📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ტრადიციულიდან ინოვაციურისკენ VEON Georgia-ს პოლონელი მენეჯერის ქართული გამოცდილება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

ანდჟეი მალინოვსკი საქართველოში ზუსტად ერთი წლის წინ ჩამოვიდა. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტრონულ კომერციაში მუშაობას დაუთმო და წარმოიდგინეთ მისი გაკვირვება, როდესაც ჰედჰანტერები ტელეკომუნიკაციის სფეროში გადასვლის შეთავაზებით დაუკავშირდნენ. თვითმფრინავი, რომელშიც წარმოშობით პოლონელი ანდჟეი იჯდა, 2017 წლის აპრილში თბილისში დაეშვა. ტაქსიმ დანიშნულების ადგილამდე ძველი ქალაქის გავლით მიიყვანა და სწორედ მაშინ, სრულიად უცნობი ქვეყნის მიმართ დიდი სიმპათიები გაუჩნდა. სიმპათიები კი სიყვარულად მას მერე იქცა, რაც თანამშრომლებთან საერთო ენა მარტივად გამონახა – მიუხედავად იმისა, რომ არც ქართული ენა ესმოდა და ვერც კულტურულ თავისებურებებში ერკვეოდა. ანდჟეი მალინოვსკი VEON Georgia-ს CEO-ა. მისი საქმიანობის განმავლობაში, საერთაშორისო კომპანია სწრაფად ვითარდება. ანდჟეი კი უკარო ოთახში ზის და ერთადერთ რამეზე – ქართული ენის სირთულეზე წუხს.

რებრენდინგი

მობილური კავშირგაბმულობის ბრენდ „ბილაინის" მშობელი ორგანიზაცია შპს VimpelCom-ი 1992 წელს დაარსდა. 2017 წელს მსოფლიოში სიდიდით მეექვსე სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რებრენდინგის შედეგად, სახელწოდება შეეცვალა და VEON-ი დაერქვა. 2017 წელსვე იმავე სახელწოდების მობილური პლატფორმა შეიქმნა. ყველას, ვინც „ბილაინის" ქსელშია ჩართული, აპლიკაცია საშუალებას აძლევს, რომ ისაუბრონ ჩათში, დარეკონ, მოუსმინონ, მოიძიონ, უყურონ და წაიკითხონ უფასოდ, ინტერნეტის გამოყენების გარეშე.

პლატფორმის მუშაობის შეფასება სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად ხდება. გასულ წელს საქართველო აპლიკაციის პოპულარობით პირველ ადგილზე იყო. მომხმარებელთა რაოდენობა კვლავ იზრდება.

სრულყოფილებისკენ სწრაფვა

ანდჟეი მალინოვსკიმ, უკრაინაში, კიევში ექვსწელიწადნახევარი გაატარა. თავდაპირველად, საფოსტო შეკვეთების სერვისზე მუშაობდა. მას მერე, რაც ბიზნესი ელექტრონული კომერციის განვითარების „დახმარებით" ბაზრიდან გაქრა, www.lamoda.ua-ში გადაინაცვლა, რომელიც მომხმარებლებს მოდური ბრენდების ნაწარმს სთავაზობს.

ანდჟეიმ პროექტი ნულიდან დაიწყო და მიზნად დაისახა, უკრაინაში საუკეთესო ონლაინვაჭრობის სერვისი შეექმნა, რასაც უზარმაზარი ენერგია მოახმარა. იგი ყოველდღიურად ზრუნავდა კომპანიის გამართულად ფუნქციონირებაზე. თავდაპირველად, კურიერის მოვალეობასაც ითავსებდა. სურდა, შიდა სამზარეულოს უკეთ გაცნობოდა. დღესდღეობით, პლატფორმის არაერთი მიღწევით ამაყობს – ოპერატორის პასუხის დრო ხუთ წამამდე შემცირდა, შეძენილი ნივთის მიტანა კი არასოდეს გვიანდება.

„შეკვეთის შეფუთვაზე ჩემს ნომერს ვაწერდი, რომ ჩივილებისთვის პირდაპირ მოემართათ, თუმცა მხოლოდ 11 ზარი მივიღე. აქედან თერთმეტივემ მადლობა გადამიხადა".

საქართველოში გამომგზავრების წინ, „შვილივით ნაზარდი" კომპანიის ხელმძღვანელობა იმ ადამიანს ანდო, რომელიც პირველივე კვირიდან პლატფორმის განვითარებაზე მასთან ერთად ზრუნავდა.

ახალი შეთავაზება

ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად, ანდჟეიმ რეკრუტერებისგან საქართველოში სამუშაოდ გადასვლის შეთავაზება მიიღო. ლოკაციის შეცვლა ყველაზე ნაკლებ პრობლემას უქმნიდა მალინოვსკის, რომელსაც მისთვის სრულიად უცხო სფეროში უნდა დაეწყო მუშაობა. „უნდა მემუშავა კომპანიაში, რომელიც საქართველოში 1,3 მილიონ კლიენტს ემსახურება. ჩემი ფუნქცია მომხმარებლების მოზიდვა, მომსახურების ხარისხის შენარჩუნება და რაც ყველაზე მთავარია, ტრადიციული სატელეკომუნიკაციო პროდუქტიდან ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროდუქტზე გადასვლა იქნებოდა. ეს ყველაფერი, ერთად აღებული, საკმაოდ დიდი გამოწვევა გახლდათ, თუმცა ვიფიქრე, რომ ცდად ღირდა".

„ამ შეთავაზების მიღებიდან მალევე, ჩემი ოჯახი, რომელიც პოლონეთში ცხოვრობს, კიევში მესტუმრა. მე კი ქართულ რესტორანში დავპატიჟე და როდესაც მივირთვით, მეუღლეს ვკითხე: „რატომ არ შეიძლება ამ შესანიშნავი სამზარეულოს მქონე ქვეყანაში გადავიდე?" მიპასუხა: „მეხუმრები, ხომ?" მისი რეაქცია სრულიად ლოგიკური იყო: „მე ხომ მშვენიერი, სტაბილური სამსახური მქონდა. მეტიც – სწორედ იმ პერიოდში, მომხმარებელთა ონლაინგამოკითხვაში Lamoda-მ „წლის აღმოჩენის" სტატუსი მიიღო. თუმცა არც ოჯახის სურვილი და არც Lamoda-ს წარმატება ანდჟეისთვის კიევში დასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯეფ ბეზოსის ფრაზა გაითვალისწინა: „თუკი ღმერთი გირეკავთ, უნდა უპასუხოთ".

საქართველოში ჩამოსვლისთანავე ბიუროკრატიული პროცედურების ნაკლებობამ სასიამოვნოდ გააოცა. „სულ რაღაც ათი დღე დამჭირდა აბსოლუტურად ყველა საბუთის მოსაწესრიგებლად. კიევში ეს ორ-სამ თვეს წაიღებდა. ჩემს პოლონელ მეგობრებს დღემდე არ სჯერათ, რომ ყველაფერი ასე მარტივად მოვაგვარე", – გვიყვება VEON Georgia-ს გენერალური დირექტორი.

ანდჟეის ახალ ქვეყანაში, ახალ კომპანიასა და სრულიად უცნობ სფეროში გადმოსვლა, თანამშრომლების დამოკიდებულებამ გაუმარტივა – „ყველა ცდილობდა დამხმარებოდა. მირჩევდნენ, რომელ უბანში სჯობდა ბინის ქირაობა, რა მომენახულებინა. ვერცერთ სხვა ქვეყანაში მიღებულ გამოცდილებას ვერ შევადარებ. როდესაც უცხო ქვეყანაში იწყებ ცხოვრებას და ენობრივი ბარიერი გაქვს, სტრესის დონე იზრდება. ჩემთვის ამას პრობლემა საერთოდ არ შეუქმნია. ადაპტაციაში მალინოვსკის ხელი შეუწყო სათაო ოფისმაც. გუნდი ინტერნაციონალურია, შესაბამისად – უცხოობის შეგრძნებაც არ გასჩენია.

ახალი სამუშაო კულტურა

VEON Georgia წერეთლის გამზირზე, ე.წ. „გამოფენის" ტერიტორიაზე დაფუძნდა. უზარმაზარი ოფისი ერთი დიდი საერთო სამუშაო სივრცეა. ყველა თანამშრომელი, ფუნქციისა და გრაფიკის მიუხედავად, საერთო მიზანს ემსახურება და ეს მიზანი „ბილაინის" მომხმარებელთათვის კომუნიკაციის გამარტივებაა. თავად გენერალური დირექტორის „კაბინეტს" კარი არ აქვს. ნებისმიერი შეკითხვისა თუ თხოვნის შემთხვევაში, თითოეულს შეუძლია მალინოვსკის პირადად მიმართოს – „კომპანიაში იერარქიული სტრუქტურა თითქმის გავაუქმე. თანამდებობრივი საზღვრები მხოლოდ ფურცელზე არსებობს".

„როდესაც პირველ დღეს ჩემს ოთახში შემოვედი, თანამშრომლებს ვუთხარი – თუკი კედლის ეს ნაწილი ჩემთან კომუნიკაციაში ხელს გიშლით, საერთოდ მოვანგრევინებ. ანდა, თუკი გირჩევნიათ, სამუშაოდ თქვენ გვერდით დავჯდები. ასეთი კულტურა დავნერგეთ – ნებისმიერს შეუძლია შემოვიდეს და მიმითითოს, თუ რაიმე არასწორად გავაკეთე. ანალოგიურად, შემიძლია მეც ვურჩიო: „იქნებ სხვანაირად ვცადოთ ამის გაკეთება? იქნებ რაიმე ექსპერიმენტი ჩავატაროთ? იქნებ ინტრანეტი Facebook Workplace-ით ჩავანაცვლოთ?" მალინოვსკი უპირველესად იმით ამაყობს, რომ კომუნიკაციისა და აზრების გაცვლის პრობლემა არ არსებობს – ყველა საკითხი განხილვას ექვემდებარება.

VEON Georgia-ში 250-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. კომპანია მათთვის, ვინც საერთაშორისო ბრენდის სერვისის სრულყოფასა თუ პრომოუშენში იღებს მონაწილეობას, მაქსიმალური კომფორტის შექმნას ცდილობს და შედეგზე ორიენტირებულ სტრატეგიას ირჩევს. „Google-ისა და Facebook-ის კამპუსში ვიყავი და ვცდილობ, იქაური გამოცდილება გავითვალისწინო". ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია სამუშაოდ ოფისს გარეთ, გამოფენის ეზოში, ანდა ტერასაზე გადაინაცვლოს. „ზოგჯერ თანამშრომელი მწერს, რომ შინიდან მუშაობა ურჩევნია. თუკი იმ დღის დავალებებს შეასრულებს, რა პრობლემაა, რომ მან დრო ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროს?", – ამბობს ანდჟეი მალინოვსკი.

„VEON Georgia-ს მიზანია „ბილაინის" სერვისით რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავაბედნიეროთ – კლიშესავით ჟღერს, მაგრამ ასეა. გვსურს ერთმანეთისგან შორს მყოფ ადამიანებს კომუნიკაციის საშუალება მივცეთ. ისინი გვენდობიან, სერვისში ფულს იხდიან და ჩვენგანაც მაქსიმუმს მოელიან. ერთადერთი მიზანი გვაქვს – მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ საუკეთესო სერვისი მივაწოდოთ. თუკი არ გამოგვდის, პირველი ვარ, რომელიც დგება და ამბობს, რომ მომხმარებელს ბოდიში უნდა მოვუხადოთ".

მისაბაძი მაგალითი

„საუკეთესო სერვისის მისაწოდებლად, თითოეული ჩვენგანი განუწყვეტლივ მუშაობს ოფისიდან თუ დისტანციურად. პოლონეთში იშვიათად ჩავდივარ და რა თქმა უნდა, ჩემს შვილებს არ მოსწონთ, როდესაც შინიდანაც ვაგრძელებ მუშაობას. მაგრამ მოლოდინი დიდია და 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ".

მოლოდინის რეალიზებაში თითოეულ თანამშრომელს დიდი წვლილი მიუძღვის.

გენერალური დირექტორი ენერგიას არ იშურებს, რომ სამუშაო გარემომ თითოეულ მათგანს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში შეუწყოს ხელი. „მთელ ჯგუფში პირველი კომპანია ვიყავით ღია ოფისით. იმ მიზნით, რომ თითოეულმა თანამშრომელმა მისთვის საინტერესო შეკითხვა დასვას, შეხვედრებს ხშირად ვაწყობთ. ვუბიძგებ, თავიანთ პრობლემებზე ღიად ისაუბრონ".

ანდჟეი მალინოვსკისთვის კმაყოფილი თანამშრომელი ბრენდის წარმატების საწინდარია. დამფუძნებლების მიზანია, კომპანიაში შემოქმედებითი აზროვნება წაახალისოს, ბიუროკრატიის მინიმუმამდე შემცირებით. კომპანიის ინიცირებულ ჰაკათონებსა და დიჯიტონებში უამრავი თანამშრომელი მონაწილეობს. „ახალ იდეებს 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად ვამუშავებთ, შემდეგ კი სათაო ოფისის წარმომადგენლებს ვაცნობთ. ასე ვაფასებთ ყოველი იდეის პოტენციალს".

VEON Georgia ჯგუფის შემადგენლობაში არსებული კომპანიებიდან ყველაზე პატარა და მოქნილი წევრია. კომპანია იმდენად სამაგალითოა, რომ ოჯახის სხვა წევრები ქართულ ჯგუფზე დასაკვირვებლად ჩამოვიდნენ. „აინტერესებდათ, როგორ ვმუშაობდით ასეთი პატარა გუნდი ასე ეფექტურად".

ერთადერთ სირთულედ ანდჟეი მალინოვსკისთვის დღემდე ქართული ენა რჩება. მის უკარო, ღია კაბინეტში კედელზე ქართული ანბანი და ლათინური ტრანსკრიფციით ჩამოწერილი
ქართული სიტყვებია. დღემდე მწარედ იხსენებს პირველ სამუშაო დღეს, როდესაც Youtube-ის tutorial-ების ნახვის შემდეგ, ერთადერთი სიტყვა, რომლის წარმოთქმაც გაბედა, „გამარჯობა" იყო.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან