გაასწორე საწოლი!

ასე იწყება დიდი საქმეები – საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის გზაზე
გაასწორე საწოლი!
ფოტო: ირაკლი დოლიძე
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დიდი ხანია, მინდოდა დამეწერა პატარა ნაბიჯების მნიშვნელობაზე.

მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ კარგა ხანია, დამარწმუნა პატარა საქმეების დიდი გულით კეთების ფენომენში.

ვერ ვბედავდი ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს იმ ქვეყანაში, იმ ხალხთან, ვისაც დიმიტრი უზნაძის დასკვნით, არ აქვს თვისება „პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთების, როგორც დიდი საქმეებისა“.

ხოდა, რა გასაკვირია, რომ ვერ ვბედავდი. არ მასვენებდა კომპლექსი, სახელად „სხვა“. და რას იტყოდა ის „სხვა“? ვაიდა, თვალში ვეპატარაო „სხვას“ – თავად დიდსა და გრანდიოზულს, რომლის გულს პატარა საქმეები არ ანთებენ?   

თუმცა, სხვას რას ვერჩი, თავად მეპატარავება საკუთარი თავი საკუთარ თვალში. ამიტომაც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ვერ გავბედე გამეჟღერებინა იდეა, რომლის ჭეშმარიტებაშიც ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბარი არასაკმარისად დამაჯერებლად მიმაჩნდა და ჩემზე გაცილებით დიდი ავტორიტეტის მოშველიება მჭირდებოდა...

ოღონდ ეს ავტორიტეტი ცოცხალი, ჩვენი თანამედროვე უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილ გენიოსთა შორისაც მეგულებოდნენ მხარდამჭერები...

ნებისმიერი საქმის პატარა ნაბიჯებით დაწყების მნიშვნელობაზე ხმამაღლა საუბარი ვერ გამაბედინა თვით პლატონმა, რომელსაც უთქვამს თავის დროზე, რომ ყველა საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საქმის დაწყებაა...  

ვერ გამაბედინა ვერც ჩინურმა სიბრძნემ, რომ ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობაც პირველი ნაბიჯით იწყება...

ვერ გამაბედინა ვერც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა, ვინც უფალს თავის ლოცვაში არა სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ სწორედ პატარა ნაბიჯების ხელოვნების სწავლებას სთხოვდა. 

რამდენიმე წლის წინ კი გადავაწყდი ვიდეოს, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები – ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სარდლობის მეთაური, საზღვაო ძალების ადმირალი უილიამ მაკრავენი ტეხასის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართავს და თავად მსოფლიო დონის ფიგურა, მრავლისმნახველი და მრავლისმცოდნე სარდალი ახალგაზრდებს – ამერიკისა და მსოფლიოს მომავალ ლიდერებს ურჩევს, რომ თუ მათ სურთ, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება და შეცვალონ მსოფლიო, უპირველესად, დღე საკუთარი საწოლის გასწორებით უნდა დაიწყონ.    

მადლობა, ადმირალო, რომ გამაბედინეთ და დღეს თქვენი ავტორიტეტით ზურგგამაგრებული, მეც თამამად ვსაუბრობ პატარა საქმეების, პატარა ნაბიჯების მნიშვნელობაზე.

კიდევ უფრო გამახარა იმის გააზრებამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ძალებში არათუ თქვენსავით მთელი ცხოვრება, არამედ ერთი დღეც არ მიმსახურია, მეც თქვენსავით, ყოველ დილით ვასწორებ საწოლს. ვასწორებ უზადოდ. ვასწორებ უნაკლოდ, რადგან ღრმად მწამს, რომ ყველაფერს, რასაც უნდა აკეთებდე, დიდსა თუ პატარა საქმეს, გულით კეთება უნდა და მხოლოდ მაშინ შეძლებ დიდი საქმეების ხარისხიანად კეთებას, როცა პატარა საქმეებსაც ხარისხიანად აკეთებ.

ისევ ადმირალს მოვუსმინოთ: „თუ ყოველ დილით შენს საწოლს გაასწორებ, დღის პირველი საქმე შესრულებული გექნება. ეს მოგანიჭებს სიამაყის განცდას და გიბიძგებს შემდეგი საქმის შესრულებისკენ, შემდეგი სხვა საქმის და ასე შემდეგ. დღის ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ საქმე, რომელიც დილით კარგად შეასრულე, სხვა, წარმატებით შესრულებული საქმეებით გაგრძელდა... და მაშინაც კი, თუ რომელიღაც დღე ცუდად ჩაივლის, შენ დაბრუნდები შინ, სადაც დაგხვდება საწოლი, რომელიც დილით გაასწორე. სწორედ შენ მიერ ასე კარგად გასწორებული საწოლი კი აგავსებს იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება“.

ასე რომ, ვინც ჯერ კიდევ „რაღაცას ელოდებით“, რაღაც დიდს და გრანდიოზულს, რადგან პატარა საქმეების კეთება გეთაკილებათ, სანამ მთელი ცხოვრება ამ ამბიციურ უმოქმედობაში გასულა, დაიწყეთ პატარა, მარტივი საქმით – გაასწორეთ საწოლი!

ასე იწყება დიდი საქმეები – საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის გზაზე! 

მადლობა, ადმირალო!

<iframe width="100%" height="166" scrolling="no" frameborder="no" allow="autoplay" src="https://w.soundcloud.com/player/?url=https%3A//api.soundcloud.com/tracks/668554073&color=%23ff5500&auto_play=false&hide_related=false&show_comments=true&show_user=true&show_reposts=false&show_teaser=true"></iframe>

 

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur