ბიზნესი VS კორონავირუსი

ანჯეი მალინოვსკი, VEON Georgia

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანჯეი მალინოვსკი

Entrepreneur Georgia

VEON Georgia-ს გენერალური დირექტორი

 

"რა ხანია ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილი გახდა დისტანციური მუშაობა, ან ნებისმიერი მოსახერხებელი ადგილიდან მუშაობა ოფისის გარეთ. გარედან მომუშავე ბევრი ჩემი კოლეგისთვის, ეს სულაც არ არის რაღაც ახალი.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება და ამასთან დაკავშირებით ორი მთავარი პრობლემა მაქვს: ჩემი გუნდის უსაფრთხოება და ბიზნესის უწყვეტობა, თან − სწორედ ამ თანმიმდევრობით. ჩვენ საკმაოდ ადრე გადავიყვანეთ ჩვენი გუნდები დისტანციურ რეჟიმზე.

ჩვენი გასაოცარი ტექნოლოგიური გუნდის წყალობით, სათავო ოფისის მთელი გუნდის დისტანციურ სამუშაოზე გადაყვანის პრობლემა არასოდეს შექმნილა. მიუხედავად ამისა, მთავარი პრობლემა მათთან იყო დაკავშირებული, ვისაც თავისი სამუშაო ადგილების გარეთ არ შეეძლო მუშაობა, კერძოდ − საცალო ვაჭრობაში ჩართულ ჩვენს პერსონალთან და ჩვენი გუნდის საკონტაქტო ცენტრის ნაწილთან.

რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე შესამცირებლად, ჩვენი ყველა საცალო მაღაზია პირადი დაცვის საშუალებებითაა აღჭურვილი – ნიღბებით, რეზინის ხელთათმანებით, ხელების სადეზინფექციო საშუალებებით.

SIM-ბარათებზე მოთხოვნა იზრდება, რაც მობილური ინტერნეტის გაზრდილი მოხმარებითაა გამოწვეული, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ კვირის ბოლომდე მაღაზიები არ დაგვეკეტა. პარასკევს, სამუშაო დღის ბოლოს, მთელ ქვეყანაში დაიხურება მაღაზიები − სულ მცირე, პირველ აპრილამდე.

სულ მალე, ჩვენი ცხელი ხაზის გამორჩეული გუნდი მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადაგვყავს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში არიან თანამშრომლები, რომლებსაც შინიდან მუშაობა არ შეუძლიათ, და მინდა თქვენი ყურადღება „მდუმარე გმირებზე“ გავამახვილო – ეს საველე ქსელების ტექნიკური მომსახურების გუნდია. ვიწრო სპეციალიზაციის ეს გუნდები იმისთვის მუშაობენ, რომ მთელი ჩვენი ქსელი გამართულად ფუნქციონირებდეს, ამიტომ შინიდან ამის გაკეთება შეუძლებელია. შესაბამისად, ჩემი მთავარი ამოცანა, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ჩემი აზრით, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველა თანამედროვე ტექნოლოგია გვაქვს, თითოეული მათგანი გაშვებულია და ფუნქციონირებს: ჯგუფური ვიდეოზარები ქვეყნის შიგნით, ასევე, ჩვენს კოლეგებთან კომპანიის სათავო ოფისში, ჩვენს კოლეგებთან Veon-ის ყველა ქვეყანაში, ჩვენი სასწავლო პლატფორმა Savvy, რომელშიც გლობალური სასწავლო პროგრამების უმრავლესობაა გაერთიანებული. ისეთებიც, როგორიც Coursera-ა, ყველა ჩვენი თანამშრომლისთვისაა ხელმისაწვდომი, ადგილმდებარეობის მიუხედავად.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Beeline-ის თანამშრომლებს ადვილად შეუძლიათ ერთმანეთთან სამუშაოდ დაკავშირება, და ამავე დროს, ცოდნის გაღრმავებაც − არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფებიან ისინი.

ბიზნესსაზოგადოება სამაგალითო უნდა იყოს სოციალური პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის თვალსაზრისით. Beeline-მა მაშინვე შესთავაზა უფასო როუმინგული ინტერნეტპაკეტები ჩვენს აბონენტებს, რომლებიც დაბლოკილ ქვეყნებში იყვნენ გაჭედილები: უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, თურქეთში. ასე რომ, ჩვენს მომხმარებელს თავისი ოჯახის წევრებთან შეუძლიათ დაკავშირება დამატებითი დანახარჯების გარეშე. ჩვენ განუწყვეტლივ ვადევნებთ თვალს ვითარებას და თუ სიტუაცია მოითხოვს, მზად ვართ დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად.

სავარაუდოდ, ყველა მოელის, რომ ბიზნესსაზოგადოება ყველაზე მნიშვნელოვან აქტივზე − ადამიანებზე იზრუნებს. დისტანციური სამუშაო ნებისმიერისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ვისაც უბრალოდ არ უნდა ოფისში სიარული. იმ გუნდებს, რომლებსაც უშუალო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, დამცავი საშუალებები უნდა ჰქონდეთ, რომელსაც დამსაქმებლები მიაწვდიან.

ლიდერები, მენეჯერები ყოველ კონკრეტულ შემთხვევას ყურადღებით უნდა მოეკიდონ, თანაგრძნობითა და გაგებით უნდა რეაგირებდნენ. ჩვენი საერთო მიზანი ვირუსის დამარცხება უნდა იყოს, რაც შეიძლება მინიმალური სოციალური დანახარჯით. მოგების გაზრდაზე არ უნდა იყოს აქცენტი და გზა უნდა გამოინახოს, რომ ბიზნესმა თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ კეთილდღეობაში.

სულ სხვა საკითხია, რა მოხდება მას შემდეგ, რაც ვირუსი აღარ იქნება. ახლა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხალხზე, შინ დავრჩეთ, საკვები ადგილობრივი რესტორნის შინ მიტანის სამსახურს შევუკვეთოთ, რომ ბიზნესს შევუწყოთ ხელი. ასე უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი ამ რთულ დროში."