EMBAWOOD მომხმარებლის კომფორტისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე

კომპანიამ ეკოლოგიურად 100%-ით ნატურალური მასალის ავეჯის წარმოება დაიწყო
EMBAWOOD მომხმარებლის კომფორტისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე
ფოტო: ალექსეი სეროვი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
ჟურნალისტი
6 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EMBAWOOD-ის ისტორია 23 წელიწადს ითვლის. ავეჯის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და საშუალო საფასო კატეგორიის ავეჯის პირველი მაღაზიის გახსნიდან დღემდე მთელი საქართველოს მასშტაბით ფილიალთა რაოდენობა 25-მდე გაზარდა. ავეჯის წარმოებისა და საცალო გაყიდვის გაჯერებულ ქართულ ბაზარზე ბრენდი ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში არსებობის 12 წლის შემდეგ EMBAWOOD-ის ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი დადგა. კომპანიის გენერალური დირექტორი საქართველოში, სენან ომაროვი EMBAWOOD-ის მიზნებზე, გეგმებსა და გამოწვევებზე ENTREPRENEUR-ს ესაუბრა.

2019 წლის აგვისტოში სენან ომაროვმა კომპანიის მართვა საკუთარ თავზე აიღო. EMBAWOOD-ში წლების განმავლობაში მუშაობდა, ასრულებდა ფინანსური დირექტორის, მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციას. წლების შემდეგ კი ისეთ რთულ მისიას შეეჭიდა, როგორიც ბაზარზე 2 საწარმოთი და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი 25 მაღაზიით წარმოდგენილი კომპანიის მართვაა.

გენერალური დირექტორის ცვლილებასთან ერთად, სრულად გადაიხედა კომპანიის ბიზნესგანვითარების სტრატეგია, დაისახა ახალი გეგმები და აღსრულების ფაზაც გუნდის დაკომპლექტებისთანავე, 1 თვეში დაიწყო.

ბრენდის პირველი მაღაზია საქართველოში 2007 წელს გაიხსნა. მაღაზიათა ქსელის მიზანს საშუალო შემოსავლის სეგმენტის სრულად ათვისება წარმოადგენს. ბაზარზე EMBAWOOD-ი ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანით არის წარმოდგენილი. EMBAWOOD-ის ქართულ საწარმოში რბილ ავეჯს, საბავშვო ოთახის, საძინებლის, მისაღები ოთახისა და სამზარეულოს ავეჯის სრულ კომპლექტაციას, მაგიდებს, სკამებსა და მატრასებს აწარმოებენ.

EMBAWOOD-ის უმთავრეს პრიორიტეტს მაღაზიის ვიზიტორისათვის კომფორტის შექმნა წარმოადგენს − როგორც შინ, ისე ნებისმიერ ფილიალში, რომელსაც პოტენციური მომხმარებელი სტუმრობს.

სენან ომაროვს მიაჩნია, რომ მაღაზიათა ქსელში არსებული მრავალფეროვანი არჩევანი კომპანიის ფინანსური წარმატების ერთ-ერთი ძირეული განმაპირობებელია. „ავეჯის ბიზნესი ეგრეთ წოდებული Fast Fashion არ არის − ავეჯის მაღაზიაში ყოველ კვირას სხვადასხვა კოლექციას ვერ შეხვდებით, თუმცა გენერალური დირექტორის პოზიციაზე დანიშვნის დღიდან მსურდა, უფრო ხშირად განახლებადი პორტფოლიო გვქონოდა. ავეჯის არაერთი მაძიებელი შემოდის მაღაზიაში. რიგ შემთხვევაში, მათი ნაწილი სასურველ მოდელს ვერ პოულობს. ჩვენი მიზანია, ქსელში არსებული პროდუქცია იმდენად სწრაფად განახლებადი იყოს, რომ მაღაზიაში რამდენიმე კვირაში დაბრუნებულ იმავე მომხმარებელს სრულიად განსხვავებული შოურუმი და არჩევანი დახვდეს“, − ამბობს სენან ომაროვი.

რეკორდულად მცირე დროში გატარებული რეფორმა

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, მომხმარებლის მხრიდან არჩევანის გაკეთებაა. არჩევანის ბრენდის სასარგებლოდ გადახრა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონსულტანტზე, მის მოტივაციასა და ცოდნაზე. სწორედ ამიტომ, გენერალური დირექტორის მოთხოვნით, EMBAWOOD-ის 25-ივე მაღაზიაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს და უმოკლეს დროში დადებით შედეგსაც მიაღწიეს. „თუკი EMBAWOOD-ში შემოსული 10 ადამიანიდან ადრე 3-4 ბრუნდებოდა შენაძენით, ამ რიცხვმა ბოლო თვეებში 5-6-ს მიაღწია“, − სიამაყით გვიცხადებს ომაროვი.

კომპანიის მენეჯმენტის, სტრატეგიისა და მიზნების ცვლილების პარალელურად, ავეჯის მწარმოებლისათვის არასახარბიელო მდგომარეობა რამდენიმე თვის წინ დადგა − საქართველოში დაკანონებული სესხის ახალი რეგულაციების მიზეზით, მომხმარებელს განვადების გაკეთება თუ ინტერიერის მოსაწყობად სესხის აღება შეეზღუდა. ლიმიტი დაწესდა როგორც ყოველთვიურ პროცენტულ გადასახადზე, ისე სესხის დადასტურების პროცესზე, გადახდის ხანგრძლივობაზე. „მსგავსი კრიზისები კომპანიებს სრულიად ახალი, უკეთესი გზების მოძებნაში გვეხმარება“, − ამბობს ომაროვი, − „როდესაც ასეთი რეგულაციის წინაშე აღმოჩნდები, ვერაფერს შეცვლი, გარდა იმისა, რომ შეცვალო სიტუაცია კომპანიაში“. სიტუაციის ცვლილებაში გადადგმული ნაბიჯი სწორედ მომსახურე პერსონალის გადამზადება იყო, და როგორც ზემოთ მოყვანილი რიცხვებიც მეტყველებს, პროცესმა შედეგი გამოიღო.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია

2007 წლიდან მოყოლებული, EMBAWOOD-ი იმ კომპანიათა რიცხვში შედის, რომლებიც პროდუქციის წარმოებას ნატურალური, ჯანმრთელობისთვის 100%-ით უვნებელი მასალებით იწყებენ. ავეჯის მასალის მომწოდებელი კომპანიების მიმართ მოთხოვნები უკვე შეიცვალა. წარმოებაში ჩაშვებამდე ყველა მასალა წინასწარ გადის ლაბორატორიულ შემოწმებას მავნე ნივთიერებების შემცველობაზე. ასევე, მკაცრად კონტროლდება სათადარიგო ნაწილები სიმტკიცესა და გამძლეობაზე, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის გამძლე და მაღალი ხარისხის ავეჯს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს. ამასთანავე, აღსანიშნავია კომპანიის მიერ შეთავაზებული გაყიდვების შემდგომი მომსახურება. EMBAWOOD-ი უზრუნველყოფს პროდუქციის მიტანისა და მონტაჟის სერვისს.

„ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებელზე და კომპანიის პრიორიტეტს მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა წარმოადგენს“,− ამბობს სენან ომაროვი. „რასაკვირველია, თითოეული შენაძენი 2-წლიანი გარანტიითაა უზრუნველყოფილი, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტთ, რომ თქვენი ავეჯი განაახლოთ ან გადაახალისოთ, შეუცვალოთ ფერი, შეგიძლიათ მოგვმართოთ და თქვენი სურვილი ასრულდება. ეს ერთ-ერთია იმ მრავალ უპირატესობას შორის, რასაც ადგილობრივი წარმოება ჰქვია − პროცესი რამდენიმე დღეში სრულდება და დიდი ხნის განმავლობაში მოცდაც არ არის საჭირო“.

EMBAWOOD-ს საქართველოში 2 საწარმო აქვს გახსნილი. ერთ მათგანში ის მასალა იწარმოება, რომლითაც ავეჯის აწყობა ხდება, ხოლო მეორეში უშუალოდ ავეჯის აწყობის პროცესი მიმდინარეობს. საერთო ჯამში, საწარმოებში, თბილისსა და გარდაბანში 300-მდე ადამიანია დასაქმებული.

„საწარმო სამუშაოები რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება. უმთავრეს პროცესს კი იმ მასალის შემოწმება წარმოადგენს, რომლითაც ჩვენი ავეჯის კარკასის აწყობა ხდება. 2007 წლიდან მასალა, რომელსაც ჩვენი წარმოება გამოიყენებს, 100%-ით ნატურალური და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის“.

სენან ომაროვისა და მისი გუნდის მთავარ გამოწვევას 2019 წლის ბოლოს ერთად შემუშავებული სტრატეგიისა და სტრატეგიული მიზნების საწარმოო და საცალო გაყიდვების პროცესებად ქცევა წარმოადგენს. ფაბრიკების გადაიარაღება, მომწოდებელთა ცვლილება თუ მასალის ხარისხის კონტროლი, ავეჯის აწყობის თითოეული საფეხურის ოპტიმიზაცია და პოტენციურ მომხმარებლამდე ინფორმაციის სწორად მიტანა, EMBAWOOD-ის ამჟამინდელი გამოწვევებია.

განახლებული შოურუმი

ამ დროისათვის ავეჯის მწარმოებელი კომპანიის საცალო გაყიდვის ქსელში 25 მაღაზია ფუნქციონირებს. მათგან 4 თბილისში მდებარეობს, 21 კი რეგიონებშია გადანაწილებული. მრავალწლიანი დაკვირვებისა და კვლევის შემდეგ, სენან ომაროვისა და მისი გუნდისათვის საცალო ვაჭრობის მთავარ გამოწვევას სხვადასხვა რეგიონში, იქნება ეს აჭარა თუ თბილისი, მცხოვრები ადამიანების გემოვნების ცოდნა და დაკმაყოფილება წარმოადგენს. „პროდუქტი, რომელიც ყველაზე აქტიურად იყიდება ბათუმში, შესაძლოა თბილისში პოპულარობით სულაც არ სარგებლობს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, მომხმარებლის მოთხოვნაზე რეაგირება მოვახდინოთ და ისეთი რამ შევთავაზოთ, რაც ვიცით, რომ დააინტერესებთ“, − ამბობს სენან ომაროვი.

სულ ცოტა ხნის წინ EMBAWOOD-ის ყვარელის ფილიალის გაფართოება დასრულდა. 300 კვადრატულ მეტრზე არსებული მაღაზია 1600 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ შოურუმად იქცა. „ყვარელის ფილიალში აბსოლუტურად ყველაფერი შევცვალეთ − სრულიად თავდაყირა დავაყენეთ ინტერიერი, შევცვალეთ ფერი, განათება, განლაგება. 2020 წელს მაღაზიათა ქსელში საფუძვლიან რეფორმას არ ვგეგმავთ, თუმცა 2021 წლის ბოლომდე, პირობას გაძლევთ, რომ თითოეულ მათგანში დიდ ცვლილებებს განვახორციელებთ. სრულად შეიცვლება მაღაზიის ექსტერიერი, ლოგო. თითოეულ მაღაზიას იდენტური ვიზუალური მხარე ექნება და აღარ დაგჭირდებათ EMBAWOOD-ის ლოგოს შემჩნევა, რომ კარგად მიხვდეთ, რომელი ბრენდის მაღაზიასთან ხართ“, − ამბობს სენან ომაროვი.

გუნდი, როგორც წარმატების გარანტია

გეგმებითა და იმედებით აღსავსე სენან ომაროვის სიმშვიდის გარანტორს მისი გუნდი წარმოადგენს. გენერალური დირექტორის პოზიციის დაკავებიდან 1 თვეში ომაროვს გარშემო უკვე ის ადამიანები ჰყავდა შემოკრებილი, რომლებთანაც ერთ დროს წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებდა, ანდა მიაჩნდა, რომ მომავალში მათი კოლაბორაცია სიკეთის მომტანი გახდებოდა. „სიაც კი მქონდა, ზუსტად ვიცოდი, ვისთან მუშაობა იქნებოდა ჩემთვის კომფორტული“, − იხსენებს სენანი. „მიმაჩნია, რომ ჩემს წარმატებას ის ადამიანები განაპირობებენ, რომლებიც გარშემო შემოვიკრიბე. გუნდი − ეს მხოლოდ ადამიანთა ჯგუფი არ არის, ესაა ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომლებიც ერთმანეთს აფასებენ, მხარს უჭერენ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კომპანიის ლიდერობას ჩავიბარებ ჩემი გუნდის გარეშე, მათთან ერთად ყველაფერს შევძლებ, მათ გარეშე კი, დარწმუნებული ვარ, არაფერი გამომივა“.

სენან ომაროვი წარმოშობით აზერბაიჯანელია, თუმცა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მეხუთე კლასამდე გარდაბნის რაიონში, სოფელ ვახტანგისში ცხოვრობდა, თუმცა მშობლიური სოფელი მეხუთე კლასში დატოვა და სასწავლებლად ბაქოში გადავიდა. ჯერ კიდევ ბაქოში ცხოვრობდა, როდესაც EMBAWOOD-ში მუშაობა შესთავაზეს და აზერბაიჯანიც ზედმეტი კითხვების გარეშე დატოვა. „ემბავუდში“ კომპანიის ფინანსური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, იყო მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელიც, მისი შრომა კი 2019 წელს დაფასდა და სენან ომაროვი საქართველოში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ავეჯის მწარმოებლის გენერალური დირექტორი გახდა. „მიმაჩნია, რომ კომპანიის სწორად წარსამართად, უმთავრეს ფაქტორს სტრატეგია წარმოადგენს, სტრატეგიას კი მის სათავეში მდგარი ადამიანი განსაზღვრავს გუნდთან ერთად. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ სწორი გუნდის შეკრება უმნიშვნელოვანესია. ყველა ის პროცესი, რომელიც კომპანიის შიგნით მიმდინარეობს, მომხმარებლის მხრიდან ბრენდის აღქმაზე, გაყიდვებზე აისახება. ახალი იდეებიც ამიტომ ფასობს − შეუძლებელია მართავდე ძველი გუნდით, უცვლელი სტრატეგიით და სხვა შედეგის დადგომას ელოდე“.

2019 წელს EMBAWOOD-ის გენერალური დირექტორი დადებითად აფასებს. უმოკლეს დროში, აგვისტოდან დღემდე, მაღაზიათა ქსელმა მოახერხა და საბანკო რეგულაციების თუ ახლად შეკრებილი ადმინისტრაციის პირობებში გაყიდვების საერთო მაჩვენებელი შარშანდელ ნიშნულს არათუ გაუტოლა, არამედ ასწია კიდეც.

2020 წელი EMBAWOOD-ისთვის გარდამტეხი იქნება. გარდა იმისა, რომ კომპანიამ მოახდინა საწარმოო გადაიარაღება და შეიძინა უახლესი მანქანა-დანადგარები, განაახლა წარმოების ტექნოლოგიური პროცესი, აყალიბებს გაყიდვების ახალ სტრატეგიას და EMBAWOOD-ის მაღაზიათა ქსელის მულტიფუნქციურ ცენტრებად ქცევას გეგმავს − თითოეულ მაღაზიაში, ავეჯის გარდა, ინტერიერის აქსესუარებისა და საოჯახო ტექსტილის დამატებას მომავალი წლის დასაწყისში აპირებენ. „ჩვენთვის მაღაზიების სივრცის ზრდა სტრატეგიულ მიზანს არ წარმოადგენს − მიგვაჩნია, რომ პრიორიტეტულია EMBAWOOD-ში შემოსულ მომხმარებელს პროდუქციის რაც შეიძლება დიდი და მუდმივად ცვლადი არჩევანი დავახვედროთ“.

Latest on Entrepreneur