თევზს ნუ მოგვცემთ. ანკესი მოგვეცით.

ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქცეს
თევზს ნუ მოგვცემთ. ანკესი მოგვეცით.
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
5 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩინეთის ხსენებაზე დღეს ყველას კორონავირუსი ახსენდება, თუმცა მე ერთი ჩინური სიბრძნეც გამახსენდა: „თუ გინდა მშიერ ადამიანს დაეხმარო, თევზის მაგივრად ანკესი მიეცი და თევზაობა ასწავლე“.

ეს სიბრძნე აქტუალურია დღეს, როგორც არასდროს, როცა გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, მათი დახმარების მთავარ საზომად კი, რატომღაც, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა მიიჩნევა.

სოციალური დახმარების პაკეტით მთავრობა თავს იწონებს, ოპონენტები მთავრობას თავს უწუნებენ – რატომ თვეში 200? რატომ 6 თვე და არა 3 ან 4? ხომ შეიძლებოდა მეტი? ხომ შეიძლებოდა მეტჯერ? ხომ შეიძლებოდა მეტისთვის?

ისმის უამრავი შეკითხვა. არადა, თავად ამ შეკითხვების ავტორებმაც კარგად იციან, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის, დიდად არც მათი ალტერნატიული ვერსიებით შეიცვლება რამე – ადამიანები ერთჯერად დახმარებას, მიუხედავად მისი მოცულობისა და სიხშირისა, მალე დახარჯავენ და ხვალ კვლავ შემოსავლის გარეშე დარჩებიან. სახელმწიფო კი, მუდმივად, ვერ შეძლებს მათ დახმარებას.

გასაგებია, რომ პირველ ეტაპზე სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანებია გადასაჭრელი, გაჭირვებაში მოულოდნელად ჩავარდნილი ადამიანისთვის სწრაფი მატერიალური დახმარების მიზნით, ხოლო ეკონომიკის სტიმულირების საშუალო და გრძელვადიან გეგმას მოგვიანებით უნდა ველოდოთ.

მაგრამ დრო არ ითმენს. პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ყველა მოუთმენლად ელის. და მაინც, სად არის გამოსავალი?

Entrepreneur-ს თავის ვერსია აქვს:  

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება – დღეს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქცეს საქართველოს ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად! ისე, როგორც ეს მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებშია, სადაც კომპანიათა საერთო რაოდენობის საშუალოდ 95% სწორედ მცირე და საშუალო ზომის ფირმებზე მოდის, რომლებიც, თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების ორ მესამედს ქმნიან.  

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ნაცვლად ფრაგმენტული და არათანმიმდევრული ინიციატივებისა, უნდა იქცეს მთავრობის #1 პრიორიტეტად, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ კოორდინაციას სამთავრობო სტრუქტურათა შორის და რესურსების ეფექტიან განაწილებას პოტენციურ ბენეფიციარებზე – საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველ საქართველოს მოქალაქეებზე.

ბიუროკრატიის გაზრდის მომხრე არ ვარ და ამ მხრივ რჩევის მიცემა ჩემს კომპეტენციასაც აღემატება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სურვილის შემთხვევაში, მთავრობა გამონახავს გზას და მისი ეკონომიკური პოლიტიკის #1 პრიორიტეტადქცეულ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას (იმედია, ასეც იქნება) ადმინისტრირების ეფექტურ გზასაც მოუძებნის.

თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ამერიკული მოდელი ყველაზე ეფექტურად მიმაჩნია. ვგულისხმობ, ამერიკის შეერთებული შტატების მცირე ბიზნესის ადმინისტრაციას (SBA), რომელიც ამერიკაში ჯერ კიდევ 1953 წელს შეიქმნა და დღემდე მის მთავარ მისიას ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში ამერიკელების დახმარება წარმოადგენს, რასაც ეფექტურად ართმევს თავს გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის ეკონომიკური აქტივობის ნახევარს სწორედ მცირე ბიზნესი ქმნის.     

შესაძლოა, საკმაოდ წარმატებული სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ რესტრუქტურიზაცია ამ კუთხით მოხდეს და ის არა მხოლოდ წარმოების და ეკონომიკის რამდენიმე, მათ შორის, პრიორიტეტული სექტორის, არამედ წარმოებასთან ერთად, მომსახურებისა და ზოგადად, მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყების ნებისმიერი ინიციატორის მთავარ ადვოკატად, მთავარ მხარდამჭერად იქცეს – მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში, ყველა სექტორისთვის.

ბიზნესის დაწყების წახალისება და მხარდაჭერა – თუ მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესი მართლაც ეკონომიკური პოლიტიკის #1 პრიორიტეტად გამოაცხადა, მთავარი აქცენტი სწორედ ბიზნესის დაწყების წახალისებაზე უნდა გამახვილდეს.

ეკონომიკის სტიმულირების პაკეტებს თუ გადავხედავთ, დიდი წილი სწორედ არსებული, გამოცდილი ბიზნესის მხარდაჭერაზე მოდის, რაც ასევე მისასალმებელია, მაგრამ არსად ჩანს, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ აქამდე ბიზნესში გამოუცდელმა ადამიანმა, სათანადო გადამზადების, მხარდაჭერისა და მოტივაციის შედეგად, პირველი ნაბიჯი გადადგას და ბიზნესი დაიწყოს!

მჯერა, რომ სწორედ ამ გზით შევძლებთ შევამციროთ უმუშევრობის დონე და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. გასაგებია, რომ სამუშაო ადგილებს გაფართოების შედეგად არსებული ბიზნესიც შექმნის, მაგრამ საკმაოდ დიდი წილი, შესაძლოა, სწორედ ახალ, მცირე და საშუალო ბიზნესინიციატივებზე მოდიოდეს.

დაახლოებით 350 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. სწორედ მათთვისაა გამიზნული მთავრობის 6 თვეზე გაწერილი 1200-ლარიანი დახმარება, რაც მესმის, რომ აუცილებელია ამ ადამიანების პირველადი სასიცოცხლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ რატომ არ ვსვამთ შეკითხვას − ამ 350 ათას ადამიანში რამდენმა შეიძლება დაიწყოს თავისი ბიზნესი, უზრუნველყოს საკუთარი თავიც და დაასაქმოს სხვებიც?

დარწმუნებული ვარ, 350 ათასიდან მინიმუმ ყოველ მეათე ადამიანში არის რესურსი და პოტენციალი, თავად გახდეს როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების დამსაქმებელი. და თუ ეს ასე მოხდა, თითოეულმა მათგანმა საშუალოდ 4 ადამიანიც რომ დაასაქმოს, უმუშევრად დარჩენილთა ნახევარს გრძელვადიანი სამუშაო ადგილები გაუჩნდება და შესაბამისად, სახელმწიფოს სოციალური დახმარების იმედად ყოფნაც აღარ დასჭირდება. დაზოგილ თანხას კი მთავრობა კვლავ ეკონომიკის სტიმულირებისკენ მიმართავს.  

ბიზნესგანათლება და ტოტალური გადამზადება – როგორ შეიძლება შემცირდეს უმუშევრობა საქართველოში, გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები, უფრო სწრაფად გაიზარდოს და კონკურენტუნარიანი გახდეს საქართველოს ეკონომიკა?

გამოსავალი მხოლოდ ცოდნის ეკონომიკაში და ბიზნესგანათლებაში ინვესტირებასა და ამ მიზნით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტურ თანამშრომლობაშია.

დღეს საქართველოში არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვიდრე ბიზნესგანათლების, ბიზნესის სწორად მართვის უნარ-ჩვევების ნაკლებობაა. ეს ეხება ყველა ასაკის, ყველა პროფესიის ადამიანს, თბილისსა თუ რეგიონებში. 

მთავრობამ კერძო სექტორთან თანამშრომლობით უნდა აწარმოოს ტოტალური გადამზადების კამპანია. ტრენინგებით, სხვადასხვა კურსითა და საგანმანათლებლო აქტივობებით ადამიანები საბაზისო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვოს, რაც ბიზნესის დაწყებისთვის არის აუცილებელი – იქნება ეს ახალი ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენა, ახალი ბიზნესიდეის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების ანალიზი, ბიზნესგეგმის შედგენა თუ დაფინანსების მოპოვების გზების მოძიება.  

ბიზნესისა და მეწარმეობის კურსები საშუალო სკოლებში მასობრივად უნდა ისწავლებოდეს. სწორედ სკოლებისა და უნივერსიტეტების დერეფნებში ახალგაზრდა თაობის საუბრის თემად უნდა იქცეს ახალი ბიზნესიდეები, მეგობრების მიერ შექმნილი სტარტაპის განხილვა და გამოცდილების გაზიარება. უფრო ხშირად უნდა ისმოდეს სიტყვები – ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი, ინვესტიცია, ფინანსების მართვა, შემოსავლების ზრდა, ხარჯების ოპტიმიზაცია, პროდუქტიულობა, ბიზნესის დივერსიფიკაცია, მარკეტინგი, გაყიდვები, სოციალური მედია, ტექნოლოგიები და ა.შ. და ა.შ.     

ანტრეპრენერული სულისკვეთების ამაღლება – დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა უმუშევრად დარჩენილი ადამიანების მოტივირება ფართო სამოტივაციო კამპანიის გზით, რაც შთააგონებს მათ ახალი ბიზნესიდეების გასახორციელებლად, წაახალისებს და გაამხნევებს, რომ მათ უფრო თავდაჯერებულად იმოქმედონ და გაბედული ნაბიჯები გადადგან.

საქართველო მდიდარია შემოქმედებითი, ახლის შექმნაზე ორიენტირებული პროგრესული ადამიანებით, რომლებიც ნებისმიერ ასაკში მოწადინებულნი არიან, ისწავლონ და განვითარდნენ, უარი არ თქვან ახალ გამოწვევებსა და ახალ აღმოჩენებზე.   

ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერც კი აცნობიერებს იმ უნიკალურ, შესაძლოა მათში დროებით მიძინებულ შესაძლებლობებს, ხოლო ბევრ მათგანს ხელიც კი აქვს ჩაქნეული მომავალზე, რადგან ცოტას თუ უცდია მათი მოტივირება, ინსპირირება, დადებითი ენერგიით დამუხტვა და უბრალოდ, სხვა გზის ჩვენება.

ამიტომაც, დროა ახალი პოზიტიური ენერგიით დავმუხტოთ ის ადამიანები, ვისაც შესაძლოა ხელი აქვს ჩაქნეული მომავალზე, იმედგაცრუებულია, ფიქრობს, რომ მაინც არაფერი გამოუვა და ელოდება, სხვა როდის დაასაქმებს. ინიციატივას კი თავად არ იჩენს, პირველ ნაბიჯს არ დგამს, არ ცდილობს, არ ინტერესდება, არ მოქმედებს, არ მოძრაობს...

ინიციატივის ნაკლებობას კი, ჩემი აზრით, ქვეყანაში ანტრეპრენერული კულტურის, ანტრეპრენერული სულისკვეთების, ანტრეპრენერული „დრაივის“ ნაკლებობა იწვევს.

ამიტომაც, საქართველომ დღის წესრიგი უნდა შეცვალოს და ანტრეპრენერული სულისკვეთების ამაღლებასთან ერთად, ადამიანები მასობრივად ჩართოს მცირე და საშუალო ბიზნესის კეთების პროცესში.

ამისათვის კი საჭიროა ახალი კულტურა, ახალი, ალტერნატიული ცხოვრების სტილი, ახალი გზის არჩევა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს.

ამ მისიას საქართველოში უკვე ორი წელია, ჟურნალი Entrepreneur ემსახურება!

დღეს კი დროა, ეს მისია ქვეყნის მისიად იქცეს.

ოცნების დრო აღარ არის! საკუთარი ოცნებების მიზნებად დასახვის დროა! ბიზნესის დაწყების დროა! ახალი ქართული ოცნების დროა!

Latest on Entrepreneur