირება COVID-19-თან მეხუთე წელი საქართველოს რეგიონების მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

USAID Zrda

USAID-ის პროექტი Zrda უკვე მეხუთე წელია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით საქართველოს 6 რეგიონში ხორციელდება და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ფაქტობრივად, პროექტის ბოლო 1 წელი ეპიდემიის პირობებში მიმდინარეობს და მისი მავნე ეკონომიკური გავლენების გაუვნებელყოფას ემსახურება. თავსდამტყდარი პანდემიის დაწყებისთანავე, USAID Zrda-ს გუნდმა Covid-19-თან სწრაფი რეაგირების მექანიზმები შეიმუშავა და მათ ასამუშავებლად საგანგებოდ მობილიზებული გუნდები აამოქმედა. შემუშავდა ცალკეული დარგობრივი ინსტრუმენტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროს მხარდასაჭერად, რომელიც კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებას გაამარტივებდა და მეწარმეებს დანაკარგებისგან ან საქმიანობის შეწყვეტისგან იხსნიდა.

Covid-19-მა ყველაზე მწვავედ ტურიზმის სფერო დააზიანა. გაურკვეველი ვადით შეჩერებული ტურისტული მიმოსვლებისა და "გაყინული" ინდუსტრიის მხარდასაჭერად, USAID Zrda-მ გარკვეული ინტერვენციების სია შეიმუშავა.

მათ შორის ერთ-ერთი პირველი, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ოპერატიულად დაწყებული თანამშრომლობა იყო, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი საინფორმაციო კამპანია შემუშავდა და ჩატარდა. სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ტურისტულ ობიექტებს "კარდაკარ" პრინციპით მოხალისეები ესტუმრნენ და მათ COVID-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები და ნორმები დეტალურად გააცნეს. ტურიზმის საინფორმაციო ხუთ ცენტრს კი ვირუსისგან თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა. ამასთანავე, USAID Zrda 14 საწარმოსა და ინდმეწარმეს ბიზნესუწყვეტობის შენარჩუნებისთვის საკუთარი საქმიანობის ადგილობრივ ბაზარსა და მოთხოვნებზე გადაწყობაში დაეხმარა, თანაც − უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით. მაგალითად: ნორმების შესაბამისად კვების ობიექტების ფუნქციონირება, საკვების მიტანის სერვისის ამუშავება, სხვადასხვა თემატიკის მასტერკლასების გამართვა და ა.შ. ხოლო იმისათვის, რომ ტურიზმის სფეროს მიმართ ნდობა და ინტერესი გაზრდილიყო, ინფოტური "იმოგზაურე საქართველოში" შემუშავდა, რომლის ფარგლებშიც ტუროპერატორებმა საქართველოს მასშტაბით რუკაზე ახალი ტურისტული პუნქტები მონიშნეს.

გადარჩენისათვის გაციფრულების უალტერნატივობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ციფრული კომპეტენციებისა და ელექტრონული წიგნიერების ზრდაზე სათანადო ზრუნვაც. ამისათვის USAID Zrda-მ თანამშრომლობა "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან" დაიწყო და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. მასში ჩართული 200-მდე საწარმოსთვის კი კომპანია Griffin-მა მარტივი ელ.კომერციის ვებგვერდები შექმნა, რაც გაყიდვებისა და ბიზნესის ლიკვიდობის შენარჩუნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა − ისევე, როგორც დამატებითი ციფრული ინსტრუმენტები, რაც მათ ცნობადობისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების წარმართვასა და ონლაინარხებში სწორი პოზიციონირებისათვის დაეხმარათ.

USAID Zrda-ს მხარდაჭერით, ასევე, გაიმართა ხელოვანთა მხარდამჭერი "რეწვის ონლაინ ფესტივალი", რომელიც "რეწვის ასოციაციასთან" ერთად ჩატარდა და საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა ადგილობრივი რეწვის ოსტატების ნამუშევრების გაცილებით ფართო აუდიტორიის წინაშე წარსადგენად. ფესტივალის ფარგლებში, რეწვის 14 ოსტატზე ვიდეოისტორიები შეიქმნა, რომელიც მათ შემოქმედებით ცხოვრებას აღწერს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ნაწილობრივ ლონდონის რეწვის კვირეულის ფარგლებში გამართულ Create Day 2020-ის პლატფორმაზე გაზიარდა და მას მაყურებლები მთელი მსოფლიოდან ჰყავდა. დამატებითი პოპულარიზაციისთვის კი საგანგებო ონლაინგვერდები: Craftsworkshopfestival; Instagram: Georgiancraftsassociatio შეიქმნა და ჯამურად, საკმაოდ მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა.

გარდა ტურიზმის სექტორისა, მხარდამჭერი მექანიზმები უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა სოფლის მეურნეობის სექტორისთვისაც, რომლის წარმომადგენლებსაც პროდუქციის რეალიზების სერიოზული პრობლემა შეექმნათ. მსგავსად ტურიზმისა, ამ სექტორში მომუშავე მეწარმეებს, ახალი მიდგომების დანერგვა და ციფრულ ტენდენციებთან მორგება დასჭირდათ. იმისათვის, რომ საკვებით მომარაგებისა და მიწოდების ჯაჭვის ნორმალურად ფუნქციონირება კვლავ შესაძლებელი ყოფილიყო, მნიშვნელოვანი გახდა სამაცივრე მეურნეობებისა და საშრობების ქსელის განვითარება-გაფართოება.

მათი მნიშვნელობა განსაკუთრებით პანდემიის პირველი ტალღის დროს უფრო მკაფიო გახდა. ამ საჭიროებას USAID Zrda-მ "სამაცივრე მეურნეობების მოწყობის პროგრამით" უპასუხა და სამოქმედო რეგიონებში ისეთი სივრცეები შექმნა, სადაც ფერმერებს საკუთარი პროდუქციის დასაწყობება შეუძლიათ, ვიდრე მათ რეალიზებას შეძლებენ. 45 სამაცივრე მეურნეობის ჯამური ტევადობა 6325 კუბურ მეტრს მოიცავს, სადაც 2100 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორია.

ხილისა და ბოსტნეულის საშრობები კი მოსავლის შენახვა-გადამუშავებისთვის სულ სხვაგვარად ხელსაყრელ პირობებს ქმნის და არასეზონზე შემოსავლის მიღების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. პროექტის დახმარებით, უკვე მოეწყო 7 საშრობი, რომელთა მეშვეობით დღიურად 700 კილოგრამამდე ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტის გაშრობაა შესაძლებელი. USAID Zrda კვლავ აგრძელებს საშრობების მოწყობას პროექტის სამიზნე თემებში და ფერმერებსა თუ სხვა დაინტერესებულ აქტორებს, თავიანთი პროდუქციისგან მეტი შემოსავლის მიღებაში მთელი წლის განმავლობაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტების მსოფლიო ბაზარმა Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული სტრესის პირობებში შთამბეჭდავი გამძლეობა აჩვენა. საბაზრო კვლევების თანახმად, ხანგრძლივი შენახვის ვადების მქონე პროდუქტებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით მზარდია. შესაბამისად, ჩირეულზე მოთხოვნის გაფართოებაც ამ ტენდენციის ნაწილია. წინასწარი გაანგარიშებით, ამ პერსპექტიული მიმართულების მომგებიანობა 2020-2025 წლების პერიოდში ყოველწლიურ 7.18%-იან მაჩვენებელს შეადგენს.

USAID Zrda-მ სოფლის მეურნეობის სექტორში

ციფრული ტექნოლოგიებისა და ელ.კომერციის ასპექტების გამოყენებასაც დაუჭირა მხარი. ამის თვალსაჩინო მაგალითია "აგრონავტი", რომელიც აგრობიზნესის ერთგვარ ციფრულ პროგრამას წარმოადგენს და "საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან" თანამშრომლობით შეიქმნა. აპლიკაციამ GITA-ს მსხვილი, 100 000-იანი გრანტი დაიმსახურა და მალე საქართველოს ფარგლებსაც გასცდება. აპლიკაციის მეშვეობით, მასში ჩართულ ბიზნესებს შემოსავლები 30%-ით გაეზარდა.

ახალი რეალობის შესაბამისი კომპეტენციების ზრდისთვის კი გაძლიერდა სასწავლო მიმართულებები და ტრენინგპროგრამები, რომლის სასწავლო მოდულებიც ახალი რეალობისა და საჭიროებების შესაბამისად დაიგეგმა. ხოლო იმისათვის, რომ ადგილობრივი მცირე მეწარმეები, ფერმერები, რეწვის ოსტატები, ტუროპერატორები და სტუმარ- მასპინძლობის სფეროში ჩართული ადამიანები საკუთარი საქმიანობებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო, მედიაკამპანია #დაეხმარეადგილობრივს დაიწყო, რომელიც მათ შესახებ ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზებას ისახავდა მიზნად. USAID სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობით კი, USAID Zrda-ს ბენეფიციარების პროდუქცია უმსხვილეს ქართულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა www.extra. ge-ზე გახდა ხელმისაწვდომი, რაც მათთვის ახალი, გაცილებით ფართო სავაჭრო შესაძლებლობების არეალს წარმოადგენს.

ამგვარად, USAID Zrda-მ კრიზისის საპასუხოდ მექანიზმების საკმაოდ კომპლექსური ნაკრები შეიმუშავა და სამიზნე რეგიონებისთვის ეს რთული დრო შესაძლებლობების, მოქნილი ადაპტირებისა და მედეგობის ახალ ეტაპად გარდაქმნა.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

AI ინსტუმენტები, რომელიც რეალურად მუშაობს

20 ინსტრუმენტი, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მეწარმეები

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია