10 ნიშანი, რომ ემოციური გადაწვის წინაშე დგახართ

ადამიანები, რომლებსაც ემოციური გადაღლის სინდრომი აქვთ, საუკეთესო შედეგებით გამოირჩევიან
10 ნიშანი, რომ ემოციური გადაწვის წინაშე დგახართ
ფოტო: StockSnap, pixabay
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შესაძლოა, ემოციური გადაწვის მიზეზი საუკეთესო სამსახურიც გახდეს, განსაკუთრებით, თუ წარმატების მისაღწევად იმდენს შრომობთ, რომ თქვენს ძალებს აღემატება. 

ეს პრობლემა ბოლო ხანებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ტექნოლოგიებმა სამსახურსა და სახლს შორის ზღვარი წაშალა. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ახალი გამოკვლევებით დადგინდა, რომ:

  • ამერიკელთა 48% ბოლო 5 წელია სტრესს განიცდის;
  • 31%-ს  სამსახურებრივი და ოჯახური მოვალეობის ერთმანეთთან შეთავსება უჭირს;
  • 53% კი აცხადებს, რომ სამსახურში მეტისმეტად იღლება.

აშშ-ის ადამიანური რესურსების მართვის საზოგადოების მიერ ჩატარებულმა ერთ-ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამსახურიდან წასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ემოციური ანუ პროფესიული გადაწვაა.

ეს პრობლემა შეიძლება ნებისმიერს გაუჩნდეს, საუკეთესო თანამშრომლებსაც  კი, რომლებიც დიდი გატაცებით ასრულებენ სამუშაოს. ზოგჯერ  ისინი დაღლილობისგან გონებას კარგავენ და ტრავმებსაც იღებენ. 

ერთ-ერთი ასეთია არიანა ჰაფინგტონი. მან დაღლილობისგან თავი ვერ შეიკავა, სახე მაგიდას დაარტყა, ყბა მოიტეხა და თვალზე 4 ნაკერი დაადეს. „ნეტავ, უკან დაბრუნება შემეძლოს. საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ სრულფასოვნად უნდა ვიცხოვრო და ეფექტიანად ვიმუშაო. ამას მაშინ ახერხებ, როდესაც დასვენებისა და სხვა საქმეზე გადართვის დრო გაქვს. ასე რომ მოვქცეულიყავი, არც სტრესულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი და არც ემოციურად გადავიწვებოდი“, - განაცხადა მან.

გადაწვის მიზეზი ხშირად ის არის, რომ ბევრს მუშაობთ და სათანადო ანაზღაურებას არ იღებთ, კარგად არ გიხდიან, ან თავს არ უვლით.

მკურნალობის დაწყებას გეგმავთ თუ  ამ პრობლემის სხვაგვარად მოგვარებას,  უპირველესად, საკუთარ თავში ემოციური გადაღლის გამაფრთხილებელი ნიშნები უნდა აღმოაჩინოთ. როგორც კი ამ ცვლილებებს შენიშნავთ, ზომების მიღება აუცილებელია.

 გაეცანით მათ:

ჯანმრთელობის  დაცვის პრობლემები

ემოციურ გადაწვას თქვენს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე უზომოდ დიდი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. თუ ზურგის ტკივილი, დეპრესია, გულის დაავადებები და ჭარბი წონა გაწუხებთ, ან ხშირად ხდებით ავად, დაუკვირდით, რა როლს ასრულებს ამ ყველაფერში სამსახური. როდესაც შეამჩნევთ, რომ გადაწვა თქვენს ჯანმრთელობაზე მოქმედებს,  კარგად აწონ-დაწონეთ,  გიღირთ კი ამად საკუთარი სამსახური?

აზროვნების პრობლემები

კვლევების მიხედვით, სტრესი თავის ტვინის ქერქის პრეფრონტალურ ზონას აზიანებს.  ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია აღმასრულებელ ფუნქციებზე, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს მეხსიერებაზე, გადაწყვეტილებათა მიღების უნარზე, ემოციურ კონტროლსა და კონცენტრაციაზე. თუ შეამჩნევთ, რომ სულელურ შეცდომებს უშვებთ, მნიშვნელოვანი საკითხები გავიწყდებათ, გრძნობები გეძალებათ, ან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებთ, შესაძლოა, ეს ყველაფერი ემოციური გადაწვის სინდრომი იყოს.  

სირთულეები სამსახურსა და პირად ურთიერთობებში

სტრესი, განსაკუთრებით, ადამიანებთან ურთიერთობისას ვლინდება. შესაძლოა, სამსახურში როგორღაც ახერხებთ თავშეკავებას, მაგრამ პრობლემა შინ მაინც იჩენს თავს. სტრესი ბევრს აიძულებს, ხმას აუწიოს, წონასწორობა დაკარგოს და სრულიად სულელურ და უაზრო კონფლიქტშიც კი გაეხვიოს.

სამუშაოს წაღება შინ

შესაძლოა, დაძინებისას სამსახურის საქმები ხშირად გახსენდებათ და უხერხულობის გრძნობა გაწუხებთ.  ცდილობთ, აღიდგინოთ, ნამდვილად ყველაფერი გააკეთეთ? რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ გამოგრჩათ? თუ შინ სამსახურზე ფიქრი არ გასვენებთ, იცოდეთ, ეს ემოციური გადაწვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია.

გადაღლა

ემოციური გადაწვა ხშირად გადაღლას იწვევს, რადგან სტრესი თქვენს გონებასა და სხეულზე ახდენს გავლენას. მისი ნიშნებია: დაღლილობის შეგრძნება ღამის მშვიდი ძილის შემდეგაც; მუშაობაში დასახმარებლად დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება, ან სამსახურში მხნედ ყოფნის პრობლემა. 

უარყოფითი ემოციები

მიუხედავად იმისა, რომ დადებითი პიროვნება ხართ, ემოციურმა გადაწვამ შეიძლება თქვენში უარყოფითი განცდები აღძრას. თუ ყურადღებას მოვლენების უარყოფით მხარეებზე ამახვილებთ, სხვებს განიკითხავთ და ცინიკურად იქცევით, ნათელია, რომ ხასიათი შეგეცვალათ და დროა, თავს უშველოთ.

კმაყოფილების გრძნობის დაქვეითება

ემოციური გადაწვა თითქმის ყოველთვის  მომაბეზრებელ უკმაყოფილებას იწვევს. პროექტები და ადამიანები, რომლებიც ადრე გაღელვებდათ, განურჩეველი ხდება. ამაზე ფიქრი მუშაობას კიდევ უფრო აუტანელს ხდის. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს შრომობთ, ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენი შრომის შესაფერის ანაზღაურებას ვერ იღებთ.

სტიმულის დაკარგვა

მუშაობის დაწყებისას ბედნიერად ვგრძნობთ თავს და ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებთ. ასეთ მდგომარეობაში სტიმული თავისთავად  ჩნდება, ემოციური გადაწვისას კი თავს ვაიძულებთ, მოტივაცია გაგვიჩნდეს სამუშაოს შესასრულებლად. შესაძლოა, დაკისრებული საქმე ბოლომდე გავაკეთოთ, საუკეთესოდაც კი, მაგრამ სტიმული საერთოდ არ გვქონდეს და მთავარი მოტივატორი სამუშაოს შესრულება კი არა, შიში გახდეს  -  ვადების დარღვევის, კოლეგებისთვის მოლოდინის გაცრუების, ან სამსახურიდან გათავისუფლების შიში.  

სამუშაოს შესრულების ხარისხი

ადამიანები, რომლებსაც ემოციური გადაღლის სინდრომი აქვთ, საუკეთესო შედეგებით გამოირჩევიან, თუმცა იმ დროის დაფიქსირება, როდესაც  შრომის ნაყოფიერება მცირდება, უზომოდ მნიშვნელოვანია. საკუთარ თავს ჰკითხეთ:

  • როგორ მუშაობდი 6 თვის წინათ?
  • 5 თვის წინათ?
  • 1 წლის წინათ?

თუ უწინდებურად ვეღარ მუშაობთ, დროა, დაადგინოთ, მიზეზი ემოციური გადაწვა ხომ არ არის.

საკუთარ თავს არ უვლით

ცხოვრება განუწყვეტელი ბრძოლაა იმ მოვლენების წინააღმდეგ, რომლებიც, ერთი შეხედვით, თითქოს კარგია თქვენთვის, მაგრამ სინამდვილეში ორგანიზმზე მძიმე ზეგავლენას ახდენს.  ემოციური გადაწვის შეგრძნება სტრესის შედეგია, რომელიც თვითკონტროლის უნარზეც მოქმედებს. ამ დროს ცდუნებასაც გაცილებით იოლად ემორჩილებით, თავდაჯერების გრძნობაც გიქრებათ და სტიმულიც.  

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.