სოფლის მეურნეობა

თბილისში ნატურალური ბიოპროდუქტების მაღაზია გაიხსნა

ბიოპროდუქტებზე გლობალური მოთხოვნა იზრდება
თბილისში ნატურალური ბიოპროდუქტების მაღაზია გაიხსნა
ფოტო: Naturpur
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიოდინამიური მეურნეობა დღითი დღე იკრებს პოპულარობას. ეს არის მეთოდი, რომელიც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანას გულისხმობს. ამდენად, მასზე გლობალური მოთხოვნა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.

მსოფლიო ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება და ჩვენს ქვეყანაშიც მოიძებნება საწარმო, რომელიც ბიოდინამიური მეთოდებით მართავს სამეურნეო პროცესს. ამჯერად გვსურს გაგაცნოთ საწარმო „ფონა“, რომელიც კახეთის რეგიონში მდებარეობს და მაღაზია „ნატურპური“, რომელიც ლუკა წულაიამ თბილისში სულ ახლახან გახსნა.

ბიოდინამიური მეურნეობა „ფონა“ სულ ოთხი წელია ფუნქციონირებს, თუმცა უკვე 70-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს და განვითარებას აქტიურად განაგრძობს. „ფონაში“ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციისთვის ლუკა წულაიამ თბილისში მაღაზია „ნატურპური“ გახსნა, რათა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტზე ხელმისაწვდომობა დედაქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის შეექმნა. 

„მაღაზია ბიომეურნეობა „ფონასთან“ ერთად დავაფუძნე. ბიოდინამიური მეურნეობა ჩემი დიდი ინტერესის სფეროა, რომელშიც მეურნეობის განვითარების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და თანაც ეს ხდება ბუნებასთან ჰარმონიულად. მნიშვნელოვანია ის, რომ ნიადაგს ბიოდინამიური მეურნეობა, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ისე აღიქვამს, „თანამშრომლობს“ მათთან და არ ებრძვის მას შხამქიმიკატებით. მცენარეს უქმნის ხელსაყრელ პირობებს ზრდა-განვითარებისთვის სხვადასხვა მეთოდით: თესლბრუნვით, კულტურათა მონაცვლეობით, ორგანული სასუქებით და ბიოპრეპარატებით“, − აცხადებს ლუკა.

მანამდე ლუკა ოფისში მუშაობდა, სადაც ერთ პატარა სივრცეში გამოკეტილი, თავს სრულფასოვნად რეალიზებულად არ გრძნობდა. მისი სურვილი ისეთი საქმის კეთება იყო, რაც ადამიანებისთვის და განსაკუთრებით ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნებოდა. მაღაზიის იდეის გაჩენის შემდეგ, გადაწყვიტა საქმისთვის სერიოზულად მოეკიდებინა ხელი. წავიდა გერმანიაში და საკუთარი თვალით ნახა, როგორ ფუნქციონირებს იქ ბიოკონცეფციის მაღაზიები, მეურნეობები და საკონდიტროები. გერმანიის ერთ-ერთ წამყვან ბიოდინამიურ მეურნეობაში ორკვირიანი პრაქტიკის შემდეგ, სადაც ასევე მაღაზია და საცხობი ფუნქციონირებდა, ზუსტად გააცნობიერა, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოში. დღეს უკვე ლუკა თბილისში, მაღაზიის მომხმარებელს სთავაზობს ბიოლოგიურად სუფთა ორგანულ პროდუქტებს: ბოსტნეულს, სხვადასხვა სახის ჩირს, მცენარეულ ჩაის, ქართული წითელი დოლის ფქვილით და ჭვავით გამომცხვარ პურს და სხვა კვებით პროდუქტებს. 

„მაღაზიის სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს „ნატურპურზე“ შევჩერდით, რაც გერმანულად და ასევე ინგლისურად „ნატურალურად სუფთას“ ნიშნავს. სიახლე კი ის გახლავთ, რომ ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია ერთად თავმოყრილი, ბიოლოგიურად სუფთა სხვადასხვა პროდუქტის შეძენა და ზრუნვა საყვარელ ადამიანებზე. ამჟამად, 4 ადამიანი ვართ ჩართული „ნატურპურის“ მართვაში და ძალისხმევას არ ვზოგავთ ვიზრუნოთ ჩვენს მომხმარებლებზე“, − ამბობს ლუკა. 

ბიომეურნეობა „ფონას“ პროდუქტი „ნატურპურის“ მეშვეობით ჯერ მხოლოდ თბილისში რეალიზდება, თუმცა სამომავლო გეგმები ამბიციურია. 

„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, პირველ ეტაპზე გვინდა, მომხმარებლებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია და გავაგებინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება ადამიანისთვის და რა განსხვავებაა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტსა და შხამქიმიკატებით გაჟღენთილ პროდუქტს შორის. მაღაზიის პირველ ნაბიჯს გამოცდილების მიღება წარმოადგენს, რის შემდეგაც ჩვენ ვაპირებთ, გაკეთდეს კიდევ სხვა ადგილას კაფე-მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეეძლება არა მხოლოდ იყიდოს ჩვენი პროდუქტი, არამედ ადგილზე დააგემოვნოს“, − სიამაყით ამბობს ლუკა.

გვჯერა, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება ერთ-ერთი ის კონკურენტული ნიშაა, რითაც საქართველოს შეუძლია აიმაღლოს კონკურენტუნარიანობა საექსპორტო ბაზრებზე. ამდენად, ეს მიმართულება Entrepreneur-ის ერთ-ერთი ინტერესის სფეროა. წარმატებას ვუსურვებთ „ფონას“ და ლუკა წულაიას.

More from Entrepreneur

David provides constructive insight to help businesses focus on their company growth, build brand awareness and know when and how to raise money.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur