📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

იფიქრე და იმოქმედე ჩემპიონივით! თუ ფიქრობთ, რომ თქვენც შეგიძლიათ გახდეთ თქვენი საქმის ჩემპიონი, შეხედეთ საკუთარ საქმეს, როგორც სპორტს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ოქტომბერში ტაილანდში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტულოვანმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდი დაამყარა – 484 კილოგრამი ორჭიდის ჯამში (ატაცი – 220 კგ, აკვრა – 264).

მისი მორიგი წარმატების ეიფორია ჯერ გადასულიც არ იყო, როცა ჩემპიონმა ინტერვიუში ასეთი რამ თქვა:

„თუ 500 კილოგრამი ავწიე, ნახევარ ტონაზე აღარ გავჩერდები და კიდევ მეტის აწევის სურვილი გამიჩნდება"!

სწორედ ამ ფრაზამ გადამაწყვეტინა, ჩემი მორიგი სარედაქციო სტატია დამეთმო თემისთვის, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობ, თუმცა ლაშას ინტერვიუმ ამჯერად გადადების საბაბი აღარ დამიტოვა.

მიგიქცევიათ თუ არა ყურადღება, როგორ ფიქრობენ, როგორ აზროვნებენ ჩემპიონები და რა შეიძლება ვისწავლოთ მათგან, რაც ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც გამოგვადგება?

ამ თემაზე, როგორც უკვე გითხარით, ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ, ვკითხულობ და ჩემპიონებისთვის დამახასიათებელი მთავარი თვისება, რაც უკლებლივ ყველას ახასიათებს, მოკლედ ასე შემიძლია ჩამოვაყალიბო – ჩემპიონი არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს შედეგი, რისთვისაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალი ყველა ნაბიჯი გათვლილი და კარგად გააზრებულია.

და კიდევ მთავარი – მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც მენტალურია – ჩემპიონი ჯერ გონებაში იბადება!

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩემპიონის აზროვნება, ჩემპიონის ფსიქოლოგია გადამწყვეტია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს ყველაზე მაღალი მწვერვალების დაპყრობა ბიზნესსა და თუ ნებისმიერ სხვა სფეროში; ვისაც სურს, მუდმივად და თანაც დიდი დისტანციით უსწრებდეს კონკურენტებს.

ასეა! ბიზნესისა და სპორტის არენას ჩემპიონის აზროვნება აერთიანებს!

მოვუსმინოთ ლაშა ტალახაძეს, რომელმაც ეს სიტყვები ოქტომბერში, მორიგი მსოფლიო რეკორდის დამყარების შემდეგ „კვირის პალიტრის" ჟურნალისტს უთხრა:

„ორჭიდის ჯამში 500 კილოგრამი ყველასთვის საოცნებო მაჩვენებელია, მით უმეტეს, რომ ძალოსნობის ისტორიაში 472 იყო საუკეთესო შედეგი, რაც უკვე 12 კილოგრამით გავაუმჯობესეთ და მჯერა, რომ უფლის წყალობით მეტს შევძლებთ! მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და აუცილებლად ავალთ საოცნებო მაჩვენებლამდე".

როგორც ვხედავთ, ლაშა ტალახაძეს მიღწეული შედეგი არ აკმაყოფილებს და მიუხედავად სენსაციური – 484-კილოგრამიანი რეკორდისა, რაც სხვისთვის შესაძლოა აქამდეც წარმოუდგენელი შედეგი იყო, ის უკვე 500 კილოგრამზე და კიდევ უფრო მეტზეც ფიქრობს!

ის, ისევე როგორც სხვა ჩემპიონები, მეოცნებეა, მაგრამ მისი ოცნება ყოველთვის ხორციელდება, რადგან ის არასოდეს დუნდება, არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და მაქსიმუმის მისაღწევად თავდაუზოგავად შრომობს!

კვლავ მას მოვუსმინოთ:

„ყოველი ტურნირის შემდეგ თავიდან ვიწყებ ფიქრს, რომ კიდევ ბევრი მწვერვალია დასაპყრობი. ძალოსნობა სპორტის ისეთი სახეობაა, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს – მცირე უყურადღებობა, იმედგაცრუება ან მეტოქეების შეუფასებლობა საკმარისია, რათა ძალიან დაშორდე კონდიციას, რომლისთვისაც წლების განმავლობაში იბრძოდი. ამიტომ მუდამ მობილიზებული ვარ მაქსიმუმის გასაკეთებლად"!

თუ ფიქრობთ, რომ თქვენც შეგიძლიათ გახდეთ თქვენი საქმის ჩემპიონი, შეხედეთ საკუთარ საქმეს, როგორც სპორტს, აქციეთ თქვენი პროფესიული საქმიანობა სპორტულ არენად, არასოდეს დაკმაყოფილდეთ მიღწეული შედეგით, არ დანებდეთ, მუდმივად ისწრაფეთ უკეთესისკენ, დაისახეთ მიზნები და მიაღწიეთ მათ, შემდეგ კვლავ ახალი მიზნებისკენ აიღეთ გეზი და ასე, შეუჩერებლად, მიზანმიმართულად, მობილიზებულად და კონცენტრირებულად იმოძრავეთ ახალი და ახალი რეკორდებისკენ – სპორტშიც, ბიზნესშიც, ცხოვრებაშიც!

ასეთია ჩემპიონის გზა. შეუდექი მას! იფიქრე და იმოქმედე ჩემპიონივით!

მადლობა, ჩემპიონო!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება