სწავლა ცხოვრებისათვის და არა გამოცდებისთვის - ფინური საერთაშორისო სკოლა საქართველოში

რატომ უნდა ავირჩიოთ ფინური საგანმანათლებლო მოდელი?!
სწავლა ცხოვრებისათვის და არა გამოცდებისთვის - ფინური საერთაშორისო სკოლა საქართველოში
ფოტო: ალექსეი სეროვი
9 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ფინური საგანმანათლებლო მოდელი, პასუხი მარტივი, მაგრამ მრავლისმომცველია – ნდობა, თავისუფლება და თანასწორობა. ეს სამი პრინციპი, რაზეც ფინური სასწავლო სისტემაა დამყარებული, მოსწავლეების ბედნიერებისა და კეთილდღეობის საწინდარია. ინდივიდუალური მიდგომა, თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები და სახელდახელოდ, მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამა კი ბავშვს საშუალებას აძლევს სწავლის პროცესში თავი მაქსიმალურად ბედნიერად იგრძნოს.

ყველამ, ვინც განათლების სფეროთია დაინტერესებული, იცის, რომ ფინეთი ამ მიმართულებით წამყვან პოზიციებს არ თმობს. საერთაშორისო კვლევების თანახმად, იგი ლიდერია დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემათა მსოფლიო რეიტინგში. ფინელი მოსწავლეები როგორც საგნობრივ ცოდნაში, ისე სხვადასხვა აკადემიურ უნარში საუკეთესო შედეგებს აღწევენ.

საინვესტიციო კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ინიციატივით, საქართველოში, კერძოდ საგურამოში, პირველი ფინური საერთაშორისო სკოლა გაიხსნება, რომელმაც ავტორიზების პროცესი წარმატებით გაიარა და ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი სკოლა გახდა, სადაც სწავლება ფინური სასწავლო მოდელის მიხედვით განხორციელდება.

სკოლა ამ ეტაპზე მიღებას 2020-2021 წლისთვის, I-V კლასელებისთვის აცხადებს. სკოლაში მოგვიანებით, მაღალი კლასებიც დაემატება და სრულ 12 კლასს მოიცავს. სამომავლოდ, საგურამოს გარდა, კომპანიას ფინური სკოლების გახსნა საქართველოს დიდ ქალაქებსა და მეზობელ ქვეყნებში აქვს დაგეგმილი.

ფინური საერთაშორისო სკოლის აკადემიური პროგრამის შექმნის მიმართულებით, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ ფინური განათლების კონსორციუმ Polar Partners-თან თანამშრომლობს. კომპანია სასწავლო გეგმის შემუშავებას ფინური მოდელის მიხედვით უზრუნველყოფს, თუმცა, ამასთანავე, პროგრამა სრულად ესადაგება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის მოთხოვნებს.

Polar Partners-ი სკოლას დახმარებას შენობის დიზაინის შემუშავებისა და სასწავლო სივრცის მოწყობის მიმართულებითაც უწევს, რათა გათვალისწინებულ იქნას ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ფინური მოდელით სასწავლო პროცესის წარმართვისთვისაა აუცილებელი.

მასწავლებლების შერჩევაც როგორც ქართული, ისე ფინური მხარის ჩართულობით ხორციელდება. 2019 წელს გამოცხადებულ მასწავლებელთა შერჩევის პროცესში, 200-ზე მეტმა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა სკოლამ მხოლოდ 13 კანდიდატი შეარჩია. მათ Polar Partners და Turku University-ის მიერ ორგანიზებული რამდენიმეთვიანი პროფესიული განვითარების პროგრამა გაიარეს, რომელიც მსოფლიოში N1 ფინური სასწავლო მოდელის მიხედვითაა შექმნილი. საბოლოო ეტაპზე, უკვე გადამზადებული და სერტიფიცირებული კანდიდატებიდან, მხოლოდ 6 პედაგოგი შეირჩა, რომლებიც გაემგზავრნენ ფინეთში, ადგილზე გაეცნენ ფინურ პრაქტიკას და ამ მიმართულებით გაიღრმავეს ცოდნა. შერჩეულ ადამიანებს შორის არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი პედაგოგები, რომლებმაც ტრენინგებზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები განიხილეს, როგორებიცაა: ფინური განათლების მთავარი ღირებულებები – „სწავლა ცხოვრებისთვის და არა გამოცდებისთვის“; მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მეთოდები, აკადემიური საგნების ინტეგრირება და მათი გამოყენება ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და სხვა.

ფინური სკოლა საგურამოში, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში განთავსდება. „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ მიზანია, სკოლა გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და სანიმუშო არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. საგურამო კი არის ადგილი, რომელსაც აქვს შესაბამისი სივრცე, სასწავლო პროცესისთვის იდეალურად მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რაც აუცილებელია ფინური სკოლის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. ბუნებასთან სიახლოვე იძლევა შესაძლებლობას, მოსწავლეებმა შეიძინონ ცოდნა როგორც საკლასო ოთახში, ისე მის კედლებს მიღმა.

ფინური საერთაშორისო სკოლის მისიას წარმოადგენს აქტიური მოქალაქეების აღზრდა, რომლებიც მარტივად შეძლებენ 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გამკლავებას, სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირებას, წარმატებით საქმიანობასა და შემდგომ თვითგანვითარებას. აღნიშნული მისიის მისაღწევად, ფინური საერთაშორისო სკოლა მიზნად ისახავს იმგვარი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების  ჰოლისტურ განვითარებას . სასწავლო პროცესი ბავშვებს ხელს შეუწყობს არა მარტო აკადემიური ცოდნის შეძენაში, არამედ იმგვარი გამჭოლი უნარებისა და კომპეტენციების დაუფლებაში, რაც მათ ჩვენს ეპოქაში პიროვნული და პროფესიული წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

სკოლის მიზანია, მოსწავლეებს დაეხმაროს კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობითი უნარებისა და თვითმყოფადობის განვითარებაში. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებასთან ერთად, სკოლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბება. ამგვარი მიდგომა მოსწავლეებს დაეხმარება, ცოდნა და უნარები რეალურ სამყაროს დაუკავშირონ და დაინახონ თავიანთი როლი მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებთან მიმართებაში. აღნიშნული მიზნების მიღწევას სკოლაში არსებული პოზიტიური და თავისუფალი სასწავლო გარემო, ხარისხიანი პროგრამა და სკოლაში არსებული სწორი ურთიერთდამოკიდებულებები უწყობს ხელს.

კითხვაზე, თუ რა უნარები გამოუმუშავდებათ ფინურ საერთაშორისო სკოლაში ბავშვებს, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, აიეტ კუკავა გვპასუხობს: „ფინური სასწავლო მეთოდისა და მიდგომების უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები სკოლაში არა მხოლოდ ცოდნას იღებენ, არამედ მიღებული ცოდნის გამოყენებას სწავლობენ. თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად ორიენტირებული მიდგომა უზრუნველყოფს მათში საუკეთესოს წარმოჩენასა და განვითარებას. გარდა მრავალმხრივი ცოდნისა და ანალიტიკური უნარებისა, ფინური საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებმა ზუსტად იციან, თუ როგორ სურთ ცხოვრების გაგრძელება, რა არის მათი მოწოდება, შეუძლიათ თავად აირჩიონ მათთვის საუკეთესო პროფესია და განვითარების გზები. სწორედ ეს ფაქტორები მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ ფინური საერთაშორისო სკოლა მომავალი წარმატებული ანტრეპრენერების სკოლაა!“

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ პრიორიტეტია ხელი შეუწყოს იმ დარგების განვითარებას, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ქვეყნის პროგრესი ყოველთვის ხარისხიან განათლებას ეფუძნება, ერუდირებული თაობა კი არის ის მთავარი საშუალება, რომელიც განაპირობებს ქვეყნის წინსვლასა და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდას. ფინური სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი ინდივიდუალიზმის განვითარება, პრაქტიკულობა და მოსწავლეების რეალური ცხოვრებისთვის მომზადებაა.

„ფინური საერთაშორისო სკოლის“ განმასხვავებელი ნიშანი ის უნიკალური გარემო, მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო გამოცდილების მქონე პედაგოგები და ინდივიდუალური მიდგომებია, რაც მოსწავლეებს უაღრესად საჭირო და ღირებული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენაში ეხმარება. სწავლის ბოლო საფეხურზე, მოსწავლეებს შეუძლიათ აიღონ საერთაშორისო დიპლომი, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლებათ სწავლის გაგრძელება.

როგორც სკოლა აცხადებს, მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა, სწორედ ამიტომ ფინურ საერთაშორისო სკოლაში მოსწავლეები არასდროს იტვირთებიან დავალებებით. აქ სასწავლო დღე საკმაოდ მოკლეა, აგრეთვე, ფუნქციონირებს ინტეგრირებული სწავლების მიდგომა – ტარდება ერთობლივი გაკვეთილები, გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. ბავშვები სწავლობენ ყველგან და ყოველთვის − იქნება ეს შესვენების დრო, ბუნებაში ყოფნა თუ ექსკურსიები.

ალბათ ყველას გვსმენია გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ ფინურ სკოლებში არ აქვთ ტესტები და საშინაო დავალებები. ფინურ საერთაშორისო სკოლაშიც მოწმდება მოსწავლეთა მიღწეული პროგრესი, თუმცა, ეს სასწავლო პროცესის უმთავრეს დანიშნულებას არ წარმოადგენს. აქ ბავშვები ემზადებიან რეალური ცხოვრებისთვის და არა გამოცდებისთვის. სკოლაში დასაქმებული არიან მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი პედაგოგები და დარგის სპეციალისტები. მმართველი გუნდი ყოველთვის მზადაა ინვესტიცია დაბანდოს თანამშრომელთა განვითარებაში. მათი აზრით, ფინური საერთაშორისო სკოლა ერთგვარად დიდი ოჯახია, სადაც ყველამ ერთგულად უნდა ითანამშრომლოს და მოსწავლეების კეთილდღეობისთვის დაუღალავად იმუშაოს. სკოლა ფართო საზოგადოებასთან და განათლების სფეროში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ საქართველოს განათლების სისტემის წინსვლაში, განსაკუთრებით კი მასწავლებლების  პ?როფესიული განვითარების  სტანდარტის გაუმჯობესებაში დიდ წვლილს შეიტანენ.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ Polar Partners-თან ერთად და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით, აქტიურად მუშაობს მრავალფუნქციური მასწავლებლების ტრეინინგცენტრის ჩამოყალიბების პროექტზე. ეს იქნება მასწავლებლების სრულიად უნიკალური და მსგავსი მასშტაბის ერთადერთი ტრენინგ-ცენტრი ამიერკავკასიაში, რომელიც მოამზადებს და გადაამზადებს მასწავლებლებს ფინური სასწავლო მეთოდის მიხედვით. პროგრამას გაუძღვებიან სპეციალურად მოწვეული ფინელი ექსპერტები და პედაგოგიკის ტრენერები. ეს კი ხელს შეუწყობს დარგის სპეციალისტთა განვითარებას, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეზე.

გათვალისწინებული ყველა ფაზის დასრულების შემდეგ, ფინური სკოლა შეძლებს 1200 მოსწავლის მიღებას. აღსანიშნავია, რომ სკოლა უახლოესი 5 წლის განმავლობაში ითვალისწინებს 15 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიციის მოზიდვას, რაც ასევე გულისხმობს მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარებას.

2020-2021 აკადემიური წლისთვის ფინურმა საერთაშორისო სკოლამ მზადება უკვე დაიწყო და პირველი თებერვლიდან რეგისტრაციაც გამოაცხადა. წელს სკოლა I, II, III, IV და V კლასის მოსწავლეებს მიიღებს. კლასში ადგილები შეზღუდულია, ხოლო დარეგისტრირებული ბავშვისა და მისი მშობლის გასაუბრებაზე მოწვევა რიგითობის პრინციპით მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ადგილების შევსების შემდეგ დარეგისტრირდებით, თქვენ ავტომატურად მოხვდებით სარეზერვო სიაში.

ფინური საერთაშორისო სკოლა მაქსიმალურად ცდილობს ფინური განათლების სისტემა ქართულ რეალობას მოარგოს, მიზნის მიღწევაში კი კვალიფიციური კადრები უდიდეს როლს თამაშობენ.

იარკო პეტტერი ნიირანენი

იარკო ნიირანენი ფინური საერთაშორისო სკოლის დირექტორია. მას განათლების სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კარიერული საქმიანობის ბოლო სამი წელი k12 school-ის დირექტორი იყო − ესაა სკოლა, რომელიც საბავშვო ბაღიდან დაწყებული, მე-12 კლასის ჩათვლით იღებს მოსწავლეებს. იგი პასუხისმგებელი იყო ყველა სექტორზე. გარდა ამისა, კურირებდა ახალგაზრდების განათლების ცენტრებს, ბიბლიოთეკებს, სპორტის, კულტურისა და მოზარდთა აქტივობებს. ადრეულ წლებში სხვადასხვა მიმართულებით ატარებდა ტრენინგებს ფინეთში, მუშაობდა თბილისში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში და ზუგდიდში, ადამიანთა უსაფრთხოების ჯგუფში. მანამდე კი იარკო ნიირანენი ჩრდილო ფინეთის Oulu-ს უნივერსიტეტში სწავლობდა განათლების მეცნიერების ფაკულტეტზე, რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა პედაგოგად სკოლასა და უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების პროცესი მოსწონდა, გადაწყვიტა განათლების ადმინისტრირებაზე ფოკუსირებულიყო, შესაბამისად, სასწავლო დაწესებულების მმართველისთვის საჭირო საფუძვლიანი განათლება მიიღო. იარკო ნიირანენს მიაჩნია, რომ ფინური საერთაშორისო სკოლა შეძლებს ბავშვები 21-ე საუკუნისთვის საჭირო კომპეტენციებით აღჭურვოს, რადგან სკოლას სურს მომავლის უნარები გამოუმუშავოს სწორედ მათ, ვის ხელშიცაა უკეთესი მომავლის შექმნა.

თეა პაიჭაძე

თეა ფინური საერთაშორისო სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერია. იგი ყველაზე ენერგიული, ორგანიზებული და პოზიტიური თანამშრომელია. მისი ჩართულობა ფინური საერთაშორისო სკოლის ადმინისტრაციულ თუ აკადემიურ პროცესებში სცდება ყოველგვარ პროფესიულ პასუხისმგებლობებს – შეუძლია ერთდროულად ორიენტირებული იყოს რამდენიმე საქმეზე და ყოველი მათგანი ზედმიწევნით ხარისხიანად შეასრულოს. თეა პაიჭაძეს განათლების სფეროში მუშაობის მრავალფეროვანი და ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. ამის პარალელურად, აქვს პედაგოგებისა და დირექტორებისთვის ტრენინგების ჩატარების დიდი გამოცდილება, თანაავტორია პირველი ეროვნული სასწავლო გეგმისა, კურირებდა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს და სხვ. პროფესიონალიზმთან ერთად, განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებებს მასთან პირველივე შეხვედრისას აუცილებლად იგრძნობთ.

ქსენია კიმი

25 წლის ქსენია კიმი წარმოშობით უზბეკია, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში გაატარა. განათლება პრაღაში, ანგლო- ამერიკულ უნივერსიტეტში მიიღო და მას შემდეგ საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, სადაც 2 წელი საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაზე ასწავლიდა ინგლისურს, მათემატიკას, სოციალურ და კომპიუტერულ მეცნიერებებს. როგორც ქსენია იხსენებს, ყოველთვის სურდა პროფესია, რომელიც ადამიანებთან ინტენსიური კავშირის შესაძლებლობას მისცემდა, სწორედ ამან უბიძგა გამხდარიყო მასწავლებელი. ქსენია ფინურ საერთაშორისო სკოლაში პირველი კლასის მასწავლებელია. მიიჩნევს, რომ სწავლების პროცესი კოლაბორაციაა და არ საჭიროებს იერარქიების არსებობას, ეს მიდგომა კი ეხმარება მოსწავლეებთან დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც ნდობასა და იმედზეა დაფუძნებული.

ეთო გიუაშვილი

ეთო ფინურ სკოლაში მე-2 კლასელებს ასწავლის. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ მოიპოვა მაგისტრის ხარისხიც. ორი შვილის დედა 12 წლის განმავლობაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, თინეიჯერებსა და ზრდასრულებს ინგლისურს ასწავლიდა. ახლა კი მისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან დაბრუნება ერთგვარი თავგადასავალია. არის მშვიდი, მეგობრული და მუდამ მზად, რომ ყველას დაეხმაროს, რაც ბავშვებს მასთან ურთიერთობას უადვილებს.

 

 

 

ნადია დუდარევა

ნადია უკრაინიდანაა, თუმცა ბოლო 5 წელია საქართველოში ცხოვრობს. იგი ფილოლოგიის მაგისტრია, ასევე სერტიფიცირებული TESOL/TEFL და RWI Phonics-ის მასწავლებელი. პედაგოგად მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო, საერთაშორისო სწავლების მრავალწლიანი გამოცდილების დაგროვებისას გააცნობიერა, რომ მოსწონს ბავშვებთან ერთად სიახლეების აღმოჩენა. უნივერსიტეტში სწავლისას ჩრდილოეთ ჩინეთში გაიარა სტაჟირება, მუშაობდა RWI Phonics-ის სერტიფიცირებულ მასწავლებლად ჰონკონგში, ასევე ბრიტანულ-ქართულ კულტურულ ცენტრში, თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ასაკის ბავშვთან უმუშავია, მისთვის ყველაზე კომფორტული დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ურთიერთობაა. ამბობს, რომ მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება.

ნანო ხეცურიანი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დამთავრების, ხოლო Vytautas Magnus University-ისა და University of Malaga-ს განათლების მენეჯმენტის მაგისტრატურის გავლის შემდეგ, ნანომ საერთაშორისო გამოცდილება რამდენიმეწლიანი მოგზაურობისას დააგროვა. 26 წლის ნანო ხეცურიანი, ახალგაზრდა მკვლევარი და პედაგოგი, დაინტერესებულია სწავლებისას ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც თანამედროვე სამყაროს შესაბამისი იქნება. ნანომ ბოლო 2 წელი იმუშავა პედაგოგად ლიტვაში. აღნიშნავს, რომ როგორც მასწავლებელი, თავდაჯერებული და ემპათიურია, და სჯერა აქტიური სწავლების ძალის, რომელსაც შეუძლია ბავშვს პასუხისმგებლობა ჩაუნერგოს.

სატუ მარია სარკილა

სატუ წარმოშობით ფინეთიდანაა. იგი თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ფინურ საერთაშორისო სკოლაში Satu მე-3 კლასის მასწავლებელია. ფინეთის Oulu-ს უნივერსიტეტის მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, ერთი წელი ფიზიკური განათლებისა და სპორტის მიმართულებით ისწავლა ბრატისლავას Comenius University-ში, ასევე არის სერტიფიცირებული სპეციალური განათლების მასწავლებელი. იმუშავა განათლების კონსულტანტად თბილისის საერთაშორისო სკოლაში, ასევე ასწავლიდა ბრიუსელის ევროპულ სკოლაში. როგორც პედაგოგს, მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური მიდგომაა და სჯერა, კრეატიულობის წახალისებით, ჯგუფური მუშაობითა და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლებით, ყველა ბავშვი შეძლებს აითვისოს ნებისმიერი საგანი და სკოლაში თავი ყოველთვის ბედნიერად იგრძნოს.

სოფი ჭეიშვილი

სოფიც მე-3 კლასელებს ასწავლის ფინურ საერთაშორისო სკოლაში. მას 2 შვილი ჰყავს, რომელთან ერთადაც დროის გატარება ძალიან უყვარს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი განათლების მეცნიერების მიმართულებით, არის CELTA-ს სერტიფიცირებული მასწავლებელი, მონაწილეობდა ტრენინგებში საქართველოსა და საზღვრებს გარეთ, აქვს სწავლების 13-წლიანი გამოცდილება. ბოლო წლებში ასწავლიდა EFL, ESL და EAL-ს კერძო სკოლის დაწყებით კლასებში. როგორც მასწავლებელს, სჯერა, რომ დღევანდელი განათლების სისტემის მთავარი მიზანი მოსწავლეთა ნამდვილი ცხოვრებისთვის მომზადებაა. ეს მიზანი კი მიიღწევა მოტივაციასა და პერსონალურ მიდგომაზე დაყრდნობით, რომელიც უნდა დაბალანსდეს გამოწვევების არსებობით. სოფი ცდილობს მხარი დაუჭიროს ნებისმიერ მოსწავლეს, ღიაა სიახლეებისადმი და მზადაა გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.