ცვლილების ძალა

„კრისტალი" ახალი გამოწვევების პირისპირ
ცვლილების ძალა
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
8 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებები, მედიცინასთან ერთად, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის არანაკლებ სირთულეს წარმოადგენს. მიმდინარე რეცესიული პროცესები სწრაფ და ეფექტურ ბიზნესგადაწყვეტებს მოითხოვს, თუმცა კრიზისს, უარყოფით ფაქტორებთან ერთად, შესაძლებლობების ფართო სპექტრიც ახლავს. სწორედ ამ ახალ შესაძლებლობებსა და მოსალოდნელ გამოწვევებზე ჟურნალი Entrerpeneur „კრისტალის“ დამფუძნებელს, არჩილ ბაკურაძეს ესაუბრა, რომლისთვისაც, როგორც Chevening-ის პროგრამის 35 Changemaker-თა შორის დასახელებული გამოცდილი ლიდერისთვის, ცვლილება უცხო ცნებას არ წარმოადგენს.

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საფინანსო ინსტიტუტსა და მეწარმეობის მხარდამჭერ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ინოვაციების დანერგვა, მომხმარებელთა საჭიროებებზე ფოკუსი და შესაბამისი სერვისების მყისიერი შეთავაზება, ორგანიზაციის უმთავრესი პრინციპია.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის ეფექტურად გასამკლავებლად, „კრისტალმა“ სასწრაფო წესით ონლაინ-ჰაკათონი გამოაცხადა და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში გამოსავლის პოვნის გზების საძიებლად მოუხმო.

მცირე დროის მიუხედავად, მონაწილეობის სურვილი 150-მდე გუნდმა გამოთქვა. სპეციალური ჟიური მათგან საბოლოო პაექრობისთვის 15 გუნდს შეარჩევს, საიდანაც 10-მდე გუნდი საკუთარი იდეის გასახორციელებლად დაფინანსებას მიიღებს.

როგორც არჩილ ბაკურაძე გვიხსნის, წარმოდგენილ იდეებს შორის უხვად ვხვდებით საკვების წარმოებისა და უსაფრთხო მიწოდების თემატიკას, რაც პანდემიის დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე სამედიცინო ნივთებისა და მასალების წარმოების, განათლების დისტანციურად მიწოდების სერვისებს. აპლიკანტებს შორის არიან ინოვაციური იდეების მქონე მონაწილეებიც, რომლებსაც დაფინანსების მიღების შემდეგ საკმაოდ რთული აპარატურის წარმოება, ბიოლოგიური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების განხორციელება სურთ.

„საინტერესოა, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც საკუთარი იდეებით შემოგვიერთდნენ, რაც ძალიან სასიამოვნოა. გვიხარია, რომ რეგიონებშიც ბევრი ადამიანი აქტიურობს, რადგან რეგიონებს იქ არსებული პრობლემების გადასაჭრელად აქტიურობა ნამდვილად სჭირდებათ. მიხარია, რომ მოვახერხეთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაკეთებთ ამ საქმეს. ჩვენ იდეების გაზიარებითაც ბევრ რამეს ვისწავლით. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც ჰაკათონს საჯაროდ, პლატფორმა zoom-ის მეშვეობით ვატარებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველ წუთს არა წუხილში, არამედ გამოსავლების ძიებაში ვიყენებდეთ. ვფიქრობ, ეს ჰაკათონი ქვეყანას ღირებულ სამსახურს გაუწევს“, – გვაიმედებს არჩილ ბაკურაძე.

ახალ კრიზისულ გამოწვევებს „კრისტალი“ ოპერატიული და ეფექტური რეაქციით შეხვდა. კომპანიამ, ფაქტობრივად მთლიანად შეცვალა სამოქმედო გეგმა და რეჟიმი. უპირველეს მიზნად მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაისახა და კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინა.

„უზრუნველვყავით კომპანიის სასიცოცხლო ფუნქციები, ანუ დავიწყეთ ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმარება. ბიზნესის უწყვეტობის გეგმა ადრეც გვქონდა, თუმცა ახლა გადახედვა კიდევ მოგვიწია. ასევე, ფოკუსი გადავიტანეთ სათავო ოფისის დისტანციურ მუშაობაზე, სერვისების გაციფრულებასა და ონლაინმომსახურებაზე“, – ამბობს არჩილი და გვიხსნის, რომ ფილიალებში თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით, კომპანიამ არაერთი ნაბიჯი გადადგა. შედეგად, ჰიგიენის აუცილებელ წესებს ყველა თანამშრომელი ზედმიწევნით იცავს. უზრუნველყოფილია თანამშრომელთა ტრანსპორტირების საკითხი. ფილიალების საჯარო სივრცეში, სადაც 10-15 ადამიანი ეტევა, ამჯერად 3-4 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. ამ წესის დასაცავად, მორიგე საინფორმაციო ოფიცერი მომხმარებლებს შენობის გარეთ, ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებით დისტანცირებას სთხოვს.

არჩილი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი და მთავარი, რაც მისმა ორგანიზაციამ მოახერხა, ეს იყო მხარდამჭერი პასუხი კრიზისის პერიოდში – სესხების სამი თვით გადავადება, რამაც ამ სიტუაციაში ადამიანებს ღელვა შეუმსუბუქა.

(ილია რევია - "კრისტალის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი)

კომპანიის პირველი პასუხი კრიზისისადმი, თავად ამ კრიზისის მართვა აღმოჩნდა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, „კრისტალი“ სხვებისთვისაც ღირებული რეკომენდაციებისა და ახალი მომსახურების გაწევას აპირებს. არჩილ ბაკურაძეს მიაჩნია, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, კომპანიის კაპიტალსა და მომგებიანობაზე კრიზისის მოსალოდნელი შედეგებისა და გავლენის შეფასებაა.

„კრისტალმა“ სწრაფადვე დაიწყო სტრატეგიის კორექტირება, რაც დიდწილად გაციფრულებას, ანუ მომსახურების დისტანციურ არხებზე გადაყვანას გულისხმობს. კომპანიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, არსებულ რეალობაში ბიზნესს ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის ახალი სერვისები შესთავაზოს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „კრისტალი“ არის პლატფორმა განვითარებისთვის. ვფიქრობთ, ამ თვალსაზრისით ძალიან მოთხოვნადი ვიქნებით, რადგან ისეთი სერვისების განვითარებას ვაპირებთ, რომელიც დღეს კრიტიკულად საჭიროა. უკვე არსებობს „კრისტალ კონსალტინგი“, რომელიც სწორედ ამ მიმართულებას ავითარებს. კრიზისამდეც არსებობდა, თუმცა ახლა განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ“.

2019 წელს კომპანიამ „ევროპის საინვესტიციო ფონდისგან“ 4 მილიონი მიიღო. დაფინანსება ქალი მეწარმეების ინტელექტუალური, ფინანსური და ტექნიკური დახმარებისთვის გამოიყო.

„ვირუსის გავრცელებამდე რა გეგმებიც იყო, ალბათ გარკვეულწილად შეიცვლება. თუმცა, აუცილებლად სიხარულით უნდა ვთქვა, რომ კრიზისის განვითარების პირველსავე დღეებში ჩვენ დაგვიკავშირდნენ დიდი, საერთაშორისო განვითარების საფინანსო ინსტიტუტები. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, გარკვეული რესურსებითა და ტექნიკური დახმარების ბიუჯეტით ქვეყნის ეკონომიკას დაეხმარება აღმოუჩინონ. ამ შემთხვევაში, „კრისტალი“ იქნება როგორც გამტარი. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ის რესურსი, რომელსაც ეს მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები მოგვცემენ, ყველაზე ეფექტურად მივაწოდოთ ბიზნესს მათი ფინანსური გაძლიერებისთვის“, – გვიხსნის არჩილი.

მისი ხელმძღვანელობით, „კრისტალი“ ახალ სერვისებს ამუშავებს, რომლის მიწოდებაც ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. ორგანიზაციაში ტრადიციული ფინანსური სერვისების, მენტორობისა და ბიზნესრჩევების გარდა, ტექნოლოგიური მიმართულების სერიოზულად გაძლიერებაც იგეგმება. ეს იქნება აპლიკაციები, გადახდის ციფრული არხები, ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები, რომ ბიზნესმა მაქსიმალურად ისარგებლოს თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობებით.

„კრისტალი“ უკვე წლებია, თანამშრომლობს USAID-თან და „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის“ პროგრამას ახორციელებს. 3-წლიანი პროექტის შემდეგ, USAID-მა და თეთრი სახლის წარმომადგენლობამ სურვილი გამოთქვეს, პროექტი კიდევ 4 წელი გაგრძელდეს და მისი ერთ-ერთი ფოკუსი, ახალგაზრდებთან ერთად, ქალი მეწარმეებიც გახდნენ.

„ყველაფერი, რის გაკეთებასაც ამ მცირე ჯგუფისთვის ვფიქრობდით, ახლა გაცილებით დიდი მასშტაბით შეგვიძლია განვახორციელოთ. იმ ინოვაციურ სერვისებზე, რომელიც ახლაა საჭირო, ჩვენ ადრე ვფიქრობდით და პილოტირებასაც ვაპირებდით. არსებულ რეალობაში კი პილოტირების დრო უკვე აღარ არის და ეს რაც შეიძლება დიდი მასშტაბით უნდა გავაკეთოთ. USAID-ის პროექტი ძალიან დაგვეხმარა, რომ ახალ საჭიროებებს გარკვეულწილად მომზადებული დავხვდით და ახლა არ ვიწყებთ ნულიდან“, – ამბობს არჩილ ბაკურაძე, რომელიც „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაზე“ დიდ იმედს ამყარებს.

ახალი რეალობა ბევრ Change Maker-ს მოითხოვს. თავად ამ სტატუსის მფლობელს მიაჩნია, რომ ცვლილებების ავტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, თავიდანვე საკუთარი თავისა და როლის კარგად შემეცნებაა. უნდა იცოდეს, რას მოითხოვს დღევანდელი დღე მისგან. მაგალითად, თუ ის დელეგირების მოყვარული ლიდერია, შესაძლოა დღეს მას მმართველობითი ტიპის ლიდერობა დასჭირდეს. ნამდვილ Change Maker-ს ტრანსფორმირება სიტუაციიდან გამომდინარე უნდა შეეძლოს:

„ზოგჯერ, ადამიანი სტრატეგიული ხედვით მართავს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება უფრო ტაქტიკური მართვა სჯობდეს. ამიტომ, აუცილებელია ყველა ლიდერმა საკუთარი თავი და თვისებები სწორად გაიაზროს. უნდა გვახსოვდეს, რომ ლიდერობა არ არის პრივილეგია. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ასევე ლიდერისთვის აუცილებელია ხედვა. არაა საჭირო მეტისმეტი ოპტიმიზმი, არარეალურ სამყაროში რომ არ გადავიდეთ. ცხადია, არც პესიმიზმი ვარგა. აუცილებელია რისკ-ფაქტორების რეალისტურად შეფასება, სიტუაციის კარგი აღქმა, ანალიზი და მომავლის წარმოდგენა. ამ ხედვების ჩამოყალიბების დროს Change Maker-ებს რთულ სიტუაციაში ყოფნა უწევთ. გამოწვევაა, როცა ადამიანს ეუბნები, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან ბევრი დრო უნდა დაიხარჯოს სიტუაციის ანალიზზე. ისტორიის გადახედვის დროც დგება ხოლმე. ახლაც ვცდილობთ გავიგოთ, რა მოხდა წინა ეპიდემიების დროს? საერთოდ, რა ხდებოდა მსგავსი კრიზისების დროს? ასეთ გააზრებას უნდა დაეყრდნოს მომავლის ხედვაც. რა შეიძლება მოხდეს და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? რა მისია და როლი ეკისრება ჩვენს კომპანიას? ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანები ვართ და ამ მძიმე სიტუაციაში ყველა დაძაბულია. ამიტომ მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა. მოთმინების უნარი უნდა გამოვიჩინოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, ადამიანური მხარდაჭერა გამოვამჟღავნოთ ერთმანეთის მიმართ. კარგი ადამიანური ურთიერთობები წარმატებისა და დადებითი ცვლილებების აუცილებელი საწინდარია“.

სამომავლო ხედვა და ცვლილებებისადმი მზადყოფნა Change Maker-ებისა და ანტრეპრენერების დამახასიათებელი თვისებაცაა. სწორედ ანტრეპრენერობა და ანტრეპრენერული სულისკვეთება მიაჩნია არჩილს კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავების ეფექტურ ინსტრუმენტად.

„დღევანდელმა დღემ დაგვანახა, რომ ანტრეპრენერები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სწორად დაინახონ არსებული პრობლემები, იწინასწარმეტყველონ ხვალინდელი და იპოვონ მათი გადაწყვეტები. ამიტომაც იქმნება ჩვენი ჰაკათონი. ანტრეპრენერული სულისკვეთება კრიზისს შესაძლებლობად ხედავს, ის ამ კრიზისიდან ეფექტურ გამოსავალს იპოვის. ამ გამოწვევას აუცილებლად მოჰყვება გზა და განვითარება“.

ცვლილებებთან და კრიზისებთან გამკლავება ადამიანებისგან რისკიანობის გამოვლენასაც მოითხოვს. „კრისტალის“ დამფუძნებელი გონივრულ და გაანგარიშებულ რისკს ემხრობა.

„მე არ ვემხრობი გაუაზრებელ რისკს. სტარტაპის კონტექსტში ძალიან რთულია რისკის გამოთვლა და იქ რისკის დონე საკმაოდ მაღალიცაა. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ძალიან რთულია რისკის ზუსტად, მათემატიკური მოდელებით დათვლა, თუმცა გარკვეული ტიპის მსჯელობა, ანალიზი და გააზრება აუცილებელია. ამიტომ, მე ამ მიდგომის მომხრე ვარ. როდესაც შენ ხარ მეწარმე, რისკავ საკუთარ დროს, შენი და სხვა ადამიანების ფულს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, რისკი მნიშვნელოვანია და ინოვაცია ამის გარეშე არ ხდება, თუმცა მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა ისეთი სტრატეგიის არჩევა, რომელიც ფინანსურ ზარალს შეამცირებს. ამისთვის ძალიან მომწონს, მაგალითად, Lean-მეთოდოლოგია. ინოვაციური პროექტი რაც შეიძლება მცირე ხარჯით უნდა განხორციელდეს. მიმაჩნია, რომ რისკი გაანგარიშებული და გააზრებული უნდა იყოს“.

არჩილი ფიქრობს, რომ ბიზნესში წარმატების უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, არსებულ ორგანიზაციებს ამ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა უნდა ჰქონდეთ. მიაჩნია, რომ სტარტაპი საკუთარ თავს არა როგორც მომგებიან ბიზნესს, არამედ როგორც ბიზნესის მოდელის ძიებაში არსებულ დროებით ორგანიზაციად უნდა აღიქვამდეს. იგი მიზნად მცირე დანახარჯებით ახალი, მასშტაბირებადი და მომგებიანი ბიზნესმოდელის პოვნას უნდა ისახავდეს. არჩილ ბაკურაძეს სტარტაპის საქმიანობა იმ მეცნიერს აგონებს, რომელიც ახალ კვლევას აწარმოებს, აანალიზებს შედეგებს და მასზე დაყრდნობით, მინიმალური ხარჯებით ახლის გამოგონებას ცდილობს. ასევე სტარტაპერის წარმატების მნიშვნელოვან თვისებებად დისციპლინა, ანალიზი, მონაცემთა ფლობა და მომხმარებლის მოსმენის უნარი მიაჩნია.

„წარმატებული სტარტაპერები ხშირად თვითონ არიან ხოლმე წინა ხაზზე და მომხმარებლებისგან უკუკავშირს პირადად იღებენ. აუცილებელია, სტარტაპერმა გამოავლინოს მოქნილობა, რადგან რა იდეითაც იწყებს, შესაძლოა იმან არ გაამართლოს და შეცვლა მოუწიოს“.

წარმატებული მეწარმის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებებად კი მართვა და ლიდერობა მიაჩნია. ფიქრობს, რომ სწორი დაგეგმარება და ეფექტური აღსრულება ყველა ზომის ბიზნესს აუცილებლად სჭირდება, რათა კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდს ეფექტურად გაუმკლავდეს.

„არ მინდა ვიჩქარო, მაგრამ მგონია, რომ საქართველო ამ კრიზისს წარმატებით გაართმევს თავს. მნიშვნელოვანია, აღებულ გეზს ბოლომდე მობილიზებულად და კონსოლიდირებულად მივყვეთ. მჯერა, კრიზისის გადალახვა იქნება საწყისი, რათა ქართულმა ბიზნესმა და ანტრეპრენერებმა საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში ახალი თავი დაიწყონ. არ გამიკვირდება, თუ ამის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება. იქამდე კი, ეს კრიზისი აუცილებლად ერთად უნდა გადავლახოთ. ამას კი ფიზიკური დისტანცირებით, თუმცა სოციალური შეკავშირებითა და ინტენსიური კომუნიკაციით შევძლებთ“, – იმედს გამოთქვამს არჩილი და ინტერვიუს დასასრულს კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პანდემიით (შეიძლება ასეც ვუწოდოთ არსებულ პანდემიას) შეცვლილ რეალობასა და კიდევ უფრო შეცვლილ მომავალთან ადაპტირებაზე საკუთარ შეხედულებას და პროგნოზს გვიზიარებს:

„მიმდინარე მოვლენების გამო, ბევრი ეკონომიკური საქმიანობა შეფერხდება და შეიცვლება. შესაბამისად, ახლა ყველაზე დიდი ამოცანა ეკონომიკური აგენტების, მცირე, საშუალო და უფრო დიდი კომპანიების ახალ ეკონომიკურ რეალობასთან ადაპტირებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ უნდა გააკეთონ, არის ცვლილებების მართვა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით ამ კრიზისთან დაკავშირებით, ისაა, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლება. ეს შესაძლოა მოიცავდეს არსებული ბიზნესის მარტივ ადაპტირებას ან უფრო რთულს – ბიზნესმოდელის შეცვლას.

შესაძლოა, ადრინდელი მიწოდების, მომსახურების ფიზიკური არხები დღეს აღარ გამოადგეს ბიზნესს და იძულებული გახდეს დისტანციურ არხებზე გადავიდეს. მოდელის შეცვლა შეიძლება მოიცავდეს მომხმარებელთა სეგმენტის შეცვლასაც. აგრეთვე, შესაძლოა ბიზნესს მოუწიოს საკმაოდ დიდი, რადიკალური ცვლილება, რაც მთლიანად ბაზრის შეცვლას მოითხოვს. მაგალითად, თუ კომპანია ფუნქციონირებდა ტურიზმის ბაზარზე, სავარაუდოდ მას წარმოებაზე გადასვლა მოუწევს. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა მზადყოფნა როგორც კრიზისულ, ასევე პოსტკრიზისულ პერიოდში. ვფიქრობთ, კრიზისული პერიოდი გასტანს აპრილის ბოლომდე. შემდეგ კრიზისი დაღმასვლას დაიწყებს. ამის შემდეგ კი, მაისი, ივნისი, ივლისი, უკვე სტაბილიზაციის პერიოდი იქნება, ანუ უკვე ამ კრიზისიდან გამოსვლა, ნორმალიზების პროცესი დაიწყება. პოსტკრიზისული პერიოდი წლის ბოლომდე გასტანს. 2021 უკვე ზრდის წელი იქნება. არსებობს უარესი სცენარების ალბათობაც. შესაძლოა, ეს კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ამიტომ, სირთულეების დასაძლევად ფიქრი ჩვენ აქედანვე აქტიურად უნდა დავიწყოთ!“

Latest on Entrepreneur